ანი ახმეტელი – კლინიკური ფსიქოლოგი, ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპიის ფასილიტატორი
ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება ცნობილი ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპია. თუმცა ყველასთვის როდი არის მოძიებული ინფორმაცია, კომპეტეტური და სანდო წყაროსგან. შედეგად, ხშირად ხდება ჰოლოტროპული სუნთქვითი მეთოდის, როგორც ფსიქოთერაპიული ტექნიკის გაუფასურება, ინტერნეტში მოძიებული ფორუმების, თუ ვიდეო რგოლების ნახვის შედეგად ან სუბიექტური გამოცდილების მოსმენით, რაც თავისთავად უფრო მეტ გაურკვევლობას და დაბნეულობას იწვევს.
ამიტომ მსურს გაგიზიაროთ, როგორც ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპიის ფასილიტატორმა, ობიექტური და კომპეტენტური ინფორმაცია ჰოლოტროპული სუნთქვის, როგორც ფსიქოთერაპიული ტექნიკის შესახებ.
10 წლის მანძილზე საკმარისი გამოცდილება დამიგროვდა ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპიის მონაწილეებთან და პოტენციურ დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობისას. ერთი რამ ცხადია, ძალიან რთულია ობიექტურად იმსჯელო ჰოლოტროპზე, მის დადებით თუ უარყოფით მხარეზე, თუ კომპეტენტური ფასილიტატორისგან არ მიგიღია საჭირო ინფორმაცია ან თავად არ გაქვს გამოცდილი ეს მეთოდი. დანარჩენი სხვა წყარო, სუბიექტურ და არასრულ წარმოდგენას ქმნის, ჰოლოტროპული სუნთვის, როგორც თერაპიული ტექნიკის შესახებ.
სანამ სტატიის წერას დავიწყებდი გადავწყვიტე, მცირედი კვლევა ჩამეტარებინა პოტენციურად, ჰოლოტროპით დაინტერესებულ პირებთან და იმ კითხვებზე გამეცა ამ სტატიაში პასუხი, რაც მომხმარებელს უჩნდება სესიაზე მოსვლამდე. გამოვყავი რამდენიმე ძირითადი, აქტუალური საკითხი, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
პირველი და უმნიშვნელოვანესი, რაც დაინტერესებულმა პირმა უნდა მოიძიოს, არის ინფორმაცია ფასილიტატორის კომპეტენტურობის შესახებ. ტრანსპერსონალური ფსიქოთერაპიისა და ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპიის შემქმნელის, თავად სტანისლავ გროფის მიერ შემუშავებული, ჰოლოტროპის ფასილიტატორის სახელმძღვანელოს მიხედვით, ჰოლოტროპული სუნთქვის ფასილიტატორი, აუცილებლად უნდა იყოს კლინიკური ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი, რომელთაც აქვთ აკადემიური ცოდნა ადამიანის ფსიქოლოგიურ თუ ემოციურ განსხვავებებზე, მდგომარეობებსა თუ აშლილობებზე. ასევე უნდა ჰქონდეს მრავალწლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, ჰყავდეს სუპერვიზორი და თავად იყოს პირად თერაპიაში. ის უნდა უზრუნველყოფდეს ყველა მონაწილისთვის, საჭირო ემოციურ, ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ უსაფრთხო სივრცეს, რომელიც თავისუფალი იქნება განსჯისგან და შეფასებისგან. ყოველივე ზემოხსენებული, ჯაჭვური რეაქციით უზრუნველყოფს ნდობის ჩამოყალიბებას და ეფექტური ფსიქოთერაპიული სივრცის შექმნას, სადაც ყველა მონაწილეს თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა ჩაერთონ თერაპიულ პროცესში, გააცნობიერონ მნიშნელოვანი საკითხები და განახორციელონ საჭირო ცვლილებები.
შემდეგი საკითხი გახლავთ, შეუძლია თუ არა ყველა დაინტერესებულ პირს მიიღოს მონაწილეობა ჰოლოტროპული სუნთქვის თერაპიაში. პასუხი არის არა. ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპია ეკოლოგიურია და უსაფრთხოა, თუ ადამიანს არ აწუხებს სისხლ-ძარღვოვანი დაავადებები, არ არის ონკოლოგიური პაციენტი, არ აქვს რაიმე სახის ფსიქიკური აშლილობა და არ იღებს ფსიქოტროპულ პრეპარატებს. სტანდარტულად სანამ ჰოლოტროპულ სესიაზე მოვა მონაწილე, ის გადის ე.წ. პირველად სკრინინგ კონსულტაციას ფასილიტატორთან (ან სატელეფონო კონსულტაციას), რა დროსაც ფასილიტატორი ეცნობა მონაწილის ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას, რა მიზნით მოდის სესიაზე, რა არის მისი თერაპიაში ჩართვის მიზანი და სხვ. მხოლოდ ამის შემდეგ, ეს პიროვნება ერთვება ჰოლოტროპული სუნთქვის ძირითად სესიებში. სესიებამდე ეს ეტაპი მნიშვნელოვანია, როგორც მონაწილისთვის, ასევე ფასილიტატორისთვის, რომ იყოს ორმხრივი ინფორმირებულობა და უსაფრთხოების განცდა.
