ფერების ფსიქოლოგია

0

„მხოლოდ მრავალწლიანი მომზადების შემდეგ შეუძლია ახალგაზრდა მხატვარს ფერებთან შეხება. ფერთან, როგორც არა გარე სამყაროს გამოხატვის საშუალებასთან, არამედ როგორც სულიერ გამოხატულებასთან“

ანრი მატისი

როგორ აღვიქვამთ ფერს?

ფერების შემსწავლელ მეცნიერებას ქოლორიმეტრია ეწოდება

არსებობს ფერის გაზომვის ორი მეთოდი:

  • ქოლორიმეტრული
  • სპექტრალური

ფერს აღქმა შესაძლებელია მხოლოდ საკმარისი განათების დროს. არეკლილი შუქი  ხილული ელექტრომაგნიტური ტალღების სპექტრისგან შედგება. ერთი ტალღის სიგრძე შეესაბამება ერთ ფერს  (ენდრიუ ტეიტი – „ფერის ნეირომეცნიერება“). შესაბამისად, ფსიქოლოგიაში, როდესაც ფერის გავლენაზე საუბრობენ, თვლიან რომ ყოველი კონკრეტული ფერი და ტალღა გავლენას ახდენს ადამიანის ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე.

გახსოვთ ცნობილი ინტერნეტ-ბრძოლა კაბის ფერების ირგვლივ – ერთი და იგივე კაბას ზოგი ლურჯად რომ ხედავდა და ზოგი ოქროსფრად? ამ შემთხვევამ კიდევ ერთხელ დაგვანახა, რა რთული პროცესია ჩვენ მიერ ფერის აღქმა და რა სამუშაოს ასრულებს ტვინი გარესამყაროს შესასწავლად. ფერის აღქმაში მნიშვნელოვანია ემოციები, კულტურალური განსხვავება, ენაც კი. ამ ფაქტორებზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

რატომ ვხედავთ ფოტოზე გამოსახულ კაბას  სხვადასხვა ფერად?

ერთი და იგივე კაბა ვიღაცამ ლურჯად დაინახა, ვიღაცამ ოქროსფრად, მიზეზი კი ის იყო რომ ოდესღაც ტვინმა არჩევანი გააკეთა ერთ-ერთის სასარგებლოდ და მერე თავის არჩევანს „ჩაებღაუჭა“. ამ შემთხვევამ ჰარვარდის სამედიცინო სკოლის ერთ-ერთ ჯგუფს დამატებითი კვლევებისკენ უბიძგა. თემას გატაცებით იკვლევდა ბევილ კონვეი. სხვათაშორის, კონვეი ანრი მატისს ფერის გამორჩეულ ექსპერტად  აღიარებდა და მის შეხედულებებს ეყრდნობოდა.

რატომ ვერ შეძლეს ადამიანებმა საერთო აზრამდე მისვლა? კონვეიმ ახსნა, რომ საქმე დღის განათებაშია. ადამიანი „დღის არსებაა“, ევოლუციის პროცესში ის ისე განვითარდა, რომ დღის სინათლეზე აქტიურ მდგომარეობაშია. მოგეხსენებათ,  დღის მანძილზე განათება იცვლება – დილით კაშკაშა ფერები საღამოს სხვანაირია – მკვეთრი ფერებისგან ჩამქრალი ტონები რჩება. ჩვენი ტვინი მუდმივად ცდილობს განათების ხარისხთან ადაპტირებას: ის თითქოს „აკლებს“ „საღამოს ტონებს“ საერთო სურათიდან, რათა ობიექტი თავდაპირველ ფერად აღიქვას. როგორც წესი, ეს პროცესი ტვინს კარგად გამოსდის, თუმცა ხანდახან დამახინჯებულ სურათს ვიღებთ. კაბების შემთხვევა ამის კარგი მაგალითია – კაბას ზოგი ოქროსფრად ხედავს (როგორც დღის სინათლეზე) და ზოგი – ლურჯად (როგორც საღამოს სინათლეზე).

რა გავლენას ახდენს ჩვენზე ფერები?

კონვეიმ კვლევის შედეგები 2008 წელს დადო. ფერის აღქმის შესწავლისას, მეცნიერი აკვირდებოდა  მაიმუნების რეაქციას  იმ 4 ძირითად ფერზე, რომლის ფორმირებასაც ჩვენი მხედველობა ახდენს: წითელი, მწვანე, ყვითელი და ლურჯი. მან შეამჩნია, რომ მაიმუნების თავის ტვინის გარკვეული უბნები განსხვავებულად რეაგირებს სხვადასხვა ფერზე. მაგალითად, წითლისადმი ზოგიერთი უბანი განსაკუთრებულად მგძნობიარე აღმოჩნდა; ნაკლები მგძნობიარობა შეიმჩნეოდა ყვითლისადმი და კიდევ უფრო ნაკლები –  მწვანისა და ლურჯისადმი.

ყველა დანარჩენი ფერი, რომელსაც გარემოში ვხვდებით, ამ ძირითადი ფერებისგან შედგება. თუ ერთი ფერის სხვადასხვა ტონალობებს ერთმანეთთან ახლოს დავაწყობთ, ტვინს გაუჭირდება განსხვავების შემჩნევა და მხოლოდ ივარაუდებს, რა ფერს ხედავს კონკრეტულ მომენტში.

