ქართველი ფსიქოლოგები

მარიამ შოვნაძე – როგორ აღვზარდოთ ბავშვი

მარიამ შოვნაძე – ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი

რა ძირითადი მოთხოვნები უნდა გავითვალისწინოთ ბავშვის აღზრდისას?

ხშირად ვამბობთ, რომ ყველაფერი ბავშვობიდან იწყება. ეს ფრაზა შემთხვევითი არ არის, ეს არის პერიოდი როცა ბავშვი შეიმეცნებს როგორც საკუთარ თავს ასევე გარე სამყაროს. ოჯახი ბავშვის პირველი სოციალური წრეა. ლოგიკურია, რომ ოჯახის სტრუქტურა, მიმდინარე პროცესები, მშობლების (სხვა მზრუნველების) აღზრდის მეთოდი, კომუნიკაციის ფორმა და სიხშირე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის განვითარებასა და ქცევაზე. ამიტომ მნიშვნელოვანია ჰარმონიული და ჯანსაღი გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის როგორც კოგნიტურ, ასევე ფიზიკურ და სოციალურ-ემოციური სფეროების განვითარებას.

პირველ რიგში უნდა გამოვყოთ ძირეული საკითხი- ბავშვი მივიღოთ როგორც ინდივიდი, რომელსაც აქვს საკუთარი ინტერესები, ემოციები და შეხედულებები. ხშირად მშობლები ყველა დეტალს ,ეტაპს უგეგმავენ საკუთარი ინტერესების, შეხედულებების მიხედვით , მაგალითად კაბის ფერს ურჩევენ საკუთარი გემოვნებიდან გამომდინარე და არა თვითონ ბავშვის სურვილის მიხედვით. მიუხედავად იმისა რომ ბავშვი ასაკით პატარა არის, მას აქვს საკუთარი მე და უკვე სამი წლიდან აქვს განცდა რომ მას დამოუკიდებლად ფუნქციონირება შეუძლია.

თუ მშობელი ბავშვის ნაცვლად ახორციელებს კონკრეტულ ქცევებს მაგალითად, მის ნივთებს ალაგებს, წერს დავალებებს ან პირიქით ყველაფრის გაკეთების შესაძლებლობას აძლევს (იგულისხმება დესტრუქციული ქცევებიც) ეს ბავშვის პიროვნულ განვითარებას ხელს ნამდვილად არ უწყობს.

როგორ აღვზარდოთ ბავშვი დამოუკიდებელ პიროვნებად?

ბავშვი არის ინდივიდი, რომელსაც აქვს საკუთარი მე . მას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა და მხარდაჭერა მზრუნველებისგან აღმოაჩინოს სამყარო, შეისწავლოს, ცადოს, თუნდაც წარუმატებელი მცდელობების მიუხედავად. ძალიან მნიშვნელოვანია მშობელი ყურადღებით ისმენდეს თუ რას ფიქრობს ბავშვი და არ იღებდეს ერთპიროვნულ გადაწყვეტილებებს.

 რა გავლენას ახდენს დამოუკიდებლობა მათ სამომავლო წარმატებაზე?

დამოუკიდებლობა კიდევ უფრო მეტად აძლიერებს თვითრწმენას, რაც თავისთავად აისახება შემდეგ სწავლის ,განვითარების მოტივაციასა და სოციუმში მარტივად ადაპტირებაზე. შეეძლება მშვიდად მიიღოს სირთულე, შექმნას დაძლევის საკუთარი სტრატეგიები, გაუმკლავდეს და რაც შეეხება წარუმატებელ გამოცდილებას გამოიყენოს როგორც გზა სამომავლო წარმატების მისაღწევად.

სად გადის ზღვარი მშობლის მხრიდან ყურადღებისა  და ბავშვის პირად სივრცეში ჩარევას შორის და როგორ უნდა დავიცვათ ეს შუალედი?