როგორც ჰოლოტროპის ფასილიტატორი გეტყვით, რომ ჰოლოტროპულ სუნთქვით თერაპიას შემთხვევით არავინ ირჩევს. მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, ჰოლოტროპის მონაწილეები, უმეტესად, პიროვნული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი პირები არიან, რომლებიც მზად არიან იმუშაონ საკუთარ თავზე, გააცნობიერონ ის კომპლექსები, განუცდელი ემოციები და ა.შ., რაც ხელს უშლით მათ, საკუთარ ცხოვრებაში „აქ და ამჟამად“ არსებული გამოწვევების გადალახვასა და წინსვლაში. შესაბამისად ყველა მონაწილის ჰოლოტროპული გამოცდილება განსხვავებულია და ერთი პიროვნების ჰოლოტროპული გამოცდილებით, ვერ იმსჯელებთ, როგორი იქნება თქვენი ჰოლოტროპული მოგზაურობა. ეს, არავინ იცის, თქვენი ფსიქიკის არაცნობიერი ნაწილის გარდა. კონკრეტული პიროვნების შემთხვევაშიც კი, არც-ერთი სუნთქვითი სესია არ გავს ერთმანეთს და ყოველი მათგანი უნიკალურია. მთავარია თქვენს გვერდზე გამოცდილი ფასილიტატორი გყავდეთ.
რა შემთხვევაში შეგიძლიათ აირჩიოთ ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპია და რა შედეგს უნდა ელოდოთ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია, რომლითაც ყველა ინტერესდება. ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ალბათ, კიდევ ცალკე სტატიას საჭიროებს, თუმცა მოკლედ პასუხი ასე ჟღერს. როგორც ზემოთ ავღნიშნე, თუკი ხართ პიროვნულ განვითარებაზე ორიენტირებული, გსურთ განსხვავებული კუთხით დაინახოთ თქვენს ცხოვრებაში არსებული მოვლენები, რომელნიც მოქმედებენ თქვენს არჩევანზე, წარუმატებლობასა თუ წარმატებაზე ნებისმიერ სფეროში, ყოველთვის სვამთ კითხვას – რატომ ხდება თქვენს ცხოვრებაში არსებული მოვლენები გარკვეული მიმართულებით და არა სხვაგვარად, გსურთ აღმოაჩინოთ თქვენი შინაგანი რესურსები, ახალი გამოწვევების გადასაჭრელად, განიტვირთოთ სხეულში დალექილი ნეგატიური შეგრძნებებისგან და განუცდელი ემოციებისგან, მიიღოთ განსხვავებული თერაპიული გამოცდილება, ჩაუღრმავდეთ საკუთარ თავს, სურვილებსა და სხვ. ასეთ შემთხვევაში შეგიძლიათ ჩაერთოთ თერაპიულ პროცესში. მისი მაქსიმალური ეფექტურობა, თითოეული პიროვნების შემთხვევაში სხვადასხვა არის და ერთი კონკრეტული ფორმით არ ვლინდება. ის პიროვნების მიზნიდან ან საჭიროებიდან გამომდინარეობს. ძალიან ზოგადად, თერაპიული შედეგის მიღება. რამდენიმე დონეზე ხდება, რომელიც მონაწილის მიზანთან არის კავშირში. კერძოდ, განთავისუფლება (ნეგატიური შეგრძნებებისგან, ემოციებისგან, დაძაბულობისგან), მიღება/აღმოჩენა (ახალი გაცნობიერებები და რესურსების აღმოჩენა) და კავშირის აღდგენა/ინტეგრაცია (პიროვნებისთვის მნიშვნელოვანი კავშირების აღდგენა საკუთარ თავთან, სხეულის რესურსებთან, გონებასა და ემოციებთან). თიოეული პიროვნების შემთხვევაში ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპიის ეფექტი რომელიმე ზემოხსენებულ დონეზე მიიღება ან შესაძლოა სამივე დონეზე მოხდეს. დიდი მნიშვნელობა ენიჭება სუნთქვითი სესიის შემდეგ, ე.წ. განხილვის ბლოკს, სადაც მონაწილეები საკუთარ ჰოლოტროპულ გამოცდილებას განიხილავენ ფასილიტატორთან ერთად, რათა მოხდეს პიროვნებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის გაცნობიერება და საჭირო ცვლილებების ინტეგრირება პიროვნების ყოველდღიურ ცხოვრებაში. სრული გაცნობიერების პროცესი, ჰოლოტროპული სესიების დასრულებიდან, მინიმუმ ერთი თვის მანძილზე მიმდინარეობს და საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერ მონაწილეს აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს ფასილიტატორთან ინდივიდუალური სესიით.
იმედი მაქვს, ზემოხსენებული ინფორმაცია დაგეხმარებას შეარჩიოთ, თქვენთვის სანდო და მისაღები ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპიული სივრცე, საკუთარ თავში მოგზაურობის, ამ ერთობ მნიშვნელოვან პროცეში.