თინათინ რუხაძე – ქოუჩინგის შესახებ

0

 თინათინ რუხაძეფსიქოლოგი, ერიქსონის საერთაშორისო უნივერსიტეტის სერტიფიცირებული ქოუჩი, ბიზნესლიდერი და მენეჯერი 20 წლიანი გამოცდილებით. უცხოელ პარტნიორებთან ერთად საქართველოში პირველი ქოუჩგის კომპანიისგროუნი“- თანამდამფუძნებელი.

ქოუჩინგის შესახებ პირველად გავიგე 2009 წელს, როდესაც  ვსწავლობდი შვედეთში, სტრატეგიული ბიზნეს მენეჯმენტის საერთაშორისო პროგრამაზე.  იქ ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ გარდა ჯგუფური სავარჯიშოებისა, ინდივიდუალური კონსულტაციებიც გაგვევლო. ეს ინდივიდუალური სესიები 30 წუთს მოიცავდა.  თავიდან ძალიან სკეპტიკურად ვიყავი განწყობილი – არ მჯეროდა, რომ ნახევარ საათში შესაძლებელი იყო კონსულტაციას რამე ღირებული შედეგი გამოეღო, თუმცა ყველაფერი სხვაგვარად წარიმართა. საოცარი იყო ის ფაქტი, რომ ქოუჩმა შეძლო, რომ დამხმარებოდა 30 წუთში მეპოვა იმ პრობლემის გადაჭრის გზა, რომელსაც 3 წლის მანძილზე ვერ ვჭრიდი.

2014 წელს აღმოვაჩინე, რომ ყაზახეთში იყო ქოუჩინგის წამყვანი სკოლის –  ერიქსონის საერთაშორისო ინსტიტუტის წარმომადგენლობა, როგორც კი პირველი მოდული გავიარე, გულწრფელად ვიყავი აღტაცებული, მქონდა განცდა, თითქოს რაღაც საოცრება ვიპოვე, გავხდი უფრო მეტად ძლიერი, მივხვდი, რომ თუ ადამიანი მოინდომებს, მას ყველაფრის გაკეთება შეეძლება.

ქოუჩინგი გვასწავლის მიზნების ენაზე ლაპარაკს და ფიქრს. გვეუბნება,  რომ ადამიანს არ აქვს პრობლემები, არამედ მიზნები, რომლის განხორციელებისკენ უნდა მიისწრაფვოდეს და ეხმარება სწორედ ამ მიზნების ფორმულირებასა და მიღწევის გზების პოვნაში.

ზოგჯერ ადამიანი ამბობს, რომ მას რესურსები არ აქვს, მისი პრობლემაა, რომ რუტინაშია, ვერ ახორციელებს იმას რისი გაკეთებაც მას სურს. ქოუჩინგი კი ცდილობს ადამიანს შეაცვლევინოს ის უარყოფითი ფიქრები, რაც მას განვითარების საშუალებას არ აძლევს – დააფოკუსიროს ადამიანის ფიქრები გადაჭრის გზებზე, გამოსავლების ძებნაზე. ეს კი დადებითად აისახება მის შეგრძნებებზე, ემოციებზე, ქცევებზე  – და საბოლოოდ მას შეუძლია შეცვალოს მის გარშემო არსებული სამყაროც. სწორედ ამიტომ არის ქოუჩინგი წარმატების მიღწევის ინსტრუმენტი.

ქოუჩინგი არ არის კონცენტრირებული წარსულის უარყოფით გამოცდილებაზე, არამედ ცდილობს დაავიწყოს ადამიანს ის ნეგატიური ფაქტორები, რაც მას განვითარების საშუალებას არ აძლევს და დაანახოს საკუთარი თავი  დადებითი კუთხით,  თუ რისი გაკეთება შეუძლია დღევანდელ რეალობაში, რა პოტენციალი და შესაძლებლობები გააჩნია ამისთვის.

მიღწევაზე ფოკუსირება არის ქოუჩინგის ერთ-ერთი უმთავრესი პრინციპი. გადართოს ფიქრი პრობლემიდან, მისი გადაჭრისკენ. ამავდროულად ქოუჩინგი არის კლიენტზე ცენტრირებული. ადამიანმა უკეთ იცის, თუ რა არის მისთვის კარგი, ქოუჩი კი აძლევს ძალას, რესურსს და პოტენციალს, აღმოაჩინოს საკუთარი თავი და გახდეს ძლიერი.

ქოუჩინგის დიდი უპირატესობა ისიცაა, რომ ის ჰოლისტიკურად უყურებს ადამიანს და მის მიზნებს. ის ითვალისწინებს, რომ მიზნების კონტექსტი ძალიან ფართოა და რომ ადამიანის მიზნები მისი ცხოვრების ერთ ასპექტში მჭიდროდ გადაჯაჭვულია ცხოვრების სხვა ასპექტებთან. სწორედ, ამის გამო ქოუჩი ეხმარება ადამიანებს, იპოვონ ისეთი გადაწყვეტილებები, მიზნის მიღწევის ისეთი გზები, რომელიც არ იქნება კონფლიქტში მისი ცხოვრების სხვა ასპექტებთან. მაგალითად,  ადამიანი შეიძლება ბიზნესში წარმატებას ვერ აღწევდეს არა იმიტომ, მას ამის რესურსი არ აქვს, არამედ იმიტომ რომ ეს მისი მიზანი გარკვეულ კონფლიქტში იყოს მის ოჯახურ ცხოვრებასთან, ამისთვის კი მნიშვნელოვანია მან გაიაზროს ეს კონფლიქტი და იპოვოს მისი მიზნების მიღწევის ისეთი ეფექტური გზა, რომელიც მისი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტებს ჰარმონიაში მოიყვანს.

დაბოლოს, ქოუჩინგის  ეფექტიანობას განსაზღვრავს ისიც, რომ იგი ქმედებაზე ორიენტირებულია. ყველა სესია სრულდება მოქმედებების გაწერით – მაგ. რა იქნება უახლოეს 72 საათში 3 ნაბიჯი ამ მიზნის მიღწევის მიმართულებით. ყველა საუბარი ფაქტობრივად გარკვეული სამოქმედო გეგმით სრულდება. ეს კი თავის მხრივ, ბიძგს აძლევს ადამიანს დაიწყოს სვლა თავისი მიზნისკენ. ყველა დიდი მიზნის მიღწევა კი, როგორც იცით, სწორედ პირველი პატარა ნაბიჯების გადადგმით იწყება.

მოამზადა მარიამ გვარამიამ

 

 

 

 

 

✔ "ფსიქოლოგიის სახლი" - თანადამფუძნებელი და თავჯდომარე