ნინო თოფურია – ფსიქოლოგი
რა არის თვითშეფასება და როგორ ყალიბდება ის პირველად?
თვითშეფასება არის ადამიანის მიერ საკუთარი თავის შეფასება, რაც მოიაზრებსიმას, თუ როგორ აფასებს ადამიანი მის ხელთ არსებულ ინფორმაციას, იმ ინფორმაციას რასაც საკუთარი თავის შესახებ ფლობს.თვითშეფასება გარკვეულწილად არის სუბიექტური, რადგან იგი მოიცავს თვითონ ადამიანის წარმოდგენას საკუთარი თავის შესახებ, აქედან გამომდინარე ვერ ვიტყვით კონკრეტულად რა ასაკში ყალიბდება ის, რადგან ეს არ არის რაღაც კონკრეტული მოვლენა, არამედ ეს არის პროცესი, რომელიც საფუძველს იყრის ბავშვობაში და მასზე დიდ გავლენას ახდენს ოჯახი, აღზრდის სტილი, ბავშვის რიგითობა და მისი ფსიქოტიპი.
რა როლი აქვს თვითშეფასების ფორმირებაში ოჯახის დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ?
თვითშეფასების ჩამოყალიბების პროცესში ოჯახის დამოკიდებულებას ბავშვის მიმართ აქვს წამყვანი როლი, რადგან მასზეა დამოკიდებული შემდგომში ადამიანს ექნება მაღალი თუ დაბალი თვითშეფასება.მნიშვნელოვანია ოჯახში როგორ აღიქვამენ ბავშვს, თუ იგი ოჯახის სრულფასოვან წევრად გრძნობს თავს ეს ხელს შეუწყობს რომ უფრო მეტად იყოს თავდაჯერებული, წარმატებაზე ორიენტებული. არის ხოლმე ისეთი შემთხვევებიც , როდესაც უფროსები რაღაც მნიშვნელოვან თემაზე საუბრობენ ოჯახში და ბავშვს მიმართავენ შემდეგნაირად „გადი, ეს არ არის შენი საქმე“ ასეთ შემთხვევაში ბავშვს უყალიბდება შეგრძნება , რომ ის არის არაკომპეტენტური და არ უნდა გამოთქვას საკუთარი აზრი, ეს კი ხელს უწყობს დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბებას. საგულისხმოა, რომ ოჯახი ბავშვს უნდა აღიქვამდეს როგორც სრულფასოვან პიროვნებას და ეს ყველაფერი მას განცდაში ჰქონდეს.
თვითშეფასება ფიქსირებულია თუ სიტუაციურად განპირობებული? იცვლება იგი ჩვენი მიღწევებისა თუ წარუმატებლობების შედეგად?
რსებობს მყარი და არამყარი თვითშეფასება. სიტუაციურად განპირობებულია თვითშეფასება მაშინ , როცა ის არ არის მყარი, თორემ თვითშეფასება რომელიც არის მყარი , ის რა თქმა უნდა არის ფიქსირებულიც. სტაბილური, მყარი თვითშეფასების მქონე პიროვნება არ არის დამოკიდებული წარმატებებსა და მარცხზე , არამედ პირიქით გრძნობს თავდაჯერებულობას, იცის საკუთარი შესაძლებლობები და უნარები , აფასებს თავს ადეკვატურად და ყოველი მარცხის შემდეგ ის საკუთარი თავის მოტივირებას ახდენს, წარუმატებლობა კი მისთვის არის კიდევ ერთი ახალი შესაძლებლობა და არა დეპრესიის მიზეზი.
რა ხდება მაშინ თუ მშობლის გადამატებული ქების შემდეგ ბავშვი განსხვავებულ რეალობას ეჯახება, სადაც შესაძლებელია არ აღიქვამდნენ მას ყველაზე ჭკვიანად ან ლამაზად, იწვევს ეს თვითშეფასების დაქვეითებას?
იმისთვის რომ ქებაც და კრიტიკაც იყოს ეფექტური, ის უნდა იყოს ობიექტური და უნდა ეხებოდეს კონკრეტულ ქმედებას, თვისებას, საქციელს და არა მთლიანი პიროვნების გაიდეალიზებას, თუ ბავშვი მიაჩვიეს, რომ ის არის ყველაზე ლამაზი, ყველაზე ჭკვიანი, შემდგომში მას ჰგონია, რომ ამ ყველაფრის გენერალიზება უნდა მოახდინოს.შესაბამისად ყველაზე სწორი ფორმულირება იქნება , რომ მშობლებმა , ნათესავებმა მიმართონ ბავშვს შემდეგნაირად: „ შენ ჩემთვის ხარ ყველაზე ლამაზი და ჭკვიანი, ან შენ ხარ ჩემი პრინცი და პრინცესა“ეს იქნება მათი სუბიექტური აზრი და გაიმიჯნება ყველას აზრისგან.
როგორია დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი ურთიერთობებში, უჩნდებათ თუ არა არასრულფასოვნების განცდა და რა საშუალებებით შეიძლება ცდილობდნენ კომპენსირებას?
დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანს ურთიერთობებში აქვს საკუთარი არასრულფასოვნების, არასაჭიროების განცდა და მუდმივად საჭიროებს დაუმტკიცონ, რომ ის არის საჭირო და უყვართ. მსგავს ადამიანებს ხშირად აწუხებთ ეჭვები იმის შესახებ თუ რამდენად გულწფელად ეუბნებიან მას კომპლიმენტს, ან ჩუქნიან საჩუქარს. ისინი თითქმის არასდროს იჩენენ ინიციატივას , რადგან მუდმივათ აქვთ უარყოფის შიში.
დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი ხშირად გამოდის ხოლმე მსმენელის როლში,ამასთან იგი ცდილობს დაამტკიცოს საკუთარი საჭიროება სხვადასხვა გზებით, მაგალითად არის შემთხვევები, როცა საყვარელ ადამიანებს მუდმივად საჩუქრებს ჩუქნის, სურს მათ ასიამოვნოს, თითქოს ცდილობს ამით გადაიხადოს საფასური , იმისთვის რომ მასთან ურთიერთობენ და მისგან არ წავიდნენ, ეს არის ის ხშირი სიმპტომატიკა რასაც აწყდება დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანი ურთიერთობაში.
„ყველა გენიოსია, მაგრამ თუ თევზს ხეზე ცოცვის უნარის მიხედვით განსჯი მთელი ცხოვრება იფიქრებს რომ სულელია“ რას ფიქრობთ ალბერტ აინშტაინის ამ ფრაზაზე, ადეკვატური თვითშეფასება ჩვენი უნარების აღმოჩენასა და გამოყენებას ეფუძნება?
ვეთანხმები, რომ ყველა ადამიანი უნდა შეფასდეს საკუთარი უნარებისა და შესაძლებლობების მიხედვით, მნიშვნელოვანია ადეკვატური თვითშეფასებისთვის იცოდე რა არის შენი ძლიერი და სუსტი მხარე.რეალურად თავდაჯერებულმა ადამიანმა იცის საკუთარი თავის შესახებ ინფორმაცია რა გამოსდით და რა არ გამოსდით, რაში არიან ძლიერნი ან სუსტნი, ეს კიდევ დიდი რესურსების მატარებელი ინფორმაციაა , ვინაიდან მათ ზუსტად იციან რა თვისება განავითარონ საკუთარ თავში. ადეკვატური თვითშეფასების ჩამოყალიბებაში ადამიანს ეხმარება საკუთარი უნარების აღმოჩენა და რეალიზაცია.
მოამზადა ანანო ვაშაკიძემ