ემოციური ინტელექტი (EQ)

ნინო ეფხოშვილი – ემოციური ტონების სკალა

ნინო ეფხოშვილი –  ტრენერი, ქოუჩი

შეცდომები ყველას მოგვდის, ამის გარეშე შეუძლებელია ცხოვრება, მაგრამ ყველას გვინდა რომ ისინი რაც შეიძლება ნაკლები იყოს ჩვენს ცხოვრებაში. შეცდომას ორ შემთხვევაში ვუშვებთ, ან არ ვიცით როგორ მოვიქცეთ სწორად ან ჩვენი მგდომარეობა არ გვაძლევს ამის შესაძლებლობას.

ცოტა ხნის წინ ჩემთვის რონ ჰაბარდის ემოციური ტონების სკალა აღმოვაჩინე, რომელმაც ნათელი გახადა ყველა ჩემი თუ სხვისი საქციელის საფუძველი და ბევრი რამის გაცნობიერებაში დამეხმარა, ამიტომ მინდა თქვენც გაგიზიაროთ.

თუ ემოციები არ მაქვს, ანუ ემოციური ტონების სკალაზე მაჩვენებელი 0 _ სიკვდილია, მხოლოდ მაშინ არ გვაქვს არანაირი ემოცია თუ ცოცხლები არ ვართ, აქედან სულ ცოტა ზემოთ _ 0,05 მაჩვენებელზე მოდის ემოციური ტონი _ აპათია _ მდგომარეობა, როცა ყველაფერი სულ ერთია _ არ ჭამ, არ გძინავს, არავის ეკონტაქტები. თუ ვინმეს ამ მდგომარეობაში აღმოაჩენთ, სასწრაფოდ უნდა ჩართოთ განგაშის ზარი, რადგან აქედან 1 ნაბიჯია სიკვდილამდე და ცხემოადია ასეთ დროს სწორი გადაწყვეტილების მიღება კი არა, შეცდომაც კი ერთადერთი, მაგრამ საბედისწერო შეიძლება დაუშვა.

შემდეგ მოდის უბედურების ემოციური ტონი _ 0,5 _ ამ მდგომარეობის მიზეზი ყოველთვის არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანის დაკარგვა ცხოვრებაში. აქვე უნდა ითქვას რომ არსებობს ე.წ. მომენტალური და ქრონიკული ტონები. ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენი ემოციები იცვლება გარეშე ფაქტორების ცვლილებასთან ერთად და ეს ბუნებრივია, ანუ მომენტალური ემოციური ტონი უბედურების შეიძლება ყველას გამოგვიცდია, მაგრამ მთავარია, ეს ტონი არ იყოს ქრონიკული, ვინაიდან ამ ქრონიკული ტონის მქონე ადამიანებს სტანჯავთ ქრონიკული დაავადებები და რონ ჰაბარდი ამბობს, რომ ამ ადამიანებს იმიტომ კი არ აქვთ ქრონიკული უბედურების ემოციური ტონი, რომ ქრონიკული დაავადებები აქვთ, არამედ პირიქით, მათ იმიტომ აქვთ ქრონიკული დაავადებები რომ უბედურების ემოციური ტონი აირჩიეს ქრონიკულ ტონად.

შიში არის შემდეგი ტონი, მაჩვენებელი სკალაზე _1 და შიშს ორი რამ ახასიათებს, ერთი რომ როცა გვეშინია გვინდა რაც შეიძლება სწრაფად დავტოვოთ ადგილი და თუ ვერ გარბიხარ თვალებს არიდებ და მეორე _ სიმართლეს ვერ ამბობ, იტყუები. ანუ თუ იტყუებით და თვალს ვერ უსწორებთ ადამიანს, ე.ი. თქვენ იმყოფებით შიშის ემოციურ ტონში. ხოლო თუ ახლა გაგეცინათ და სიამაყით გაიფიქრეთ, მშვენივრად ვუყურებ თვალებში და ისე ვატყუებ თვალსაც არ ვახამხამებო, ეს უკვე შემდეგი ემოციური ტონია, შიშთან ძალიან ახლოს 1,1 მაჩვენებლით სკალაზე _ ფარული სიძულვილის ემოციური ტონი. ფარული სიძულვილის ტონში მყოფი ადამიანი დარწმუნებულია რომ ის ყველას ჯობია, ის არის ჭკვიანი და ყველა დანარჩენი სულელია. ეს არის დამნაშავის ემოციური ტონი. ამ დროს აზიანებ, მაგალითად, ახალ გაკეთებულ სკვერში სკამებს ( თბილისში ხომ ხშირად შეგვინიშნავს ეს მოვლენა?!)

1,5 _ ბრაზი  _აბა ცადეთ ურთიერთობა ამ ემოციურ ტონში მყოფ ადამიანთან, არ გამოგივათ, თავადაც ვერასდროს მიიღებთ სწორ და ეფექტიან გადაწყვეტილებას ამ დროს, მაგრამ თუ ვინმემ თავში ჩაგარტყათ, აუცილებლად გაბრაზდებით, უფრო არანორმალური იქნება ამ დროს სიმშვიდის შენარჩუნება. ისევ ვიმეორებ, მომენტალური ტონი ჩვენ ყველას შეიძლება გვქონდეს არასასურველი, მთავარია ქრონიკულად არ დავრჩეთ ამ ტონში.

ვინაიდან ეს 4 ტონი _ უბედურების, შიშის, ფარული სიძულვილის და ბრაზის არის ქრონიკული დაავადებების ტონები, ამიტომ ჩვენ ქრონიკულ ტონად არ უნდა ავირჩიოთ!

შემდეგ მოდის ანტაგონიზმის ემოციური ტონი _ 2 _ ამ დროს გვაქვს წინააღმდეგობის გაწევის დაუძლეველი სურვილი, ყოველთვის მინდა რომ საწინააღმდეგო ვთქვა, ყველას შევეწინააღმდეგო. ჭეშმარიტებას არა აქვს მნიშვნელობა, მთავარია საწინააღმდეგო აზრი დავაფიქსირო, ალბათ შეხვედრიხართ ასეთ ადამიანებს, ან საკუთარი თავიც გაგახსენდათ ზოგჯერ, ბავშვებში და მოზარდებში განსაკურებით ხშირად აღმოაჩენთ ამ თვისებას. ამ ემოციურ ტონშიც შეცდომების დაშვების დიდი შესაძლებლობა გვაქვს და პირიქით, სწორი და ჩვენთვის სასარგებლო გადაწყვეტილების მიღება არ შეგვიძლია, ვინაიდან, როგორც გითხარით, ამ დროს საღი აზრი არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი, ერთადერთი რაც მამოძრავებს წინააღმდეგობის, შეურიგებლობის სურვილია. ამიტომ ავიწიოთ სკალაზე ზემოთ და 2,5 არის მოწყენილობის ტონი, როცა ყველაფერი მომბეზრდა, არაფერი აღარ მართობს და აღარ მაინტერესებს _ ეს ემოციური ტონი სკალაზე არის გამყოფი, ამის ქვემოთ ყველა ტონი გვაახლოებს სიკვდილთან, იმ ტონებში შეუძლებელია გვქონდეს კარგი ჯანმრთელობა და ურთიერთობები, ვიღებდეთ სწორ გადაწყვეტილებებს და მივაღწიოთ წარმატებას. შესაბამისად მოწყენილობის ზემოთ უკვე ე.წ. კარგი ტონები იწყება _ 3_ კონსერვატიულობა _ ამ ტონისთვის დამახასიათებელია ის რომ არაფრის შეცვლა არ მინდა, ვცხოვრობ ძალიან მოწესრიგებულად, მშვიდად, კარგად და არ მინდა ცვლილებები. ეს ტონი, როცა რონ ჰაბარდმა ეს სკალა შექმნა, კარგ ტონად ითვლებოდა, თუმცა დღეს, ამ სწრაფი ცვლილებების ეპოქაში, კონსერვატიულობის ქრონიკული ემოციური ტონი წარმატების მიღწევაში ვერ დაგვეხმარება, თუმცა მომენტალურ ტონად ცხოვრების ბევრ სიტუაციაში ძალიან საჭირო და სასარგებლო ტონია, მაგალითად გასაუბრებაზე თუ მიდიხართ, სწორედ ეს ტონი უნდა მოირგოთ. კონსერვატიულობასთან ძალიან ახლოს 3,3 მაჩვენებელზე არის ძლიერი ინტერესი _ მახსოვს ბავშვობაში დოჩანაშვილის ,,სამოსელი პირველი’’ რომ წავიკითხე, ყველაფერი დამავიწყდა ირგვლის, ვეღარც კი დავიძინე სანამ არ დავასრულე და ასე ბევრ წიგნზე დამმართია, ასევე სკოლის დროს თოფურიას მათემატიკის ,,ვარსკვლავიან’’ ამოცანებს როცა ვხსნიდი ჭამაც მავიწყდებოდა, დღევანდელ თაობას ძლიერი ინტერესი ტელეფონის, კომპიუტერული თამაშების მიმართაც აქვთ, ასევე ფილმების და სერიალების მიმართ. ამ ემოციურ ტონში ცხვირიდან გამონადენიც კი არასდროს გექნებათ, გაციებაც კი არ გემუქრებათ, არა თუ ,,კორონა“ , ან რამე სერიოზული დაავადება. აქვე ახლოს 3,5-ზე უკვე მხიარულების ემოციური ტონია _ ეს არის მდგომარეობა როცა გაიღვიძებ და, მიუხედავად იმისა, რომ გარეთ საშინელი ამინდია, შენ მაინც მხიარულად მიდიხარ სადმე, ან რაც უნდა რთული გამოწვევების წინაშე იდგე, შენ სიხარულით იღებ მათ და უმკლავდები. ამ დროს, რა თქმა უნდა, შეცდომებსაც აღარ უშვებ და სწრაფ და ეფექტიან გადაწყვეტილებებს იღებ მარტივად.

და ბოლოს, რას განიცდიდით როცა რთულ ამოცანას დამოუკიდებლად გაართვით თავი, ან სწორედ ის საჩუქარი მიიღეთ რაზეც ოცნებობდით, სწორედ ამას შეიძლება შევადაროთ ენთუზიაზმის ემოციური ტონი, სკალაზე მაჩვენებლით _4. ეს არის გამარჯვებული და ბედნიერი ადამიანების ემოციური ტონი, როცა მზად ხარ უანგაროდ გასცე და გაუზიარო სამყაროს ყველაფერი და ეს კი არ გცლის, პირიქით, უფრო გავსებს.

სამი მაღალი ემოციური ტონი  _ ძლიერი ინტერესის, მხიარულების და ენთუზიაზმის _ სწორედ ის ტონებია, სადაც კარგი ჯანმრთელობა და ურთიერთობები, სწორი გადაწყვეტილებები და წარმატება არის თავისთავადი და სწორედ ეს ტონები უნდა ავირჩიოთ ჩვენი ცხოვრების ქრონიკულ ტონად.

ქრონიკულ ბედნიერებას გისურვებთ, მეგობრებო.

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81