მეი-ბრიტ მოსერი – შინაგანი GPS

0

მეი-ბრიტ მოსერი დაიბადა 1963 წლის 5 იანვარს. იგი ნორვეგიელი ფსიქოლოგი და ნეირომეცნიერია. იგი და მისი ქმარი ედვარდ მოსერი ინაწილებენ ნობელის პრიზს მედიცინაში, რომელიც 2014 წელს მიიღეს ენტორინალური ქერქის ქსელის უჯრედებთან დაკავშირებული სამუშაოებისათვის. ედვარდ მოსერთან ერთად მან დააარსა მოსერის კვლევითი ცენტრი, რომელსაც ისინი ერთად ხელმძღვანელობდნენ.

მოსერმა ფსიქოლოგიური განხრით განათლება ოსლოს უნივერსიტეტში მიიღო. 1995 წელს მოიპოვა დოქტორანტურის ხარისხი მედიცინის ნეიროფსიქოლოგიის მიმართულებით.  1996 წელს მან მიიღო ასოცირებული პროფესორის თანამდებობა ბიოლოგიური ფსიქოლოგიის დარგში ნორვეგიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის დეპარტამენტში, 2000 წელს კი- პროფესორის სტატუსი ნეირომეცნიერების მიმართულებით. 2002 წელს მისმა კვლევითმა ცენტრმა მიიღო ცალკეული ‘’საუკეთესო ცენტრის“ სტატუსი.

პირადი ცხოვრება

მეი-ბრიტ მოსერი დაიბადა ნორვეგიის პატარა ქალაქში.  იგი ოჯახში ყველაზე პატარა იყო. მამამისი დურგალი გახლდათ, ოჯახის მცირე მეურნეობას კი დედა უვლიდა. შეგვიძლია ვთქვათ, რომ მეი-ბრიტი საკმაოდ ღარიბ ოჯახში დაიბადა, რომელთაც ზაფხულში დასასვენებლად წასვლის საშუალებაც კი არ ჰქონდათ. თავისუფალ დროს მეი-ბრიტი ცხოველების შესწავლას უთმობდა, რამაც გაიტაცა კიდეც.  დედამისი ხშირად უყვებოდა ზღაპრებს, ასწავლიდა, რომ ოცნებების ასახდენად ბევრი მუშაობა აუცილებელია.

ბავშვობაში სურდა გამხდარიყო ექიმი, რომელიც იმოგზაურებდა მსოფლიოს გარშემო ადამიანების გადასარჩენად ან  ვეტერინარი, გამომდინარე მისი სიყვარულისა ცხოველებისადმი. არასდროს გამოირჩეოდა სკოლაში განსაკუთრებული ნიჭით, მაგრამ მასწავლებლებმა სწორად დაინახეს და წაახალისეს მისი შესაძლებლობები. მეი-ბრიტს გადაწყვეტილი ჰქონდა, რომ არ გამოსულიყო დიასახლისი, როგორც იმ პერიოდის ქალების უმეტესობა.

მან ჩააბარა ოსლოს უნივერსიტეტში, სადაც სწავლობდა ფსიქოლოგიას, მათემატიკას და ნეირობიოლოგიას. მან ეს  დაწესებულება იმიტომ აირჩია, რომ მისი ორი და ოსლოს შორიახლოს ცხოვრობდა და შეძლებდა დროებით მათთან ერთად ცხოვრებას.  მას მოსწონდა უნივერსიტეტი, მაგრამ არ იცოდა ზუსტად რა სურდა. სტომატოლოგიურ კლინიკაშიც მიიღეს სამსახურში, მაგრამ შეთავაზებაზე უარი თქვა.

