კატეგორიის გარეშე

მანდალა თერაპია – საკუთარ არაცნობიერთან საუბრის შემოქმედებითი პროცესი

ანუკი ნაცვლიშვილი – მხატვარი, მანდალა თერაპევტი, გეშტალტ თერაპევტი.

საინტერესო, მაგიური, ემოციური, კრეატიული, სასიამოვნო, სარელაქსაციო, განმათავისუფლებელი, აღმოჩენებით სავსე, დამაფიქრებელი, გამაოცებელი, გულისამაჩუყებელი, ეს ჩამონათვალი დაუსრულებელია ჩემთვის და იმ ადამიანისთვისაც, ვინც თერაპიის ფარგლებში თავის ინდივიდუალურ მანდალას ქმნის.

არ ვიცი, დავინტერესდებოდი თუ არა ფსიქოთერაპიის ამ მიმართულებით, მხატვარი რომ არ ვყოფილიყავი და შემოქმედებითი პროცესი ჩემთვის ასეთი ორგანული რომ არ ყოფილიყო, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ დღეს შემიძლია მანდალა თერაპიის საშუალებით დავეხმარო ადამიანებს.

ეს არის საკუთარ თავში მოგზაურობის საოცარი თავგადასავალი. ადამიანი უმეტეს შემთხვევაში გაუცნობიერებლად ხატავს, დაუფიქრებლად ირჩევს ფერებს, ფორმებს და მანდალას მაგიურ წრეში ქაღალდზე გადმოაქვს საკუთარი მდგომარეობა, შემდეგ კი თავად, თერაპევტის მინიმალური დახმარებით და მანდალას საშუალებით უამრავ რამეს აცნობიერებს.

რა არის მანდალა?

მანდალა სანსკრიტზე წრეს/დისკს ნიშნავს.

თუ დაუკვირდებით, ეს გეომეტრიული ფორმა ყველგან და ყველაფერში გვხვდება. წრე, როგორც სიმბოლო, უძველესი დროიდან მოგვყვება, ერთ-ერთი მაგალითი სხვადასხვა კულტურაში გავრცელებული ქვის ხანის კედლის მხატვრობაა. ასევე გვხვდება ფრესკებში რელიგიური თუ რიტუალური დატვირთვით.

თვალს თუ გადავავლებთ კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობას, უამრავ წრეში მოთავსებულ და ასევე წრის გამოყენებით შექმნილ სიმბოლოს ვნახავთ.

ალქიმიური, ჰერმეტული, რელიგიური, მაგიური და სხვა დატვირთვის მქონე სიმბოლოები ჩვენი არსებობის განუყოფელი ნაწილია.

სიმბოლოები, მათ შორის მანდალაც, არავერბალური კომუნიკაციის საშუალებაა. ქვეცნობიერი მანდალისა და მასში მოთავსებული სიმბოლოების, ფერებით და ფორმების საშუალებით გვესაუბრება და გვიყვება იმაზე, თუ რა ხდება ჩვენში.

საიდან გაჩნდა მანდალა ფსიქოთერაპიაში?

მანდალას ფსიქოთერაპიაში გაჩენა ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანის, კარლ გუსტავ იუნგის სახელს უკავშირდება. ალბათ თვალში მოგხვდათ, რომ მას ადამიანი ვუწოდე და არა ფსიქოლოგი, ფსიქიატრი, ფსიქოთერაპევტი ან ფსიქოანალიტიკოსი, რადგან ის ჩემთვის ბევრად მეტია, ვიდრე უბრალო სტატუსის მიმნიჭებელი სიტყვები. მისი შრომები ყოველთვის შთამაგონებს, ამიტომ ვთვლი, რომ მანდალა თერაპიის შესწავლა არ იყო ჩემთვის შემთხვევითი გადაწყვეტილება.

იუნგის მანდალასთან შეხება აღმოსავლეთში მოგზაურობისას მოხდა. მისი წყალობით გახდა მანდალა ფსიქოთერაპიის ინსტრუმენტი და მანდალა თერაპიის დამფუძნებლადაც იუნგი ითვლება.

მანდალა თერაპიის უამრავი მეთოდი არსებობს. ყოველ მათგანს თავისი ფუნქცია და მიზანი აქვს.

მანდალას ვხატავთ, ვქმნით ბუნებრივი მასალებისგან, ვჭრით ქაღალდისგან და ვსერავთ მუყაოზე, ვაკეთებთ კოლაჟებს, ვძერწავთ, ვწნით და ვქსოვთ, ვმუშაობთ ტექსტის საშუალებითაც.

არსებობს მედიტაციური მანდალა თერაპიაც –  როცა ვმედიტირებთ და შემდეგ ვქმნით მანდალას.

მანდალას დიაგნოსტირების მეთოდი რამდენიმენაირია.

მანდალა თერაპია მთელი სამყაროა, უძირო, როგორც ოკეანე და უსასრულო, როგორც კოსმოსი, ზუსტად ასეთივეა ჩვენი არაცნობიერიც.

და ბოლოს ისევ და ისევ კარლ გუსტავ იუნგის სიტყვებით დავასრულებ:

„ყოველ დილას ჩემს ჩანაწერების წიგნაკში, პატარა წრის “მანდალას” ჩანახატს ვაკეთებდი, რომელიც იმ მომენტისათვის ჩემში არსებულ მდგომარეობას გამოხატავდა… და მხოლოდ თანდათან აღმოვაჩინე, რომ მანდალა სინამდვილეში არის: თვითობა, პიროვნების მთლიანობა, რომელიც თავს მაშინ იჩენს, როცა ყველაფერი ჰარმონიულად ხდება“.

 

 

 

 

 

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81