ნინი ბრეგვაძე – სიზმარების შესახებ

0

ნინი ბრეგვაძე – ფსიქოლოგი, დღის ცენტრის “ბავშვი ოჯახის საზოგადოების” სპეცმასწავლებელი

სიზმარი ჩვენი ცხოვრების თანმხლებია. ხშირად უცნაური, არარეალური და წარმოუდგენელი შინაარსის მქონე. სიზმრები ხან გვაშინებს, გვახალისებს და გაურკვევლობაში გვაქცევს. ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ადამიანები განსხვავებულად ცდილობენ ახსნან საკუთარი და სხვისი სიზმრები. ნაწილი თვლის, რომ ეს წინასწარმეტყველებაა, ზოგს სჯერა, რომ აუცილებლად კარგად ან ცუდად აუხდება ესა თუ ის სიზმარი, ზოგი მოსალოდნელი უბედურების თავიდან აცილების მიზნით წყალს უყვება, ნაწილი კი საკუთარ თავსაც კი უმალავს ნანახ სიზმარს. ხშირად მესმის მსგავსი შეკითხვები ,,რას ნიშნავს სიზმარში ნანახი გველი?” ,, ამღვრეული წყალი ვნახე სიზმარში და რამე ცუდი მოხდება?” ,,ძაღლი მიღრენდა სიზმარში და რას ნიშნავს?” და სხვა მრავალი. მესმის როგორ ცდილობენ საკუთარი თუ სხვების სიზმრების ახსნას. ადამიანების ნაწილს სჯერა, რომ თუ სიზმარში გველი ნახა მაშინ ვიღაცის გარდაცვალების შესახებ შეიტყობს ან თუ ძაღლი უღრენს სიზმარში მეგობართან იჩხუბებს და არსებობს კიდევ მრავალი მოსაზრება, რომელზე საუბარიც შორს წაგვიყვანს. ხშირად სიზმრისადმი მსგავსი დამოკიდებულების გამო სრულიად გაუცნობიერებლად ვიქმნით განწყობას, რომლის გამოც რაღაც ცუდი ან კარგი აუცილებლად მოხდება და ხშირად ვამართლებთ ამ ჩვენს მიერ შექმნილ მოლოდინს. მაგალითად თუ სიზმარში ნახავ წითელი ფერის მანქანას, რომლიდანაც საშიში დამნაშავე გადმოდის და საფრთხეს გიქმნით თქვენ ან თქვენს ახლობელ ადამიანს და თუ თქვენ გაქვთ ცნობიერი თუ გაუცნობიერებელი მოლოდინი, რომ რაღაც ცუდი აუცილებლად მოხდება, მაშინ მთელი დღის განმავლობაში ქუჩაში, სამსახურში, სახლთან და ა.შ. ყველგან შეამჩნევთ წითელ ავტომობილს, რომელსაც სხვა სიტუაციაში ვერც კი შეამჩნევდით. თუ გჯერა რომ სიზმარში ნანახი გველი გარდაცვალებას ნიშნავს მაშინ აუცილებლად შეიტყობ ახლობელი ან სრულიად უცნობი ადამიანის გარდაცვალების შესახებ, თუ გჯერა რომ ძაღლი, რომელიც სიზმარში გიღრენდა მეგობართან უთანხმოების ნიშანი იყო, მაშინ შენი არაცნობიერი აუცილებლად გამონახავს მასთან კონფლიქტის მიზეზს, მომხდარი ფაქტი კი ავტომატურად დაკავშირდება ნანახ სიზმართან. ამას აკეთებს ჩვენი ფსიქიკა, რათა ჩვენი მოლოდინები გამართლდეს და ასე გრძელდება. ჩვენ თავს ყოველ ჯერზე ვუმტკიცებთ, რომ ჩვენი სიზმრები ხდება კარგად ან ცუდად.
