წარმატების ფსიქოლოგია

შინაგანი მოტივაციის ძალა

ეკა ფრუიძე – პსპ აკადემიის მენეჯერი, ქოუჩი, ტრენერი

გიფიქრიათ, რა არის თქვენი შესაძლებლობების ზღვარს მიღმა?

გამოგიცდიათ თავი, გაგეკეთებინათ იმაზე მეტი, ვიდრე წარმოგედგინათ? მიგიღწევიათ წარმატებისთვის რომელიც შეუძლებელი გეჩვენებოდათ?

იმედი მაქვს თქვენი პასუხი დადებითია და იცნობთ შინაგანი მოტივაციის ისეთ ძალას, რომელიც მიზნის გაჩენისთანავე იბადება, მოსვენებას არ გაძლევთ, უშრეტი ენერგიით გამარაგებთ, ყველა დაბრკოლებას გადაგალახინებთ და გმართავთ, სანამ მიზანს არ მიაღწევთ.

შინაგანი მოტივაცია პიროვნების შიგნით, ღრმად ,,იბადება“, აიძულებს მას მუდმივად იმოქმედოს და არ შეუშინდეს სირთულეებს. გარე მოტივაციას ამხელა ძალა არ გააჩნია, ის გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული და  თუ რაიმე კონკრეტული პირობა იქნება და ,,მზე გამობრწყინდება“ იმოქმედებთ, თუ არა და თავს არ შეიწუხებთ.

შინაგანი და გარეგანი მოტივაციის განსხვავებას ადვილად შეიძლებთ.

აი, ყველაზე მარტივი მაგალითი:  იქნება პრემია ან დანამატი ? – კარგად იმუშავებთ, თუ არა და თავს არ მოიკლავთ. თუმცა, იქვე თქვენს გვერდით, შესაძლებელია მუშაობს თანამშრომელი, რომელიც მატერიალური ან არამატერიალური მოტივაციის გარეშეც  საქმეს ეფექტურად და დროულად აკეთებს, თავისებური ლაზათით უდგება დავალებას, გულს და სულს დებს, ენთუზიაზმით გამოირჩევა და მუდმივად მზად არის სირთულეების დასაძლევად.

მეორე მაგალითი განვიხილოთ: ყველას გეყოლებათ ისეთი მეგობარი, რომელსაც მუსიკალური სასწავლებელი აქვს დამთავრებული, უამრავი დიპლომის მფლობელია, თუმცა არასდროს მიუჯდება ინსტრუმენტს, რომ შეგისრულოთ ნაწარმოები. სამაგიეროდ, ამას სიამოვნებით გააკეთებს მუსიკაზე შეყვარებული ადამიანი, რომელიც ძალდატენებით არ უტარებიათ მუსიკის შესასწავლად.

როგორც მიხვდით, შინაგანი მოტივაცია მოდის შიგნიდან, შესაბამისად, ის ბევრად უფრო ძლიერია და იმორჩილებს თქვენს ,,მეს“, მართავს ყველაზე დაუმორჩილებელ სიზარმაცეს, გადაგალახინებთ ყოველდღიურ ცდუნებებს, გარედან შემოსულ ყველა ,,ყურადღების გამფანტველ“ იმპულსს და მხოლოდ მიზანზეა ორიენტირებული. გარეგანი მოტივაცია კი გარე სტიმულზეა დამოკიდებული და შესაბამისად ნაკლებ ქმედითია. ადამინებს, ვისაც შინაგანი მოტივაცია მაღალი აქვთ, საქმის კეთებისას იღებენ უდიდეს სიამოვნებას, არიან მორალურად კმაყოფილები და განიცდიან “flow”-ს, რაც ნიშნავს საქმიანობაში ისეთ ჩართულობას, როდესაც ადამიანი კარგავს დროის განცდას და სრულიად ერწყმის მის საქმიანობას (ჩიქსენთმიჰაის კონცეფცია)

კინოფილმიდან ,,ცისფერი მთები“ კიბეზე ჩამომჯდარი მუშა ხომ გახსოვთ, ბატონი იროდიონის ოთახიდან, ყველა კადრში რომ ხელნაწერს  კითხულობს, რადგან ლიტერატურაზეა შეყვარებული. და, ვაჟა ზაზაევიჩი, იროდიონი, შუქრი და სხვები? მუდმივად მიზეზებს ეძებენ გაექცენ მის მოვალეობას.

