ბულინგის მულტიასპექტები – ნინო მინდორაშვილი

0

ნინო მინდორაშვილი  – ” დავითიანის ფსიქოლოგიის ცენტრისპრაქტიკოსი გეშტალტთერაპევტი

როგორ შეგვიძლია განვმარტოთ ბულინგი?

ბულინგი ინგლისური სიტყვაა და ქართულად ნიშნავს ჩაგვრას, აბუჩად აგდებას. როდესაც ერთი კონკრეტული ადამიანის ან ჯგუფის მხრიდან ხდება ინდივიდის ჩაგვრა, დაცინვა აგრესიული ფორმით – ეს არის ბულინგი. მოძალადე, მჩაგვრელი მიზანმიმართულად, განზრახ ახორციელებს მსხვერპლის დაჩაგვრას, დაცინვას, ზოგჯერ ფიზიკურ ძალადობასაც. ბულინგი – ეს ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის ფორმაა, რომელიც მოზარდებში ძალიან გავრცელებულია.

ჩვენ, ადამიანები სოციალური არსებები ვართ და გვიწევს სოციუმში როლების მორგება. როლების ჩამოყალიბება ხდება ბავშვობის ასაკში, განსაკუთრებით სკოლის ასაკში და ასევე სკოლამდელ ასაკობრივ ბავშვებშიც. ბულინგი დამახასიათებელია ორგანიზებულ ბავშვთა კოლექტივისთვის, სადაც როლური თამაშები „ლიდერი-გარიყული“ ჩვენდა სამწუხაროდ ხშირი შემთხვევაა. მოძალადე სხვისი დაჩაგვრის, დამცირების ხარჯზე თავს წარმოაჩენს და განცდა აქვს, რომ ის ძლიერია, სინამდვილეში კი მას დაბალი თვითშეფასება უბიძგებს, რომ საკუთარ თავს დაუმტკიცოს თავისი ძალის დემონსტრირებით თავისი ძლიერება.

სამწუხაროდ ბულინგის ძალიან ბევრი შემთხვევაა როგორც საქართველოში, ასევე მთელს მსოფლიოში, რაშიც მთელ საზოგადოებას მიგვიძღვის წვლილი, სადაც ვგულისხმობ: ოჯახში, სკოლებში მოზარდთა არასწორი აღზრდა. უფროსების მხრიდან გულისხმიერების და მხარდაჭერის არ ქონა. შედეგად კი ძალიან ცუდ მდგომარეობას ვიღებთ. ხშირ შემთხვევაში ბავშვების სწორი მიმართულებით განვითარება წყდება და ძალიან დიდი ფსიქოლოგიური პრობლემები ექმნებათ.

ბულინგის შედეგები შეიძლება დავუკავშიროთ დაბალ თვითშეფასებას, რომელიც ძალიან უარყოფითად მოქმედებს პიროვნების განვითარებაზე. ბულინგისთვის დამახასიათებელია აგრესიული სახის ქცევა, რომელიც განმეორებითია, სადაც მჩაგვრელს მეტი ძალაუფლება აქვს ფიზიკურად ან სტატუსით.

რამდენი სახის ბულინგის გამოყოფაა შესაძლებელი და რა რჩევას მივცემდით ბულინგის ქვეშ მყოფ ადამიანებს?

ბულინგი ვლინდება ფიზიკური და ფსიქოლოგიური ჩაგვრის სხვადასხვა ფორმით. ეს შეიძლება იყოს ვერბალურად გამოხატული. მაგალითად: სისტემატიური დაცინვა, ჭორების გავრცელება, დაყვირება, დამამცირებელი კომენტარების გაკეთება მსხვერპლის გარეგნობის ან პიროვნული მახასიათებლების მიმართ.

ასევე ბულინგი შესაძლებელია გამოვლინდეს ფიზიკურად: ძალადობით, დარტყმით, ნივთების სროლით. ბულინგი ემოციური ძალადობის ხასიათს ატარებს უმეტესად. მჩაგვრელი ამცირებს მსხვერპლს, ემუქრება, აღიზიანებს, ჩაგრავს და შესაძლოა გამოძალვასაც ახორციელებდეს ფულის ან პირადი ნივთების, ასევე მის ნივთებს აზიანებდეს.   ჩაგვრა, მუქარა შეიძლება განხორციელდეს სატელეფონო ზარებით, მესიჯებით, ელექტრონული სხვადასხვა საშუალებებითაც.