რატომ რეაგირებს ტვინი ყველაზე აქტიურად წითელ ფერზე? ცხოველთა სამყაროში წითელი ფერი დომინანტობასთან და ხვადებში ტესტოსტერონის მაღალ დონესთან ასოცირდება. ადამიანებთანაც კი წითელი სახე, როგრც წესი, ბრაზს გამოხატავს. ბოლოდროინდელმა კვლევებმა ისიც გამოავლინა რომ წითელი ფერი მოწინააღმდეგეზე გავლენას ახდენს და დამარცხებისკენ უბიძგებს. მაგალითად, აღმოჩნდა რომ წითელფორმიანი სპორტსმენები უფრო ხშირად იმარჯვებენ. ჩვენც წითლად შემოსილ ადამიანს გამარჯვებულად აღვიქვამთ და შესაბამისად ვიქცევით.

ფერი ემოციებზე მოქმედებს – ზოგი დამამაშვიდებელია, ზოგი-აღმგზნები. კალიფორნიის უნივერსიტეტში ჩატარებულ კვლევებში შენიშნეს სხვადასხვა ფერის გავლენა ჩვენს ემოციურ მდგომარეობაზე:

  • ლურჯი და მოლურჯო-მომწვანო ფერები, როგორც წესი, ყველაზე სასიამოვნო ფერებია
  • ყვითელი და მოყვითალო-მოყავისფრო ტონები – ყველაზე უსიამოვნო.

ფერის აღქმისას გენდერული ფაქტორიც მნიშვნელოვანია. აღმოჩნდა რომ ქალი ფერის უფრო მეტ გრადაციას ხედავს, ვიდრე მამაკაცი. მეცნიერთა ნაწილის აზრით, ამგვარი „ნიჭი“ ორი X ქრომოსომის დამსახურებაა, ნაწილი კი მიიჩნევს რომ ქალებს ეხმარება საკუთარი ექსპრესულობა – ისინი ფერებს უფრო ადვილად არქმევენ სახელებს  და უფრო მეტ ნიუანსსაც ამჩნევენ.

ქვემოთ ნახავთ საიტს, სადაც შეგიძლიათ გაეცნოთ უაღრესად საინტერესო კვლევის შედეგებს – ფერთა დასახელება ქალებსა და მამაკაცებში:

http://www.datapointed.net/visualizations/color/men-women-color-names-d3/

ძნელია იმის გააზრება რომ ფერი, რომელიც შეამჩნიეთ და აღფრთოვანებული ხართ, სხვისთვის სხვა ფერად აღიქმება და ასეთ სიამოვნებას არ იწვევს. შესაძლებელია იდგეთ ადამიანის გვერდით, უყურებდეთ ერთი და იგივე ნახატს და სხვადასხვა ემოციას განიცდიდეთ. მართლაც საოცარია ადამიანის ბუნება!

როგორ გამოიხატება ფერი ენაში  

და აი, მივადექით ყველაზე საინტერესო ნაწილს – აღმოჩნდა რომ ფერის აღქმას განსაზღვრავს ენა!

ფერი – კოდირება და კატეგორიზაცია

გასული საუკუნის 20–30–იან წლებში მეცნიერთა ნაწილმა ყურადღება მიაქცია ენის სტრუქტურასა და გარემოს აღქმას შორის კავშირს. ე.სეპირო (1884–1939) ერთ–ერთი პირველი იყო, რომელიც ამბობდა რომ „ადამიანები ცხოვრობენ არა მხოლოდ ობიექტურ საგანთა სამყაროში, არამედ მუდმივად იმყოფებიან იმ ენის გავლენის ქვეშ, რა ენაზეც საუბრობს მის ირგვლივ მყოფი საზოგადოება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი გაუცნობიერებელია და „რეალური“ გარემო არაცნობიერად აგებულია მოცემული საზოგადოების ენობრივ ნორმებზე“.

ეს მოსაზრება განავრცო ბ.უორფმა (1897–1941) და აღნიშნა რომ ნებისმიერი ენის გრამატიკა თავად ქმნის აზრებს – ის არის ინდივიდის აზრობრივი ქმედების ერთგვარი პროგრამა.  .

აზროვნება და აღქმა, სეპიროს და უორფის აზრით, დამოკიდებულია იმ ენაზე, რომელზეც მოცემული ინდივიდი საუბრობს. თანამედროვე ესკიმოსების ენაში თოვლის 20–მდე აღწერა აქვთ, ინგლისურ ენაში – ერთი, აცტეკების ენაზე კი თოვლი, ყინული და სიცივე ერთი და იგივე სიტყვებით აღინიშნება. ლინგვისტური ფარდობითობის თეორიის მიხედვით, უნდა ვაღიაროთ რომ ესკიმოსებს შეუძლიათ თოვლის უფრო მეტი სახეობის აღქმა, ვიდრე ამერიკელებს; აცტეკებს კი თოვლის აღქმა ძალიან უჭირთ.

ენები ერთმანეთისგან განსხვავდებიან არა იმით, თუ რისი გამოხატვაა მისი დახმარებით შესაძლებელი, არამედ – რამდენად მარტივადაა შესაძლებელი რაიმეს გამოხატვა, ამერიკელი ინდიელების შესწავლისას გამოიკვეთა რომ მათ უჭირთ ერთმანეთისგან ყვითლის და ნარინჯისფერის გარჩევა, რადგან ენაში ორივე ფერი ერთი და იგივე სიტყვებით გამოიხატება. კვლევის დროს ინდიელები, რომელიც მხოლოდ მშობლიურ ენას ფლობდნენ, ხშირად უშვებდნენ შეხდომას ფერის დასახელებისას; ბილინგვები (ვინც ინგლისური ენაც მშობლიურის დონეზე იცოდა), ნაკლებ შეცდომას უშვებდნენ და მხოლოდ ინგლისურად მოაზროვნეები – ყველაზე ნაკლებს.