ნიკო ფიროსმანის ფრაზა კინოფილმიდან „მეხატებოდა და ვხატავდი, წმინდა გიორგი მედგა თავზე მათრახით, დახატე ნიკალა დახატეო“, ასევე,  ძლიერი შინაგანი მოტივაციის მაგალითია.

თუ საკითხს ასე განვიხილავთ, შეიძლება, თუ არა შინაგანი მოტივაცია გავზარდო, ჩემი თავი ვამოტივირო  და დასახულ მიზნებს მივაღწიო? პასუხი თქვენშია და აუცილებლად იპოვით. თუმცა, შრომა დაგჭირდებათ. თუ ინერციით სვლას შეაჩერებთ და საკუთარ თავში ჩაღრმავდეთ აუცილებლად მოისმენთ პასუხს, რომელიც თქვენშია. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, საკუთარ „მე“-ს თუ გაიაზრებთ, პასუხებს იპოვით ისეთ  ეგზისტენციალურ კითხვებზე როგორიცაა: ვინ ვარ მე? რა არის ჩემი მისია? ჩემი მიზნები შეესაბამება თუ არა ჩემს ღირებულებებს? ის რასაც ვაკეთებ ფასეულია თუ არა ჩემთვის?

თუ ამ კითხვებს გაუძლებთ და ჩამოყალიბდებით თქვენს ჭეშმარიტ ღირებულებებში, სურვილებსა და მიზნებში, ამის შემდეგ ცხოვრების ახალი ეტაპი დაიწყება. ამ ეტაპზე მთავარია მოქმედება, მოქმედება და კიდევ მოქმედება.

მოდი, დეტალურად გავყვეთ კითხვებს თითოეული მათგანის კარგად გასააზრებლად:

1) გაქვთ თუ არა შესაბამისი ნათელი ხედვა რას გინდათ მიაღწიოთ?

ადამიანებს, რომლებსაც ნათელი ხედვა აქვთ,  კონკრეტულად და დეტალურად შეუძლიათ ისაუბრონ იმაზე, რისი მიღწევა სურთ. შეუძლიათ დროის წრფეზე მომავალში ადვილად გადაადგილება და მკაფიოდ ხედავენ ,,ფინიშის ხაზს“. ასეთი ადამინები უფრო წარმატებულად აღწევენ მიზნებს, მათ შეუძლიათ ობიექტური მაჩვენებლებით აღწერონ  რა შედეგებზე გავლენ დროის კონკრეტულ მონაკვეთში.

2) რამდენად მნიშვნელოვანია თქვენთვის ამ მიზნის მიღწევა?

თუ ამ კითხვაზე პასუხია: სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ამაზე არის დამოკიდებული ჩემი მომავალი, ან იმდენად მნიშვნელოვანია, რომ შედეგებზე პირდაპირ დამოკიდებულია ჩემი ბედნიერება და კეთილდღეობა, მაშინ უკან დასახევი გზა არ არის, მხოლოდ წინ მიზნისკენ! როგორც იტყვიან, რაც უფრო ძლიერი ნათებით იწვის ხიდი უკან, მით უფრო ნათდება გზა წინ.

3) რა შეიცვლება თუ მიზანს მიაღწევთ? შეძლებთ წარმოიდგინოთ რა მოხდება შედეგად? ვინ ხდებით მაშინ?

ძალიან მნიშვნელოვანია, დეტალურად აღწეროთ რა შეიცვლება მას შემდეგ რაც მიზანს მიაღწევთ, რამდენად პოზიტიური იქნება ცვლილებები თქვენს ცხოვრებაში. დაინახოთ, შეიგრძნოთ ვინ ხდებით, წარმოიდგინოთ, როგორ შეიცვლება გარემო და ადამიანები თქვენს გარშემო.

