გიორგი კეკელიძე – აკვიატებული ფიქრების შინაარსი, ობსესიური აშლილობისას

0
აკვიატებული ფიქრების შინაარსი, ობსესიური აშლილობისას, არის პავლე მოციქულის მიერ აღწერილი ჯოჯოხეთის ცოდნა და განცდა
ზეპირად. ან შეიძლება მეტიც.
საზარელი აზრები შენს გონებაში დაუსრულებელ ბოლთას სცემენ და კარი კიდევ ჩარაზულია, ხელი რომ კრა და სადღაც გაუშვა. მაგ კარის გასაღები ზღვის ფსკერზეა. ზღვა კიდევ ბევრია და რომლის ფსკერზე? სხვა დროს მოგიყვებით.
ეჭვი, ძიება, ჭიდილი, შეპყრობის განცდა, დაბრალების ფობია, არარსებული დანაშაულის შიში.
იწყება ეს გზა დაავადებების გადამოწმებით და ბავშვობიდან – ხან სიმსივნე გჭირს, ხან კუჭის წყლული, ხან შიდსი, ხან ცოფი. აი, ძაღლი, რომელმაც უბრალოდ შენს მანქანას ჩაუარა და ღამით დაფიქრდი – კარი ხომ არ იყო ღია? მგონი ფეხზე ამლოკა? შარვლის ტოტი აწეული მქონდა? ერთხელ სოფელში ვიყავი და თაგვმა გადაურბინა ჩემს ლოგინს. მეტი არაფერი. არც ნაკაწრი. არც შეხება. დილით ბევრი ვეძებე, ბოლოს კოღოს ნაკბენი ვიპოვე მგონი, მაგრამ რადგან გონებამ უმცირესად მაინც დაუშვა, რომ თაგვმა გამკრა კბილი, ადრიანადვე ავდექი, ჩოხატაურიდან თბილისში ჩამოვედი და აცრა გავიკეთე. აცრა ალბათ იქაც იყო, მაგრამ ხომ გსმენიათ პაკაზუხა გურული კაცის ამბავი. თან ობსესიურის. ჰოდა, ეგ არის.
ეჭვი საშინელი რამაა. საშინელი და თან აუცილებელი. ეჭვმა დანიშნა ადამიანი დედამიწის მეფედ, თორემ ისე ერთი უბრალო კარისკაცი იქნებოდა – რადგან ეჭვი ბადებს კითხვას, კითხვის დასმა კიდევ საუკეთესო საწვავია განვითარების.
თუმცა ეჭვი, რომელიც ობსესიური აშლილობის დროს მოდის,
საშინელს მიღმაა – მანდ სიტყვები არ მოუგონია ადამიანს ამ განცდის შესაგებებლად.
თავის მხრივ – ბატონი, ან ეგებ ქალბატონი კომპულსია არის დათქმული და დამახსოვრებული ქმედება ავი აზრის წინააღმდეგ. ეს შეიძლება იყოს მომხდარის გაქარწყლება ან წინასწარი, პრევენციული მცდელობა – ლოცვა და შელოცვა, უზუსტესი, დეტალური ცოდნის და შეცნობის სურვილი, რიტუალი და ჩვევა. კომპულსია არის საყრდენი ადამიანის. რწმენა. იოლად რომ ვთქვათ; სიზმრის წყლისთვის მოყოლა კომპულსიაა, რომელიც ამ ზმანების ახდენის შიშისგან გათავისუფლებს.
ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა, რომელსაც დიდწილად სტრესი იწვევს ობსესიისკენ მიდრეკილ ადამიანებში, ერთობ რთულად მისადგომი შფოთვითი განხრა გამოდგა. იწურება მელატონინი, სეროტონინი, D ვიტამინი – უმაგათობა კიდევ ავი ფიქრების საუკეთესო ნიადაგია – სარეველესავით მრავლდებიან. უკვლევიათ და ვიცით – აფრიკაში ყველაზე ცოტა ადამიანი იტანჯება ამ სენით, რადგან ისინი ასწლეულობით ნაგროვები მზის სხივის ჯამი არიან ბიოქიმიურად. ადამიანი მკაცრად განსაზღვრული ბიოქიმიაა, ოღონდ ეგ არის, რომ ფიქრიც ამ საქმის ნაწილია და ფიქრის ქიმიური ანალიზი კიდევ ჯერ არ მოუგონია კაცობრიობას. ფიქრი კი ობსესიებისას არის ფიქრთაგან უჯიუტესი რამ – კლდეზე გასულ თხას ჰგავს, შეუმჩნეველ, გამხმარ ბალახს რომ წიწკნის და ქვევით თივის გორას ახვედრებ და მაინც არ ჩამოდის. ნებისმიერი ლოგიკა კარგავს ყოველგვარ აზრს არსებობისას, უბრალოდ ქრება.
