ნუცა გრიგალაშვილი – რაც არ გვკლავს გვაძლიერებს

0

ნუცა გრიგალაშვილი – ფსიქოლოგი

შფოთვა, რომელიც ჩემი არსებობის მნიშვნელოვანი ელემენტია, წლები მიმაჩნდა, რომ მას მხოლოდ ქაოსი, არეულობა და დაძაბულობა მოჰქონდა. ბოლოს იმდენად შემაწუხა, რომ  ვცდილობდი როგორმე  თავიდან მომეშორებინა. სხვაში  შფოთვის აღმოჩენა ძალიან მაღიზიანებდა, ვინაიდან ჩემში მიძინებულ შფოთვას აღვიძებდა და არ მომწონდა მისი თვალსაჩინოება.

მაშინ, როდესაც კორონავირუსის პანდემიამ  მთელი თაობა ორ ეპოქას შორის, ცხოვრების ორ რეალობას  შორის დააყენა, მსოფლიო უწყვეტ ჩვეულებას, ბუნებრიობას, უსაფრთხოებასა და მთლიანობას დააშორა, ფაქტობრივად, შფოთვის ვაკუუმში მოვექეცით. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ეს ნორმალური რეაქციაა ასეთ ცვალებად და გაურკვეველ სიტუაციაში. ვინაიდან, სტრესითა და დაძაბულობით თანამედროვე ადამიანის ყოველდღიური ცხოვრება ივსება, განსაკუთრებით ვცდილობთ გავიგოთ კრიზისის  ფსიქოლოგიური მიზეზები პოლიტიკაში, ეკონომიკაში, მეწარმეობაში, პროფესიულ თუ საშინაო პრობლემებში. ეჭვგარეშეა, რომ თუ კრიზისის  მიზეზებს  ფსიქოლოგიური, სამეცნიერო და კლინიკური კუთხით მივუდგებით, საკვანძო წერტილად შფოთვის პრობლემა გამოვლინდება. აზრის  განსამტკიცებლად ისევ და ისევ ფროიდს მოვიშველიებ, რომელიც მიიჩნევს, რომ სწორედ შფოთვის სტრუქტურის ანალიზი პიროვნების ფსიქიკურ ცხოვრებას მოჰფენს ნათელს. ვინაიდან შფოთვა არის ფუნდამენტი,  ყველაზე ადრეული, ინფანტილური   ემოცია (ლორა პერლზი).

პაუზამ, რომელიც საკუთარ თავს ვაჩუქე, მომცა საშუალება შფოთვის გაცნობიერების ხარისხი გამეუმჯობესებინა, რაც გამოიხატა იმ ფაქტის აღიარებით, რომ „ჩვენ შფოთვის ხანაში  ვცხოვრობთ“ (როლო მეი). პირველი, რამაც შფოთვის ღრმა შესწავლისკენ მომიწოდა იმ მოცემულობის ფოკუსში მოქცევა იყო, რომ მას ვერ გავექცეოდი და რაც უფრო მეტი მეცოდინებოდა მასზე, მით უფრო მეტად შემეძლებოდა ჩემი პროდუქტიულობა გამეზარდა.

როგორც გავრცელებული და შაბლონური აღქმაა შფოთვის მიმართ, მეც ვიცოდი, რომ ეს არის შინაგანი ღელვისა და გაუწონასწორებლობის ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც მიეკუთვნება ემოციების უარყოფით კომპლექსს, რომელსაც  აგრეთვე აქვს კოგნიტური,  ოპერაციული და ფიზიოლოგიური ასპექტები. ამასთან,  სულ ის აზრი მიტრიალებდა, რომ  შფოთვა მყარი პიროვნული წარმონაქმნია, რომელიც ინახება საკმაოდ დიდი  ხნის განმავლობაში. მხოლოდ ამ ნაწილთან კონტაქტი კიდევ უფრო მიმძაფრებდა შფოთვას და მას საშიშ მდგომარეობად აღვიქვამდი.

ფსიქოლოგიური ლიტერატურა გაჯერებულია შფოთვაზე საუბრით. მე  მეცნიერულად  ახალ განმარტებას ვერ შემოგთავაზებთ, თუმცა მისი არსებობის ბაზიზსა და პოზიტიურ მხარეზე გავამახვილებ თქვენს ყურადღებას.