ამაში ,,+“ და ,,- “ სავარჯიშო ძალიან დაგეხმარებათ.

,,- “ აღწერეთ და ჩამოწერეთ როგორ გაგრძელდება ცხოვრება თუ მიზანი ვერ განახორციელეთ და ყველაფერი ძველებურადაა. წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ცხოვრება იგივე სიჩქარით ძველ რელსებზე მიდის, თქვენც იგივე ხართ და გარემოც უცვლელია.

“ +” ჩამოწერეთ რა სასიკეთო ცვლილებები მოხდება მიზნის მიღწევის შედეგად. ვინ ხდებით, რა დადებითი ძვრები მოხდება თქვენში, რა სიკეთეს მოუტანს ეს ცვლილებები თქვენს მომავალს, ოჯახს და საზოგადოებას.

სასურველია მინიმუმ 5 ასეთი ,,+“ და ,,- “  დააგროვოთ ფურცელზე.

4) რამდენად გწამთ რომ თქვენი მიზანი მიღწევადია? გაქვს ამისთვის საჭირო ცოდნა, უნარები, გამოცდილება?

თუ ამ კითხვაზე დამაჯერებლად და მტკიცეთ პასუხობთ, რომ კი, შემიძლია, მე მაქვს ჩემი თავის რწმენა, ჩემი იდეა გაამართლებს, რასაკვირველია შანსი მეტია.

ფსიქოლოგი ალბერტ ბანდურა დიდი ხანი იკვლევდა თვითრწმენის, თვითეფექტურობის (Self-efficacy ) მნიშვნელობას და დაასკვნა, რომ წარმატებულ ადამიანები მაღალი თვითრწმენის უნარით გამოირჩევიან.

ბანდურას თეორიაზე დაყრდნობით მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი ყველაზე რთულ კონტიგენტში – სიგარეტის მოწევის დანებების პროგრამაში ჩართულ პირებში. ფსიქოლოგიური ტესტის საშუალებით თავდაპირველად გაზომეს პროგრამაში ჩართული პირების შესაძლებლობა თავი დაენებინათ მოწევისთვის.  შემდეგ, შედეგებისგან დამოუკიდებლად, მწეველები დაჰყვეს 2 ჯგუფად, პირველ ჯგუფს უთხრეს, რომ თქვენი ტესტის შედეგების საფუძველზე, შეძლებთ ამ მავნე ჩვევისგან გათავისუფლებასო, ხოლო, მეორე ჯგუფს – ვერ შეძლებთო. აღმოჩნდა, იმ ადამიანებს, ვისაც უთხრეს რომ სიგარეტის დანებების მნიშვნელოვანი შანსი ჰქონდათ, უფრო მეტად გათავისუფლდნენ ნიკოტინის დამოკიდებულებისგან.

სწორედ ბანდურას კვლევებს ეფუძნება ტრენინგები და ქოუჩინგის მეთოდები თვითრწმენის ასამაღლებლად.

I can do this – მე ამას შევძლებ! მე მაქვს საჭირო ცოდნა, გამოცდილება, ძალა რომ მივაღწიო მიზანს. ამის ხშირად ხმამაღლა გამეორება კარგ შედეგს იძლევა, ტვინი იჯერებს და მოქმედებაზე გადადიხართ.

საკუთარი თავის მუდმივი დარწმუნება, ზრდის მიზნის მიღწევის შანსს. ის ადამიანები, რომელთაც სჯეროდათ მათი იდეის და უფრო მეტად აღწევდნენ მიზანს.

5) როგორ იმოქმედებ? რას გააკეთებ შენი მიზნის მისაღწევად?

შედეგების მისაღწევად მოქმედება, თვითდისციპლინა, დროის სწორად მართვა და პოზიტიური ადამიანების გარემოცვა დაგეხმარება.

