წყვილთა შორის ურთიერთობა, როგორც შემოქმედებითი ორგანიზმი

0

ანა ოთარაშვილიფსიქოლოგი 

ადამიანები ბედნიერებისკენ ისწრაფვიან. პირადი ცხოვრება და წყვილთა შორის  ურთიერთობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ადამიანის შინაგან მდგომარეობას. როგორ ვირჩევთ მათ, ვისთან ერთადაც მთელ ცხოვრებას გავატარებთ? რატომ აღმოჩნდებიან ხოლმე ისეთი ადამიანები, რომელთა მიმართ გრძნობა სცილდება მეგობრობის საზღვრებს და რომანტიკულ სიყვარულში გადაგვდის?

სასიყვარულო ურთიერთობები უცაბედად არ წარმოიშვებიან, არამედ ხანგძლივ მომზადებაზე არიან დაფუძნებულნი. უმეტეს შემთხვევაში ჩვენ ჯერ მოწონებას ვგრძნობთ და შემდეგ  სიყვარულს. მოწონება დეტერმინირებულია ისეთი ფაქტორით როგორიცაა: ფიზიკური მიმზიდველობა. ალბათ, არ უნდა იყოს გასაკვირი, რომ ფიზიკურ მიმზიდველობას თავისი როლი აქვს მოწონებაში. ადამიანების უმეტესობას მოსწონს ან უყვარს ის ადამიანები, რომლებიც მათთან ფიზიკურად ახლოს იმყოფებიან, ფიზიკურად მიმზიდველნი და მათი მსგავსნი არიან. ადამიანის ცხოვრებაში წყვილთა შორის ურთიერთობებს მნიშვნელოვანი ადგილი უკავია.  ამ პროცესში ადამიანი წარმოაჩენს მის უნიკალურობასა და ინდივიდუალურობას. თითოეულ პიროვნებას აქვს თავისი განსაკუთრებული მიდგომა, მისთვის დამახასიათებელი ტემპი და სასიყვარულო ტემპერამენტი, რომელიც ყოველთვის შეესაბამება მისი ცხოვრების ნირს. ადამიანები უფრო მეტად ინარჩუნებენ ურთიერთობას, რაც უფრო მეტად აკმაყოფილებს ეს ურთიერთობა ისეთ სპეციფიკურ მოთხოვნილებებს, რომლებსაც სხვა ვერავინ დააკმაყოფილებს.  პარტნიორთა ურთიერთქმედება ხდება ჰარმონიულად და  ფუნქციონალურად, თუ კი ორივე კმაყოფილია მათ შორის არსებული თვისებების ბალანსით. ამავდროულად, ორივე მათგანმა უნდა გამოავლინოს  საკმარისი მზაობა და მოქნილობა, იმისათვის რომ  საჭიროების შემთხვევაში საკუთარი როლი შეუსაბამონ სიტუაციას.

სასიყვარულო ურთიერთობები მით უფრო მყარია, რაც უფრო მეტადაა ჩართული პარტნიორი ჩვენს „მე”-ში. ჯანსაღი წყვილთა შორისი ურთიერთობების ჩამოყალიბებისათვის მნიშვნელოვანია, რომ  ინდივიდი აცნობიერებდეს საკუთარ თავს და სხვას, მის საზღვრებს, მაშინ ინდივიდს შესაძლებლობა აქვს საკუთარი მოთხოვნილებიდან გამომდინარე მიიზიდოს ან განიზიდოს სხვა სუბიექტები და ასევე კონტაქტი დაამყაროს მოთხოვნილების დამაკმაყოფილებელ ობიექტთან.

