სად მიდიან ფისოები სიკვდილის შემდეგ?

0

ლიკა ბარაბაძე-ნეიროფსიქოლოფი, გეშტალტთერაპევტი

­

ოთხი წლის ნიტა გაკვირვებით გვიყურებდა, ჩვენ კი დაბნეულები ვიდექით და არ ვიცოდით, რა გვექნა. ფისო გაია, რომელსაც მოფერებით „ოთხფეხა შვილს“ ვეძახდით, ეზოში გაპარულიყო და მომკვდარიყო. ცალკე ჩვენს თავებს ვაწყნარებდით და ცალკე იმაზე ვფიქრობდით, როგორ აგვეხსნა ეს ორფეხა შვილისათვის.

როგორ ვსაუბრობთ სიკვდილის შესახებ ბავშვებთან? როდის? რამხელა უნდა იყოს? როგორ ვაწვდით პატარას მის პირველ ეგზისტენციურ გზავნილს, რომელსაც ის შემდეგ მთელი ცხოვრება დაეყრდნობა? რომც უარყოს – ემახსოვრება. დავასწროთ თუ არა გამოსამშვიდობებელ რიტუალებს, ხომ არ შეეშინდება, ხომ არ დაიბნევა? შეიძლება მოვატყუოთ, რომ შევუმსუბუქოთ სიკვდილის გადატანა? უნდა ხედავდეს ჩვენს სევდას? ეს მნიშვნელოვანი კითხვებია და ჩემი გამოცდილებით, მშობლების უმეტესობა ისედაც ისე იქცევა, როგორც ბავშვთა ფსიქოლოგები გვასწავლიან. თუმცა, ყოველთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რომ ჩვენს საქციელს ექსპერტული გამოცდილებაც უმაგრებს ზურგს.

ხოდა – სად მიდიან ფისოები სიკვდილის შემდეგ?

  1. ბავშვს სიკვდილის შესახებ ვესაუბრებით მაშინ, როდესაც ის ამ საკითხით დაინტერესდება. ეს შეიძლება მოყვეს ბავშვის გარემოცვაში ვინმეს გარდაცვალებას, შინაური ცხოველის სიკვდილს, სხვის მონაყოლს, ზღაპარში მოსმენილსა თუ მულტფილმში ნანახს. არა აქვს მნიშვნელობა, რამ აღძრა ეს კითხვები ბავშვში. გვახსოვდეს – თუ ბავშვმა დასვა კითხვა, რა ხდება, როდესაც ვინმე კვდება, პასუხის გაგებამდე, ის ამ კითხვას ვერ დაივიწყებს. შესაბამისად, არ გავრისკოთ და არ დაველოდოთ, თავისით სანამ დაასკვნის პატარა, რა ყოფილა სიკვდილი. შეიძლება მან დამთრგუნველი და შემაშინებელი ახსნები მოიფიქროს, შეაკოწიწოს სხვების საუბრებიდან მოსმენილი, მოიშველიოს საკუთარი წარმოსახვა და საბოლოოდ ბევრად უფრო მტკივნეულად გადახარშავს ამ საკითხს.

სიკვდილზე სასაუბროდ დადგენილი ასაკი არ არსებობს: თუკი საკითხი აქტუალურია, ესე იგი ამაზე საუბრის დროც მოვიდა. მაგრამ, თუ პატარა სიკვდილზე კითხვებს არ სვამს, არც მის ცხოვრებაშია ეს საკითხი აქტულაური, არ ვასწრებთ, ველოდებით, როდის დაინტერესდება თავად. დამერწმუნეთ, აუცილებლად დაინტერესდება, რადგან ასე ოთხი წლისთვის, ბავშვები იწყებენ მშობლისთვის თავიდან საინტერესო და ბოლოში გამაგიჟებელ განვითარების ეტაპს, როდესაც სამყაროს მოწყობაზე, დაბადებაზე, სიკვდილზე, ცაზე, სხვადსხვა ფორმის მთვარეზე, მწვანე ბალახზე, ადამიანებზე, სიყვარულზე და ათას რამეზე ფიქრობენ და  ახსნას უძებნიან – ანუ იწყებენ მუდმივ, ყველგან და ყოველთვის, დაუსრულებელ და შეუჩერებელ დაკითხვას „რატომ?!“

ჩვენს შემთხვევაში, ზუსტად გაიას სიკვდილმა აამღვრია ეს წყალი. ნიტამ დაიწყო უამრავი კითხვის დასმა და დღესაც გვიწევს მასთან საუბარი. ის თითქმის ოთხის იყო, როდესაც მეგობარი ფისო დაკარგა.

