ოჯახთან და წყვილებთან მუშაობის პროცესში თერაპევტმა უნდა გაითვალისწინოს ოჯახური თანაცხოვრების განსხვავებული ასპექტები – ურთიერთგაგება მეუღლეებს შორის, აღზრდის საკითხები, დედისა და მამის როლი და მნიშვნელობა, და-ძმას შორის ურთიერთობა, ოჯახის სხვადასხვა თაობის წარმომადგენლებს შორის ურთიერთობა და ა.შ.
„გეშტალტის ფორმირება ეხება როგორც კონკრეტულად ერთ ადამიანს, ისევე ადამიანების ჯგუფს (ოჯახს). როდესაც მეუღლეები ან ოჯახები წარმატებით უმკლავდენიან პრობლემას, მათ შეუძლიათ განიცადონ მთლიანობის, სისრულის, ურთიერთშეთანხმების შეგრძნებები; მათ უჩნდებათ აწმყოთი ტკბობის ხიბლი. გეშტალტი – ეს არის აწმყოს მძაფრი განცდა.“
ჯოზეფ ზინკერი
ადამიანს სირთულეებთან გამკლავება მთელი სიცოცხლის მანძილზე უწევს. შეიძლება ითქვას, რომ სიცოცხლე – ეს არის სხვადასხვა პრობლემის გადაჭრის პროცესი და ყველაფერი ძალიან გამარტივდებოდა, თუკი ამ პროცესს ჩავთვლიდით მხოლოდ პათოლოგიურ სიმპტომად ან მექანიკურ რეაქციად.
როდესაც ოჯახი, ან მეუღლეები „იჭედებიან“ პრობლემის გადაჭრის მომენტში, ისევ და ისევ იმეორებენ საკუთარ წარსულ წარუმატებლობას, ირღვევა კომუნიკაციის ბუნებრივი რიტმი. ოჯახის ან წყვილის ერთ „ფიგურად“ განხილვისას, ჩვენ ვიღებთ შესაძლებლობას, დავინახოთ მოცემული სისტემის კარგი მხარეები და დავაკვირდეთ პრობლემების გადაჭრის მისეულ მეთოდს. როდესაც სისტემის მოქმედებები სინქრონული, დაბალანსებული და ორმხრივად შევსებულია, მათ მივყავართ წარმატებისკენ. როდესაც ოჯახი არ ეძებს კონფლიქტში დამნაშავეს, იქნება ეს პრობლემური ბავშვი, ეგოისტური ქმარი ან სხვა, ვინც “დაკარგა თავი”, და პოულობს პრობლემის გადაჭრის ოპტიმალურ მეთოდს ამა თუ იმ ოჯახური სისტემისა, ეს შეიძლება ჩაითვალოს ოპტიმალურ ვარიანტად.
ადამიანური ურთიერთობის კარგი ფორმა ძალიან ჰგავს ფერწერული ტილოს ესთეტიკას. ჩვენ არ ვაკრიტიკებთ ნაწარმოების სტილს ან მის შინაარსს, ჩვენ აქცენტს ვაკეთებთ ნაწარმოების აღქმაზე მთლიანობაში. „კარგი ფორმა“, რომელსაც ჩვენ ასე საგულდაგულოდ ვეძებთ ოჯახურ სისტემაზე დაკვირვებისას, მოძრაობს:
• პესიმიზმიდან იმედისკენ;
• უმწეობიდან უნარების შეძენისკენ;
• დაბნეულობასა და ქაოსიდან სიცხადისკენ;
• წრეზე სიარულიდან მომავლისკენ სიარულისკენ;
• ურთიერთდანაშაულიდან ურთიერთპატივისცემისკენ.
კარგი ფორმის აღწერა ძნელია, მაგრამ ის შეიძლება დაინახო და შეიგრძნო. იმისათვის, რომ მივიღოთ ესთეტიკურ ფორმა, თქვენ პირველ რიგში უნდა „გაახილოთ“ თქვენი თვალები და ყურები, რათა გაიაზროთ სისტემური პროცესის ყველა ძირითადი ასპექტი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ არ ვუყურებთ პროცესს გვერდიდან, არამედ „ვიმყოფებით“ ამ პროცესში. ჩვენი ყოფნა და ინტერვენცია ცვლილებების წარმოშობის პროვოცირებას ახდენს. ჩვენ ვაძლიერებთ გააზრების პროცესს და ვინარჩუნებთ კონტაქტს დიალოგის მეშვეობითა და რეალური ურთიერთქმედებით.
„გეშტალტთერაპიული მიდგომა გულისხმობს ფორმაზე აქცენტს. მოცემულ შემთხვევაში ფორმის ქვეშ, უპირველეს ყოვლისა, ვგულისხმობთ პროცესს და ყველაზე ნაკლებად – შინაარსს, ხარისხს, თვისებას და ა.შ. ასეთი გადაწყვეტილება გულისხმობს სილამაზის კრიტერიუმების არსებობას, რადგან ლამაზს ვუწოდებთ იმას, რაზეც ვფიქრობთ, რომ უფრო მნიშვნელოვანია “. – ჯოზეფ ზინკერი
სიტყვები, რომლებიც კარგი ფორმის გადმოსაცემად შეგვიძლია გამოვიყენოთ:
• სარგებელი;
• ეფექტურობა;
• ენერგიის თანაბარი განაწილება;
• პრობლემის ნაყოფიერად გადაჭრა,
• თვითრეგულირება;
• თვითშეფასება;
• ნდობის კლიმატი;
• მოძრავი საზღვრები;
• კონტაქტი;
• ჭეშმარიტება;
• ადაპტაცია;
• სტაბილურობა;
• კომპეტენტურობა;
• აქტიური მონაწილეობა;
• დაინტერესება;
• მიზნის მიღწევა,
• თანასწორობა;
• ინტიმურობა;
• ორმხრივი ნდობა;
• განვითარება;
• კონფლიქტის მოთმენა;
• განსხვავება;
• ჩართულობა და ავტონომია;
• ბალანსი;
• ჰომეოსტაზი.
