ქრისტინე კარანაია – სიყვარულის 7 დონე

0

ქრისტინე კარანაია – ფსიქოლოგი, არტთერაპევტი

მთელი ჩვენი ცხოვრება სიყვარულის მარადიული ძიებაა, ამაღლებული ურთიერთობის შექმნის დაუღალავი მცდელობა. მუდმივად გვაქვს მოლოდინი, რომ ვეყვარებით საყვარელ ადამიანებს, სამყარო იქნება ჩვენს მიმართ მიმღებლური და გვავიწყდება, რომ ნებისმიერი სიყვარული, ნებისმიერი უკუკავში სამყაროსგან საკუთარი თავიდან იწყება. როდესაც ვაფართოვებთ დადებითი ფიქრებისა და მრწამსების სფეროს, სიყვარული თავისუფლად გამოედინება ჩვენგან და ჩვენგან გამოსული ენერგიით , ერთგვარ ხაზებს ვავლებთ, კავშირს ვამყარებთ სამყაროსთან.

ჩვენ შეგვიძლია ერთგვარი დიალოგი გავუბათ სამყაროს,  ჩვენში არსებული სიყვარულის 7 დონის  გაძლიერებით. ამისთვის დაგვჭირდება ფურცელი, ფანქრები და მზაობა ახალი გაცნობიერებებისთვის.

 

ირჩევთ თქვენთვის მიმზიდველი ფერის ფანქარს და ფურცელზე ხატავთ პირველ გულს, რომლითაც საკუთარ თავს განასახიერებთ.  როდესაც გიყვარს საკუთარი თავი, შენს თავს არ უყურებ ჩასაფრებულის პოზიციიდან, გაქვს საკუთარი თავის მაქსიმალური მიმღებლობა და ნაკლოვანებებს უკვირდები, მხოლოდ იმიტომ, რომ გამოასწორო და შექმნა საკუთარი თავის უკეთესი ვერსია, საკუთარ თავთან ჰარმონიული ცხოვრების სწავლა თვითგანვითარების ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტია. შეგიძლია იფიქრო ყველაფერზე რაც საკუთარ თავში მოგწონს, რითიც ამაყობ, საკუთარ მიღწევებზე და ყველა ეს ფიქრი, დადებითი ემოცია ჩააქსოვო ამ გულში.

ამის შემდეგ, ხატავ მეორე გულს, რომელიც არის ღმერთი, შემოქმედი, სინათლე – ეს ნიშნავს გარკვეულ მაღალ მატერიებს,  ჭეშმარიტებას და მაღალ მნიშვნელობას, რომელსაც მრავალი ჩვენგანი ეძებს საკუთარ ცხოვრებაში და საკუთარ თავში. მნიშვნელობა არა აქვს ჩვენი ღმერთი ვინ არის, მთავარია იმის გააზრება, როგორი ურთიერთობა გვაქვს მასთან. ხოლო, მას შემდეგ, როცა გავარკვევთ, ჩვენს ურთიერთობებს შემოქმედთან, ჩვენ ვარკვევთ ჩვენს ურთიერთობებს საკუთარ თავთან.

მესამე გული ეს არის,  თქვენი პარტნიორი, დაუკვირდით რა ემოციები მოდის როცა მასზე ფიქრობთ, თუკი ასეთი ადამიანი არ არსებობს თქვენს ცხოვრებაში მაშინ იმაზე იფიქრეთ, როგორი პიროვნება გსურთ მოვიდეს თქვენთან. დეტალურად აღწერეთ, როგორია ის , ან როგორი გინდათ იყოს და მთელი ეს ემოცია ჩააქსოვეთ მესამე გულში.

მეოთხე გული ოჯახის სიყვარულია. ეს ის ხალხია, რომლებსაც არ ირჩევენ, თუმცა არსებობს თეორიები, რომლებიც ირწმუნებიან, რომ სული დაბადებამდე არჩევს რომელ ოჯახში, რომელ მშობლებთან დაიბადოს, რადგან სწორედ ის გამოცდილება და გამოწვევები სჭირდება, რომლებსაც მას ეს ადამიანები მისცემენ. ამ გულის ხატვისას იფიქრეთ მათზე, მათ მიმღებლობაზე, დაუწერელი კანონია, როგორი მშობლებიც არ უნდა გვყავდეს, როგორი წყენაც არ უნდა გვქონდეს მათ მიმართ, ისინი შინაგანად მაინც გვიყვარს და მადლობელი უნდა ვიყოთ მათი, რადგან მოგვცეს უმთავრესი – სიცოცხლე, სადაც გვაქვს უამრავი რესურსი, განვითარების შესაძლებლობა და როგორ გამოვიყენებთ მათ, აბსოლუტურად ჩვენზეა დამოკიდებული.