რეალურად კი ჩვენ სიზმრებში ვხედავთ ჩვენი არაცნობიერიდან ,,ამოპარულ” შინაარსებს. სიზმარში ნანახი ყველა დეტალი გვიკავშირდება ჩვენ, ეს არის ჩვენი ცხოვრების განმავლობაში დაგროვებული, არაცნობიერში განდევნილი მატრამვირებელი შინაარსები, ემოციები, მოგონებები, შეგრძნებები, სურვილები და ა.შ. რომლებიც ჩვენმა ცნობიერმა არასასურველად, საშიშად, მიუღებლად ან მტკივნეულად ჩათვალა და უბრალოდ არაცნობიერში გადამალა, ამით ცნობიერი ცდილობს დაგვიცვას ტკივილის, დისკომფორტისგან, სინდისის ქენჯნისა და სხვა უსიამოვნო შეგრძნებებისგან (რამდენად სრულყოფილად ახერხებს და რა მექანიზმები მოქმედებს ამაზე ამჯერად ნუ შევჩერდებით). ღვიძილის მდგომარეობაში ამ შინაარსების შესახებ არაფერი ვიცით, ისინი ხომ ჩაკეტილი გვყავს არაცნობიერში. თუმცა რა თქმა უნდა უმოქმედოდ არ არიან, მუდმივად ცდილობენ იქედან გამოსვლასა და ჩვენთვის თავის შეხსენებას, თუმცა ცნობიერის კონტროლის გამო ღვიძილის მდგომარეობაში იქედან ამოღწევას ვერ ახერხებენ და სხვა სახით ზემოქმედებენ ჩვენს თითოეულ ქცევასა თუ გადაწყვეტილებაზე. თუმცა ძილში, მაშინ როდესაც ცნობიერების კონტროლი სუსტდება, არაცნობიერიდან ჩვენი ტრამვები/ მოგონებები, არაცნობიერი შინაარსები იპარებიან და სიზმრის სახით ვხედავთ. იმის გამო, რომ ძილის დროს ცნობიერის კონტროლი სრულიად კი არ ქრება არამედ სუსტდება არაცნობიერში არსებული შინაარსები არა მათი რეალური სახით, არამედ შენიღბული/ შეცვლილი სახით იპარებიან და აღწევენ ჩვენს ცნობიერში, ასე მათი რეალური შინაარსის აღქმა ხშირად შეუძლებელია და ვფიქრობთ, რომ ,,სისულელე” დაგვესიზმრა, თუმცა ხშირად ყველაზე სულელური სიზმარი ყველაზე მეტს გვიყვება საკუთარი თავის შესახებ. უფრო გასაგები, რომ იყოს განვიხილოთ ერთი მაგალითი: ვთქვათ ადამიანმა დაკარგა მისთვის ძალიან ახლობელი ადამიანი, რომლის დაკარგვა დიდი დროის გასვლის მიუხედავად მისთვის მოუშუშებელ ჭრილობას წარმოადგენს (თუმცა ერთი შეხედვით შესაძლოა მის მიერ ეს ტკივილი არც კი ცნობიერდებოდეს და ფიქრობდეს, რომ ამ ფაქტს შეეგუა). მას შესაძლოა დაესიზმროს არა ეს ადამიანი და მისი დაკარგვით გამოწვეული ტკივილი არამედ შესაძლოა დაესიზმროს მისი საყვარელი სათამაშო, რომელიც ბავშვობაში გაუტყდა ან დაესიზმროს, რომ იტკინა მუხლი და ეხლა მის გამო წუხს და ტირის, ან სხვა სიტუაციაში მისი ეს საყვარელი სათამაშო ქონდა არა მას არამედ მის მეზობელს, ნათესავს და ა.შ. ამ დროს ადამიანი იღვიძებს და ამბობს რა უაზრო სიზმარი ვნახე, რა უნდოდა ჩემ საყვარელ სათამაშოს წლების განმავლობაში უნახავ მეზობელთან, რამ გამახსენა ის ან საერთოდ რა შუაში იყო ჩემი მუხლის დაზიანება და ტირილი ამ ყველაფერთან. ფაქტობრივად ეს არის სიზმარი, რომელსაც თითქოს არავითარი კავშირი არ აქვს რეალობასთან, თუმცა მისი რეალური შინაარსი სრულიად სხვა რამეს გვახსენებს უბრალოდ მოგონებები სახე შეცვლილი გვეჩვენა სიზმარში.