მოგვიანებით სეპიროს და უორფის თეორიას სკეპტიკურად შეხედეს – კვლევები ეხებოდა გარდამავალ ფერებს. ამ ნაწილში ბ.ბერლინი და პ.კეი დაეთანხმნენ მეცნიერებს, მაგრამ მათი კვლევის სამიზნე გახდა ძირითადი ფერები, ფოკუს–ფერები, როგორც ისინი უწოდებდნენ (მაგ. არა ნარინჯისფერი, არამედ წითელი ან ყვითელი).

ბ.ბერლინიმ და პ.კეიმ გამოკითხეს ამერიკაში მაცხოვრებელი 20 ენობრივი ჯგუფი, რომლებიც ინგლისურსაც ფლობდნენ, და სთხოვეს გამოეყოთ მათ ენაში გამოყენებუილი  ფერების ბაზისური ტერმინები.

როგორც მოსალოდნელი იყო, სხვადასხვა ფერების მოსაზღვრე ფერები ენებში ერთმანეთს არ დაემთხვა, მაგრამ ცდის პირების მიერ არჩეული „საუკეთესო“ ბაზისური ფერები (ფოკუს–ფერები), სხვადასხვა ენაში ერთმანეთის მსგავსი აღმოჩნდა: შავი, თეთრი და წითელი –20 ენაში; მწვანე – 19 ენაში; ყვითელი – 18 ენაში; ცისფერი – 16–ში…

კვლევებზე დაყრდნობით, ამერიკლმა მეცნიერებმა შექმნეს უნივერსალური ფერების სისტემა. მათ ასევე მიანიშნეს მსოფლიოს სხვადასხვა ენაში ფერების დასახელების აღმოცენების თანმიმდევრობა. 78 ენის შესწავლის მერე ბ.ბერლინი და პ.კეი მივიდნენ დასკვნამდე რომ 11 ძირითადი ფერი  ნებისმიერი ენის ისტორიაში ფიქსირებული თანმიმდევრობითაა კოდირებული. ტერმინების წარმოქმნის სტადიები კი წარმოადგენს ენის ევოლუციის საფეხურებს:

  1. პირველად გაჩნდა დასახელება თეთრისთვის და შავისთვის. ისინი ყველა ენაშია;
  2. თუ ენა მოიცავს ფერის აღმნიშვნელ 3 ტერმინს, მაშინ მათ შორის წითელიცაა;
  3. თუ ენა 4 ტერმინს იყენებს, მაშინ აქ მოხვედრილია მწვანე ან ყვითელი;
  4. თუ ენა იყენებს 5 ტერმინს, მაშინ იქ არსებობს ყვითელიც და მწვანეც;
  5. თუ ენა იყენებს 6 ტერმინს, მაშინ მასში არის ცისფერის აღმნიშვნელი ტერმინი;
  6. თუ ენა იყენებს 7 ტერმინს, მაშინ აქ არის ყავისფერიც;
  7. თუ ენა იყენებს 8 ან მეტ ტერმინს, მაშინ აქ არის იისფერი, ნარინჯისფერი, რუხი და ვარდისფერი.

რა თქმა უნდა, ბ.ბერლინის და პ.კეის თეორიას მომხრეებიც ბევრი გამოუჩნდა და აშკარა მოწინააღმდგეებიც. მათი ერთ–ერთი მიმდევარი ე.ჰაიდერი შედეგების შემოწმებისას მივიდა დასკვნამდე რომ ფოკუს–ფერები უფრო კოდირებულია, ვიდრე მოსაზღვრე, შერეული ფერები. ფოკუს–ფერები მოკლე სიტყვებით აღინიშნება და ცდისპირებს უფრო ადრე ახსენედებათ.

დღეს უკვე თამამად შეგვიძლია ვთქვათ რომ აქამდე შესწავლილ ყველა კულტურაში ადამიანები ფოკუს–ფერების  ადვილად კოდირებას ახდენენ. და თუ მათ ენაში არ არის რომელიმე ფერის აღმნიშვნელი ტერმინი, სახელდებისას, ყველაზე ადვილად სწორედ ფოკუს–ფერების სახელწოდებებს იმახსოვრებენ. მკაფიო პასუხი ამ ფენომენზე, ჯერ კიდევ არ გვაქვს.

განსაკუთრებულ ინტერესს აღძრავს პოლონელი მკვლევარის ა.ვეჟბიცკაიას მცდელობა ფოკუს–ფერებისთვის „ბუნებრივი პროტოტიპების“ პოვნისა. მან გამოავლინა ასოციაციური კავშირი შავსა და ღამეს შორის, თეთრსა  და დღეს შორის. ასეთივე ასოციაციებს აჩენს ცისფერი – ცა, მწვანე – ბალახი, ყვითელი – მზე… ბევრ ენაში ამ სიტყვებს მორფოლოგიურად ან ეტიმოლოგიურად აშკარა მსგავსება აქვს. ყველაზე რთული აღმოჩნდა წითლის პროტოტიპის მონახვა, რადგან ბუნებაში წითელი ფერი ასე თვალსაჩინოდ არსად ჩანს. ვეჟბიცკაიამ აღმოაჩინა ღრმა კავშირი წითელსა ცეცხლს შორის (ქართულ ენაში – „ალისფერი“). ანუ, ფერების სახელდებისას ადამიანები იყენებენ უნივერსალურ ელემენტებს – დღეს, ღამეს, მზეს, ცეცხლს. ბალახს, ზეცას და მიწას.