მალე იგი ხელმეორედ შეხვდა ედვარს მოსერს, რომელსაც სკოლიდან იცნობდა.  1985 წელს დაქორწინდნენ და გადაწყვიტეს ერთად შეესწავლათ ტვინისა და ქცევების კავშირი. 1991 წლის ივნისში პირველი შვილი, იზაბელი, ეყოლათ. საკმაოდ რთული იყო, დოქტორანტურაზე სწავლა და ბავშვის აღზრდა ერთდროულად, თუმცა მეის და ედვარდს დიდი მოტივაციაც ჰქონდათ, ამიტომ ლაბორატორიაში ბავშვთან ერთად დაიწყეს სიარული. 1995 წელს მეორე შვილიც შეეძინათ და ამავე წელს მეი-ბრიტ მოსერმა მიიღო დოქტორანტურის ხარისხი ნეოროფსიქოლოგიაში. მეი-ბრიტი და მისი მეუღლე  გაემგზავრნენ ედინბურგის უნივერსიტეტში ნეირომეცნიერ, რიჩარდ მორისთან სამუშაოდ. შემდეგ ლონდონს  ეწვივნენ, სადაც ო’კიფის ლაბორატორიაში მუშაობდნენ.

1996 წელს მოსერები ნორვეგიაში დაბრუნდნენ, სადაც მეი-ბრიტმა მიიღო ასოცირებული პროფესორის წოდება ბიოლოგიურ ფსიქოლოგიაში ნორვეგიის უნივერსიტეტის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში.

წყვილმა დიდი როლი ითამაშა 2002 წელს მეხსიერების ბიოლოგიის ცენტრის და 2007 წელს სისტემური ნეირომეცნიერების ინსტიტუტის დაარსებაში.  ასევე იყო ნორვეგიის სამეფო მეცნიერებათა ასოციაციისა და ტექნოლოგიურ მეცნიერებათა აკადემიის წევრი.

მოსერები თავიანთ მენტორ ჯონ ო’კიფთან ერთად შეისწავლიდნენ ტვინის მექანიზმს სივრცის წარმოდგენასთან დაკავშირებით.  მათ აღმოაჩინეს ტვინის უჯრედები, რომლებიც მნიშვნელოვან როლს თამაშობენ ადგილის განსაზღვრაში, მდებარეობენ ჰიპოკამპუსთან ახლოს, ასევე ტვინის სიღრმეში არსებული ადგილი, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს სივრცის აღქმასა და ეპიზოდურ მეხსიერებაში.  მოსერმა გამოიკვლია კავშირი ჰიპოკამპუსის ანატომიურ სტრუქტურასა და სოციალურ სწავლებას შორის ვირთხებში. მისმა სამუშაოებმა მეცნიერებს მისცა ახალი ცოდნა  კოგნიტური პროცესებისა და სივრცული დეფეციტის შესახებ, რომელიც დაკავშირებულია  ისეთ ნევროლოგიურ დაავადებასთან, როგორიცაა ალცაიმერი.

2013 წელს ტრონდჰეიმის საბჭომ მიანიჭა  პრემია, რომლითაც აღიარეს ბიზნესის წარმომადგენელ ბრწყინვალე ქალად. იგი დააჯილდოვეს მისი ლიდერული უნარების, სამეცნიერო მიღწევების, მაღალი ეთიკური სტანდარტების და გუნდური მუშაობისათვის.

2014 წელს მოსერებმა მიიღეს ნობელის პრემია მედიცინაში. მოსერები ხუთი წყვილიდან ერთ-ერთია, რომელთაც ნობელის პრიზი მიუღიათ.

ნობელის პრემია

საიდან ვიცით სად ვართ? როგორ შეგვიძლია ვიპოვოთ გზა ერთი ადგილიდან მეორემდე? როგორ ვიმახსოვრებთ ამ ინფორმაციას ისე, რომ მეორე ჯერზე მარტივად შეგვიძლია ამ გზის პოვნა?  მეი-ბრიტ მოსერმა თავის კოლეგებთან ერთად აღმოაჩინა  „შინაგანი GPS “ ჩვენს ტვინში, რომელიც სივრცეში ორიენტირების შესაძლებლობას გვაძლევს, უმაღლესი კოგნიტური შემეცნებითი ფუნქციის დემონსტრირებით.