მეხუთე გული ესაა, ურთიერთობები მეგობრებთან და იმ ადამიანებთან, რომელთანაც ყოფნა გვსიამოვნებს, რომლებისგანაც დიდ ემოციურ რესურს ვიღებთ, რომლებიც გვავსებენ ენერგიით და გვიხარია, რომ ეს ადამიანები ჩვენს ცხოვრებაში არსებობენ.

მეექვსე გული ეს იმ ხალხის სიყვარულია, რომელთან ერთადაც ერთ ნავში ზიხარ J ერთ ქვეყანაში, ერთ ქალაქში ცხოვრობ, რომლებიც შეიძლება გაღიზიანებენ, გაბრაზებენ, რომლებზეც ეჭვიანობ, რომლებიც კონკურენტები არიან საქმეში, მაგრამ თუ გაიაზრებ, რომ ამ ადამიანების მიმღებლობა დადებითი ენერგიის შენსკენ მოდინებას შეუწყობს ხელს და ამისთვის უბრალოდ საჭიროა წარმოსახვით სიყვარული გაუგზავნო მათ, უთხრა რომ გიყვარს და ეს გააკეთო ღიმილით, პოზიტივით, სამყარო აუცილებლად კეთილი ენერგიით და პოზიტიური ცვლილებებით დაგიბრუნებს უკან.

მეშვიდე გული –  უპირობო სიყვარული, რომელსაც ამ სამყაროს უგზავნი , გაიაზრე, რომ არ არსებობს ცუდი და კარგი ადამიანები, არ არსებობს ცუდი და კარგი ფაქტები, არსებობს მხოლოდ ჩვენი დამოკიდებულება, ჩვენი აღქმა ნებისმიერი დეტალის მიმართ, და შეიძლება გარემო ფაქტორები ვერ შევცვალოთ, მაგრამ ყველას გვაქვს რესურსი ჩვენი დამოკიდებულება შევცვალოთ ამ გარემოს მიმართ და თუ სიყვარულით ავივსებით, სამყაროც იგივე ემოციით გვიპასუხებს და ჩვენი კავშირი იქნება ორმხრივი.

მას შემდეგ, რაც გულების ხატვას მოვრჩებით, შეგვიძლია მათ შემოვავლოთ ნეიროგრაფიკული, დაკლაკნილი ხაზები, რომ ის ემოციები, რომლებიც ამ გულებში ჩავდეთ გავხადოთ უფრო მომხიბვლელი, შემდეგ კი ვავლებთ ასევე დაკლაკნილ ხაზებს, რომ ყველა ეს გული, ყველა ეს ემოცია ერთმანეთს დაუკავშირდეს, ერთმანეთი გადაკვეთოს და გაიაროს მთავარი გული, რომლითაც საკუთარი თავი გამოვსახეთ. შეგვიძლია, დავფირდეთ იმ შედეგებზე, რასაც ამ ემოციების გაძლიერება მოგვცემს, წარმოვიდგინოთ ეს სცენარი და წრეები ჩავახატოთ ჩვენს გულებში, რომელიც თავის მხრივ სრულყოფილების და ჰარმონიულობის შეგრძნებას გაგვიძლიერებს, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, ყველა ამ ემოციის შემოდინება გავაძლიეროთ ჩვენში, რაც შეიძლება მეტი ლამაზი ხაზით დავაკავშიროთ მთავარ გულთან და დავატრიალოთ ერთი დიდი სიყვარულის ენერგია.  როცა ხაზების გავლებას მოვრჩებით, შეგვიძლია სურვილისამებრ ავარჩიოთ ჩვენთვის საყვარელი ფერის ფანქრები და გავაფერადოთ გულები, რომ ნახატი გახდეს უფრო მიმზიდველი, სასურველი, აღძრას მეტი სიყვარულის სურვილი და გაგვიძლიეროს პოზიტიური ცვლილებების ვნება.

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81