ფერის სიმბოლიკა

გადავედით კიდევ ერთ მნიშვნელოვან ნაწილზე – რადგან კონკრეტული ფერი კონკრეტულ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობას ეხმაურება, ლოგიკურია ვიფიქროთ რომ ამ მდგომარეობის განცდის სიჭარბე ან დეფიციტი ანალოგიურ დამოკიდებულებას გამოიწვევს ფერთანაც – ან ფერის „ამოჩემება“ მოხდება, იგივე „ფერის შიმშილი“, როგორც მას უწოდებენ,  ან მოყირჭება და აუტანლობა. მაგალითად, თუ წითელი ფერი ფიზიკური აქტიურობის, მოქმედების, სექსუალობის ფერია, მისი ამოჩემებაც სწორედ აქტივობის და მოქმედების მოთხოვნილებაზე მიანიშნებს; და პირიქით, მისი უარყოფა, ხანდახან ზიზღიც კი – მოქმედებიდან გაქცევაა. სწორედ ამიტომ, ცნობილია რომ წითელი ფერი არ უყვართ ომგამოვლილ ჯარიკაცებს, ფსიქიკური პრობლემების მქონეებს და ძალიან გადაღლილ ადამიანებს, რომელთაც ძალის მოკრეფა უჭირთ და სიმშვიდე სჭირდებათ.

ფერის სიმბოლიკას უძველესი ისტორია აქვს. “ფერის წაკითხვას” ადამიანები დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ, რამაც თავისი ასახვა პოვა მითოლოგიაში, ხალხურ გადმოცემებში, ზღაპრებში, სხვადასხვა რალიგიურ, თუ მისტიკურ სწავლებებში. მაგალითად, ასტროლოგიაში ცისარტყელას 7 ფერს 7 ძირითადი პლანეტა შეესაბამება: წითელი მარსის ფერია, ლურჯი – ვენერასი, ყვითელი – მერკურის, მწვანე –  სატურნის, ალისფერი – იუპიტერის, ნარინჯისფერი – მზის, იისფერი კი მთვარის სიმბოლოა. ამასთან ერთად, ფერები არამხოლოდ პლანეტებსა და მათ გავლენას ასახავენ, არამედ ადამიანთა განსხვავებულ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეც მოუთითებენ. ეს კარგად ჩანს განსხვავებული ფერის ტანსაცმლის შერჩევაში, ხალხურ გამოთქმებში, წეს-ჩვეულებებში და ა. შ. სხვადასხვა ერებს, დროთა ვითარებაში, მათთვის დამახასიათებელი ფერთა სიმბოლიკა ჩამოუყალიბდათ. ჩვენ შევეცდებით ვისაუბროთ რამდენიმე ძირითადი ფერის შესახებ, თუ რა სიმბოლური დატვირთვა აქვს მათ, როგორია იმ ადამიანების ფსიქოლოგიური მდგომარეობა, ვინც მათ ანიჭებს უპირატესობას და როგორი არიან ისინი, ვისაც რომელიღაც კონკრეტული ფერისადმი ნეგატიური დამოკიდებულება აქვს. ადამიანები, როგორც წესი, ერთ, ან მაქსიმუმ ორ-სამ ფერს ანიჭებენ უპირატესობას ( იმის მიხედვით, თუ სად ვიყენებთ ამ ფერებს – ტანსაცმლის, ინტერიერის თუ ავტომობილის შერჩევისას). სასიამოვნო ან უსიამოვნო გრძნობა, რომელსაც რომელიღაც ფერი გვანიჭებს, შეიძლება დროთა განმავლობაში იცვლებოდეს. მიუხედავად ამისა, ფერი, რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ, ვრცელ ინფორმაციას იძლევა თქვენი ხასიათის და ემოციური მდგომარეობის შესახებ. ფსიქოლოგები 1940-იან წლებში მაქს ლუშერის მიერ შექმნილ “ფერთა ტესტს” იყენებენ, ამ ტესტის ჩატარებას სპეციალური პროფესიული მომზადება სჭირდება, თუმცა “გამარტივებული” ვარიანტი ინტერნეტ-სივრცეში ნებისმიერი მსურველისთვის ხელმისაწვდომია. მაგალითად, გამოცდილ და დაკვირვებული თვალს შეუძლია დამატებით ინფორმაცია მიიღოს ადამიანზე მისი ავტომობილის ფერის მიხედვით. ამერიკელი ფსიქოლოგი ბერტოლდ შვარცი ამტკიცებს რომ წითელი და ყვითელი ავტომობილის მფლობელები ოპტიმისტი, სიცოცხლის მოყვარული და ბედნიერი ადამიანები არიან. მწვანე მანქანის მფლობელები რეალისტურად უყურებენ ცხოვრებას, ლურჯ ფერს გაწონასწორებული ხალხი ირჩევს, თეთრ ფერს კონსერვატული შეხედულებების მქონე ადამიანები ფლობენ, შავი მანქანით კი საქმიანი ადამიანები დადიან. რუხი და ვერცხლისფერი მანქანა თვითკმაყოფილ მძღოლებს ჰყავთ, ყავისფერს კი დიდი და ძლიერი ოჯახის მქონენი ირჩევენ.