1971 წელს ჯონ ო’კიფმა აღმოაჩინა ამ სისტემის პირველი კომპონენტი. მან აღმოაჩინა ნერვული უჯრედი ტვინის მიდამოში, რომელიც აქტიურდებოდა მაშინ როცა ვირთხა ერთ კონკრეტულ ადგილზე იყო ოთახში.  სხვა ნერვული დაბოლოებები აქტიურდებოდა, როცა ვირთხა  ოთახის სხვა ადგილებში იყო. აქედან გამომდინარე დაასკვნა, რომ ‘’ადგილის უჯრედები“ ტვინში ქმნიან ოთახის რუკას.

ოცდაათ წელზე მეტი ხნის შემდეგ, 2005 წელს მეი-ბრის და ედვარდ მოსერებმა აღმოაჩინეს ამ სისტემის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი.  აღმოაჩინეს ნერვული უჯრედი, რომელსაც უწოდეს ‘’ქსელური უჯრედი“, რამეთუ იგი წარმოქმნის კოორდინირების სისტემას და გვაძლევს ზუსტი პოზიციონირებისა და გზის პოვნის შესაძლებლობას.  მათმა შემდგომა კვლევამ გვაჩვენა, თუ როგორ ხდის ქსელური უჯრედები შესაძლებელს, რომ დავადგინოთ სად ვიმყოფებით და გვაძლევს გადაადგილების შესაძლებლობას.

ამ სამმა შესანიშნავმა მეცნიერმა გადაჭრა პრობლემა, რომლის გადაჭრასაც ფილოსოფოსები და მეცნიერები საუკუნეების განმავლობაში ცდილობდნენ – როგორ ქმნის ჩვენი ტვინი ჩვენს გარშემო არსებული სივრცის რუკას და როგორ შეგვიძლია ნავიგაცია ამ კომპლექსურ გარემოში.

როგორ აღვიქვამთ გარემოს?

ადგილის განცდა და ნავიგაციის უნარი ფუნდამენტურია ჩვენი არსებობისათვის. ადგილის აღქმა გვაძლევს მდგომარეობის აღქმის საშუალებას გარემოში. ნავიგაციის დროს, იგი უკავშირდება მანძილის სწორად აღქმას, რომელიც თავის მხრივ ეყრდნობა მოძრაობასა და წინა პოზიციების ცოდნას.

კითხვები ადგილსა და ნავიგაციაზე დიდხანს ჰქონდათ ფილოსოფოსებსა და მეცნიერებს. ორასზე მეტი წლის წინ გერმანელი ფილოსოფოსი იმანუელ კანტი ამტკიცებდა, რომ  ზოგიერთი გონებრივი შესაძლებლობა არსებობს, როგორც აპრიორული ცოდნა და იგი გამოცდილებისაგან დამოუკიდებელია.  მან განიხილა სივრცის კონცეფცია, როგორც გონების ჩაშენებული პრინციპი, რომლის საშუალებითაც ხდება სამყაროს აღქმა.

ამ კითხვებზე პასუხის გაცემას ექსპერიმენტალურად მეოცე საუკუნეში ეცადნენ. როდესაც ედვარდ ტოლმანმა ლაბირინთებში მოძრავი ვირთხები შეისწავლა, მან აღმოაჩინა რომ ვირთხები სწავლობდნენ გადაადგილებას და თქვა, რომ ‘’კოგნიტური რუკა’’, რომელიც მათ ტვინში ყალიბდება  გზის გაკვალვის საშუალებას აძლევს. მაგრამ როგორ აისახება ასეთი რუკა ტვინში?

