კომპლექსი – იუნგიანური სწავლების მიხედვით

0

კარლ გუსტავ იუნგის ანალიზური ფსიქოლოგიის მიხედვით კომპლექსები, ესენია ემოციონალურად დამუხტული აზრების, გრძნობებისა და მოგონებების ერთობლიობა, რომლებიც ინდივიდის მიერ გამოტანილია მისი წარსულიდან, პირადი გამოცდილებიდან ან გვაროვნული, მემკვიდრეობითი გამოცდილებიდან. იუნგის თანახმად, კომპლექსებს,  რომლებიც სრულიად ჩვეულებრივი თემების ირგვლივაა თავმოყრილი შეუძლიათ საკმაოდ ძლიერი გავლენა მოახდინონ ინდივიდის ქცევაზე. მაგალითად, ძალაუფლების კომპლექსის მქონე ადამიანი შეიძლება ხარჯავდეს საკუთარი ფსიქიკური ენერგიის დიდ ნაწილს საქმიანობისთვის, რომელიც პირდაპირ ან სიმბოლურად დაკავშირებულია ძალაუფლების თემასთან.

იუნგი ამბობს, რომ კომპლექსი არის აფექტურად დამუხტული წარმოდგენების ერთობლიობა (Gefuhlsbetonter Vorstellungs Komplex), რომელიც ამ აფექტური იდეებისა და მოგონებების ორგანიზებული ჯგუფია და ნაწილობრივ, ან მთლიანად არაცნობიერია. ისინი ყალიბდებიან ბავშვობაში, ინტერპერსონალური ურთიერთობების საფუძველზე და ზემოქმედებენ ადამიანის ფსიქიკის ყველა დონეზე: ემოციებზე, აზრებზე, გრძნობებსა და ქცევაზე.

კომპლექსების აღმოსაჩენად იუნგმა შექმნა ასოციაციური ექსპერიმენტი. ასოციაციური ტექსტით მან კომპლექსების არსებობა ემპირიულად დაასაბუთა და სიღრმის ფსიქოლოგიას და ფსიქოსომატიკას ექსპერიმენტული საფუძველი ჩაუყარა. (ასოციაციური ექსპერიმენტის არსი: პაციენტს ფსიქოლოგი ათეულობით სიტყვა-გამღიზიანებლის სერიას აწვდის. თითოეულ სიტყვაზე კლიენტს უჩნდება გარკვეული ასოციაცია და ამორჩეული სიტყვების მიხედვით ხდება ამოკითხვა კლიენტის წარსულის, იმის თუ რა აწუხებს.

იუნგი ახალგაზრდობაში კრიმინოლოგიის კვლევით იყო გატაცებული და ამ მეთოდს კარგად იყენებდა. ის თავისი ცხოვრებისეული გამოცდილებიდან ყვება, რომ ერთ-ერთმა კრიმინოლოგმა, 72 წლისმოხუცმა პროფესორმა იუნგის ამ მეთოდის ეფექტურობაში ეჭვი შეიტანა და ახალგაზრდა ფსიქოლოგი მასთან სახლში დაპატიჟა, რათა იუნგს მისცემოდა შანსი რომ ასოციაციური ექსპერიმენტის ვარგისიანობა დაემტკიცებინა.

იუნგმა პროფესორთან საუბრისას შეამჩნია, რომ ის საკმაოდ მტკივნეულად რეაგირებდა სიტყვა გულის ხსენებაზე, სიტყვა ამბორზე რეაქციის სხვა სიტყვებთან შედარებით ხანგძლივი იყო და ამ სიტყვამ მას გაახსენა ამაღელვებელი ისტორია საკუთარი წარსულიდან და ფრანგულად წარმოთქვა სიტყვა „ლამაზი“ (ისინი გერმანულად საუბრობდნენ). სულ რაღაც 10-12 სიტყვის
შემდეგ იუნგმა პროფესორს უთხრა, რომ ის განიცდიდა შიშს, არ გარდაცვლილიყო გულის დაავადებით, რადგან გული აწუხებდა (მისი ასოციაცია სიტყვა გულზე იყო ტკივილი).

იუნგმა ასევე გამოთქვა ვარაუდი, რომ პროფესორს ალბათ საფრანგეთში სწავლისას სასიყვარულო ისტორია გადახდა თავს. პროფესორი გაოგნებული დარჩა ახალგაზრდა ფსიქოლოგის მიგნებით, იუნგმა კი უპასუხა რომ ამ ყველაფრის ვარაუდი სწორედ
ასოციაციებზე დაყრდნობით შეძლო.)

იუნგის მიხედვით კოპლექსის გამოვლინებებია:

1. წაცდენები (შეცდომები);

2. საკუთარ თავზე არასწორი წარმოდგენა და საგნებისა და მოვლენების გაუკუღმართებული, მცდარი ხედვა;

3. პიროვნებაზე ზემოქმედების უნარი – კომპლექსი გვფლობს ჩვენ და არა ჩვენ – მას;

4. ემოციური ძალა – კომპლექსს ახასიათებს ძლიერი ემოციური მუხტი. 

განვიხილოთ ერთ-ერთი ყველასთვის ცნობილი იუდას კომპლექსის შემთხვევა: ეს კომპლექსი შეიძლება განვიხილოთ ორი ასპექტით:

1 – ჩვენ მოვიაზრებთ რელიგიური ადამიანის აგრესიას იუდას დანაშაულებრივი ქცევის მიმართ და 2 – ამ კომპლექსს ნებისმიერი დანაშაულისადმი ზემგრძნობელობის რეაქციაც ახლავს, ანუ პირველი ასპექტი ესაა თავდასხმა იუდაზე, ხოლო მეორე – რეაქცია საკუთარ დანაშაულზე. ერთი შეხედვით საქმე გვაქვს 2 განსხვავებულ ქცევასთან, მაგრამ ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე კომპლექსი მოქმედებს.  პირველი ქცევა დანაშაულის გაკიცხვისკენაა მიმართული, მეორე შემთხვევაში კი ხდება დანაშაულისადმი ერთგვარი დამორჩილება. ყველა მორწმუნე ადამიანის არაცნობიერი
თავის თავში მოიცავს დანაშაულებრივ ტიპს, ანუ იუდას. როცა სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას წარმოიშვება დანაშაულებრივი კავშირები, ეს ტიპი ამხედრდება და შესაფერის რეაქციას შესაბამისი ფორმით გამოხატავს.

იუდას კომპლექსის შესახებ უფრო მეტის გასაგებად გადადით ბმულზე

წყარო

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81