შფოთვა წარმოიქნება იმ შემთხვევაში, თუ „აქ და ამჟამად შერწყმა საფრთხის წინაშეა“. შფოთვა ეს არის ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც გამოწვეულია შესაძლებელი და მოსალოდნელი უსიამოვნებების, მოულოდნელი ცვლილებებით ჩვეულ მდგომარეობაში სასიამოვნოსა და სასურველის შეჩერებით და გამოვლინდება სპეციფიურ განცდებსა (მღელვარება, მოუსვენრობა) და რეაქციებში. ფაქტობრივად, შფოთვა ესაა პირველი სიგნალი, რომელიც  გვაფრთხილებს ცვლილების შესახებ და მოგვიწოდებს დაცვისკენ. აგრეთვე, პერლზი  აღნიშნავს, რომ შფოთვა შესაძლოა გამოიწვიოს პოზიტიური გამოცდილების მოლოდინმაც კი, როდესაც ჩვენ ვამბობთ: “სუნთქვა შემეკვრა“, იმის მოლოდინმა გამოიწვია, რაც რეალურად საფრთხეს არ წამოადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ შფოთვამ შეიძლება გაანადგუროს ადამიანის სიცოცხლე, იგი კონსტრუქციულად შეიძლება გამოვიყენოთ. ის, რომ ჩვენ გადავრჩით, ნიშნავს, რომ ერთხელ ჩვენს წინაპრებს არ შეეშინდათ თავიანთ შფოთვასთან შეხვედრის. პრიმიტიული ხალხი, როგორც ფროიდი და ადლერი იტყოდნენ, შიშობდნენ, როდესაც მათ სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნეს ველურმა ცხოველებმა. შფოთვამ გადამწყვეტი როლი ითამაშა ადამიანის ცხოვრებაში, ის  ასწავლიდა ჩვენს წინამორბედებს აზროვნებას, რის შედეგადაც მათ გამოიყენეს  სიმბოლოები და ინსტრუმენტები მტრისგან დასაცავად.

„შფოთვა ეს არის უფსკრული ორ გარემოებას შორის: ახლა და შემდეგ“ (ფ.პერლზი). ადამიანი ცვლილების ან საფრთხის შემთხვევაში გამოწვეულ აღზნებას  „აქ და ამჟამად“ ვერ იღებს, როგორც საკუთარ „მე“-ს ნაწილებად. ვინაიდან აღზნება დაკავშირებულია სხეულის ნაწილებთან და მათ მოთხოვნილებებთან, უნდა ვიპოვოთ გზები ამ საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ შფოთვა გვიბიძგებს მოქმედებისკენ.

საქმიანობისას, რომელსაც არ ახლავს შფოთვა, ეს იმას ნიშნავს, რომ არ გააჩნია დაძაბულობა, რისკის გრძნობა, შეგრძნება, რომელსაც „ცხენი განიცდის რბოლამდე“, ანუ ის ყველაფერი, რაც ნორმალურ შფოთვაში ვლინდება და რაც საქმიანობის, თუნდაც მრავალჯერადად განხორციელებული საქმიანობის წარმატებულად წარმართვისთვისაა საჭირო.

რომ შევაჯამოთ, თუ არსებობს შფოთვა, მაშინ ადამიანი ცხოვრობს. ცხელების მსგავსად, შფოთვა იმაზე მეტყველებს, რომ ბრძოლა პიროვნების შიგნით მიმდინარეობს.  სანამ ეს ბრძოლა გაგრძელდება, პრობლემის კონსტრუქციული გადაწყვეტის პოვნა არ არის დაგვიანებული. როდესაც შფოთვა მთავრდება, ეს ნიშნავს, რომ ბრძოლა დასრულებულია და შესაძლოა დეპრესია მოჰყვეს.

ჩემი მთავარი აღმოჩენა კი სწორედ ეს გახლავთ, შფოთვა, რომელიც ასე არ მომწონდა, თურმე დეპრესიისგან მიცავს და მხდის ქმედითუნარიანს, აქტუალიზებულს. ამის შემდეგ მთელი ჩემი ამოცანა იმაში მდგომარეობდა, რომ თეორიული ცოდნა გამეშინაგანებინა და შფოთვა მიმეღო, როგორც საჭირო ინსტრუმენტი. რაც შეეხება მომატებულ შფოთვას, მისი რეგულირებისთვის უნდა მივმართოთ ღრმა სუნთქვას, რომელიც ჯადოსნური საშუალებაა ამ მომენტში შფოთვის განმუხტვისთვის. უფრო ვრცლად  კი სუნთქვის ვარჯიშებზე შემდეგ სტატიაში ვისაუბრებ.

მანამდე კი ყველას გისურვებთ, რომ თქვენი სუსტი მხარე  ძლიერად აქციოთ.

ილია ნიკაჭაძე

✔ psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ✔NLP Coach მასტერი ✔ ENNEAGRAM Master ✔ საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი 📞 ტელ: 599 97 91 81