ჯონ ო’კიფი და ადგილი სივრცეში

ჯონ ო’კიფი გატაცებული იყო პრობლემით, თუ როგორ ახერხებს ტვინი  ქცევის კონტროლს და ამ კითხვაზე პასუხს 1960 იანი წლების ბოლოს ნეიროფიზოლოგიური მეთოდით ეცადა. მან ვირთხები ოთახში თავისუფლად გაუშვა და დააკვირდა მათი ჰიპოკამპუსის უჯრედებიდან წამოსულ აქტივობას და დაინახა, რომ  კონკრეტული უჯრედები გააქტიურდებოდნენ კონკრეტულ ადგილზე ყოფნისას.  მან შეძლო იმის დემონსტრირება, რომ ეს ტვინის უჯრედები მხოლოდ ვიზუალური მონაცემების აღრიცხვას არ აწარმოებდნენ, არამედ ქმნიდნენ გარემოს შიდა რუკას.  მან დაასკვნა, რომ ჰიპოკამპუსი წარმოქმნის უამრავ რუკას, რომელიც წარმოადგენს უჯრედების ერთობლიობას, რომელიც აქტიურდება სხვადასხვა გარემოში. ამიტომ, გარემოს მეხსიერება შეიძლება ინახებოდეს, როგორ ჰიპოკამპუსში არსებული კონკრეტული უჯრედების აქტივობების კომბინაცია.

მეი-ბრისი და ედვარდ მოსერი პოულობენ კოორდინატებს

მეი-ბრისი და ედვარდ მოსერი ინიშნავდნენ ჰიპოკამპუსის უჯრედების აქტივობებს ვირთხებში მათი მოძრაობისას ოთახში, როდესაც აღმოაჩინეს კონკრეტული აქტივობა ტვინის ახლომდებარე ნაწილში, რომელსაც ენტორნიალური ქერქი ეწოდება. აქ  გარკვეული უჯრედები გააქტიურდა, როცა ვირთხამ რამდენიმე ადგილი გაირა. თითოეული ეს უჯრედი გააქტიურდა უნიკალური სივრცული წესით, ერთობლივად კი ეს ‘’ქსელური უჯრედები’’ წარმოადგენს კოორდინატთა სისტემას, რომელიც სივრცეში ნავიგაციის საშუალებას გვაძლევს. ენტორიალური ქერქის სხვა უჯრედებთან ერთად, რომლებიც მიმართულებასა და ოთახის საზღვრებს განსაზღვრავენ, ისინი ქმნიან სქემებს ჰიპოკამპუსში. ეს სქემა წარმოადგენს ყოვლისმომცველ პოზიციონირების სისტემას, თავის ტვინში არსებულ შიდა GPS-ს.

ადგილი რუკისთვის ადამიანის ტვინში

ბოლოდროინდელმა გამოკვლევებმა ტვინის გამოსახულებების ტექნიკასთან დაკავშირებით ასევე ნეიროქირურგიის პაციენტებზე ჩატარებულმა კვლევებმა დაადასტურა, რომ ადგილიც და ქსელური უჯრედებიც არსებობს ადამიანში. ალცაიმერის დაავადების მქონე პაციენტებში, ჰიპოკამპუსი და ენტორინალური ქერქი ხშირად ზიანდება ადრეულ ეტაპზე და ამას მოჰყვება ის, რომ ადამიანები კარგავენ გზას და ვერ ცნობენ გარემოს.

ტვინის პოზიციონირების სისტემის აღმოჩენა წარმოადგენს ჩვენს გაგებაში პარადიგმის ცვლას, იმის შესახებ თუ როგორ მუშაობენ სპეციალიზირებული უჯრედები ერთად კოგნიტური ფუნქციების შესასრულებლად.  ეს კი საშუალებას მოგვცემს სხვა კოგნიტური პროცესების- მახსოვრობა, აზროვნება და დაგეგმვის – უკეთ გაგებაში.

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81