ეკა ნინოშვილი – ბავშვის ფსიქოლოგია კარანტინის პირობებში

0

ნებისმიერი მნიშვნელოვანი სიახლე და ცვლილება, რომელიც ჩვენს ცხოვრებაში ხდება, გარკვეულ სირთულეს ქმნის. ამ ცვლილებებთან ადაპტაცია სერიოზულ ძალისხმევას საჭიროებს.

ბოლო პერიოდში მიმდინარე მოვლენებმა ყველა ოჯახის რუტინა და ცხოვრების ჩვეული წესი დაარღვია. ეს ყველასთვის სტრესია, თუმცა, პიროვნული რესურსებიდან გამომდინარე, მასთან გამკლავებას თითოეული ჩვენგანი სხვადასხვაგვარად ახერხებს..
განსაკუთრებით რთულია ახალ გარემოსთან ადაპტაცია ბავშვებისთვის, რადგან მათი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა სტრესულ სიტუაციაში მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ზრდასრულების რეაქციაზე.

რას შეიძლება გრძნობდეს ბავშვი, როდესაც მისი ცხოვრების წესი რადიკალურად იცვლება, როცა ჩვეული რეჟიმის რღვევასთან ერთად თავისუფლად გადაადგილების შესაძლებლობაც კი ეზღუდება და შემოსაზღვრულ სივრცეში უწევს ხანგრძლივად ყოფნა?
ემოციურ დონეზე ეს შეიძლება იყოს მომატებული შფოთვა, აგზნებულობა, დაძაბულობა, შიში და სხვა.
ქცევის დონეზე შეიძლება გამოვლინდეს აგრესიული ქცევის, ქმედითუნარიანობის დაქვეითების, ყურადღების კონცენტრაციის გაუარესების გზით და ა.შ.
სხეულებრივ დონეზე შეიძლება იყოს მუცლის სპაზმური ტკივილები, მომატებული ოფლიანობა,საჭმლის მომნელებელი სისტემის ფუნქციონირების დარღვევა და სხვა.

სტრესულ სიტუაციაზე რეაგირების ფორმები გამომდინარეობს ბავშვის პიროვნული თავისებურებებიდან. ამ შემთხვევაში დიდი მნიშვნელობა აქვს ზრდასრულების მხრიდან მხარდაჭერის სწორი სტრატეგიების ცოდნასა და ბავშვისთვის ,,უსაფრთხო გარემოს“ შექმნის უნარს.
რა შეიძლება გააკეთოს ზრდასრულმა იმისათვის, რომ დაეხმაროს ბავშვს სიტუაციასთან ადაპტირებაში?
პირველი – ეს არის საუბარი, საუბარი ბავშვთან მის ემოციებზე, განცდებზე. ალაპარაკეთ იმაზე, თუ რას გრძნობს, რას ფიქრობს, რა მოლოდინი აქვს, რისი ეშინია.

რაც უფრო ბუნდოვანია საფრთხე, მით მეტი ინტენსივობა ახასიათებს, ამიტომ დაახატვინეთ კონკრეტული შიშები, გაახმოვანებინეთ ის საფრთხეები, რომლებსაც ელის, მოიგონეთ მასზე ამბები ბედნიერი დასასრულით.
ზრდასრულმა ადამიანმა ბავშვს უნდა შეუმსუბუქოს საფრთხის განცდა. ამიტომ მინიმუმამადე დაიყვანეთ ნეგატიური ინფორმაცია.
ერთად განიხილეთ არსებული სიტუაცია, ერთად მოიძიეთ ამ სიტუაციიდან გამოსავლის გზები და საშუალებები, საუბარს მიეცით პოზიტიური მიმართულება.

გამიჯნეთ ერთმანეთისგან ფაქტი და ფანტაზია.
ეცადეთ თავი შეიკავოთ ჭკუის დარიგებისგან, უბრალოდ, დაანახეთ იზოლაციის სარგებელი: ის, რომ ეს სიტუაცია გაძლევთ შანსს, იყოთ ერთად და ეს თქვენი სიახლოვის დღეები იქნება.
ეს არის სიტუაცია, როდესაც ოჯახის ყველა წევრმა რაღაც დროით გვერდზე უნდა გადადოს ტელეფონი, კომპიუტერი (თუ ამას საჭიროება და საქმიანობა არ მოითხოვს) და დრო გამოიყენოს ახლობელ ადამიანებთან კონტაქტისთვის.
შეეცადეთ შეინარჩუნოთ ის რეჟიმი, რომელიც ამ სიტუაციამდე გქონდათ. ბავშვთან ერთად ჩამოწერეთ, დაახლოებით როგორ გადანაწილდება დრო ამა თუ იმ აქტივობაზე.

ძილი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბავშვის ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებისთვის, ამიტომ ნუ დაიძინებს ბავშვი ძალიან გვიან და გაიღვიძებს შუადღეს.
სტრესთან გამკლავების საუკეთესო საშუალებად მიიჩნევა ფიზიკური აქტივობა, ამიტომ შეუქმენით ბავშვებს ვარჯიშის მოტივაცია, შესაძლოა ვარჯიში ჩანაცვლდეს სხვა ქმედებითაც (მაგ.: ცეკვით )
აუცილებლად გამოყავით დრო მეცადინეობისთვის, ამ პროცესში, რამდენადაც შესაძლებელია, შეიტანეთ სახალისო და მრავალფეროვანი აქტივობები.
დაბოლოს, იმისთვის, რომ იზოლაციის პირობებში ბავშვმა მეტად კომფორტულად იგრძნოს თავი, მნიშვნელოვანია შექმნათ სათამაშო სიტუაციები.
ბავშვის განვითარებისთვის თამაში ხომ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, ამიტომ ერთად მოიფიქრეთ ან მოიძიეთ ისინი ინტერნეტში. სასურველია, ეს თამაშები იყოს სხვადასხვა ხასიათის: შემოქმედებით, სამაგიდო, ფიზიკური აქტივობების შემცველი და ა.შ
ერთად აკეთეთ საოჯახო საქმეები, უყურეთ ფილმებს, მოამზადეთ კერძები ან მოიფიქრეთ სხვა საქმეები, რომლებიც თქვენს ურთიერთობას მეტ პოზიტივს შესძენს და ერთად განგაცდევინებთ სასიამოვნო ემოციებს…

ამ აქტივობების მთავარი მიზანი ხომ ის არის, ბავშვს მიეცეს განცდა იმისა, რომ ეს არ არის ჩიხის სიტუაცია, უფროსებთან ერთად მიჰყვება პროცესს, ეს, უბრალოდ, ცხოვრების ახალი წესია, რომელიც დინამიკაშია, რომლის მართვაც შესაძლებელია და აუცილებლად სხვა ფორმით გაგრძელდება.

გისურვებთ წარმატებებს.
ერთად ყველაფერს შევძლებთ, ფსიქოლოგი ეკა ნინოშვილი

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81