კომპულსიების შესაგებელი კი იწურება. უფრო სწორედ, ადამიანი ირთულებს ტანჯვას – ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ იგონებს ფიქრს, რომელიც ძნელად ექვემდებარება რიტუალურ პასუხს ან დამამშვიდებელ ცოდნას. მედგრად ჩიხისაკენ საკუთარი ნებით! არცერთი ნაბიჯი უკან! – ხან წარმოიდგენს რომ ახალშობილ შვილს კლავს, ხან მძიმე სექსუალურ ტაბუს არღვევს გონებაში და კითხვები ,,ხომ არ ვიზამ?” ან ,,ხომ არ დამაბრალებენ”? – ალან პოს ყორანის პარტიასავით მეორდება. ტანჯავს ადამიანს ეს წარმოდგენა, განა უნდა და სიამოვნებს – რადგან იმაზე ფიქრობს, რისი ჩამდენიც ყველაზე მეტად არ არის. ვერ კი არა – არ. ვიცით, რომ ეს ფიქრები პირობითია – შენ იგონებ. პირობითია, თუმცა ცხადი. მაგრამ შეგეშინდებოდა კი იმგვარივე ფიქრის, მაგალითად ქვის ხანაში, გამოქვაბულში რომ ცხოვრობდე? ან ტყეში იყო უგზო-უკვლოდ დაკარგული, ადამიანთა გაკიცხვისგან სამუდამო მანძილით შორს? თანაც, ინკვიზიცია ხომ არსად გამქრალა.მან სახე იცვალა და მოულოდნელად, სულაც უკანა რიცხვით გთხოვს პასუხს თანამედროვე ადამიანს. ოცდაათი წლის წინანდელი ეთიკური წესები და დღევანდელი, კაცმა რომ თქვას, ორივე მწირი ტვინის მოფიქრებული, საკმაოდ სხვაობს. მაგრამ დღევანდელი საჯარო სამართალი დაბეჯითებით გთხოვს პასუხისგებას იმის გამო, რასაც ამ ,,სამართლის” დამდგენი და ახლა სხვისი მძაგებელი ადამიანებიც აკეთებდნენ მაშინ დიდი სიხარულით. და წარმოიდგინეთ სრულიად დაბნეული, ობსესიური გონება ამ დროს – მისი ისედაც გაწყვეტამდე დაჭიმული მორალი.
და აჰა, მთავარი კითხვა: მაინც, რა არის მორალი? ადამიანის ღვთიურობის ნიშანი და უპირატესობა ცხოველთაგან თუ სხვა ადამიანთა მიერ დროდადრო შექმნილი და შემოთავაზებული უგისოსო ვირტუალური ციხე?
გახსოვთ ტომ სოიერი? მურაბას რომ მოიპარავს და კუნძულზე რაღაც უცნაური განცდა აღვიძებს და აწუხებს. დეიდამ ეგ ამბავი ჯერ არ იცის, მისგან დასჯის რომ ეშინოდეს, არც ქალაქის მღვდელმა – თუმცა ტომი დიდად რელიგიური არ გახლავთ, არც შერიფისგან გაკიცხვას უნდა ელოდოს მაინცდამაინც – თუ მოქალაქეთა სამართალია. კი, მისი დანაშაული თუ ,,დანაშაული” კონკრეტულ სასჯელს არ მოელის იმ სასჯელთაგან, რომელიც საზოგადოებამ დაუწესა საკუთარ თავს. და მაშ რა აწუხებს? სინდისი! – გვპასუხობს მარკ ტვენი. და რა არის სინდისი? ადამიანში არსებული გარდაუვალი წესრიგი თუ ამოვარდნა და დიდი გაკვირვება? აი, ის, რაც კანტს აოცებდა: ვარსკვლავებით მოჭედილი ცა თავს ზემოთ და მორალური კანონი მასში. ეს სასტიკი ქენჯნა ხომ ცხოველური ლოგიკის მიღმაა – კაცმა რომ თქვას არაფრად გვჭირდება – მხოლოდ გვაწვალებს. ეს წვალებაა ადამიანი. ეს წვალება გვიწესებს საზღვრებს და ალბათ აუცილებელი ტანჯვაც არის, მაგრამ როცა ულმობელი დაავადების ფორმას იღებს, სრულიად გაუსაძლისია. ჩემი თუ არ გჯერათ და წიგნების კითხვა გეზარებათ, სკორსეზეს ,,ავიატორი” მაინც ნახეთ, ჰოვარდ ჰიუზის დიკაპრიოსეული წარმოდგენით ან რა ვიცი, ცნობილი სერიალის – ,,უმჯობესია დაურეკოთ სოლს”- ის პირველ სეზონში, მთავარი გმირის ძმას დააკვირდით.
მაგრამ იარსებებს კი სინდისი დათქმების გარეშე, რომელიც წინაპართა წარსულმა გვიმემკვიდრევა ან გარემომ შემოგვაპარა? არავინ იცის. ამიტომაც არის ღრმა და საინტერესო ადამიანი. ყველაზე საინტერესო. ყველაზე ღრმა. ვარსკვლავიან ცაზეც კი.

კრისტი კარანაია- ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი