კატეგორიის გარეშე

გავრცელებული მითები და სტერეოტიპები ფსიქოთერაპიის შესახებ

ანა ცირიკიძე – ფსიქოკონსულტანტი, არტ-თერაპევტი
ფსიქოთერაპიულ პროცესთან და ზოგადად ფსიქოთერაპევტთან დაკავშირებით უამრავი მცდარი შეხედულება არსებობს. იმისათვის რომ სურათი დაინტერესებული ადამიანებისათვის კიდევ უფრო ნათელი გახდეს, ქვემოთ მოცემულ ტექსტში შევეცდები ფსიქოთერაპიაზე  გავცელებულ მითებსა და სტერეოტიპებს შევეხო

  1. ფსიქოთერაპევტები არიან ფსიქიკური ჯანმრთელობის ექსპერტები და რადგან ისინი მუშაობენ კლიენტებთან და ეხმარებიან მათ ამა თუ იმ პრობლემის დაძლევაში, ესეიგი მათ არ აქვთ პირადი პრობლემები.

ფსიქოთერაპევტები, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პროფესიის ადამიანები განიცდიან ყველა იმ  სირთულეს, პრობლემას და გამოწვევას, რასაც ცხოვრება ადამიანებს უმზადებს. ფსიქოთერაპევტობა არ ნიშნავს მათგან გათავისუფლებას და ხელშეუხებლობას. მართალია, კვალიფიციურ ფსიქოთერაპევტები აქვს დიდი თეორიული და პრაქტიკული ცოდნა ფსიქიკურ მდგომარეობებთან და ცხოვრებისეულ მოვლენებთან დაკავშირებით, თუმცა ყველა ადამიანი საკუთარი თავის მიმართ სუბიექტურია, მათ შორის ფსიქოთერაპევტებიც. გარდა სუბიექტურობისა, ადგილი აქვს დაცვით მექანიზმებსაც, რომლებიც ხელს გვიშლიან უსიამოვნო შემთხვევების, ფაქტების, მოგონებების, ემოციების გაანალიზებაში, თვალის გასწორებაში, გადალახვაში.  ასევე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ის ტექნიკა თუ მეთოდი, რომელსაც ფსიქოთერაპევტები იყენებენ კლიენტებთან, არ არის რეკომენდირებული თვითთერაპიისთვის, რადგან ამას შეიძლება უარყოფითი ეფექტიც კი ჰქონდეს. ერთი სიტყვით, ფსიქოთერაპევტები აუცილებლად თავადაც გადიოდეს  ფსიქოთერაპიას, რათა შეინარჩუნოს ფსიქიკური სიჯანსაღე, შეძლოს მართოს საკუთარი ცხოვრებისეული პრობლემები, რათა ეფექტურად იმუშაოს კლიენტების პრობლემებზეც.

  1. ფსიქოთერაპევტთან საკუთარ ემოციებზე და აზრებზე საუბარი ჩემს მდგომარეობას გააუარესებს.

რეალურად, საუბრის  და გამოხატვის დროს, ის უარყოფითი ემოციები და გრძნობები  ძალას კარგავენ, მათი ინტენსივობა მცირდება. საუბრის დროს ჩვენ  გამოგვაქვს გარეთ ის რაც გვაწუხებს და მას ვუყურებთ როგორც მესამე პირი, ამ პერსპექტივიდან ყურებისას კი ბევრად ადვილია რაციონალური და ობიექტური აზროვნება, სიტუაციის სწორად შეფასება, ალტერნატივების დანახვა და ლოგიკური გადაწყვეტილების მიღება.  ამ ყველაფრის ჩამარხვა და  დამალვა,საბოლოოდ იწვევს ფსიქიკის მოწამვლას, რაც საბოლოოდ ვლინდება სხვადასხვა ფსიქოსომატური დაავადებებით.  როგორც ჭრილობის დამუშავებაა საჭირო, რათა ის მოშუშდეს და მორჩეს, ასევეა საჭირო ნებისმიერი ტრავმის  ან უსიამოვნების გაანალიზება, თვალის გასწორება  და მასზე მუშაობა, რათა არ გვქონდეს დაბინძურებული ფსიქიკა.

  1. ფსიქოთერაპევტი მხოლოდ მაშინაა საჭირო თუკი ადამიანს აქვს რამე სერიოზული ფსიქიკური პრობლემა

ფსიქოთერაპევტს შეგვიძლია მივმართოთ როგორც სერიოზული ფსიქიკური პრობლემების დროს, როგორიცაა დეპრესია, სუიციდური აზრები, ობსესურ-კომპულსური აშლილობა, კვებითი აშლილობა, შფოთვა და ა.შ. ასევე, ფსიქოთერაპევტს შეუძლია დაგვეხმაროს მაშინაც თუკი ვდგავართ  სერიოზული ცხოვრებისეული გადაწყვეტილების წინაშე, რადიკალური ცვლილებებია მოსალოდნელი ჩვენს ცხოვრებაში ( ქორწინება, საცხოვრებლის გამოცვლა, ბავშვის დაბადება, განქორწინება…); ფსიქოთერაპევტთან შეგვიძლია მისვლა, როცა უბრალოდ გვსურს საკუთარი თავი უკეთ გავიცნოთ, როცა რაღაცა გვაწუხებს და არ ვიცით რა, როცა შვილთან კონფლიქტი გაქვს, სამსახურეობრივი პრობლემები დროს და ა.შ.

ანუ, არ არის საჭირო სიტუაცია ძალიან დამძიმდეს, რათა ფსიქოთერაპევტის დახმარება გადავწყვიტოთ, სჯობს მოვახდინოთ პრევენცია და თავიდან ავირიდოთ სერიოზული ფსიქიკური პრობლემები. ამავდროულად, საკუთარი თავის კარგად ცოდნა ბედნიერების საწინდარია.