მოდით გავყვეთ და სათითაოდ ვნახოთ, რა სიმბოლური დატვირთვა აქვს ფერებს:

წითელი ფერი. უპირველეს ყოვლისა, სისხლთან და ცეცხლთან ასოცირდება. მისი სიმბოლური მნიშვნელობა მრავალფეროვანია და ხშირად ურთიერთგამომრიცხავიც. წითელი ფერი მანიშნებელია სიხარულის, სილამაზის, სიყვარულის, თუმცა, მეორეს მხრივ, ასახავს მტრობას, შურს, ომს. უძველესი დროიდან წითელი აგრესიულობის და სექსუალობის სიმბოლოა. წითელი ფერი ძირითადი ჰერალდიკური ფერია. ის რევოლუციის, ბრძოლის სიმბოლოა. საინტერესოა, რომ აფრიკის, ავსტრალიისა და ამერიკის ზოგიერთი ტომი ბრძოლის წინ ტანსა და სახეს წითელი ფერით იღებავდა. კართაგენელებს და სპარტელებს ომში წითელი ტანსაცმელი ეცვათ. წითელი ასევე ძალაუფლებასა და დიდებას ნიშნავს. ბიზანტიაში მხოლოდ იმპერატორის მეუღლეს შეეძლო წითელი ფეხსაცმლილს ტარება რაც შეეხება ფსიქოლოგიურ დატვირთვას, წითელი ვნების ფერია. თუ წითელი საყვარელი ფერია, ასეთი ადამიანი თამამი,  ნებისყოფიანი, ძალაუფლების მქონე, კონტაქტური ტიპია. ამასთანავე – ალტრუისტი. იმ ადამიანებს კი, რომელსაც ეს ფერი აღიზიანებთ, არასრულფასოვნების კომპლექსი აქვთ, გაურბიან კონფლიქტურ სიტუაციებს, უყვართ განმარტოება და სტაბილური ურთირთობები. წითელი ფერი ენერგიულობის, მოქმედების სიმბოლოა, მისი უარყოფა ორგანულ სისუსტეზე და ემოციურ და ფსიქოლოგიურ გამოფიტვაზე მოუთითებს. მაგალითად, სამხედრო ტყვეები, რომლებიც წლების მანძილზე იძულებული იყვნენ გაუსაძლის პირობებში ეცხოვრათ, როგორც ზევით აღვნიშნეთ, ყველაზე უფრო ხშირად უარყოფენ ამ ფერს. წითელ ფერს უმეტესად მოზარდები ირჩევენ.

თეთრი ფერი. იგი სისუფთავის, სიწმინდის, უმწიკვლობის და სიხარულის სიმბოლოა. ჯერ კიდევ ანტიკური ხანიდან თეთრი ფერი მიწიერებისგან მოცილებულ, სულიერ უბრალოებას აღნიშნავდა. ქრისტიანულ ტრადიციებში თეთრი ღვთიურ სინათლესთან კავშირს აღნიშნავს. თეთრი ფერით გამოსახავენ ანგელოზებს, წმინდანებს, მართლმორწმუნეებს. ზოგიერთ ხალხში თეთრ ფერს მეფეები ატარებდნენ, რაც მათ დიდებულებას უსვამდა ხაზს.თეთრი ფერი შესაძლოა საწინააღმდეგო მნიშვნელობის მატარებელიც იყოს. თავისი ბუნებით ის თითქოს შთანთქავს და ანეიტრალებს სხვა დანარჩენ ფერებს და სიცარიელეს, სიჩუმეს და, საბოლოო ჯამში, სიკვდილის სიმბოლოც ხდება. მაგალითად, სლავები მიცვალებულს თეთრ სამოსს აცმევდნენ და თეთრ სუდარას აფარებდნენ. აფრიკისა და ავსტრალიის ზოგიერტ ტომში კი მიღებულია სხეულის თეთრი ფერით შეღებვა ახლობლის გარდაცვალების შემთხვევაში. ჩინეთში და აზიისა და აფრიკის ზოგიერთ ქვეყანაში თეთრი გლოვის ფერია. თეთრი ფერი სხვა ფერების სინთეზია, ამიტომ “იდეალურ’ ფერად მოიხსენიებენ. ამ ფერს შესაძლოა ირჩევდეს ნებისმიერი ხასიათის ადამიანი, რომელიც ხელს არავის კრავს.

ლურჯი ფერი. სხვადასხვა ერებში იგი ცისა და მარადისობის სიმბოლოა. აგრეთვე შეიძლება აღნიშნავდეს სიკეთეს, ერთგულებას, სიმყარეს ურთიერთობებში, ჰერალდიკაში კი – სიბრძნეს, სიმართლეს, კეთილ სახელს და ერთგულებას. “ცისფერი სისხლი” კეთილშობილურ წარმოშობაზე მიუთითებს; ინგლისელები ჭეშმარიტ პროტესტანტს “ლურჯს” უწოდებენ. გარდა ამისა, ლურჯი ფერი ახლოს დგას შავთან და მსგავს სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებს. ძველ ეგვიპტეში და სამხრეთ აფრიკის ზოგიერთ ხალხთან ის გლოვის ფერია. ფრანგები ელდას “ლურჯი შიშის” სახელით მოიხსენიებენ. თუ ადამიანისთვის ლურჯი საყვარელი ფერია, მაშინ ლაპარაკია მოკრძალებულ და მელანქოლიკურ პიროვნებაზე. ასეთ ადამიანს ხშირად სჭირდება დასვენება, რადგან მალე იღლება. მისთვის აუცილებელია სტაბილურობის განცდა, გარშემომყოფებისგან კეთილგანწყობილი დამოკიდებულება. ამ ფერის მიუღებლობა ახასიათებს ადამიანებს, რომელთაც შთაბეჭდილების მოხდენა უყვართ, თითქოს ამქვეყნად ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ. სინამდვილეში კი თავის თავში ჩაკეტილი, საკუთარ ძალებში დაურწმუნებელი ადამიანები არიან. მოკლედ, ლურჯი ფერისთვის უპირატესობის მინიჭება ფსიქოლოგიური და ფიზიკური წონასწორობის მოთხოვნას უსვამს ხაზს, უარყოფა კი – პირიქით, ასეთი ადამიანები მოდუნებას ვერ ახერხებენ. ავადმყოფობისა და გადაღლის დროს ლურჯი ფერისადმი მოთხოვნა იზრდება. რაც შეეხება ლურჯის ღია ტონალობას – ცისფერს – ის ემოციების ფერია, სიმშვიდე და სტაბილურობის შეგრძნება მოაქვს.

