მეხსიერების ფორმები და თეორიები

0

ადამიანის არსებობა და ცხოვრება წარმოუდგენელია წარსული გამოცდილების გარეშე. მეხსიერების ფუნქციაა გამოცდილების შეძენა, აღქმულისა და განცდილის შენახვა, მომავალ ქცევაში მისი გათვალისწინება და ჩართვა.

მოსაზრებებს პლატონიც გამოთქვამდა და ამბობდა რომ მეხსიერება ტვინის ნაწილია, რომელიც შთაბეჭდილებებს ასახავს, ხოლო თუ კარგად არ აღიბეჭდა, დავიწყებას მიეცემა. მის ანალოგიას თუ მივყვებით, პლატონი მსჯელობდა მეხსიერების მოცულობის, ინდივიდუალური განსხვავებების და დავიწყების თავისებურებების შესახებ.

დღესდღეობით მეხსიერების შესწავლა კოგნიტური ფსიქოლოგიის საფუძველზე ხდება. კოგნიტური ფსიქოლოგია მსჯელობს და იკვლევს სწორედ ისეთ საკითხებს, როგორიც არის ინფორმაციის აღბეჭდვის, გადამუშავების, შენახვისა და ამ ინფორმაციის გამოყენების შესაძლებლობები.
კოგნიტური პროცესებია: აღქმა, მეხსიერება, აზროვნება, მეტყველება და ყურადღება.

რა არის მეხსიერება და რა ფაზები ახლავს თან?

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მეხსიერების საშუალებით ვინახავთ წარსულის გამოცდილებას და ვიყენებთ მომავალში. შესაბამისად ის ინახავს არა მხოლოდ წარსულს, არამედ გვაძლევს საშუალებას მიღებული ინფორმაცია მომავალში გამოვიყენოთ.

მეხსიერება პირობითად შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, როგორც პროცესთა სამი ეტაპი ან ფაზა, რომელთაგან თითოეული განსხვავდება და ერთ-ერთის მოშლა იწვევს მეხსიერების ფუნქციის მოშლას.

ეს ეტაპებია:

ინფორმაციის აღბეჭდვა – კოდირება —> შენახვა —> აღდგენა ან დავიწყება

კოდირება ინფორმაციის დამუშავების პირველადი პროცესია. რომელიც ჩვენში მოვლენის ან ხატის წარმოქმნას იწვევს. კოდირება შეიძლება მოხდეს გაცნობიერებულადაც და გაუცნობიერებლადაც.

განვიხილოთ ორივე შემთხვევა:
ინფორმაციის ავტომატური კოდირება (გაუცნობიერებლად). როცა ადამიანი ზედმეტი ძალისხმევის გარეშე ახერხებს ინფორმაციის დამახსოვრებას, მაგალითად, კითხვის ან წერის დროს დამახსოვრებული ავტომატური ინფორმაცია ან ერთი და იგივე პიროვნება, რომელიც მესამედ შეგვხვდა ქუჩაში.

ინფორმაციის ცნობიერი კოდირება. მართალია ინფორმაციის უდიდესი ნაწილი ავტომატურად კოდირდება ჩვენს ტვინში, მაგრამ ინფორმაციის ზოგიერთი ტიპი საჭიროებს ყურადღებას და ცნობიერ ძალისხმევას. მაგალითად, ჩვენში შემოსული სრულიად ახალი ინფორმაცია.

ინფორმაციის შენახვა შესაძლებელია ორნაირად მოხდეს. ხანმოკლე და ხანგრძლივ მეხსიერებაში.

ხანმოკლე მეხსიერება

ხანმოკლე მეხსიერება გამოიკვლია პეტერსონმა და დადგინდა, რომ აქტიური დამუშავების გარეშე ინფორმაცია არ ინახება. ჩვენს ტვინში ადამიანის მიერ დამახსოვრებული ინფორმაციის მოცულობა შეზღუდულია (7+2 ციფრი, მარცვალი, სიტყვა) და მისი ხანგრძლივობა დაახლოებით 30 წამს უტოლდება.