არ არსებობს სასიყვარულო ურთიერთობებში სირთულეების შემქმნელი უნივერსალური წესები, კონკრეტული ადამიანის ეროტიკული ბუნების თავისებურება მთელი მისი არსებიდან მომდინარეობას და ამის მხედველობაში მიღებაა საჭირო ყოველ ცალკე აღებულ შემთხვევაში.  ეროტიკული კავშირი ყოველთვის არსებობს ადამიანებს შორის, მაგრამ ის უნდა შეეხოს პიროვნების გარკვეულ მოთხოვნილებებს, რათა მოხდეს მისი სიყვარულის სახით შეგრძნება და დანახვა. ადამიანები თავიანთ სასიყვარულო გამოცდილებას ახასიათებენ, როგორც ვნებას, ინტიმურობას და ვალდებულებას. ერიქსონი ინტიმურობას აღწერდა, როგორც მეორე ადამიანისადმი სრულ ემოციურ, სექსუალურ და მორალურ ნდობას. ინტიმურობისათვის, რომელიც შეიძლება ახასიათებდეს როგორც მეგობრულ, ისე სასიყვარულო ურთიერთობებს, აუცილებელია გახსნილობა, გამბედაობა, ეთიკური ძალა და, ჩვეულებრივ, მეორე ადამიანის სურვილებისადმი გარკვეული დამყოლობა.

ალფრედ ადლერის (Adler A. 2015) მიხედვით, მხოლოდ იმ ადამიანებს შეუძლიათ წყვილის შედგენა, ვინც სოციალურად, თავისი განათლებით და ცხოვრებისათვის მომზადებით უფრო მეტად შეეფერებიან ერთმანეთს. ისინი კი, ვისი არჩევანიც საერთო წესებიდან ვარდება, მიეკუთვნებიან იმ ადამიანთა კატეგორიას, რომლებიც სიყვარულის პრობლემებს აღიქვამენ მეტისმეტი გაუბედაობით, თავისი სექსუალური პარტნიორის ეშინიათ, შესაბამისად ეძებენ ისეთ პარტნიორს, რომელსაც მათი ვარაუდით ნაკლები ძალაუფლება და ძალა გააჩნია. ისიც შესაძლებელია, რომ ვიღაც საყოველთაოდ მიღებულ ნორმებს არღვევს ძლიერი ხასიათის გამო, მაგრამ ძირითადად ეს ხდება ხასიათის სისუსტის შედეგად.

ასევე შესაძლოა პრობლემა წარმოქმნას მიმღებლობის არ არსებობამ. წყვილები არ იღებენ პარტნიორებს ისეთებად, როგორებიც სინამდვილეში არიან. მათ მიაჩნიათ, რომ თუ პარტნიორი აღმოჩნდება „განსხვავებული“, ეს გამოიწვევს ურთიერთობის შეწყვეტას. მნიშვნელოვანია, წყვილებს ესმოდეს-იყო რაიმეში განსხვავებული – ეს ნორმალურია. მათი აზრები, გრძნობები, სურვილები და ფანტაზიები შეიძლება არ დაემთხვეს ერთმანეთისას. ყოველივე ეს არ ნიშნავს განზრახ დამცირებას ან მეორე პირის შეურაწყოფას, არამედ ეს განპირობებულია პიროვნების მახასიათებლებით და მისი განვითარებით. მარგერიტა სპანოლო ლობი აღნიშნავს, რომ „ სხვისი დანახვის უნარი გულისხმობს კონფლუენციური აღქმისაგან გამოსვლას, რომელიც სახასიათოა შეყვარებულობისათვის.“

წყვილთა შორის ურთიერთობაში აუცილებელია პარტნიორებმა შეძლონ სიამოვნების მიღება, აღიქვან საკუთარი თავი როგორც ცოცხალი, ერთიანი და შემოქმედებითი ორგანიზმი, მათი ურთიერთობების საზღვრებში. სწორედ აქედან გამომდინარე, თითოეული პრობლემიდან გამოსავალი ორივე პარტნიორისთვის მსხვერპლის გაღებასთანაა დაკავშირებული: კომფორტისა თუ დაცულობის განცდის მსხვერპლად გაღება, ურთიერთობაში საკუთარი სურვილების მსხვერპლშეწირვა ან თავად ურთიერთობაზე უარის თქმა. ხაზი უნდა გაესვას იმას, რომ გულითადი ძღვენი, რომელიც თავისი არსით მსხვერპლშეწირვაა ნებისმიერი სახის ხანგძლივი ურთიერთობის კარგი ფუნქციონირებისათვის აუცილებელი პირობაა.

 

 

 

 

 

✔ "ფსიქოლოგიის სახლი" - თანადამფუძნებელი და თავჯდომარე