რობერტ პლუჩიკის ემოციების თეორია

1

კაცობრიობის არსებობის მთელ მანძილზე ადამიანები ცდილობენ უკეთ გაერკვნენ  ემოციებში – რას წარმოადგენენ ისინი, როგორ წარმოიშვებიან, რატომაა ასეთი რთული მათი კონტროლი, რა აზრია მათში ჩადებული ან რამდენი სახეობის არსებობს. მრავალი მხატვრული ნაწარმოებია დაწერილი ემოციებზე, გრძნობებსა და ვნებათა ღელვაზე, ასევე მრავალი აკადემიური ნაშრომი არსებობს, რომელიც მეცნიერულად იკვლევს ემოციებს. ამჟამად არსებობს ასობით მეცნიერული განსაზღვრება, ათობით კლასიფიკაცია და რიგი თეორიებისა, რომლებიც ემოციის ფენომენოლოგიას აღწერს.

აღნიშნულ სტატიაში განვიხილავთ ემოციების ადაპტაციურ მოდელს, რომელიც ამერიკელ ფსიქოლოგს – რობერტ პლუჩიკს ეკუთვნის. იგი მრავალი წლის განმავლობაში იკვლევდა ემოციის ბუნებას, მის ევოლუციურ მექანიზმს და მნიშვნელობას, დაცვითი რეაქციების თავისებურებებს და ფსიქოლოგიური ტიპების დიაგნოსტიკურ კრიტერიუმებს. სწორედ ამ დიდი შრომის შედეგია ემოციების ფსიქოევოლუციური (ადაპტაციური) მოდელი და ეგრეთწოდებული ემოციების ბორბალი, რომელსაც psychologist.ge გაგაცნობთ.

ემოციების ფსიქოევოლუციური  მოდელი

პლუჩიკის თეორიის მიხედვით ემოციები წარმოადგენენ ევოლუციურ მექანიზმებს, რომლებიც ადამიანების გარე სამყაროსთან ადაპტირებაში და გადარჩენაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდნენ. ამ შეხედულების მიხედვით, ყოველი ემოციის ფუნქციაა ადაპტაციური ქცევის სტიმულირება:  ემოციას მოსდევს ბუნებრივი იმპულსი, რომელიც გამოიხატება კონკრეტულ ქცევაში. ეს მექანიზმები გენეტიკურადაა განპირობებული და ავტომატურად მუშაობს – გვმართავს და გვიბიძგებს, რომ გარე სტიმულებზე მოვახდინოთ რეაგირება. ამრიგად გამოიყოფა 8 ძირითადი (პროტოტიპული) ემოცია:

  1. ბრაზი
  2. შიში
  3. სევდა
  4. სიხარული
  5. ზიზღი
  6. გაკვირვება
  7. მოლოდინი (ინტერესი)
  8. ნდობა

ამ ემოციების გაერთიანება ურთიერთსაწინააღმდეგო (ბიპოლარულ)  წყვილებშიც შეგვიძლია: რისხვა – შიში, სევდა – სიხარული, სიძულვილი – გაკვირვება, მოლოდინი(ინტერესი) – ნდობა.

პლუჩიკი აღნიშნავს, რომ ემოციები ცხოველებსაც გააჩნიათ იმავე ევოლუციური განპირობებულობის გამო. ფაქტი, რომ ემოციები დამახასიათებელია არა მარტო ჰომო საპიენსისთვის, არამედ სხვა ბიოლოგიური არსებებისთვისაც, ხაზს უსვამს ემოციების მნიშვნელობას გადარჩენის პროცესში.