  1. ბავშვს ვუყვებით სიმართლეს. ეს კი რთული ამბავია. რა არის სიმართლე? მართლაც და, რა ვიცით ახლა ჩვენ, სად ხვდებიან ფისოები სიკვდილის შემდეგ? სწორად აქ ვაკეთებთ ზრდასრულები სტრატეგიულ არჩევანს – იმ რწმენებსა და დამოკიდებულებებს შორის, რომელიც გვაქვს, ვირჩევთ მარტივ სიმართლეს, რომლისაც ჩვენც ძალიან გვჯერა. არ არის აუცილებელი ბავშვს სარტრი ავუხსნათ, ჰაიდეგერი გადავუფურცლოთ ან თეოლოგიური თეზისები დავუსაბუთოთ. არ გაგიტაცოთ ხატოვანმა მონაყოლმა, ასე შეიძლება ბავშვი დავაშინოთ. მაგალითად: „ის გიყურებს ღრუბლებიდან და წუხს, როდესაც ცუდად იქცევი (ანუ ბავშვს ვეუბნებით რომ აწი ყველა მისი ქმედება ღრუბლებიდან ცენზურას გაივლის, რაც მძიმე წნეხია)“ ან „ის წავიდა სხვა ქალაქში და ახლა იქ ბედნიერია(ანუ, გაუგებარი მიზეზით მიატოვა)“. გვახსოვდეს, რომ ჩვენ არამხოლოდ სიკვდილის სულიერი, არამედ ფიზიკური ახსნაც უნდა მოვახდინოთ – ბავშვმა ხომ არ იცის, რას ნიშნავს გარდაცვალება, მაგალითად, ნახავს აწი თავის ფისოს თუ არა, როდის გაიღვიძებს ფისო და ა.შ.

შესაბამისად, მშობლებმა უნდა შევურჩიოთ ყველაზე ბაზისური ინფორმაცია, რაც ჩვენთვის ახლოსაა, რაც ჩვენთვის მისაღებია და ასევე, რაც აღწერს სიკვდილს, როგორც მოვლენას და გასაგებად, ისტორიის სახით მოვუყვეთ პატარას. მაგალითად, ჩვენ ასე მოვყევით (წარმოიდგინეთ მოცემული საუბარი, ოღონდ უამრავი ჩაკითხვითა და დაზუსტებით): „ხანდახან ფისოები კვდებიან. ყველა ცოცხალი არსება კვდება და ფისოებიც. ზოგი ფისო კვდება, ზოგი იბადება და ყველა ცოცხალი არსება ასეა. ახლა, როდესაც გაია მოკვდა, ის ვერ ივლის, ვერ შეჭამს, ვერ დაიძინებს და ვერ გაიღვიძებს, ვერც ისუნთქებს. ასე ხდება, როდესაც ცოცხალი არსებები კვდებიან. ჩვენ ახლა გაიას დავმარხავთ მიწაში და ცოტა ხანში გაია მიწად გადაიქცევა და მის საფლავზე ბალახი ამოვა“.

  1. ვასწრებთ ბავშვს დასამშვიდებელი რიტუალებს. აქაც დაგეგმარებაა საჭირო. როდესაც ეს ფისოს შეეხება, საქმე უფრო მარტივადაა, ჩვენ შეგვიძლია მთელი რიტუალი ბავშვის გათვალსიწინებით წარვმართოთ. როდესაც საუბარი ადამიანზეა, უფროსებს ჩვენი წესები გვაქვს, როგორ ვიქცევით ამ სიტუაციაში და ხშირად ამ წესების შეცვლა მხოლოდ ერთი ბავშვის გამო ვერ ხერხდება. ამ შემთხვევაში მაქსიმალურად უნდა მოვერგოთ სიტუაციას – მაგალითად წინასწარ გავაფრთხილოთ ახლობლები, რა დროს მოვა ბავშვი გარდაცვლილთან დასამშვიდობებლად, ვთხოვოთ ყველას, რომ ემოციები ნაკლებად მძაფრად გამოხატონ, უფრო ჩუმად მოიქცნენ. ის რომ პანაშვიდზე თუ დასაფლავებაზე გარდაცვლილის ახლობლები ტირიან, ეს ბუნებრივია და ამისგან ბავშვს არ ვიცავთ. პირიქით, შეიძლება მასაც მოუნდეს გამოტირება და გამოგლოვება. ასეთი რიტუალების მიზანიც ხომ ეს არის, ყველაზე ახლო ადამიანებთან ერთად ტკვილის გაზიარება, ერთიანობის განცდა, დაკავშირება და გლოვა. გლოვის გარეშე შეუძლებელია დამშვიდობება, რაც ნიშნავს, რომ ბავშვი ვერ გადახარშავს მომხდარს, რაც შესაძლოა ტრავმულ მოვლენადაც განვითარდეს.