ქმედითობას რამდენიმე მტერი ყავს. სიზარმაცე, შიში და უნებისყოფობა მათ შორის ყველაზე ძლიერია. მიზნისკენ მიმავალ გზაზე ხომ დაბრკოლებები გარდაუვალია. დაბრკოლებების გადალახვაში უშიშრობა და სითამამე ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფარტორად შეიძლება ჩაითვალოს. თუ წარსულში გქონიათ წარუმატებელი ,,ქეისები“ შიში შეიძლება ბუნებრივადაც ჩაითვალოს. ასეთ შემთხვევაში ეფექტურად იმუშავებს რომელიმე წარმატებული ,,ქეისის“ გახსენება თქვენი ცხოვრებიდან. გაიხსენეთ როგორ დაძლიეთ შიში და დაბრკოლებები მაშინ და ახალ ამოცანას მიუსადაგეთ. დაბრკოლების გადასალახად პოზიტიური გამოცდილება ძალიან დაგეხმარებათ.

მარტინ ლუთერ კინგის სიტყვები “თუ ფრენა არ შეგიძლია, გაიქეცი, თუ ვერ დარბიხარ იარე, თუ სიარულის ძალაც გამოგელია – იფორთხე, ოღონდ არასდროს შეწყვიტო წინსვლა”  ზუსტად ასახავს მიზნის მისაღწევად მის დამოკიდებულებას, მთავარია გწამდეს და მიიწევდე წინ.

თვითდისციპლინა

თვითდისციპლინა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარია მიზნის მისაღწევად. სიზარმაცის და ყოველდღიური ცდუნებების დაძლევის უნარი ვისაც აქვს, რასაკვირველია უფრო წარმატებულია. ადამინები, რომლებსაც შეუძლიათ თავის მართვა, საკუთარი დროის მართვა, დღის და კვირის გაწერილ ამოცანებზე ორიენტირება, მაღალ შედეგებს აღწევენ.

პენსილვანიის უნივერსიტეტის პოზიტიური ფსიქოლოგიის ცენტრში, დაქვორთის და სელიგმანის მიერ ჩატარებულმა კვლევამ, რომელიც ზომავდა სტუდენტების აკადემიურ მოსწრებას, აჩვენა, რომ სტანდარტულ ტესტებში უფრო მაღალი შედეგები დადეს თვიდისციპლინის უნარის მქონე სტუდენტებმა, ვიდრე მაღალი IQ -ს მქონეებმა.

დუბრინის მიხედვით თვითდისციპლინირებულ ადამიანები უფრო წარმატებულები არიან, თუ რასაკვირველია, მათი მიზანი მათთვის ღირებული და ფასეულია.

ფსიქოლოგებს თუ ვკითხავთ სიზარმაცე არ არსებობს, არსებობს დაბალი მოტივაცია. ანუ, რამდენადაც ძლიერია შინაგანი მოტივაცია, იმდენად ძლიერია საკუთარი თავის მართვის – თვითდისციპლინის უნარი. მოკლედ, თუ დიადი მიზანი გაქვთ საკუთარი თავის მართვას და მიზანზე ორიენტირებას შეძლებთ, თუ არა, ყოველთვის გამოჩნდება მიზეზი არ იმოქმედო.

პოზიტიურობა

ეცადეთ არსებულ სიტუაციას პოზიტიურად შეხედოთ. ყოველ დღე ჩამოწერეთ 10 მიზეზი იმისა, რომ თქვენს ირგვლივ დადებითი ძვრები ხდება. კონცენტრირდით იმ სიკეთეებზე რისკენაც ილტვით.

საუკეთესო მოტივატორია თქვენი დადებითი ემოციები და რწმენა იმისა რომ გამოგივათ. ამიტომ ჯერ პატარ-პატარა ამოცანებზე ორიენტირდით, რომელსაც მარტივად შეძლებთ. ყოველ ჯერზე პატარა წარმატების დაძლევის სასიამოვნო გრძობა გამარჯვების კმაყოფილებამდე მიგიყვანთ. შემდეგ თამასა გაზარდეთ და მიზნამდეც მიხვალთ.