ძირითადი ემოციები და სტიმულები მართავენ როგორც ცხოველთა ქცევას, ისევე ადამიანებისას და  გვიბიძგებენ ადაპტაციური რეაგირება მოვახდინოთ. იმისათვის, რომ უკეთ გავიგოთ, რაში მდგომარეობს თითოეული ძირითადი ემოციის როლი, მოდით უფრო დეტალურად განვიხილოთ ისინი. პლუჩიკმა ჩამოაყალიბა ძირითადი ემოციების განვითარების ერთგვარი  ჯაჭვი : სტიმული (გარეგანი მოვლენა) იწვევს გარკვეულ აღქმას, აღქმა კი გადამუშავდება კოგნიციად. ეს პროცესი თავის თავში მოიცავს ასევე გარკვეულ შეფასებით კრიტერიუმს (ემოციურ ფონს), რომელიც შემდგომში გამოიხატება ქცევაში. თუმცა, გადამწყვეტი მნიშვნელობის ამ ჯაჭვში მაინც ისაა, თუ რა მიზანი და მოტივაცია აქვს ინდივიდს იმ კონკრეტულ ვითარებაში, რომელშიც იმყოფება. პლუჩიკი უფრო დეტალურად აღწერს თავის მოდელს  ნაშრომში „ემოციების თეორიები“, რომელიც 1980 წელს გამოიცა:

  1. შიში დამახასიათებელია საფრთხის შემცველი ვითარებისთვის, და მისი ფუნქციაა თვითგადარჩენა.
  2. ბრაზი – ეს არის პასუხი დაბრკოლებაზე (მტერი) და მიზნად ისახავს მის განადგურებას.
  3. სიხარული – წარმოიქმნება პოტენციური პარტნიორის სიახლოვის დროს და აჩენს გამრავლების, შთამომავლობის გაგრძელების მოტივაციას.
  4. მნიშვნელოვანი ადამიანის დაკარგვა იწვევს სევდას, მწუხარებას, გამოხატავს მარტოობას, ეს კი არის ერთგვარი სიგნალი გარშემომყოფებისადმი, მოუწოდებს მათ გაერთიანებისაკენ, თანადგომისაკენ.
  5. ნდობა, მიმღებლობა ახასიათებს სიტუაციას, რომელშიც ჩვენ ვხვდებით ჩვენი ჯგუფის წევრს, „ჩვენიანს“ და მივისწრაფვით მასთან უფრო ახლო კავშირის დამყარებისაკენ.
  6. თუ ვხვდებით ჩვენთვის უსიამოვნო, საძულველ ობიექტს, ბუნებრივი იქნება უარყოფის რეაქცია და ზიზღის ემოცია. ამ პროცესის მიზანია, რომ უარვყოთ, ის რაც პოტენციურად ზიანის მომტანია ჩვენთვის.
  7. მოლოდინი (ინტერესი) – დამახასიათებელია ისეთი ვითარებისთვის, როდესაც ჩვენ ვხვდებით რაღაც ახალს, უცნობს, გაურკვეველს (ახალი ტერიტორია). ჩვენ გვამოძრავებს ინტერესი და ახლის შეცნობის სურვილი, შესაბამისად ჩვენი ქცევაც მიმართულია კვლევაზე და შესწავლაზე.
  8. გაკვირვება – არის საპასუხო რეაქცია უცნობ, მოულოდნელ ობიექტზე, კითხვაზე „რა არის ეს?“ . ასეთ ვითარებაში ჩვენი ძირითადი მოტივაციაა განვსაზღვროთ თუ რა ურთიერთმიმართებაში ვიმყოფებით ამ ობიექტთან, დავადგინოთ, არის თუ არა იგი ჩვენთვის საფრთხის შემცველი და შეგვიძლია თუ არა მშვიდად ვიყოთ.

ამგვარად, გამოდის რომ ემოციის ძირითადი ფუნქცია ადაპტაციურია. ის ჩამოუყალიბდათ  ეცოლუციის პროცესში როგორც ადამიანებს, ასევე ცხოველებს, იმისათვის რომ შექმნილ ვითარებაზე შესაბამისი რეაგირება მოეხდინათ და გადარჩენილიყვნენ. იმის მიხედვით, თუ როგორია ვითარება და რა მნიშვნელობის მქონეა იგი ინდივიდისთვის, ემოცია გვეხმარება ვიმოქმედოთ სწორი იმპულსის მიხედვით და შევინარჩუნოთ სხეულის სიმრთელე და კეთილდღეობა.

