ირინა ბარკალაია – ტოქსიკური მშობლების ნეგატიური გავლენა ბავშვის ფსიქიკაზე

0

ირინა ბარკალაია – გეშტალტ თერაპევტი, არტ თერაპევტი, იემდიარ პრაქტიკოსი, ქართული ხალხური ცეკვის სახალხო წოდების მოცეკვავე-ქორეოგრაფი

მოსაზრება იმის შესახებ, რომ დედობა არის პროფესია, მოწონებას იმსახურებს. იმისათვის, რომ შვილი  სოციალურად  და ფსიქოლოგიურად ჯანსაღ პიროვნებად ჩამოყალიბდეს, მნიშვნელოვანია მშობელმა მას გაუზიაროს  სიყვარული, დაუჭიროს მხარი და მისცეს განათლება. ბავშვის ყოფასთან დაკავშირებით დედები ხშირად გამოთქვამენ თავის შეხედულებას თუ რაოდენ უზრუნველყოფილი და ბედნიერია მისი შვილი, საუკეთესოდ არის ჩაცმული,  მაძღარია,  ძვირფასი სათამაშოებით სავსე ზარდახშაა და ა.შ., რასაც აღზრდასთან არავითარი კავშირი არ აქვს.
ადამიანებად ჩვენ გვხდიან დედა და მამა, ადამიანურად კი-აღზრდა – კარლ ვებერი
ფსიქოთერაპევტმა ა. დომბროვსკიმ თავის ერთ-ერთ ლექციაზე აღნიშნა, ლატვიაში, კერძოდ, ქალაქ რიგაში მოწვეული დალაი-ლამას სანახავად და  მოსასმენად უამრავი ხალხი მივიდა. ერთ–ერთმა ახალგაზრდა წყვილმა, რომელიც თავისი პატარა შვილით იყო მისული, მას ჰკითხა:  როგორ აღვზარდოთ შვილი სწორად, რომ იყოს ბედნიერი? რაზეც დალაი-ლამამ გაუღიმა და უპასუხა: მეტად აგრძნობინეთ სიყვარული,  მუდამ დაუჭირეთ მხარი და მიეცით სათანადო განათლება მას.
როგორია ტოქსიკური მშობლის დამოკიდებულება ბავშვის მიმართ?
აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს თუ რა ღირებულებებით გაიზარდა მშობელი,  გაუცნობიერებელ დონეზე რა დანაკლისის შევსება სურს მას შვილის ხარჯზე და  თავისი გადმოსახედიდან რა პროეცირებას (საკუთარი გრძნობების, მოსაზრებების და განწყობების მიწერა სხვა პიროვნებისათვის) ახდენს იგი მასზე.
როგორ ზრდის შვილს ნარცისი მშობელი? როგორია მისი აღზრდის შედეგი?
 ნარცისი (ეგოიზმის, მედიდურობის და პატივმოყვარეობის პიროვნული თვისება) მშობლების შვილები ფსიქოლოგიურად ტრავმირებული ადამიანები არიან. როდესაც ზრდასრული ადამიანი ტოქსიკური ურთიერთობის გავლენის ქვეშ ხვდება, შედეგები ნეგატიურია, მაგრამ შვილისთვის რომელსაც ნარცისი მშობლები ჰყავს, ეს გავლენა დამანგრეველია. ასეთი მშობლების ბავშვი იზრდება სრულიად მოშლილი საზღვრებით, დაბალი თვითშეფასებით: ვერ აცნობიერებს თავის როლის მნიშვნელობას საზოგადოებაში, არ აქვს მიზნები და გეგმები ცხოვრებაში, თუმცა თავისებურად მუდამ ცდილობს თავი მოაწონოს ადამიანებს, რათა აღიარებულ იყოს სრულფასოვან პიროვნებად. ამასთანავე,   მუდმივ სირცხვილს განიცდის.
რით განსხვავდება ნარცისი მშობელი ჩვეულებრივი მშობლისგან?
ნარცისი მშობელი ვერ ხვდება და შესაბამისად ვერ გრძნობს საკუთარი შვილის განცდებს, აიგნორებს მის გრძნობებს, ვინაიდან მას არ გააჩნია ემპათია (ადამიანის უნარი თანაუგრძნოს სხვებს და გაიგოს მათი ფსიქოლოგიური მდგომარეობა). მაგალითად, თუ ბავშვი ტირის, რაც ნარცისი მშობლისთვის შემაწუხებელია, სიტყვიერი შეურაცხყოფის გარდა, ფიზიკურადაც შეიძლება შეეხოს მას. ის არ არკვევს ბავშვის ტირილის მიზეზს, არ ეკითხება თუ რას განიცდის ის. ძალიან ხშირად ნარცისი მშობელი უმიზეზოდ ადანაშაულებს შვილს და შემდეგ უბრაზდება მას წყენის გამო.  ამითი ბავშვში  ღვივდება დანაშაულის შეგრძნება. ნარცის მშობელს დაშინებით და დადანაშაულებით შეუძლია  მანიპულირება: „იმის გამო, რომ შენ ასე ცუდად იქცევი, მე შეიძლება მოვკვდე“. სწორედ ამ დროს, ბავშვს უჩნდება სირცხვილის და დანაშაულის გრძნობა, რაც მისი ცხოვრების თანმხლები ხდება. ის თავს დამნაშავედ გრძნობს ყველას და ყველაფრის მიმართ. ნარცის მშობელს მარტივად შეუძლია დასცინოს საკუთარ შვილს საზოგადოების თვალწინ: „შეხედეთ რა დამთხვეულია (ასე მეძახდა ბებია:)), რასაც ხელს კიდებს ყველაფერი უვარდება და უტყდება“. ბავშვი სოციალურად არაადეკვატური და  მეტად დამთხვეული ხდება, მშობლის სიტყვები მასზე ქვეცნობიერად გავლენას ახდენს და უარყოფითი ,,ქცევის მოდელი“ მისთვის ნორმა ხდება. იგი პოტენციურ მსხვერპლად ყალიბდება, მას დასცინის დიდიც და პატარაც, ფაქტიურად საკუთარი თავის დაცვის უუნარობის გამო, იზიდავს მჩაგვრელებს.
ნარცისი მშობელი მისი შვილის მიღწევებს ხშირად საკუთარ თავს მიაწერს. მაგალითად, „მე რომ გამეცადინე, იმიტომ მიიღე კარგი ნიშანი“, „თუ გაქებენ, ეს ჩემი დამსახურებაა“ და ა.შ. ბავშვი ფიქრობს,  რომ ის არაფერს არ წარმოადგენს და მუდმივ გადაუხდელ ვალშია მშობლის წინაშე. ნარცისი მშობლის შვილი ვერ გრძნობს მშობლის სიყვარულს, მიუხედავად ზოგჯერ სიტყვიერი გამოხატულებისა. 10 წლის ასაკში ბავშვი ხვდება, რომ არ უყვარს საკუთარი მშობელი და მუდმივად დანაშაულის გრძნობას განიცდის ამის გამო („დედამ ამდენი რამ გამიკეთა, მე კი არაფერი შემიძლია, უსუსური და უუნარო ვარ“). ასე ყალიბდება თანადამოკიდებულება, რომელსაც შემდგომ ნარცისი მშობელი თავის სასარგებლოდ იყენებს  მანიპულირებითა და ექსპლუატაციით.
როგორ გადავლახოთ ბავშვობის ტრავმა?
მხოლოდ თქვენი გაცნობიერებით და მონდომებით შეგიძლიათ დაძლიოთ  ბავშვობის ტრავმა:

  • ისწავლეთ საკუთარი მეს აღიარება და დაფასება!
  • ისწავლეთ საკუთარი თავის სიყვარული!
  • ისწავლეთ გახდეთ თქვენი შინაგანი ბავშვის საკუთარი მშობელი!
  • ისწავლეთ დაივიწყოთ წყენა, ბრალდება და აგრესია საკუთარი მშობლისადმი!
  • იყავით ოპტიმისტური და გახსოვდეთ, რომ თითოეული ადამიანი  ინდივიდუალურია, განსხვავებული, განუმეორებელი და უნიკალური ამ სამყაროში. საკუთარი ბედნიერება და პიროვნული ზრდა მხოლოდ თქვენს ხელშია, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ თქვენი შინაგანი სამყაროს შეცვლა!

კერილ მაკბრაიდი თავის წიგნში „საკმაოდ კარგი“ რამდენიმე რჩევას გვაძლევს. პირველ რიგში, გვირჩევს მივმართოთ ფსიქოთერაპევტს. მოახდინოთ ფსიქოლოგიური სეპარირება მშობლის ქმედებებისაგან.  გარდაქმნათ მისგან მიღებული ნეგატიური მოსაზრება დადებითში. მიიღოთ საკუთარი თავი, როგორც პიროვნება, აღიაროთ საკუთარი გრძნობები და სურვილები. საკუთარ თავში ნარცისული თვისებების აღმოჩენის შემთხვევაში, შეეცადოთ მემკვიდრეობით არ გადასცეთ შვილებს.

გისურვებთ მდგრად და ჯანსაღ ცხოვრებას!

 

 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81