ანი ახმეტელი – კლინიკური ფსიქოლოგი, ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპიის ფასილიტატორი
ბოლო პერიოდში სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანისთვის ხდება ცნობილი ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპია. თუმცა ყველასთვის როდი არის მოძიებული ინფორმაცია, კომპეტეტური და სანდო წყაროსგან. შედეგად, ხშირად ხდება ჰოლოტროპული სუნთქვითი მეთოდის, როგორც ფსიქოთერაპიული ტექნიკის გაუფასურება, ინტერნეტში მოძიებული ფორუმების, თუ ვიდეო რგოლების ნახვის შედეგად ან სუბიექტური გამოცდილების მოსმენით, რაც თავისთავად უფრო მეტ გაურკვევლობას და დაბნეულობას იწვევს.
ამიტომ მსურს გაგიზიაროთ, როგორც ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპიის ფასილიტატორმა, ობიექტური და კომპეტენტური ინფორმაცია ჰოლოტროპული სუნთქვის, როგორც ფსიქოთერაპიული ტექნიკის შესახებ.
10 წლის მანძილზე საკმარისი გამოცდილება დამიგროვდა ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპიის მონაწილეებთან და პოტენციურ დაინტერესებულ პირებთან ურთიერთობისას. ერთი რამ ცხადია, ძალიან რთულია ობიექტურად იმსჯელო ჰოლოტროპზე, მის დადებით თუ უარყოფით მხარეზე, თუ კომპეტენტური ფასილიტატორისგან არ მიგიღია საჭირო ინფორმაცია ან თავად არ გაქვს გამოცდილი ეს მეთოდი. დანარჩენი სხვა წყარო, სუბიექტურ და არასრულ წარმოდგენას ქმნის, ჰოლოტროპული სუნთვის, როგორც თერაპიული ტექნიკის შესახებ.
სანამ სტატიის წერას დავიწყებდი გადავწყვიტე, მცირედი კვლევა ჩამეტარებინა პოტენციურად, ჰოლოტროპით დაინტერესებულ პირებთან და იმ კითხვებზე გამეცა ამ სტატიაში პასუხი, რაც მომხმარებელს უჩნდება სესიაზე მოსვლამდე. გამოვყავი რამდენიმე ძირითადი, აქტუალური საკითხი, რაც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
პირველი და უმნიშვნელოვანესი, რაც დაინტერესებულმა პირმა უნდა მოიძიოს, არის ინფორმაცია ფასილიტატორის კომპეტენტურობის შესახებ. ტრანსპერსონალური ფსიქოთერაპიისა და ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპიის შემქმნელის, თავად სტანისლავ გროფის მიერ შემუშავებული, ჰოლოტროპის ფასილიტატორის სახელმძღვანელოს მიხედვით, ჰოლოტროპული სუნთქვის ფასილიტატორი, აუცილებლად უნდა იყოს კლინიკური ფსიქოლოგი ან ფსიქიატრი, რომელთაც აქვთ აკადემიური ცოდნა ადამიანის ფსიქოლოგიურ თუ ემოციურ განსხვავებებზე, მდგომარეობებსა თუ აშლილობებზე. ასევე უნდა ჰქონდეს მრავალწლიანი გამოცდილება აღნიშნულ სფეროში, ჰყავდეს სუპერვიზორი და თავად იყოს პირად თერაპიაში. ის უნდა უზრუნველყოფდეს ყველა მონაწილისთვის, საჭირო ემოციურ, ფსიქოლოგიურ თუ ფიზიკურ უსაფრთხო სივრცეს, რომელიც თავისუფალი იქნება განსჯისგან და შეფასებისგან. ყოველივე ზემოხსენებული, ჯაჭვური რეაქციით უზრუნველყოფს ნდობის ჩამოყალიბებას და ეფექტური ფსიქოთერაპიული სივრცის შექმნას, სადაც ყველა მონაწილეს თანაბარი შესაძლებლობა ეძლევა ჩაერთონ თერაპიულ პროცესში, გააცნობიერონ მნიშნელოვანი საკითხები და განახორციელონ საჭირო ცვლილებები.
შემდეგი საკითხი გახლავთ, შეუძლია თუ არა ყველა დაინტერესებულ პირს მიიღოს მონაწილეობა ჰოლოტროპული სუნთქვის თერაპიაში. პასუხი არის არა. ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპია ეკოლოგიურია და უსაფრთხოა, თუ ადამიანს არ აწუხებს სისხლ-ძარღვოვანი დაავადებები, არ არის ონკოლოგიური პაციენტი, არ აქვს რაიმე სახის ფსიქიკური აშლილობა და არ იღებს ფსიქოტროპულ პრეპარატებს. სტანდარტულად სანამ ჰოლოტროპულ სესიაზე მოვა მონაწილე, ის გადის ე.წ. პირველად სკრინინგ კონსულტაციას ფასილიტატორთან (ან სატელეფონო კონსულტაციას), რა დროსაც ფასილიტატორი ეცნობა მონაწილის ფსიქიკურ თუ ფიზიკურ ჯანმრთელობას, რა მიზნით მოდის სესიაზე, რა არის მისი თერაპიაში ჩართვის მიზანი და სხვ. მხოლოდ ამის შემდეგ, ეს პიროვნება ერთვება ჰოლოტროპული სუნთქვის ძირითად სესიებში. სესიებამდე ეს ეტაპი მნიშვნელოვანია, როგორც მონაწილისთვის, ასევე ფასილიტატორისთვის, რომ იყოს ორმხრივი ინფორმირებულობა და უსაფრთხოების განცდა.
როგორც ჰოლოტროპის ფასილიტატორი გეტყვით, რომ ჰოლოტროპულ სუნთქვით თერაპიას შემთხვევით არავინ ირჩევს. მრავალწლიანი გამოცდილების გათვალისწინებით, ჰოლოტროპის მონაწილეები, უმეტესად, პიროვნული განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მყოფი პირები არიან, რომლებიც მზად არიან იმუშაონ საკუთარ თავზე, გააცნობიერონ ის კომპლექსები, განუცდელი ემოციები და ა.შ., რაც ხელს უშლით მათ, საკუთარ ცხოვრებაში „აქ და ამჟამად“ არსებული გამოწვევების გადალახვასა და წინსვლაში. შესაბამისად ყველა მონაწილის ჰოლოტროპული გამოცდილება განსხვავებულია და ერთი პიროვნების ჰოლოტროპული გამოცდილებით, ვერ იმსჯელებთ, როგორი იქნება თქვენი ჰოლოტროპული მოგზაურობა. ეს, არავინ იცის, თქვენი ფსიქიკის არაცნობიერი ნაწილის გარდა. კონკრეტული პიროვნების შემთხვევაშიც კი, არც-ერთი სუნთქვითი სესია არ გავს ერთმანეთს და ყოველი მათგანი უნიკალურია. მთავარია თქვენს გვერდზე გამოცდილი ფასილიტატორი გყავდეთ.
იმედი მაქვს, ზემოხსენებული ინფორმაცია დაგეხმარებას შეარჩიოთ, თქვენთვის სანდო და მისაღები ჰოლოტროპული სუნთქვითი თერაპიული სივრცე, საკუთარ თავში მოგზაურობის, ამ ერთობ მნიშვნელოვან პროცეში.