ბავშვთა საზოგადოებაში ძალადობის მსხვერპლი შეიძლება გახდეს ნებისმიერი ბავშვი, მაგრამ განსაკუთრებით მოწყვლადები არიან ბავშვები, რომლებიც განსხვავდებიან თავიანთი თანატოლებისგან, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქიკური მახასიათებლებით. უმეტესად ის ბავშვები არიან რისკის ჯგუფში, ვისაც ფიზიკური ნაკლი აქვთ, თავისებური ქცევებით არიან გამოხატულნი. საბოლოოდ ყველანაირმა ჩაგვრამ შესაძლოა მოზარდი მიიყვანოს თვითშეფასების დაცემამდე და დიდი დროის განმავლობაში ვერ განიკურნოს ფსიქოლოგიური და ფიზიკური ტრავმებისგან.

ვინაიდან ბულინგი ხორციელდება მაშინ, როდესაც მსხვერპლი კონკრეტულ სიტუაციაში თავს ვერ იცავს, რთულია მოზარდს დავაკისროთ ის პასუხისმგებლობა, რომ მხოლოდ ის მარტო გაუმკლავდეს ამ პრობლემას. აქ მნიშვნელოვანია ყველა იმ გარემოს ჩართულობა, სადაც კონკრეტული ინდივიდი იმყოფება, ეს სკოლა იქნება, ოჯახი თუ სხვა. როდესაც ბავშვს ექნება გარემოში მხარდაჭერის და დაცულობის განცდა, მას ეყოფა გამბედაობა რომ მიმართოს დასახმარებლად უფროს თაობას, რომ ეს ძალადობა აღიკვეთოს.

ყველა ბავშვმა უნდა იგრძნოს რა ღირებული და უნიკალური არსებაა, რომ მას აქვს უფლება დაიცვას საკუთარი თავი ნებისმიერ სიტუაციაში, სადაც ის გრძნობს თავს ცუდად და თუ ვერ უმკლავდება მისთვის რთულ სიტუაციას, ახსოვდეთ, რომ არსებობენ ადამიანები, რომლებიც მას დაეხმარებიან.

როგორ ავირიდოთ თავიდან ბულინგი და მისი გამოვლენის მძიმე  ფორმები?

ბულინგი მოზარდისთვის მართლაც საკმაოდ მძიმეა, ბევრ ადამიანს შევხვედრივარ ბულინგის მსხვერპლს, ისინი უკვე მოზრდილები არიან, მაგრამ ისევ განიცდიან მუდმივ შიშს, შფოთვას, დამცირებას, დაბალ თვითშეფასებას. ისინი სულ იმის მოლოდინში არიან, თუ როდის დასცინებენ, დაამცირებენ. ბულინგის ფსიქოლოგიური ტრავმის შედეგად ზოგიერთს ფიზიკური გამოვლინებებიც კი აქვთ დარჩენილი, როგორიც არის თავის ქანქარი, ხელების კანკალი და სხვა.

მსხვერპლი მის გარშემომყოფებში არ იწვევს თანაგრძნობას. პირიქით ხშირ შემთხვევაში გარშემომყოფები მის სისუსტის მიმართ ზიზღს განიცდიან და მისგან შორს იჭერენ თავს. მსხვერპლის მიმართ მოზარდებს ნეგატიური დამოკიდებულებებიც კი უყალიბდებათ, რადგან ის წინააღმდეგობას არ უწევს მჩაგვრელს.

მსხვერპლი მოზარდი ძალიან მძიმე მდგომარეობაში იმყოფება ბულინგის დროს. ის გრძნობს აბსოლუტურ უიმედობას, სრულ უმწეობას, სიტუაციის გამოუვალობას, ვინაიდან განიცდის დაუძლეველ შიშს მჩაგვრელისა და იმ დამცირებების წინაშე, რომლებიც ჯერ კიდევ წინ ელის. ის ასევე სიძულვილს გრძნობს საკუთარი უმწეობის გამო და საკუთარ თავს ადანაშაულებს, რადგან ის ფიქრობს, რომ არაფერი შეუძლია, ამიტომ რაც მოხდა ამას ნამდვილად იმსახურებს. მის გარშემო მყოფ ზოგიერთ მოზარდსაც კი უჩნდება უსუსურობის განცდა, როგორც დამკვირვებლის და მათი პოზიციაა – „კარგია, რომ მე არ დავზარალდი“. დამკვირვებელმა მოზარდმაც შესაძლოა მიიღოს ფსიქოლოგიური ზიანი.