სიზმარში შესაძლოა ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე განცდილი ემოციები ისე დაუკავშირდეს ერთმანეთს, რომ სრულებით გაუგებარი და წარმოუდგენელი შინაარსები იქმნება. გვესიზმრება, რომ ხან წარსულში ვართ, ხან აწმყოში ან მომავალში, ერთდროულად რამდენიმე ადგილზე ვართ, ქრებიან და ჩნდებიან პერსონაჟები, თითქოს ყველაფერი ირევა და ბოლოს ვერ ვხვდებით რა მოხდა. სწორედ ეს ხდება ზრდასრულის სიზმრებში.
უნდა ვთქვათ, რომ ერთმანეთისგან განსხვავდება ბავშვისა და ზრდასრულის სიზმრები. ბავშვის სიზმარი ძალიან მარტივია, ზუსტად გადმოცემს იმ სურვილებს/ მოთხოვნილებებს ან დღის განმავლობაში ნანახ ამბებს, მძაფრ შეგრძნებებს. მაგალითად თუ ბავშვს მთელი დღის განმავლობაში (ან მის რაღაც მონაკვეთში) ძალიან უნდოდა კანფეტი, სიზმარში ნახავს როგორ უყიდა დედამ და როგორ გემრიელად მიირთმევს, ან თუ ეზოში ნანახი ძაღლის ძალიან შეეშინდა სიზმარშიც იგივეს ნახავს. ის სიზმარში გადმოცემს მის მძაფრ ემოციებსა და სურვილებს/ მოთხოვნილებებს. ხოლო ზრდასრულის სიზმრები ძალიან რთული და მრავალ კომპონენტიანია. აქ თავმოყრილია მთელი ცხოვრების განმავლობაში დაგროვებული შინაარსები. ჩვეულებრივ პირობებში სიზმრის ნამდვილი შინაარსის გაცნობიერება ფაქტობრივად შეუძლებელია. მისი გაცნობიერება და რეალური შინაარსების პოვნა ძირითადად ფსიქოთერაპიული სეანსების დროს ხდება. ამ შინაარსების გაცნობიერებას კი საოცარი შედეგები აქვს.
არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ სიზმრები არ ესიზმრებათ ან არ ამახსოვრდებათ. მართალია არ ამახსოვრდებათ თუმცა ხედავენ. ეს ნიშნავს, რომ არაცნობიერთან ნაკლები კონტაქტი აქვს, მას იმდენად ღრმად აქვს ,,გადამალული” სხვადასხვა მატრამვირებელი მოგონებები, რომ სიზმარში ნანახსაც კი ივიწყებს მისი ცნობიერი.
სიზმრები ძალიან საინტერესო და ჩვენს შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაციის მატარებელია. ის გვიყვება საკუთარი თავის, დამოკიდებულებების, შეგრძნებების, რეალური მოთხოვნილებების, შიშებისა და ა.შ. შესახებ. ხოლო რაც შეეხება სიზმრის ახსნის გავრცელებულ ფორმებს ვფიქრობ ნაკლებ რეალურია, სიზმარში ნანახი ერთიდაიგივე ობიექტი, ცხოველი თუ საგანი ყველა ადამიანისთვის სრულიად სხვადასხვა შინაარსის მატარებელია. მაგალითად სიზმარში ნანახი ძაღლი, რომელი ვიღაცას უღრენს, კბენს და ა.შ. ერთი ადამიანისთვის შესაძლოა იყოს რაღაც მიუღებელ შინაარსთან ბრძოლის და მის თავიდან მოშორებას მცდელობა, ვიღაცისთვის მატრამვირებელი მოგონების გახსენების მცდელობა, სხვა ადამიანისთვის ახალი ეტაპის დაწყების მანიშნებელი და ა.შ. ყველას სიზმარი განსხვავებულია ისევე, როგორც მათი გამოცდილება და მოგონებები, შესაბამისად რაღაც ერთი მიდგომით სიზმრების ახსნა შეუძლებელია და ბოლოს როგორც ფროიდი ამბობდა ,,ხანდახან სიზმარში ნანახი ჩიბუხი უბრალოდ ჩიბუხია”.
რას ნიშნავს ესა თუ ის სიზმარი ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა შეუძლია მხოლოდ თავად იმ ადამიანს, რომელმაც ეს სიზმარი ნახა და არავის სხვას. ფსიქოთერაპევტი კი მხოლოდ დამხმარეა მისთვის, ის არის ადამიანი, რომელიც ეხმარება სიზმრის ნამდვილი შინაარსისკენ მიმავალი გზის ჩვენებაში.

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81