ხანგრძლივი მეხსიერება

ებინგჰაუსმა გამოკვლევის შედეგად მიიღო ინფორმაცია, რომელიც გამოხატავდა დავიწყების მრუდს დღეების მიხედვით. მრუდის მიხედვით დადგინდა, რომ ინფორმაცია, რომელსაც ვიმახსოვრებთ 3 დღის განმავლობაში ინახება, მაგრამ მისი მოცულობა ჩვენს ტვინში არ არის თავდაპირველი. თუმცა 3 დღის შემდეგ მრუდის კლება ნაკლებია, ვიდრე დანარჩენ დღეებში. ხოლო მეექვსე დღეს უკვე სწორხაზოვანი ხდება.

მოცემული კვლევების საფუძველზე, მნიშვნელოვანია ის, რომ არსებობს პერიოდი, როდესაც ჩვენ ინფორმაცია გვავიწყდება, მაგრამ დროთა განმავლობაში მისი ნაწილი ილექება ჩვენს ტვინში და ხანგრძლივ მეხსიერებაში გადადის, რაც დიდი ხნის განმავლობაში გვახსოვს.

ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანი კანონია, რომ პირველი სამი დღის განმავლობაში ინფორმაციის დიდი ნაწილი შეიძლება დაგვავიწყდეს, მაგრამ შემდგომში ეს მაჩვენებელი ნელ-ნელა კლებულობს და სწორხაზოვანი ხდება.

ხანმოკლე მეხსიერება იზომება წამებით, ხოლო ხანგრძლივი მეხსიერება სიცოცხლის ბოლომდე.

კოდირების ხერხები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, ადამიანის მეხსიერება განსხვავდება მოცულობით, ფორმით, ასევე განსხვავდება დამახსოვრების – კოდირების მეთოდებიც.

ინფორმაციის მნიშვნელობის კოდირება. – როდესაც ვხვდებით ინფორმაციის მნიშვნელობას და ვაკავშირებთ წარსულ გამოცდილებასთან, ცოდნის სისტემაში ვათავსებთ.

ინფორმაციის ხატებით კოდირება

ადვილად გვამახსოვრდება ის, რისი წარმოდგენაც შეგვიძლია. აღმოჩნდა, რომ ადამიანს უფრო მარტივად ამახსოვრდება კონკრეტული ინფორმაცია, ვიდრე აბსტრაქტული.

სწორედ ამ მოსაზრებას უდევს საფუძვლად რამდენიმე მეთოდი, რომელიც გვეხმარება ინფორმაცია უფრო მარტივად დავიმახსოვროთ.

მაგალითად :

1 5 7 8 9 0 1 2 9 0 7 8 2 6 7 8

სცადეთ და დაიმახსოვრეთ მოცემული ციფრები და შემდეგ აღიდგინეთ 30 წამში.

ახლა კი სცადეთ და დაიმახსოვრეთ იგივე შემდეგი მოცემულობით :

1578 9012 9078 2678

ალბათ შეამჩნევდით, რომ ინფორმაციის დამახსოვრებას აადვილებს მისი ორგანიზაცია. ინფორმაციის ორგანიზაცია გვეხმარება მის აზრიან ერთეულებად დაყოფაში და ეს გვიადვილებს დამახსოვრებას.

აკუსტიკური კოდირება – როდესაც ზეპირსიტყვიერად გვეუბნებიან ინფორმაციას და გვიწევს მისი განმეორება რამოდენიმეჯერ ხმამაღლა ან ჩუმად. კვლევებმა დაადასტურა, რომ მხედველობითი კოდირება წინ უსწრებს გარკვეული დროით აკუსტიკურ და სემანტიკურ კოდირებას.

გამოყენებული ლიტერატურა :

კოგნიტური ფსიქოლოგია – მარინა კაკიაშვილი, მაღალი რანგის კოგნიტური პროცესები, თავი 1 მეხსიერება, 2019 თბილისი
დალი ფანჯიკიძე – მეხსიერების ფსიქოლოგია, 2008 თბილისი

წყარო

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81