მწვანე ფერი. ბალახისა და ფოთლების ფერია. სხვადასხვა ხალხებში ის ახალგაზრდობის, იმედის და მხიარულების სიმბოლოა, თუმცა ხანდახან მოუმწიფებლობის და არასაკმარისი სრულყოფილების აღმნიშვნელიცაა. წვანე ფერი ზედმიწევნით მატერიალურია და დამამშვიდებლად მოქმედებს, მაგრამ შეიძლება ხანდახან დამთრგუნველი იყოს. ირანელებისთვის მწვანე ფერი, ერთის მხრივ, სწრაფ განვითარებასთან და სიახლესთან ასოცირდება, მეორეს მხრივ – დარდთან და უბედურებასთან. სასაფლაოს, მაგალითად, “მწვანე სახლს” უწოდებენ. პიროვნება, რომელიც მწვანე ფერს ანიჭებს უპირატესობას, სხვისი გავლენის ქვეშ ყოფნას გაურბის და თვითდამკვიდრებას ცდილობს და ეს საკითხი მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ხოლო ის, ვისთვისაც ეს ფერი მიუღებელია, ზოგადად პრობლემებსა და სიძნელეებზე ხუჭავს თვალს. მწვანე ფერი საკუთარ თავში მოიცავს ფარულ პოტენციურ ენერგიას, რომელსაც ნებისყოფის ჩართვა და მობილიზება სჭირდება, ამიტომ მწვანე ფერის მოყვარული ადამიანები მუდმივად საკუთარ თავში დარწმუნებას ცდილობენ. ექსცენტრული ადამიანები კი, რომელებიც მიზნის მიღწევას არა ქმედებით, არამედ ემოციის ჩართვით ახერხებენ, ამ ფერს უარყოფენ. ამასთან ერთად, მწვანე ფერს გაურბიან ფსიქიკური და ფიზიკური გამოფიტვის ზღვარზე მყოფი ადამიანები.

ყვითელი ფერი. ეს ოქროს ფერია. უძველესი დროიდან აღიქმება, როგორც მზის ფერი, შემოდგომის, მწიფე თავთავის, გაყვითლებული ფოთლების ფერი. თუმცა, ამავე დროს ავადმყოფობასთან და სიკვდილთან, იმქვეყნიურ სამყაროსთან ასოცირდება. ზოგიერთი ეროვნების ქალები ყვითელ ტანსაცმელს ანიჭებდნენ უპირატესობას, რადგან ის გამორჩეულ ფერად ითვლებოდა, მაგალითად, მონღოლ ქალებს ეცვათ ყვითელი ტანსაცმელი წითელი ქამრით. ამავე დროს, აზიის ზოგიერთ ქვეყნებში ყვითელი დარდის და გლოვის სიმბოლოა. ევროპაში ყვითელი დროშა კარანტინის მანიშნებელი იყო, ყვითელი ჯვარი კი – შავი ჭირის. სლავ ერებში ყვითელი ეჭვიანობის და ღალატის სიმბოლოა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, ყვითელი სიმშვიდეს, ძალდაუტანებელ ურთიერთობებს, აღნიშნავს. ასევე ყვითელი სპონტანური ადამიანების ფერია, რომელთაც ახალი ინფორმაციის მიღება სწყურიათ. როდესაც ის საყვარელი ფერია, ეს ნიშნავს, რომ ადამიანი კონტაქტური, ცნობისმოყვარე, თამამია, ადვილად შეუძლია კეთილად განაწყოს სხვები საკუთარი პერსონის მიმართ. ფერის „შიმშილის“ დროს, როგორც წესი, ახლის შესწავლის მოთხოვნილება ჩნდება – შეისწავლის რაღაც ახალს და ამოჩემებაც გადაივლის. როცა ეს ფერი უსიამოვნოა, მაშინ საუბარია ისეთ ადამიანზე, რომელიც პესიმისტურადაა განწყობილი და რომელთანაც ძნელია ურთიერთობის აწყობა. ყვითელი ფერი ენერგეტიზმის ფერია. ხშირად მას უპირატესობას ფეხმძიმე ქალები ანიჭებენ, ან ისინი, ვინც საცხოვრებელი ადგილის შეცვლას აპირებს.