ფსიქოლოგები გვირჩევენ უფროსების რიტუალებში შემოერთების გარდა (ასაკის მიხედვით დროში შემოფარგლულად), პატარებისათვის გამოსამშვიდობებელი რიტუალებიც მოვიფიქროთ. მაგალითად, ბავშვს შეუძლია დახატოს ნახატი, ან აიღოს ყვავილი ან სათამაშო, წაუღოს გარდაცვლილს, სიმბოლურად დასამშვიდობებელი საჩუქარი გაუკეთოს. შესაძლოა პატარამ ვერ იტიროს, ვერ განიცადოს მომხადარი, რადგან ჯერ არ იცოდეს, რას ნიშნავს მონატრება, რას ნიშნავს სევდა, მაგრამ მსგავსი რიტუალით თავისი ემოციების გამოხატვას შეძლებს. ამით ის მადლობას უხდის, თავის გრძნობებს გადმოსცემს.

ჩვენთან კი ასე მოხდა: ბევრი ვიფიქრეთ, სად დაგვემარხა გაია. შინაური ფისო იყო. მხოლოდ ერთხელ გვყავდა გარეთ, მცხეთაში წავიყვანეთ კნუტობისას. ხოდა, ახლაც მცხეთაში წასვლა გადავწყვიტეთ. შევახვიეთ ლამაზ პირსახოცში, ნიტას ავუხსენით, რომ ვტირით, რადგან გაია გვიყვარდა და სევდიანები ვართ, რომ მოკვდა და ჩვენთან აწი აღარ იცხოვრებს.  მცხეთაში, ტყეში დავმარხეთ, საფლავზე კი გირჩები და ყვავილები დავუდეთ. შემდეგ ნიტას შევპირდით, რომ გაზაფხულზე, როდესაც ბალახი ამოვა, აუცილებლად დავბრუნდებოდით.

ზუსტად ამიტომაც გადავწვიტე ეს პოსტი დამეწერა.  ერთი კვირის წინ წავედით მცხეთაში, როგორც კი კარანტინი მოიხსნა. გზაში კიდევ ვისაუბრეთ ერთიშეხედვით ურთულესს თემებზე: სიცოცხლის ციკლურობა, ენერგიის მუდმივობა, სხვადასხვა რწმენები, რომელიც სიკვდილის შესახებ გაგვაჩნია. დაახლოებით ასე გამოიყურებოდა (ისმინებოდა) ჩვენი დიალოგი:
– დედიკო, გაია მომენატრა.

  • ვიცი, ნიტა, მეც მომენატრა ძალიან. მაგრამ, ხანდახან ცოცხალი არსებები, ფისოები, ჩიტები, მცენარეები კვდებიან. სხვა ფისოები კი იბადებიან, პატარა კნუტები.
  • ადამიანებიც ხომ კვდებიან?
  • კი, ადამინებიც ცოცხალი არსებები ვართ.
  • ჩვენც მოვკდებით?
  • მოვკდებით, ოღონდ ჯერ დიდი ხანი არა. გაია მოხუცი ფისო იყო და ამიტომ მოკვდა. ჩვენ კიდევ ჯერ არ ვართ მოხუცები.
  • ბებომ თქვა, რომ გაია მთის წვერზე ცხოვრობს და გვხედავს.
  • იცი, მე არ მგონია, რომ გაია მთის წვერზე იყოს, ხომ გახსოვს, რომ დავმარხეთ, ახლა გაია მიწად გადაიქცა და იქ, სადაც გაიას მიწაა, ახლა ბალახი ამოვიდა.
  • დედიკო და ახალი ფისო ხომ უნდა მოვიყვანოთ? გაია ერქმევა?
  • არა, ნიტა, სხვა ფისო არ იქნება გაია, სხვა ფისო ხომ არ იქნება ისეთი ზოლიანი, არ ექნება გრძელი ყურები და მიაუსაც სხვანაირად იტყვის, ამიტომ მას თავისი სახელი ერქმევა. მაგრამ, მე ჯერ არ მინდა სხვა ფისო, იმიტომ რომ ჯერ გაიაზე ვსევდიანობ.
  • დედიკო, ნახე!

და გაიხედა ფანჯარაში. ეგზისტენციური დიალოგი დასრულდა.

 

 

 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81