  1. ფსიქოთერაპევტი ძალიან სერიოზულები არიან, ყოველთვის და ყველგან!

ყველა ადამიანი ინდივიდუალურია.შესაბამისად, ზოგი ფსიქოთერაპევტი ძალიან სერიოზულია, ზოგი კი- ძალიან ხალისიანი და კარგი იუმორის მქონე. ზოგთან თერაპია საკმაოდ სერიოზულად და აკადემიურად მიმდინარეობს, ზოგი კი შესაძლოა ეხებოდეს მსუბუქ თემებს, იხსენებდეს სახალისო ისტორიებს და იცინოდეთ ერთად. მეგობრებთან ყოფნისასაც, გააჩნია ფსიქოთერაპევტის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, შესაძლოა მას ძალიან უყვარდეს ხმაურიანი გართობა და ბევრი თავგადასავალი, შესაძლოა კი-პირიქით.

  1. ფსიქოთერაპევტებს ფულს მოსმენაში უხდიან.

ფსიქოთერაპევტი არამხოლოდ ისმენს კლიენტის პრობლემას, არამედ მან იცის როგორ უნდა მოუსმინოს სწორად, რა დროს გააჩეროს კლიენტი, სადამდე შეჰყვეს საუბარში, სად შეაჩეროს სესია; იცის, როდის რა კითხვა უნდა დასვას და მის მიერ შეთავაზებულ ვარიანტებს როგორი ფორმულირება მისცეს. ეს ყველაფერი კი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალოდ მოსმენა! ამის გარდა, ფსიქოთერაპევტები იყენებენ სხვადასხვა ტექნიკებს  ამა თუ იმ პრობლემის გასაცნობიერებლად და გადასალახად.  ეს ყველაფერი კი ძალიან რთულია შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების გარეშე და ოჯახის წევრის ან მეგობრის შემთხვევაში, ყოველთვის ექნება ადგილი სუბიექტურ დამოკიდებულებას, რამაც შესაძლოა ძალიან დააზიანოს ადამიანი.

  1. ფსიქოთერაპევტი იძლევა რჩევებს და გვაძლევს მზა რეცეპტებს.

ფსიქოთერაპევტები არ იძლევიან რჩევებს, ეს აკრძალულიცაა. ისინი შემოიფარგლებიან სწორად ფორმირებული რეკომენდაციებით. ფსიქოთერაპევტი ეხმარება კლიენტს ნაბიჯ-ნაბიჯ მიუახლოვდეს  თავის რეალურ პრობლემას, დაანახოს თავისი ცხოვრება სხვადასხვა პერსპექტივიდან, გადაუშალოს მის წინ არსებული ალტერნატივები  და რაც მთავარია, ფსიქოთერაპევტი კლიენტს აძლევს არჩევანის თავისუფლებას. ასე რომ, ფსიქოთერაპევტთან ვიზიტი არ ნიშნავს ცხოვრების მომენტალურად გაუმჯობესებას,თქვენ მზად უნდა იყოთ მოკლევადიანი ან გრძელვადიანი მუშაობისთვის საკუთარ თავზე.

  1. ფსიქოთერაპევტი კითხულობს სხვების აზრებს და მაშინვე შეუძლია ადამიანის სრულად ამოცნობა.

ფსიქოთერაპევტებს არ  გააჩნიათ სუპერ ძალა. შეუძლებელია ადამიანის დანახვისთანავე მისი სრულად „ გაშიფვრა“.  ამას განაპირობებს ისიც, რომ ადამიანის ფსიქიკა უზომოდ დიდი ფენომენია და ჯერ კიდევ შეუსწავლელია მეცნიერების მიერ, შესაბამისად რეალობას მოკლებულია ის ფაქტი,რომ რომელიმე სპეციალობის ადამიანს შეუძლია ადამიანის „სკანირება“ და მისი ნათელი და ბნელი მხარეების დანახვა. კლიენტთან მუშაობის დროსაც დაახლოებით 5 შეხვედრა ეძღვნება მასზე გარკვეული წარმოდგენის შექმნას და ეს არის ძალიან საპასუხისმგებლო საქმე.

  1. ფსიქოთერაპევტები არ ბრაზდებიან, არ ტირიან, არ არიან მოწყენილები; ყველა სიტუაციაში ადვილად ადაპტირდებიან და ყველა ადამიანს ერგებიან.

ყველაფერი დამოკიდებულია ინდივიდუალურ მახასიათებლებზე,ზოგი ფსიქოთერაპევტი ძალიან ემოციური და მგრძნობიარეა, არ უყვარს ხმაურიანი გართობები, არის გულჩვილი, ადვილად ტირის, სამსახურის მერე ურჩევნია სახლში იყოს მარტო და დაისვენოს, ვიდრე კვლავ  ხალხთან ჰქონდეს კომუნიკაცია. ზოგი კი -პირიქით…

  1. ფსიქოთერაპევტი ვალდებულია ყველას დაეხმაროს.

ფსიქოთერაპევტი არის ფსიქოთერაპევტი თავის სამსახურში და თავის კლიენტებთან, სხვა ყველა შემთხვევაში მას აქვს სრული უფლება მთელი დრო დაუთმოს საკუთარ თავს და გაატაროს ისე, როგორც სურს. დამატებით დაეხმარება თუ არა ადამიანებს, მოუსმენს თუ არა მათ პრობლემებს და ა.შ. დამოკიდებულია მის კეთილ ნებაზე.

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81