შავი ფერი. როგორც წესი, შავი ფერი უბედურების, გლოვის, სიკვდილის ფერია. ძველ მექსიკაში მსხვერპლშეწირვის რიტუალის დროს ადამიანს, რომელიც მსხვერპლად უნდა შეეწირათ, სახე და ხელები შავად ჰქონდა შეღებილი. შავი თვალები დღემდე სახიფათოდ ითვლება. შავად მოსავენ პერსონაჟებს, რომელთა გამოჩენაც სიკვდილს მოასწავებს. ითვლება რომ არსებობს კავშირი შავ ფერსა და სექსუალურ მიმზიდველობას შორის. ზოგიერთ აფრიკულ ტომში ძალიან მუქი ფერის კანის მქონე ქალები კარგ საყვარლებად ითვლებიან.  ასე რომ, შავი ფერისადმი შესაძლოა დადებითი დამოკიდებულებაც არსებობდეს. რაც შეეხება ფსიქოლოგიურ დატვირთვას, ზოგიერთი ავტორის აზრით, ეს ფერი თავის თავში დაურწმუნებლობის, ცხოვრებისადმი პესიმისტური დამოკიდებულების სიმბოლოა. მაგალითად, ადამიანები, რომელთაც შავი ტანსაცმლის ტარება უყვართ, ხშირად ცხოვრებას შავ ფერებში აღიქვამენ, მიდრეკილი არიან დეპრეესიისაკენ, რადგან ეჭვი არ ეპარებათ, რომ მათი იდეალები ცხოვრებაში განუხორციელებელი დარჩება. შავი ფერის ტანსაცმლის ხშირი ცვლა ღია, მკვეთრი ფერის ტანსაცმლით პესიმისტური განწყობის პერიოდულ გამწვავებაზე მიუთითებს. ხოლო შავი ფერის მუდმივად ტარება კრიზისულ მდგომარეობის მაჩვენებელია და ახასიათებს სამყაროს, ან საკუთარი თავის მიუღებლობა. ბავშვები, რომლებსაც სიყვარულისა და სითბოს ნაკლებობა აქვთ, ხატვისას ხშირად იყენებენ შავ კონტურებს. ნორმის ფარგლებში, შავი ფერი , როგორც წესი, უარყოფილია ხოლმე. თუმცა აქვე მინდა გაგაცნოთ კიდევ ერთი საინტერესო შეხედულება რომელიც ბოლო წლებში მოვისმინე და რომელიც ფერის ნეირომეცნიერებასთანაა დაკავშირებული: შავი ფერის უეცარი ამოჩემება ძველი გარემოს, სიტუაციის, ურთიერთობის დასულების და ახლის დაწყების მოთხოვნილებაა. აღმოჩნდა რომ ბავშვებში, სადღაც 4 წლის ასაკში, დგება პერიოდი, როცა ხატვისას ინტენსიურად გამოიყენება შავი კონტურები. ეს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ეტაპია ადამიანის განვითარებაში და სწორედ ამ დროს სწავლობს იგი რაღაცის დასრულებას და მალევე ახლის დაწყებას. ამიტომ ბავშვს ხელი არ უნდა შევუშალოთ და განგაშიც არ უნდა ავტეხოთ. თუ გახსოვთ, ჩვვენი ქვეყანაც ყველაზე კრიზისულ პერიოდში სწორედ შავად შემოსილი ხალხით იყო სავსე – ჩვენ ერთ ეტაპს ვამთავრებდით და ახალ, სრულიად განსხვავებულ ეტაზე გადავდიოდით.

ადამიანის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ინფორმაციას სხვა, გარდამავალი,  ფერებიც გვაწვდის. მაგალითად, ნარინჯისფერი მეოცნებე და კარგი ინტუიციის მქონე ადამიანების ფერია. ჰერალდიკაში ეს ფერი პირფერობას და ცინიზმსაც აღნიშნავს. ვარდისფერი – სიცოცხლის ფერია. ვინც მას უპირატესობას ანიჭებს, შეუძლია უმნიშვნელო მიზეზზეც განერვიულდეს და გაღიზიანდეს. პრაგმატული ადამიანებსთვის კი ვარდისფერი მიუღებელია. იისფერი ადამიანში ინფანტილიზმის, მუდმივად თანადგომისა და დახმარების მოთხოვნილების სიმბოლოა. ამ მხრივ იისფერის მიღება-უარყოფა თავისებური ინდიკატორია ფსიქიკური და სქესობრივი მომწიფებისა. ფერთა სიმბოლიკა დღეისათვის ფართოდ გამოიყენება ბიზნესში, მარკეტინგში, რეკლამაში. ფსიქოლოგებმა დაადგინეს, რომ ლურჯი, ოქროსფერი, თეთრი, შავი, წითელი – ეს ის ფერებია, რომელიც შეგიძლია გამოიყენო ელიტური სეგმენტის საქონლის შესაფუთად, რადგან ისინი “ძვირფას” ფერებად ითვლება. მართლაც, მაღალი ღირებულების საქონელი ხშირად გხვდება შავ, ოქროსფერ და ლურჯ ფერებში. შავი ფერი ეფექტურად გამოყოფს ლოგოტიპს (მაგ. ოქროსფრად შესრულებულს). ეს იმიტომ კეთდება რომ მყიდველის ყურადღება არა მის შეფუთვაზე, არამედ თავად საქონელზე გამახვილდეს, რითაც ხაზი გაესმება მის პრესტიჟულობას. მაგ. ამ მეთოდს იყენებენ ისეთი ძვირადღირებული სასმელთა მწარმოებლები, როგორიცაა John Walker და Beck Label–ი. იგივე მიდგომაა გამოყენებული ძვირფასი სუნამოებისა და მამაკაცთა ოდეკოლონების შექმნისას. წითლისა და ყვითლის კომბინაცია, პირიქით, დაკავშირებულია სიხარულის, სითბოს, მხიარულების განცდასთან. ამიტომ შემთხვევითი არაა, რომ ამ ფერს იყენებენ Mc Donald’s –ი და ჩაი Lipton-ი. თავისი ასოციაცია აქვს მწვანისა და ცისფრის კომბინაციას, რომელსაც მაისის დილის ფერებს უწოდებენ. მისი გამოყენება მიღებულია მაშინ, როცა ხაზი უნდა გაესვას საქონლის სიახლეს. არსებობს ფერები, რომელთა ერთად გამოყენება კატეგორიულად დაუშვებელია, რადგან მყიდველში ნეგატიურ ემოციებს იწვევს. მაგალითად, იისფერი და ნარინჯისფერი გამოუვალ, სუიციდურ მდგომარეობას ასახავს. იგივე ეფექტი აქვს თეთ წარწერას ძალიან მუქ, შავ ფონზე. ფერთა გამას  აქტიურად იყენებენ კომერციული და საყოფაცხოვრებო მიზნითაც. მაგალითად, შენობის ინტერიერის გასაფორმებლად რამდენიმე ფერის, ან ფერთა კომბინაციის გამოყენება გარკვეულ ემოციურ-საქმიან გარემოს ქმნის. ცისფერი ფერი მეგობრული ურთიერთობების დამყარებას და ინფორმაციის ათვისებას უწყობს ხელს. ამიტომ ამ ფერს “მოლაპარაკებების” ოთახში იყენებენ. ცისფერთან ახლოს მდგომი ლურჯი ფერი კი, პირიქით, ყურადღებას ფანტავს და შრომისუნარიანობას აქვეითებს. წვანე ფერი დამამშვიდებლად მოქმედებს ფსიქიკაზე, ხსნის თავის ტკივილს, დაღლას, გაღიზიანებადობას, არეგულირებს წნევას. წითელი ფერი სისხლში ადრენალინის შემცველობას ზრდის., შრომისუნარიანობას ამაღლებს და რეკომენდირებულია მოდუნებული, ნელა მომუშავე ხალხისთვის. ითვლება, რომ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სადაც ყველაფერი თეთრად, შავად და რუხადაა შეღებილი, ადამიანები საჭიროების გარეშე დიდხანს არ ჩერდებიან.