რაც შეეხება მასწავლებლებს, ისინი ხშირ შემთხვევაში განიცდიან ბრაზს და საკუთარი უსუსურობის შერეულ გრძნობას. მოსწავლეები თვლიან, რომ პედაგოგები ვერ შეძლებენ მათ დაცვას და შედეგად ვღებულობთ ე.წ. „სიჩუმის შეთქმულებას“.

საინტერესოა ისიც, თუ როგორ არ მიმართავს დასახმარებლად მსხვერპლი ოჯახის წევრებს, ნათესავებს, მეგობრებს. უმეტესად მსხვერპლი ხდება ის, ვინც ოჯახშია ძალადობის მსხვერპლი. ამიტომ მშობლებმაც შესაძლოა ვერც კი შეამჩნიონ ბავშვს თუ რა მდგომარეობაშია, რადგან მას უკვე გათავისებული აქვს მსხვერპლის როლი და ეს უცხო არ არის მშობლისათვის.

ეს ის პრობლემებია, რომელიც ხელს უწყობს ბულინგის ჩამოყალიბებას და განვითარებას. მოზარდები არ გრძნობენ უსაფრთხოდ თავს. ჩვენი ვალია, თითოეული ადამიანის, მშობლის, მასწავლებლების და სრულად საზოგადოების, რომ თითოეულ ბავშვს ვაგრძნობინოთ, თუ როგორი მნიშვნელოვნები არიან ისინი ჩვენთვის და რა უნიკალური ინდივიდები არიან ამ სამყაროში.

იმისთვის, რომ ბულინგი ავარიდოთ საჭიროა სკოლებში ძალადობის უწყვეტი მონიტორინგი, ფსიქოლოგების როლის გაზრდა სკოლის ცხოვრებაში. მშობლების აქტიური ჩართულობა ბავშვის ცხოვრებაში, ჯანსაღი კომუნიკაცია, მხარდაჭერა და უსაფრთხოებაზე ზრუნვა. მნიშვნელოვანია მშობელმა შთააგონოს ბავშვს, როგორ გასცეს ძალადობრივ ქმედებას შესაბამისი პასუხი ძალადობის გარეშე.

ხშირ შემთხვევაში ბავშვი, რომელიც არის ჩაგვრის მსხვერპლი არ საუბრობს საკუთარ პრობლემებზე მშობლებთან, თუმცა შეიძლება არსებობდეს იმის ნიშნები, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ ბავშვს ჩაგრავენ და სჭირდება უფროსების მხარდაჭერა. ამ ნიშნების დროულად იდენტიფიცირებისთვის მშობელი ყურადღებით უნდა დააკვირდეს.  საგანმანათლებლო დაწესებულების მოვალეობა და როლი დიდია ბავშვთა აღმზრდელობით საკითხებში. ძალიან დიდ დროს მოზარდი სკოლაში ატარებს, სადაც მასწავლებელ-აღმზრდელების მოვალეობაა უზრუნველყონ ბავშვის პასუხისმგებლობით სავსე ადამიანად ჩამოყალიბება, რომლებსაც ექნებათ ისეთი ფასეულობები, როგორიცაა არაძალადობრივი ცხოვრება, გენდერული თანასწორობა, მიმტევებლობა და ურთიერთპატივისცემა.

თუ შეგიძლიათ გვითხრათ, როგორია მოძალადის და მსხვერპლის ქცევითი და ემოციური მახასიათებლები?

მოძალადის მახასიათებლებია: უყვართ სხვებზე ბატონობა, არიან იმპულსურები და ადვილად ბრაზდებიან. ხშირად აგრესიულად და გამომწვევად იქცევიან უფროსების მიმართ. მსხვერპლის მიმართ არ განიცდიან თანაგრძნობას. თუ ბიჭია ფიზიკურად შეიძლება ძლიერიც იყოს.

ბულინგის მსხვერპლი ბავშვების მახასიათებლებია: არიან ძალიან მორიდებულნი, ჩაკეტილნი, მგრძნობიარეები. აქვთ დაბალი თვითშეფასება, ახასიათებთ მაღალი შფოთვა. არ ჰყავთ ახლო მეგობარი. მიდრეკილნი არიან დეპრესიისაკენ. თუ ბიჭია, ის ფიზიკურად შეიძლება სუსტი იყოს.

