ანალიზული ფსიქოლოგიაკომპლექსი

იუდას კომპლექსი

იუდას კომპლექსში: 1 – ჩვენ მოვიაზრებთ რელიგიური ადამიანის აგრესიას იუდას დანაშაულებრივი ქცევის მიმართ და 2 – ამ კომპლექსს ნებისმიერი დანაშაულისადმი ზემგრძნობელობის რეაქციაც ახლავს, ანუ პირველი ასპექტი ესაა თავდასხმა იუდაზე, ხოლო მეორე – რეაქცია საკუთარ დანაშაულზე. ერთი შეხედვით საქმე გვაქვს
2. განსხვავებულ ქცევასთან, მაგრამ ორივე შემთხვევაში ერთი და იგივე კომპლექსი მოქმედებს.  პირველი ქცევა დანაშაულის გაკიცხვისკენაა მიმართული, მეორე შემთხვევაში კი ხდება დანაშაულისადმი ერთგვარი დამორჩილება. ყველა მორწმუნე ადამიანის არაცნობიერი თავის თავში მოიცავს დანაშაულებრივ ტიპს, ანუ იუდას. როცა სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას წარმოიშვება დანაშაულებრივი კავშირები, ეს ტიპი ამხედრდება და შესაფერის რეაქციას შესაბამისი ფორმით გამოხატავს.

ფოლკლორში ხშირად შევხვდებით ისეთ ფაქტებს,  როცა ადამიანებს თავიანთი აგრესია იუდას გამოსახულებაზე გადააქვთ. ხალხური დღესასწაულების კულმინაციურ მომენტში ხალხი წვავს „გამცემის“ ხატს. ამით არაცნობიერი შვებას პოულობს და ადამიანი შინაგანი დაძაბულობისგან თავისუფლდება. იუდას საქციელი იქცევა საფუძვლად იმისა, რომ ადამიანმა საკუთარი დანაშაულის გრძნობა შეიმსუბუქოს და შვება მოჰგვაროს ფსიქიკას. იუდას კომპლექსისთვის დამახასიათებელია ისიც, რომ მორწმუნემ ერთგვარი გამართლება
მოუძებნოს იუდას საქციელს და იფიქროს, რომ ამის გარეშე იესოს მოწამეობრივი გზა ვერ
განხორციელდებოდა და გამცემის საქციელი მიაწეროს საღვთო განგებას.

კარლ იუნგის ანალიზური ფსიქოლოგის საშუალებით შეგვიძლია თვალი მივადევნოთ იუდას კომპლექსის განვითარებას. იუნგი ცდილობს გააანალიზოს მოღალატე გმირი და ამისთვის ირჩევს ანატოლ ფრანსის მოთხრობის „ეპიკურეს ბაღის“ ერთ-ერთ პერსონაჟს. ნაწარმოები მოგვითხრობს მოძღვარზე, რომელიც შეწუხებული და დაინტერესებულია იუდას საბოლოო ხვედრით. მას აინტერესებს დაისჯებოდა თუ არა იგი (როგორც ამას ეკლესია გვასწავლის), თუ უფალი შეუნდობდა მას. მოძღვრისთვის მისაღები იყო მეორე ვერსია, მაგრამ სურდა, უფლისგან ნიშანი მიეღო იმის დასტურად, რომ იუდა გადაურჩა სამუდამო სატანჯველს.

იუნგი აქ სვამს ასეთ კითხვას: რატომ აღელვებდა მოძღვარს ასე იუდას ბედი? და თვითონვე პასუხობს: თავად მოძღვარი ემზადებოდა გაცემისა და ღალატისთვის და რადგან ამ გარემოებამ მას დანაშაულის გრძნობა გაუღვივა, სურდა უფლისგან მიეღო გარანტია, რომ ცოდვა მიეტევებოდა. სწორედ ამიტომ მან თავისი დანაშაული იუდაზე გადაიტანა. ეს იყო ისკარიოტელთან პათოლოგიური იდენტიფიკაცია. სინამდვილეში მას იუდა კი არა საკუთარი ბედი აღელვებდა და თავის გადარჩენა სურდა.

ეს ისტორია იუდას კომპლექსის მრავალმხრივობის მაგალითია. ის გამოხატავს პირადი დანაშაულის გამართლების, ან გასამართლების არაცნობიერ ტენდენციას. ინდივიდი სვამს შეკითხვას „ვარ დამნაშავე?“, ან „შემიძლია გავხდე დამნაშავე?“. ასეთ შეკითხვებს თავისთავად დანაშაულის გრძნობა ბადებს, რომელიც აუცილებლად ჩართავს თვითგამართლების სისტემას.

წყარო

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81