რობერტ პლუჩიკის „ემოციების ბორბალი“

ემოციების ბორბალში, რომელიც პლუჩიკმა 1980 წელს შექმნა, ემოციები წარმოდგენილია რვაფურცლიანი ყვავილის სახით. თითოეული ფურცელი ანსახიერებს გარკვეულ პროტოტიპულ (ძირითად) ემოციას, ამასთანავე ურთიერთსაპირისპიროდ განლაგებულ ფურცლებზე საპირისპირო ემოციებია წარმოდგენილი. გამოდის, რომ პოლარული ემოციები აწონასწორებენ ერთმანეთს.

ადამიანის ცხოვრება სავსეა  მრავალფეროვანი ემოციებით, მაგრამ ყველა მათგანი უშუალოდ ძირითადი ემოციიდანაა წარმოქმნილი ან რამდენიმე ბაზისური ემოციის კომბინაციას წარმოდაგენს.

ემოციების ბორბალი შესრულებულია ფერში, რასაც თავისი დატვირთვა აქვს. ყოველ ემოციას გარკვეული ფერი აქვს – რამდენადაცაა ფერი გაჯერებული, იმდენად ინტენსიურია ემოცია. გამოდის რომ, სქემის შუაგულში განლაგებულია მეტად გაჯერებული და ინტენსიური ემოციები, მეორე რიგში (ყვავილის ფურცლების მეორე სეგმენტში)  წარმოდგენილია უშუალოდ ძირითადი ემოციები, შემდეგ რიგებში კი მათი უფრო მსუბუქი გამოხატულებების ვარიაციები.

თავად პლუჩიკი ამ გრაფიკულ სქემას სულაც არ მოიხსენიებდა ყვავილის სახელით. თავის ნაშრომში მეცნიერი აღწერდა ბორბალს და კონუსს, რომლებიც ერთ მთლიანობას ქმნიან. თუ ემოციების ბორბალი – გაშლილი, განფენილი ორგანზომილაბიანი მოდელია, კონუსი იგივეა, ოღონდ დაკეცილი, სამგანზომილებიანი ფორმის. გრაფიკული მოდელის ორიგინალს შეგიძლიათ გაეცნოთ პლუჩიკის 2001 წლის სტატიაში „ემოციების ბუნება“ (The Nature of Emotions, 2001).

შეჯამება

ემოციების თეორიასთან გაცნობის შემდეგ შეგვიძლია გავაკეთოთ რამდენიმე პრაქტიკული დასკვნა. ეს ცოდნა დაგვეხმარება მეტად გაცნობიერებულნი და კომპეტენტურნი ვიყოთ ემოციების მართვის საკითხში, რაც ჩვენთვის უდაოდ სასარგებლო იქნება. გვახსოვდეს:

  1. არ არსებობს ცუდი ან უსარგებლო ემოცია. ყველა ძირითადი ემოცია ადაპტაციური ხასიათისაა და შესაბამისად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ გარე სტიმულებზე ადეკვატური და ეფექტური რეაგირება მოვახდინოთ. გრძნობების პოზიტიურებად და ნეგატიურებად ემოციებად დაყოფა პირობითია, მაგრამ შეგვიძლია ემოციის საფრთხეზე ვისაუბროთ მაშინ, როდესაც ის აქტუალური ვითარების შეუსაბამოა და კონტროლს არ ექვემდებარება.
  2. ყოველ ემოციას აქვს თავისი როლი, იმპულსი, რომელიც გვიბიძგებს ეფექტური ქმედებისკენ(ადაპტაციისკენ).  გაცნობიერებული ადამიანი ხედავს ამ კავშირს. მაგალითად, რისხვა გამართლებულია თუ იმყოფებით ვითარებაში, სადაც თქვენი პიროვნული საზღვრები დაირღვა და არსებობს ფიზიკური ან ღირსების შელახვის საფრთხე. ჩვენ ვიგრძნობთ უარყობას და სიძულვილს მაშინაც კი, თუ  საფრთხე ჩვენი ახლობელი ადამიანისგან მომდინარეობს.  თავის დადანაშაულება და განსჯა იმის გამო, რომ საყვარელი ადამიანის მიმართ სპონტანური ზიზღი ან უარყოფა ვიგრძენით და  ამ ემოციების დათრგუნვა არარაციონალური და აზრს მოკლებულია.
  3. თუ თქვენ გიპყრობთ ემოციები და გეჩვენებათ, რომ მათი მართვა გიჭირთ, მაშინ ეცადეთ მეტად გააცნობიეროთ და გაიაზროთ საკუთარი განცდები, მოტივები და მოთხოვნილებები. ყოველი „ემოციური შეტევის“ დროს დაუსვით საკუთარ თავს რამდენიმე სპეციალური კითხვა. ეს დაგეხმარებათ არამარტო დამშვიდებაში, არამედ გამოააშკარავებს თუ რა იმალება მძაფრი და მტკივნეული ემოციების უკან. ცნობიერების ამაღლებით უკეთ გაიგებთ საკუთარ მოთხოვნილებებს და გაიაზრებთ, თუ რა იმპულსები გმართავთ. უფრო მეტიც, ლიმბური სისტემის (თავის ტვინის უბანი, რომელიც ემოციების წარმოქმნაზეა პასუხისმგებელი) აქტივობის  დაქვეითება და ნეოკორტექსის გააქტიურება გვაძლევს საშუალებას ვიპოვოთ პრობლემის გადაჭრის ახლებული, ეფექტური გზები. გთავაზობთ კითხვებს:
  • ზუსტად რას ვგრძნობ?
  • რა ინტენსივობისაა, რამდენად ძლიერია ეს ემოცია?
  • რა შეიძლება დავარქვა მას, რომ უფრო ზუსტად და სწორად განვსაზღვროთ?
  • რისი გაკეთებისკენ მიბიზგებს ეს ემოცია, რის სურვილს მიჩენს?
  • რა არის ჩემთვის მნიშვნელოვანი ამ ვითარებაში, რისი მიღწევა მსურს?
  • რა საშუალებები იქნება უფრო ეფექტური და ადეკვატური სასურველის მისაღწევად?
  1. საკუთარი თავის გაგება და მიღება დაგეხმარებათ გარშემომყოფებთან უფრო ეფექტური კომუნიკაციის დამყარებაში. როდესაც გეცოდინებათ თუ როგორ ამოიცნოთ მიმიკების მიხედვით ძირითადი ემოციები, კომპეტენტური იქნებით კომუნიკაციის საკითხებში და ადამიანის ბუნებაში მეტად გარკვეული. გარდა ამისა, თქვენ შეძლებთ სხვებსაც დაეხმაროთ საკუთარი თავისა და გრძნობების გაგებაში.
  2. ემოციების შესახებ ცოდნა მნიშვნელოვანია ბავშვის აღზრდის პროცესში. მარტივად აუხსენით შვილებს მესამე პუნქტში განხილული ალგორითმი, რაც მათ ემოციების სწორად გამოხატვაში დაეხმარებათ. აჩვენეთ თუ რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვებმა იცოდნენ, როგორ მიუდგნენ საკუთარ ემოციურ გამოცდილებებს საღად, რაციონალურად და ისწავლონ საკუთარი მოთხოვნილებების ამოცნობა და დაკმაყოფილება. ბუნებრივია, უპირველესყოვლისა თქვენ თავად უნდა გქონდეთ ემოციური რეგულაციის უნარი, რათა ბავშვისთვის მაგალითი გახდეთ.

მაშ ასე, ძირითადი ემოციების მოდელი, არამარტო საინტერესო და ცნობისმოყვარეობის აღმძვრელი თეორიაა, რომელიც გვიყვება  მათი განვითარების ევოლუციურ წინაპირობების შესახებ, არამედ გვეხმარება საკუთარი ფსიქოემოციური დინამიკის გაგებაში და თვითორგანიზებაში. ამ მოდელის გათვალისწინებით, შეგვიძლია უფრო პროდუქტიულად გამოვიყენოთ ემოციებისგან მომდინარე იმპულსები და ენერგეტიკული რესურსი საჭირო მიმართულებით მივმართოთ.

გისურვებთ საკუთარი ემოციების გათვითცნობიერებას და უნარს, ისინი თქვენი თავის სასიკეთოდ მართოთ !

მოამზადა ნონა შიუკაშვილი

 

ილია ნიკაჭაძე

✔ psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ✔NLP Coach მასტერი ✔ საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი 📞 ტელ: 599 97 91 81

Discussion1 კომენტარი

დატოვეთ კომენტარი