ყველა ვთანხმდებით, რომ მშობლის ჩართულობა, მხარდაჭერა აუცილებელია ბავშვის სრულფასოვანი განვითარებისთვის, თუმცა ეს მზრუნველობა და დახმარება არ უნდა იყოს ტოქსიკური. როგორია ტოქსიკური მშობელი ?

  • მუდმივი კონტროლი. ის მოითხოვს იცოდეს მისი შვილი რას, როდის და როგორ აკეთებს. მას სჭირდება იცოდეს ყველა დეტალი სრული სიზუსტით და ყველაფერი იყოს მასთან შეთანხმებული. ხშირად კონტროლს მზრუნველობის ფორმით ახორციელებს;
  • არ იცავს შვილის პირად სივრცეს, კითხულობს მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს, უსმენს ტელეფონზე ლაპარაკის დროს, თვითონ უწყვეტს რა მოსწონს ან არ მოსწონს და ა.შ;
  • არის აგრესიული, ხშირად აშინებს ბავშვს ან პასიურ აგრესიულ ქცევას მიმართავს _ “მე აღარ ვიქნები შენი დედა.”;
  • მანიპულირებს;
  • საკუთარი ოცნებებს შვილის დახმარებით ისრულებს.

 აღმზრდელობითი სტილის რომელ ფორმას გამოარჩევდით იმისთვის, რომ ჯანსაღი კომუნიკაცია ჩამოყალიბდეს მშობელსა და შვილს შორის?

გამოვარჩევდი აღზრდის დემოკრატიულ სტილს, როდესაც მშობლები კონკრეტულ შეზღუდვებთან ერთად იჩენენ სითბოს და თანადგომას ბავშვის მიმართ. არსებობს კონკრეტული აკრძალვები, თუმცა რა თქმა უნდა მშობელი უხსნის ბავშვს მიზეზებს და ის კონკრეტული წესები არ არის ერთპიროვნული გადაწყვეტილებების შედეგი. მშობელი ყოველთვის მზად არის მოუსმინოს ბავშვს , გაითვალისწინოს მისი აზრი, გაიზიაროს მისი ემოციები და თავადაც გაუზიაროს საკუთარი შეხედულებები, ხელი შეუწყოს აღმოაჩინოს ბავშვმა საკუთარი ინტერესები და დაეხმაროს განვითარებაში. ბავშვის არის ოჯახის სრულფასოვანი წევრი და ჩართულია საერთო საქმიანობაში, აქვს საკუთარი ადგილი და მას უსმენენ.

 უმეტესად დედაა ხოლმე ჩართული ბავშვის აღზრდაში და თუ შეგიძლიათ უფრო ნათლად გამოკვეთოთ მამის როლი და მისი ჩართულობის აუცილებლობა ბავშვის ჯანსაღად აღზრდაში?

ბავშვის აღზრდის დროს მამის ჩართულობა ისეთივე მნიშვნელოვანია როგორც დედის. თუ მამა პასიურ როლშია, გოგონების შემთხვევაში შეიძლება გაჩნდეს სირთულეები საპირისპირო სქესის ინდივიდებთან ურთიერთობის დროს, მაგ, შიში, უნდობლობა. სამწუხაროდ, გავრცელებულია სტერეოტიპი რომ ბავშვის აღზრდა მხოლოდ დედის კომპეტენციაა და ხანდახან თავად დედებიც არ აძლევენ მამებს უფრო მეტი ჩართულობის შესაძლებლობას, მოტივაციას. სინამდვილეში როგორც დედას ასევე მამას ზუსტად ანალოგიურად უნდა ჰქონდეს პასუხისმგებლობა შვილის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ცხოვრების სრულფასოვან ხარისხზე. მოვლა ფიზიკური ფორმით საკმარისი არ არის, მნიშვნელოვანია მამასთან აქტიური კომუნიკაცია და საერთო აქტივობების განხორციელება, რაც კიდევ უფრო მეტად აძლიერებს ემოციურ კავშირს და ურთიერთობას ჯანსაღს ხდის.

მოამზადა ნინი ხურცილავამ

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81