ზოგიერთი ბავშვი შეიძლება აღმოჩნდეს ბულინგის მსხვერპლი, თუ სწავლის პროცესში სირთულეს განიცდის. შეიძლება ასევე აღმოჩნდეს ბულინგის რისკ ჯგუფში ვისაც დაბალი სოციალური სტატუსი აქვს, ცუდი ურთიერთობა თანატოლებთან, ეკონომიური გაჭირვება, ცუდი ჯანმრთელობა, მეტყველების უცნაური სტილი, ფიზიკური მახასიათებლები, მაგალითად უცნაური თმის ფერი და სხვა.  მსხვერპლი ბავშვები მიდრეკილნი არიან დისტანცირებისკენ, აგრესიულობისკენ, დაძაბულობისკენ, განიცდიან შიშს თანატოლების დანახვისას. ხშირად ეცვლებათ გუნება-განწყობა, არაადეკვატურად იქცევიან.

რა  ფაქტორები შეიძლება გამოიწვიოს მოზარდში ბულინგისკენ სწრაფვა?

ბულინგს ქმნიან ის ადამიანები, ვისთვისაც მისაღებია აგრესიაზე დაფუძნებული ურთიერთობა, ადამიანები, რომლებიც ამართლებენ რაღაცის მოპოვებას სხვის ჩაგვრის ხარჯზე.  ბულინგის მოტივაცია მრავალფეროვანია. ეს შეიძლება იყოს შურისძიება, კონკურენცია, მიუღებლობა, მორჩილება ლიდერისადმი, სამართლიანობის აღდგენა, ხასიათის თავისებურებები.

როდესაც ბავშვი არაჯანსაღ გარემოში იზრდება, ის შეიძლება მოძალადედ იქცეს. ძალადობრივი ქცევის გამომწვევი ფაქტორებიდან ყველაზე ახლოა ოჯახის თემა, ბავშვის არაჯანსაღი სოციალური გარემო, მოძალადე მშობლები ან ნათესავები. ბულინგი წინაპირობას წარმოშობს: მოზარდის ფიზიკური ნაკლი, სოციალური სტატუსი, განსხვავებული რელიგიური მრწამსი, განსხვავებული შეხედულებები ხდება მოზარდებში დამამცირებელი მოპყრობის, სიძულვილის ენით ურთიერთობის და ზოგჯერ ფიზიკური ძალადობის მიზეზიც.

ძალადობის სათავე მაინც არასწორი აღზრდიდან მოდის, რაშიც ოჯახიც მოიაზრება და ასევე გარემო ფაქტორებსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ასევე ბულინგის ხელისშემწყობი შეიძლება გახდეს კომპიუტერული თამაშებიც.

ბავშვი, რომელიც თავადაა ძალადობის მსხვერპლი, შესაძლოა მან იგივე გაიმეოროს სხვა გარემოში. უმეტესობა მოზარდისა, ვინც კი ჩაგვრა განიცადა, შემდეგ თავადაც კრიმინალურ გზას ირჩევს, რადგან მასში დალექილი აგრესია უკვალოდ არ ქრება.

რა რეკომენდაციებს გასცემს მათთვის, ვინც ხდება ბულინგის მსხვერპლი?

 პირველ რიგში, ალბათ, ოჯახის წევრებს, სასწავლო დაწესებულებებს მართებს დიდი ყურადღების გამოჩენა, რომ მოზარდები არ აღმოჩდნენ ბულინგის მსხვერპლი. მნიშვნელოვანია ოჯახებში და სკოლებში ისეთი პოლიტიკა, რომელიც კონფლიქტს არაძალადობრივი მეთოდებით გადაჭრის.

არამც და არამც არ უნდა მისცენ უფლება მოზარდებმა, რომ ვინმემ იძალადოს მათზე, ვინც არ უნდა იყოს ის, მოზარდი თუ მოზრდილი. მათ აქვთ უფლება და უნარიც, რომ საკუთარი თავი დაიცვან. მათი უფლებაა იყვნენ უნიკალურნი, თავისუფალნი და დაცულნი.

და თუ მოხდა ისე, რომ აღმოჩნდნენ ბულინგის მსხვერპლნი და ვერ მოახერხეს მოძალადისგან თავის დაცვა, აუცილებლად მიმართონ მშობლებს, სკოლის მასწავლებლებს, ფსიქოლოგებს და მათთან ერთად გაიარონ შემთხვევის ანალიზი. მათი მხარდაჭერით შეძლონ ბულინგს შეუშალონ ხელი, რომელიც მიმართული იქნება არა მარტო მსხვერპლის დაცვისკენ, არამედ მოძალადის მიერ შემდგომში ძალადობის აღკვეთისაკენ. საკუთარი თავის დაცვა – ეს სირცხვილი არაა, ეს შენი უფლებაა.

მოამზადა ქეთი კაცელაშვილმა

 

✔ "ფსიქოლოგიის სახლი" - თანადამფუძნებელი და თავჯდომარე