კარლ გუსტავ იუნგი

კარლ გუსტავ იუნგი – აქვთ თუ არა კომპლექსებს საკუთარი ცნობიერება?

ჩემის აზრით, პიროვნული არაცნობიერი, ისევე როგორც კოლექტიური არაცნობიერი, კომპლექსთა ანუ ნაწილ-პიროვნებათა განუსაზღვრელი, ჩვენთვის უცნობი რიცხვისაგან შედგება. ასეთი წარმოდგენა ბევრ რამეს გვიხსნის. მაგალითად, ის შუქს ჰფენს იმ უბრალო ფაქტს, რომ მგოსანს ძალუძს თავისი შინაგანი უნარების დრამატიზაცია და პერსონიფიკაცია. როდესაც ის სცენარში, ლექსში, დრამასა თუ რომანში რაიმე ფიგურას ქმნის, იქნებ ჰგონია, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ მისი ფანტაზიის ნაყოფია; ნურას უკაცრავად, – ამ ფიგურამ გარკვეული აზრით თვითონ შექმნა საკუთარი თავი.

არც ერთი მწერალი თუ დრამატურგი არ დაეთანხმება იმ აზრს, რომ მის ფიგურებს რაიმე ფსიქოლოგიური მნიშვნელობა გააჩნიათ, მაგრამ სინამდვილეში ამას წყალი არ გაუვა. ასე რომ, მგოსნის მიერ შექმნილი ფიგურების შესწავლისას მის სამშვინველში ვიხედებით. ამრიგად, კომპლექსები ნაწილ-პიროვნებებია.

როდესაც „მე“-კომპლექსზეა ლაპარაკი, თავისთავად გასაგებად ვთვლით, რომ მას ცნობიერება უნდა გააჩნდეს, – ცნობიერებას ხომ სხვადასხვა შინაარსთა კავშირს ვუწოდებთ ცენტრთან ანუ, სხვანაირად, „მე“-სთან. მაგრამ სხვა კომპლექსებშიც ხომ არის შინაარსები ცენტრის, ერთგვარი nucleus-ის გარშემო დაჯგუფებული. ასე რომ, საკითხავია:

აქვთ თუ არა კომპლექსებს საკუთარი ცნობიერება?

სპირიტისტულ ფენომენებს თუ შევისწავლით, იძულებული გავხდებით ვაღიაროთ, რომ ე. წ. სულებს, რომელნიც ავტომატური წერის ანდა მედიუმის ხმის მეშვეობით ვლინდებიან, მართლაც გააჩნიათ ერთგვარი საკუთარი ცნობიერება. ამიტომაა, რომ საღად მოაზროვნე ხალხი მზადაა დაიჯეროს, რომ სულები – ეს გარდაცვლილი დედის, თუ პაპის, ან სხვა ვინმეს სულია, – სწორედ იმ მეტად თუ ნაკლებად გამოკვეთილი ინდივიდუალობის გამო, რომელიც ამ მანიფესტაციებში იჩენს თავს. სულიერი ავადმყოფობის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ნაკლებად უპრიანია ვიფიქროთ, საქმე სულებთან გვაქვსო. ასეთ გამოვლინებებს მაშინ პათოლოგიურს ვუწოდებთ ხოლმე. ეს, რაც კომპლექსებს შეეხებოდა.

ასე იმიტომ გავუსვი ხაზი ცნობიერების ამ სპეციფიკურ მომენტს კომპლექსებში, რომ ეს უკანასკნელნი სიზმრის ანალიზისას დიდ როლს ასრულებენ. გეხსომებათ დიაგრამა სხვადასხვა ფსიქიკური წრეებითა და შუაში – არაცნობიერის ჩამუქებული ცენტრით. რაც უფრო მეტად ვუახლოვდებით ცენტრს, მით უფრო საგრძნობი ხდება ის, რასაც ჟანე abbaissement du niveau mental-ს უწოდებს: ცნობიერების ავტონომია კლებულობს და სულ უფრო და უფრო მეტად ვექცევით არაცნობიერ შინაარსთა ტყვეობაში.

ცნობიერების ავტონომია სიმძაფრესა და ენერგიას კარგავს, და ეს ენერგია ახლა არაცნობიერ შინაარსთა აქტივობაში იჩენს თავს. ექსტრემალურ ფორმაში ამ პროცესს შეიძლება დავაკვირდეთ, თუ გულდასმით შევისწავლით სულით ავადმყოფს. არაცნობიერ შინაარსთა ჯადო სულ უფრო იზრდება, ცნობიერი კონტროლი კი შესაბამისად მცირდება, სანამ პაციენტი ბოლოს და ბოლოს მთლიანად არაცნობიერში არ ჩაიძირება და მის ხელთ არ გადავა. მას მსხვერპლად წარიტაცებს ახალი ავტონომიური აქტივობა, რომელიც მისი „მე“-დან კი არ მომდინარეობს, არამედ ბნელი სფეროდან.

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81