ანუკა კალმახელიძე – სხეულთან კონტაქტის მნიშვნელობა იზოლაციის პირობებში

0

ანუკა კალმახელიძე – გეშტალტპრაქტიკოსი

უჩვეულო და განსხვავებულ პირობებში აღმოვჩნდით. ჯერ შორიდან ვადევნებდით თვალყურს, როგორ ვრცელდებოდა, ჩვენთვის აწ უკვე ნაცნობი, „კორონავირუსი“ (COVID- 19) მსოფლიოს სხვა და სხვა ქვეყნებში. ახლა კი, ჩვენამდეც მოაღწია. საკუთარი და სხვათა უსაფრთხოების მიზნით ვცდილობთ, მაქსიმალურად ვიყოთ იზოლაციაში. დაირღვა ჩვენი ყოველდღიური რუტინა, რიტმი. უჩვეულოდ დიდი დროის გატარება გვიწევს სახლებში; მეგობრებთან, ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობის ფორმა შეიცვლა, დავიწყეთ დისტანციურად ურთიერთობა; ერთმანეთთან ფიზიკური კონტაქტი გვაქვს შეზღუდული. ამასთან, თუკი გავითვალისწინებთ, რომ ყველა ეს ცვლილება (და ეს მხოლოდ მცირედი ჩამონათვალია) მოხდა ჩვენ დაუკითხავად, გარემოში არსებული პირობების გამო, ბუნებრივია, ჩვენს ფსიქიკას და სხეულს მომხდარ ცვლილებებზე ექნებათ რეაქცია.

შესაძლოა, გაჩნდეს ან მოიმატოს შფოთვის დონემ, რაც, თავის თავად, საკმაოდ შემაწუხებელია. სხეულებრივად ძირითადად შეიძლება გამოიხატოს დაძაბულობაში, ან მოდუნებაში, ძილისა და სუნთქვის რიტმის დარღვევაში, ადამიანს უოფლიანდება ხელის გულები, შფოთვამ ასევე იცის ტრემორი. სტრესის დროს, ზოგიერთ შემთხვევაში, ადამიანები იწყებენ უჩვეულო ოდენობის საკვების მიღებას.

ჩნდება კითხვა, როგორ მოვიქცეთ, თუკი ნაწილობრივ მაინც გვეცნო ის, რაზეც ზემოთ ვკითხულობთ?
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ შფოთს იწვევს შიში იმისა, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში. ჩვენ წარმოვიდგენთ მომავალში განვითარებულ არასასურველ სცენარს და გვეშინია. გვაშინებს არ არსებული რეალობა. ფანტაზიის დროს ჩვენ ვკარგავთ კონტაქტს აწმყოსთან, კონტაქტს საკუთარ სხეულთან. იწყება შფოთვა.

მოდით ვცადოთ, ამ დროს გავაკეთოთ პაუზა, შევაჩეროთ მომავალზე ფანტაზირება, დავუკვირდეთ ჩვენს სუნთქვის რიტმს, მოვუსმინოთ ჩვენს გულის ცემას, ვიგრძნოთ საყრდენი, როგორ ვეყრდნობით ფეხებით მიწას, როგორ ვსხედვართ, დავაკვირდეთ რას ვგრძნობთ სხეულში; დავფიქრდეთ, რა გვაშინებს და როგორ შეგვიძლია მისი თავიდან არიდება. თუკი ჩვენი მოქმედებით შევძლებთ, რაიმე შევცვალოთ, ვიმოქმედოთ.
სხეულებრივ შეგრძნებებზე დაკვირვებით შევძლებთ, გავერკვეთ რა არის ის ემოცია, თუ შეგრძნება სხეულში რომ გაჩნდა? ხშირად, ჩვენ მას ჩვენთვის კარგად ნაცნობ სახელს, „შიმშილს“ ვარქმევთ. მოდით აქაც შევჩერდეთ რამდენიმე წუთით, დავაკვირდეთ, სხეულის რომელ ნაწილში ვგრძნობთ მას, როგორია ეს სხეულებრივი შეგრძნება? შესაძლოა, აღმოვაჩინოთ სრულიად განსხვავებული ემოცია, რასაც შიმშილთან კავშირი სულაც არ აქვს. ეს შეიძლება იყოს დაძაბულობა, ან სხვა რაიმე სახის ემოცია თუ მოთხოვნლება. თუკი ჩვენ არ მოვუსმენთ ჩვენს სხეულს, და დასწავლილი რეაქციით ვუპასუხობთ სხეულში გაჩენლ იმპულსს, ვერც რეალური მოთხოვნლება დაკმაყოფილდება და საკვების მიღებაც არ მოემსახურება შიმშილის დაკმაყოფილებას.

მხოლოდ სხეულებრივი შეგრძნებების მოსმენით შევძლებთ, ვიყოთ კონტაქტში ჩვენ სხეულთან, ვიყოთ აქ და ამჟამად, გავიგოთ ჩვენი ნამდვილი, აუთენტური მოთხოვნილებების შესახებ, გავიცნოთ ისინი, რაც ნიშნავს, გავიცნოთ საკუთარი თავი.
ერთადერთი დრო, რომელიც რეალურად არსებობს, არის აწმყო, რადგან მომავალი ჯერ არ დამდგარა, ხოლო წარსულმა უკვე გაიარა. ერთადერთი დრო, სადაც ჩვენ ვარსებობთ, სადაც რაიმეს გაკეთება შეგვიძლია, არის აწმყო. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, ვიცხოვროთ აწმყოში, შევიგრძნოთ თითოეული წამი ჩვენი არსებობის, არსებობას კი შევიგრნობთ სხეულთან, ჩვენ ემოციებთან, აზრებთან კონტაქტით. საკუთარი თავის მოსმენით შევძლებთ, ვიმოქმედოთ აქ და ამჟამად, კრეატიულად მოვერგოთ არსებულ რეალობას; შედეგად კი, შფოთვის ადგილი უბრალოდ აღარ დაგვრჩება.

გისურვებთ ჯანმრთელობას და საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნას

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81