ქართველი ფსიქოლოგები

ნანა დაშნიანი – რა არის სტრესი?

ნანა დაშნიანი – ფსიქოტერაპევტი, ECIP ინტეგრირებული ფსიქოთეარაპიის ევროპული სერთიფიკატი მფლობელი, ICF სერთიფიცირებული ქოუჩი, ლებ ლაიფის-ფსიქოთერაფისა და ქოუჩინგის ცენტრის დამფუძნებელი და დირექტორი.

სტრესი არის მდგომარეობა, რომელიც ჩნდება რთული სიტუაციის საპასუხოდ და ადამიანისგან მოითხოვს ისეთი ამოცანის გადაწყვეტას, რომელიც მის ფიზიკურ, ინტელექტუალურ და ფსიქიკურ შესაძლებლობებს აღემატება.
კლინიკურმა დაკვირვებამ აჩვენა, რომ სტრესი გარკვეული დოზით სასარგებლოა, იგი აიძულებს ორგანიზმს აიღოს პასუხისმგებლობა, სწრაფად ადაპტირდეს და განახორციელოს ცვლილებები ყველა დონეზე (ფიზიოლოგიურ, ემოციურ და კოგნიტურ დონეზე). ანუ სტრესი ჩვენგან მოითხოვს მობილიზებას და გარკვეულ აქტივობას იმისთვის, რომ დავძლიოთ და შევცვალოთ, თავი ავარიდოთ ან მივიღოთ ის რეალობა რომელიც გვსტრესავს.
სტრესი, მისი ფიზიოლოგიური და ფსიქოლოგიური ასპექტებით პირველად კანადელმა ფიზიოლოგმა და ენდოკრინოლოგმა ჰანს სელიემ შეისწავლა. მისი დაკვირვებით, ცოცხალი ორგანიზმი გარე სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს კონკრეტული მექანიზმით პასუხობს და ცდილობს, რაც შეიძლება ნაკლები დანაკარგით მოერგოს მათ. თვითონ ტერმინი სტრესი ინგლისური სიტყვაა და ზეწოლას, წნეხს ნიშნავს. ეს ტერმინი სელიემ გეოლოგიიდან ისესხა, თუმცა მისი გამოყენება აქტუალური გახდა მეცნიერების სხვადასხვა დარგებში – მედიცინაში, სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში. ჩამოთვლილი მეცნიერებები ერთხმად თანხმდებიან იმაში, რომ სტრესი თავისი არსით, ბუნებით, ეტაპებით, დინამიკით, ინტენსივობით და შესაძლო შედეგებით მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენს ადამიანის ფიზიკურ, მენტალურ და ქცევით სფეროებზე.

ზემოქმედების მიხედვით, გვხვდება ფიზიოლოგიური/ფიზიკური და ფსიქოლოგიური/ფსიქიკური სტრესი:

  1. ფიზიოლოგიური/ფიზიკური სტრესი. ასეთი სტრესი უპირატესად იწვევს ბიოლოგიური სისტემების დაძაბულობას, თან ახლავს ორგანიზმის ფიზიოლოგიური და ქცევითი ცვლილებების კომპლექსი. ფიზიოლოგიურ სტრესად შეგვიძლია განვიხილოთ ავადმყოფობა, ფიზიკური ტრავმები და ყველა ის შესაძლო მდგომარეობა რაც ფიზიკურ სხეულზე ახდენს ზეგავლენას და ზღუდავს მას .
    2. ფსიქოლოგიური/ფსიქიკური სტრესი. ამ ტიპის სტრესები ზეგავლენას ახდენს ადამიანის ემოციურ და სულიერ სფეროზე და იწვევს შფოთს, შიშს, მრისხანებას, ბრაზს, წყენას, დარდს, მწუხარებას, იმედგაცრუებას და ა.შ. ფსიქოლოგიურ სტრესად შეგვიძლია განვიხილოთ: ადამიანური თუ მატერიალური დანაკარგი, განქორწინება, კონფლიქტები, ყველა ტიპის კრიზისები და ა. შ
    თუმცა არსებობს სტრესები, რომელიც როგორც ფიზიოლოგიურ, ასევე ფსიქოლოგიურ დონეზე ახდენს მნიშვნელოვან ზეგავლენას ადამიანზე. ასეთებია: უკურნებელი დაავადებები, პანდემია, ეპიდემია, სტიქიური მოვლენები, ომი, მიწისძვრა, წყალდიდობა და სხვა მსგავსი ვითარებები.

სტრესის სახეები

მნიშვნელოვანია ვიცოდეთ სტრესის ზეგავლენის შესაძლო შედეგები, რაც დამოკიდებულია მის სახეებზე.
ჰანს სელიე აღწერს სტრესის ორ სახეს:
1. ეუსტრესი (ფიზიოლოგიური) რომელიც ზომიერ, სუსტ გამღიზიანებლებზე საპასუხოდ ვითარდება და მიმდინარეობს უმნიშვნელო დარღვევებით.
2. დისტრესი (პათოლოგიური) რომელიც მავნე გამღიზიანებლების ჭარბი ზემოქმედების შედეგად იწვევს არასასიამოვნო, ნეგატიური ხასიათის განცდებს და შეგრძნებებს. მიმდინარეობს მწვავედ და მტკივნეულად.