– თითოეული მათგანი აღნიშნავს გარკვეულ მნიშვნელობას, რომელიც გამოიყენება ურთიერთობის იდეალურ სისტემის აღსაწერად.
ოჯახური გეშტალტთერაპიის ყურადღების ძირითადი აქცენტი მიმართულია ოჯახის წევრების ან წყვილების ერთმანეთთან ურთიერთობის გაჯანსაღებაზე.
ოჯახის გეშტალტთერაპიაში საინტერესოა აქტუალური ურთიერთობები, ამიტომაც მოცემულ მომენტში ამა თუ იმ პრობლების წარმოქმნის მიზეზის გამოაშკარავება არც ისე მნიშვნელოვანია. ქცევის დარღვევის მიზეზი შეიძლება იყოს გამოცდილებაში, რომელიც წარსულში შეიძლება ყოფილიყო კონსტრუქციული, მაგრამ დღევანდელ აქტუალურ სიტუაციასთან უკვე შეუსაბამოა. როდესაც ქცევის ასეთი მეთოდი გადადის ჩვევაში და ხდება გაუაზრებელი, ის მეორდება აწმყოში, მაგრამ მივყავართ არა სასურველ შედეგთან, არამედ რეალობასთან მიმართებაში კონტაქტის გაწყვეტასთან, ეს კი ხელს უშლის ახალი, უფრო კონსტუქციული ქცევის ჩამოყალიბებას.
ინტერაქტიული ციკლის ჩარჩოებში ოჯახური გეშტალტთერაპია ფოკუსირდება იმის გაცნობიერების გაზრდით, თუ რას აკეთებდნენ ჩვენი კლიენტები კარგად და ამავე დროს, რაში ბლოკავენ აქ და ამჟამად კონტაქტის პროცესს.
თუ ოჯახურ გეშტალტთერაპიას თერაპევტის თვალით შევხედავთ, როდესაც ის განიხილავს ინტერპერსონალური სისტემის პროცესებს, მას უჩნდება საკუთარი განცდები და ისიც საკუთარი ციკლის შიგნით მოძრაობს. თერაპევტი თვალს ადევნებს განვითარებას და კონტაქტს სისტემაში. ამავდროულად, განიცდის გრძნობებს, რომლებიც თავის იმდროინდელ მდგომარეობასთანაა დაკავშირებული. ამ შინაგანი განცდების უარყოფით ის აღმოაჩენს ფენომენალურ გასაღებს, არამხოლოდ საკუთარი შინაგანი რეალობის, არამედ იმის, თუ რა შეიძლება მოხდეეს „გარეთ“. ოჯახური გეშტალტთერაპევტი თერაპიულ სიტუაციებში ფოკუსირდება თავის შინაგან რეაქციებზე. მას ურთიერთობა აქვს საკუთარ გრძნობებთან, ინსტიქტებთან, მოძრაობებთან, სისტემის მეტაფორულ და ესთეტიკურ აღქმასთან, ისევე როგორც იმასთან, თუ რა ესმის და რას ხედავს გარეთ. მან შეიძლება აღნიშნოს მოქმედი პროცესის სხვადასხვა თვისება, რაც მისი თვალსაზრისით არის ღრმა ან ზედაპირული, უმოძრაო ან ცვალებადი, ენერგიული ან მოდუნებული.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ აკვირდებით ოჯახის წევრებს მათი ურთიერთქმედების პროცესში. თუ მათი ენერგიის დონე იზრდება იმ მომენტში, როდესაც თერაპევტი ჯერ კიდევ „ხურდებით“, ეს შეიძლება აღნიშნავდეს, რომ ოჯახური სისტემა ზედმეტად სწრაფად გადის თავის ციკლს. გარდა ამისა, ასეთი მოვლენა შეიძლება გამოწვეული იყოს იმით, რომ მათ არ შეუძლიათ ეტაპობრივად, აუჩქარებლად წინსვლა; ისინი მიილტვიან „სწრაფი“ კონტაქტის, მოუთმენლობის, იმედგაცრუების და ზოგჯერ ურთიერთგაგების დამსხვრევისკენ. ამ შემთხვევაში თქვენი საკუთარი განცდები შეიძლება იქცეს შესაძლო ინტერვენციის მასალებად. თერაპევტისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საკუთარი შეგრძნებების მოსმენა, რადგან მისი განცდები შესაძლოა გახდეს ინსტრუმენტები „თერაპიული პროცესისთვის“.
წყარო:
ჯოზეფ ზინკერი
„კარგი ფორმის ძიებაში. გეშტალტთერაპია ოჯახთან და ოჯახურ წყვილებთან“