გარემო და ადამიანები, რომლებიც თქვენს ირგვლივ არიან მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენენ თქვენს შედეგებზე. კონცენტრირდით თქვენს მიზანზე, თქვენი ცხოვრების გზა უნიკალურია, ასე რომ სხვების რჩევები შეიძლება არ გამოგადგეთ. თუ ვინმე გარწმუნებთ რომ ,,ანგელოზების და სერაფიტების დრო ახლა არ არის“, მოგიწევთ მისი გადაწრმუნება და პრინციპულად მიზანზე ორიენტირება, რათა აგული ერისთავივით თქვენი უდიადესი მისია ბოლოს სხვას არ გადაულოცოთ, გვიან გამოფხიზლებულმა სინანულით არ წარმოთქვათ: ,,ასე მგონია, მე კი არ ვცხოვრობ, არამედ სხვა ცხოვრობს ჩემს მაგივრად“-ო.

დროის მართვა და მიზნების დროში გაწერა დაგეხმარებათ აკონტროლოთ ვადები, გააცნობიეროთ სად იყავით 1 წლის წინ და რას მიაღწიეთ 1 წლის შემდეგ. მთავარია იმოქმედოთ, საქმისთვის სასურველი დრო არ არსებობს. დაიწყეთ და მუდამ მზადყოფნაში იყავით, მაშინ შედეგიც არ დააყოვნებს. ასაკიც ნუ შეგაშინებთ, თანამედროვეობამ სრულიად წაშალა ასაკის თემა, არავითარი მნიშვნელობა აქვს სრულიად ახალგაზრდა ხართ თუ ასაკოვანი. თუ ვინმე ასაკს შეგახსენებთ, ლიფტში გაჭედილი ბატონი ვასოსავით ცისფერი მთებიდან: ,,ამოდენა თემას არ კი უნდა შებმოდი, ახალგაზრდა ხარ რაც არ უნდა იყოს“-ო. სოსოსავით უპასუხეთ: ,,აბა როდის გავაკეთო ის, რისი გაკეთებაც ახლა შემიძლია!“. დაიხსომეთ, დროს თუ მართავ ის შენს სასიკეთოთ იმოძრავებს.

ახლა კი სტატიის დასრულებისთანავე ჩამოწერე 3 რამ, რასაც გააკეთებ პირველი 24 სთ-ის განმავლობაში შენი მიზნის მისაღწევად.

მე კი, კიდევ ერთხელ დაუბრუნდები თავდაპირველ კითხვას: გიფიქრიათ, რა არის თქვენი შესაძლებლობების ზღვარს მიღმა? ან როგორ აღწევენ ადამიანები თავიანთი პოტენციალის სრულ რეალიზებას?

სწორედ  მაღალი შინაგანი მოტივაციით, მიზნისკენ ძლიერი ლტოლვით, მუდმივი თვითმოტივაციით და რწმენით აღწევენ ადამიანები დასახულ მიზნებს. უფრო მეტიც, მხოლოდ ასეთ მოტივაციას შეუძლია გაარღვიოს საზღვრები, დაამსხვრიოს ურყევი შეხედულებები საკუთარ შესაძლებლობებზე. როცა საზღვრებს ვახსენებ, ვგულსხმობ მყარად ჩამოყალიბებულ სტანდარტებს, ხედვებს, ცხოვრებაში გამოცდილებით  დაგროვილ შეხედულებებს და წინასწარ განწყობებს, იმას,  რაც ბავშვობაში ქვეცნობიერში დაილექა და გვმართავს, რის ჩამოყალიბებაზეც ჩვენმა გარემოცვამ, ჩვენმა პედაგოგებმა და მშობლებმა იზრუნეს.

წარმატებული ადამიანები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, სანამ წარმატებას მიაღწევდნენ არაერთხელ იგემეს მარცხი. შემდეგ გაიაზრეს, რომ პასუხისმგებლობა უნდა აეღოთ თავიანთ ცხოვრებაზე. გააცნობიერეს თავიანდი მისია, ორიენტირდნენ მიზანზე და მკაფიოდ იციან რა უნდათ და საით მიდიან.

წარმატებას გისურვებთ თქვენი მიზნებისკენ მიმავალ გზაზე!

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81