სტრესისადმი ჩვენი დამოკიდებულება შეიძლება დავყოთ სამ ძირითად ნაწილად:
1. მოვლენები, რომლის შეცვლა შეგვიძლია. ჩვენივე რესურსების გამოყენებით და მასზე გონივრული/შემოქმედებითი მიდგომით შეგვიძლია ვიპოვოთ გამოსავალი. ასეთ მოვლენებში შედის ფინანსური კრიზისები, ურთიერთობის კრიზისები, ოჯახური კრიზისები და ყველანაირი კრიზისები, რომელიც ახალ უნარ-ჩვევების შეძენას და ქცევის ახლებურ მოდელს მოითხოვს ჩვენგან.
2. მოვლენები რომლის შეცვლა შეუძლებელია. როდესაც მოვლენა გვაიძულებს მოცემულობა მივიღოთ როგორც ფაქტი. ასეთი მოვლენებია: ყველანაირი დანაკარგები, საცხოვრისის შეცვლა, პატიმრობა, ავადმყოფობა, განქორწინება და სხვა. იმისათვის, რომ ასეთი სტრესის ზეგავლენა შევამსუბუქოთ და ნაკლებად მტკივნეული გავხადოთ, საჭიროა ფაქტისადმი ჩვენი დამოკიდებულება შევცვალოთ, სხვა რაკურსით შევხედოთ მას.
3. მოვლენები, რომლის შესაძლო საფრთხეების თავიდან არიდება შეგვიძლია. ასეთი მოვლენებია: ქრონიკული დაავადებები, პანდემია, ეპიდემია და სხვა. ამ შემთხვევაში, მოგვეთხოვება სიფრთხილე, მობილიზება, ინსტრუქციების მიყოლა და წესების ზედმიწევნით დაცვა.

როგორ ვრეაგირებთ სტრესზე?

ნებისმიერ სტრესზე ჩვენი ორგანიზმი რეაგირებს საპასუხოდ და ვლინდება შემდეგი სფეროებით: ფიზიოლოგიური, ქცევითი, ინტელექტუალური, და ემოციური.
ü ფიზიოლოგიური/სხეულის სფეროს რეაქციებია – ოფლიანობა, კანკალი, გულისცემის რიტმის შეცვლა, სიმხურვალის შეგრძნება, პულსის აჩქარება, სუნთქვის გახშირება, არტერიული წნევის მატება, ტემპერატურის მომატება, თავის ტკივილი, ბურთი ყელში, კიდურების და კუნთების დაჭიმულობა, მადის დაკარგვა ან გაძლიერება, ძილის დარღვევები, წონის ცვალებადობა(მომატება ან დაკლება) და ა.შ.
ü ქცევითი სფეროს რეაქციებია- გაქცევა, იზოლაციის სურვილი, მარტო დარჩენის პანიკური შიში, აკვიატებული მოქმედებები – ხელების დაბანა, სახლის დალაგება, თეფშების რეცხვა, კარადების დალაგება, სიარულის დროს ნაბიჯების დათვლა, გზაში შემხვედრი ნივთების დათვლა; ლოდინის დროს ბოლთის ცემა (წინ და უკან სიარული); მუტიზმი ან გაუთავებელი საუბარი; საკუთარ თავთან ხმამაღლა საუბარი; განსხვავებული კვების ჩვევები- კვების ულუფის და სიხშირის შემცირება ან გაზრდა;
ü ინტელექტუალური სფეროს რეაქციებია- კონცენტრაციის სირთულეები, აზრების გაწყვეტა, მეხსიერების პრობლემები.
ü ემოციური სფეროს რეაქციებია- ტირილი, ისტერიული სიცილი, გაღიზიანებადობა, ყველაფრით უკმაყოფილება, უსაფუძვლო ბრაზი და აგრესია, შფოთი, აპათია, გუნებ-განწყობის მკვეთრი ცვლილებები და სხვა.
სტრესურ გარემოში ზემოთ აღწერილი გამოვლინებები ფსიქიკის ბუნებრივი რეაქციაა და არანაირ დარღვევას არ წარმოადგენს. ჩვენს ორგანიზმს გააჩნია რესურსი დამოუკიდებლად გაუმკლავდეს სტრეს და ბუნებრივად აღიდგინოს მასზე დახარჯული ფიზიკური თუ ფსიქიკური ენერგიები.
თუ დადებითი კუთხით შევხედავთ სტრესს, ჩვენივე ინდივიდუალური, არასპეციფიკური რეაქცით ის ავარჯიშებს ჩვენი ორგანიზმის დამცავ მექანიზმებს, აუმჯობესებს მის რეზისტენტობის უნარს და მომავალში შესაძლო უარყოფითი ზემოქმედების გადალახვაში გვეხმარება.

„რაც არ გვკლავს, გვაძლიერებს“.

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81