ბოლო წლებში შეხება მქონდა ერთ ძალიან საინტერესო და უცნაურ ადამიანთან – ვიქტორია მალინასთან, რომელიც ფერის ნეირომეცნიერებას სწავლობს და ძალიან საინტერესო ხედვები აქვს. მინდა თქვენც გაგაცნოთ მისი დამოკიდებულება და ანალიზი ზოგიერთი ფერის შესახებ. თუ უფრო ღრმად დაგაინტერესებთ, შეგიძლიათ სოციალურ ქსელებში მისი გვერდი იპოვოთ და თავად გაეცნოთ. ამ სტატიას მის გარეშე ვერ დავტოვებდი.

ვ. მალინა თვლის რომ ადამიანი თავისი ზრდისა და  განვითარების მანძილზე სხვადასხვა ეტაპზე სხვადასხვა „ფერს გადის“, ანუ ყოველ ასაკში რომელიღაც ფერია პრიორიტეტული და შესაბამისად ის ემოცია და მდგომარეობაა წამყვანი, რაც ამ ფერს ახლავს:

0-1 წელი წითელი ფერის პერიოდია, მნიშვნელოვანია ეპიცენტრში ყოფნა, ფიზიკური აქტივობის მოთხოვნილება, პასუხისმგებლობის გაცნობიერება.

1-3 წელი ლურჯი პერიოდია – მნიშვნელოვანია წონასწორობა, ინტუიცია,  ემოციის გრადაციის ნებადართულობა –  მომატება, მოკლება, ტალღისებური პროცესები.

3-5 წელი – ყვითელი პერიოდი – კრეატიულობა; გამომგონებლობა; სწავლება, ახალი შესაძლებლობების ბუნებრივი ძიება.

4-5 წელი – შავი პერიოდი – გარდამავალი პროცესების მნიშველობის გაცნობიერება. როცა მთავრდება რაღაც ერთი ჩნდება მეორე.

5-7 წელი – მწვანე პერიოდი – რეჟიმი.  გამოცდილების გადაცემა თაობიდან თაობაზე. უფროსების და სოც სტრუქტურების  პატივისცემა.

7-10 წელი – ნარინჯისფერი – თვითრეგულაცია,  ამოცანის შეცვლის შემთხვევაში რეჟიმის გადართვის უნარი.

10-14 წელი –  იასამნისფერი – შეცდომისგან დაშვებული სიხარული

14-17 წელი – ფირუზისფერი – მარტოობისგან მიღებული სიამოვნება. „სინტერესოა საკუთარ თავთან“

17-21 წელი – სალათისფერი – უნივერსალური პროფესიული ნიშა

21-35 წელი – თეთრი – ახალი საწყისები

35-45 წელი – რუხი – შერჩევითი ყურადღება (ყურადღების მართვა)

45-60 წელი – ხორცისფერი – დასვენება დაძაბული ცხოვრებისგან.

დეტალურად აქ ვეღარ შევჩერდები, მაგრამ მოკლედ გეტყვით რომ ჩვენ ყველა ეტაპს იდეალურად არ გავდივართ და, ავტორის აზრით, ხანდახან შესამჩნევი ხდება რომელიმე ფერის „შიმშილი“ ან მოყირჭება, რაც სრულებით ცვლის სურათს

ყოველთვის მაინტერესებდა ფერების ფსიქოლოგია და მუდმივად ვეძებდი აინტერესო მასალებს. დადგა დრო მათთვის თავი მომეყარა და თქვენთვისაც გამეცნო. იმედი მაქვს,  სტატია სასარგებლო აღმოჩნდება თქვენთვის და ახლებურად დაგანახებთ ჩვენს ფერად სამყაროს.

ირინა ტაბუციძე

პრაქტიკული ფსიიქოლოგიის ცენტრი „პიკი“

2020.

 

 

 

 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81