მარიამ ბასოშვილი – წყვილებს შორის ურთიერთობა

0

მარიამ ბასოშვილი- ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი, არტთერაპევტი

როგორ, რის მიხედვით ირჩევენ ადამიანები პარტნიორს?

პარტნიორული ურთიერთობების საკითხი მუდმივად აქტუალურია საზოგადოებაში და ყოველთვის ჩნდება ახალ-ახალი კითხვები. ამ თემის ირგვლივ კითხვები არსებობს უამრავი, თუმცა პასუხები დიდად არ განსხვავდება ერთმანეთისგან  და  შეგვიძლია იმ ძირითადი მიზეზების დასახელება, რის გამოც,  ამა თუ იმ ურთიერთობას ვიწყებთ. პირველი და ძირითადი მიზეზები ბავშვობაში იმალება. ადამიანი ირჩევს პარტნიორს იმის მიხედვით, თუ რა გამოცდილება ჰქონდა მას საპირისპირო სქესის მშობელთან. როგორც წესი, ამის ხსენების შემდეგ, მოსდევს ხოლმე უარყოფითი დამოკიდებულებები ადამიანების მხრიდან, რადგან ვერ ხვდებიან ამ ფრაზის შინაარსს, ამიტომ ვეცდები, ეს კარგად განვმარტო. საპირისპირო სქესის მშობელთან  გამოცდილება ნიშნავს, რომ თუ, მაგალითად, გოგონას ჰყავდა მზრუნველი, მოსიყვარულე მამა, რომელიც აღიარებდა მის სილამაზეს, ხშირად აქებდა, ვერბალურად თუ არავერბალურად გამოხატავდა სითბოს გოგონას მიმართ- ამ შემთხვევაში ასეთი მამის შვილი ეძებს პარტნიორს, რომელიც იქნება იმ თვისებების მქონე. მაგალითად, მზრუნველი, თბილი მამაკაცი, ვინაიდან, პირველი კაცის ხატი გოგონას ჰყავს მამის სახით. მისთვის მიუღებელი იქნება ხისტი, ჯიუტი და აგრესული ტიპის მქონე მამაკაცთან ურთიერთობა. იგივე სტრატეგია მოქმედებს ბიჭების შემთხვევაშიც. ანუ აქ არ არის იმაზე ლაპარაკი, რომ მამის მსგავსი უნდა იყოს ვიზუალურად ან ხასიათით,  არა, ის ირჩევს ემოციური დამოკიდებულებების მიხედვით, რადგან პირველი, რაც ჩნდება ურთიერთობებში, ეს არის ემოცია.

    ხშირად საუბრობენ, რომ არიან ტოქსიკურ ურთიერთობაში, რა იგულისხმება და როგორ შეიძლება ადამიანმა თავი დააღწიოს ასეთ ურთიერთობას?

ტოქსიკური ურთიერთობები ის სამუშაო საკითხია, რომელზეც ყველაზე ხშირად მიკავშირდებიან. ტოქსიკურს უწოდებენ თავად კლიენტები და, ფაქტობრივად, ეს უკვე პრობლემის დაძლევის ერთი  წინ გადადგმული ნაბიჯია. როცა ურთიერთობას აფასებ ტოქსიკურად, ეს ნიშნავს, რომ აღიარებ ურთიერთობაში პრობლემას და თვალს უსწორებ. ადამიანები, რომლებიც თვლიან, რომ არიან ტოქსიკურ ურთიერთობაში, მათ აქვთ საზღვარი დაკარგული. არ იციან სად არიან, რა მოთხოვნილებები აქვთ, რა ინტერესები, რა უნდა მოსწონდეთ, რა უკეთესი იქნებოდა მათთვის ან იშვიათ შეთხვევაში იციან, თუმცა ვერაფერს ცვლიან. ასეთ  ურთიერთობაში ერთის მოთხოვნილებები კმაყოფილდება მხოლოდ და მეორე უბრალოდ არის შემსრულებელი. ეს არ არის, რა თქმა უნდა, ჯანსაღი ურთიერთობა.  ასეთ წყვილში ძირითადად ერთ-ერთი არის დეპრესიული ხასიათის ტიპი, რომელიც მსხვერპლის როლში მოექცევა ხოლმე. ამ დროს მას აწუხებს ეს მდგომარეობა, თუმცა მისგან თავის დაღწევა ძალიან  უჭირს. ნებისმიერ ურთიერთობაში ვხვდებით მიჯაჭვულობას, რამდენად ჯანსაღი ან არაჯანსაღია ეს, ამას განსაზღვრავს დამოკიდებულებები ერთმანეთის მიმართ.  ტოქსიკურ ურთიერთობაში, მითუმეტეს, თუ ვხვდებით ერთ-ერთს დეპრესიული ტიპის მქონეს, ამ შემთხვევაში მიჯაჭვულობა იმდენად არაჯანსაღი და უარყოფითია, რომ ძალიან ძნელია რაიმე ახალი სტრატეგია თავად აირჩიოს ადამიანმა და აქედან თავის დაღწევა შეეძლოს. ის გახლართულია ნეგატიურ აზრებში, ფიქრებში, ემოციებში და ა.შ.  აქ უკვე აუცილებელი ხდება სპეციალისტის ჩართვა.  რაც უფრო დროულია დახმარება, მით მალე დგება შედეგი.

    რა რეკომენდაციას მისცემდით ადამიანებს, რომლებიც ახლა იწყებენ ურთიერთობას ან უკვე არიან პარტნიორულ ურთიერთობაში?

პირველს,  რასაც დავასახელებდი, ეს არის კომუნიკაცია. რაც უფრო მეტად ილაპარაკებენ თუ რა მოსწონთ, რა არ მოსწონთ,  რა მოთხოვნილებები აქვთ, რა არის მოლოდინი და რეალურად როგორ აფასებენ სიტუაციას, რამდენად კმაყოფილები არიან საკუთარი თავით პარტნიორის როლში, რას გააკეთებდნენ, რომ უფრო კომფორტულად ყოფილიყვნენ. ეს არის ის ჩამონათვალი, რომელზეც წყვილი ხშირად თუ არა, იშვიათად მაინც  უნდა ლაპარაკობდეს.  წყენის ან უკმაყოფილების შემთხვევაშიც ასევე ჯობია, რომ დროულად ითქვას სათქმელი და ამის განხილვა მოხდეს მანამ, სანამ დაგროვდება ემოციები, სიტყვები და ეს ყველაფერი მივა კონფლიქტამდე.

მნიშვნელოვანია ასევე ემოციური კომფორტის პოვნა. გვაქვს ჩვენ ასეთი კარგი სიტყვა,  რომელსაც ადამიანები იყენებენ ხშირად და სულიერ კავშირს უწოდებენ ხოლმე. ამ სულიერ კავშირში სწორედ ეს ემოციური კომფორტი იგულისხმება. რამდენად კომფორტულად ხარ, რამდენად სწორია ემოციები, ეს შეიძლება გაზომო იმით, რომ დააკვირდე ხარ თუ არა ცალკე პიროვნება, რომელსაც შეუძლია  ჰქონდეს საკუთარი შეხედულებები, ინტერესები, ემოციები, თუმცა ეს ჩამონათვალი არ ირეოდეს მეორე, პარტნიორის შეხედულებებში,  ინტერესებში და ა.შ.  ემოციური კომფორტის დროს წყვილი არის ერთმანეთის მხარდამჭერი, შესაძლებელია დიალოგი, არიან ერთმანეთის აქტიური მსმენელები და დროულად, მოქნილად იღებენ გადაწყვეტილებებს. პატივისცემა ამ შემთხვევაში გადამწყვეტ როლს თამაშობს.  წყვილებში, სადაც ემოციურ კომფორტს წამყვანი ადგილი უჭირავს,  ასეთი ურთიერთობები უფრო მეტად მყარია და ბარიერების გადალახვის უფრო მეტი რესურსი აქვთ.

 

მოამზადა სალომე სისაურმა

 

 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81