ქართველი ფსიქოლოგები

ლალი კოკაია – დეპრესიის შესახებ

ლალი კოკაია  ECIP ინტეგრირებული ფსიქოთერაპიის ევროპული სერტიფიკატის მფლობელი,  ICF სერთიფიცირებული ქოუჩი, ვედ ჯორჯია- ქალთა და ბავშვთა განვითარების ცენტრისდამფუძნნებელი და დირექტორი.

?ნორმალურად ფუნქციონირების ზოგადი დაქვეითების დროს, ყოველდღიურ სამეტყველო ენაში, ადამიანები ხშირად იყენებენ ტერმინს „დეპრესიას“, თუმცა სინამდვილეში ასეთი ყოველდღიური, ხანმოკლე და თვითკომპენსირებადი მდგომარეობა დეპრესია არ არის.
?დეპრესია არის შეცვლილი ფსიქიკური მდგომარეობა, რომელიც სერიოზულ დიაგნოსტირებას საჭიროებს და მხოლოდ ნორმალური ფუნქციონირების ზოგადი დაქვეითებით არ გამოიხატება. ეს სახეცვლილება ისეთი ინტენსივობით არის გამოხატული, რომ პიროვნული და სოციალური ფუნქციონირების გაუარესებას იწვევს, გამოყავს ადამიანი ემოციური წონასწორობიდან და საგრძნობლად აუარესებს მის ცხოვრების ხარისხს.
?ტერმინი „დეპრესია“ დათრგუნულს ნიშნავს და სწორედ დათრგუნული სულიერი მდგომარეობა ურღვევს ადამიანს ცხოვრების ჩვეულ რიტმს, ართმევს სიცოცხლით ტკბობის უნარს (ანჰედონია) და უქვეითებს გუნება-განწყობას. ეს ორი ძირითადი სიმპტომი შემდგომში ცვლის კოგნიტურ, ემოციურ, ფიზიკურ და მოტივაციურ სფეროებს და იწვევს განსხვავებულ ყოველდღიურ ფუნქციონირებას.

დეპრესიის გამომწვევი ფაქტორები:

დეპრესიის გამომწვევი მიზეზების შესახებ არსებული მოსაზრებები მრავალფეროვანია, თუმცა თანამედროვე აღწერებში განიხილება სამ მოდელში: ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ მოდელში.
?ბიოლოგიური ფაქტორებია:
ფიზიკური თუ ფსიქიკური დაავადებები, ხასიათით და ტემპერამენტით წინასწარ განწყობა. ბიოლოგიური ფაქტორების როლი დადასტურებულია გენეტიკური კვლევებით, თუმცა გენეტიკური ფაქტორების წვლილი ზოგადად დაბალია.
?ფსიქოლოგიური ფაქტორებია: ფსიქოლოგიური ტრავმები, სტრესები, კრიზისული სიტუაციები, კონფლიქტები და ყველა ის ფაქტორები რომელიც ადამიანის სულიერ/ფსიქიკურ პროცესებზე ახდენს ზეგავლენას და ხანგრძლივი დროით იწვევს ნეგატიურ ემოციებს.
? სოციალური ფაქტორებიდან მნიშვნელოვანია:
1. ეკონომიური/მატერიალური კეთილდღეობა-თუ რამდენად შეუძლია ადამიანს ბაზისური მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, როგორც საკუთარი თავის ასევე ოჯახის სხვა წევრების
2. სტატუსი საზოგადოებაში: აქ მნიშვნელოვანია თუ რამდენად არის პიროვნება აღიარებული, მიღებული, შემდგარი და რეალიზებული მაკრო და მიკრო სოციუმში (ოჯახი, მეგობრები, სამსახური, საახლობლო წრე)

❓?როგორ ამოვიცნოთ დეპრესია?

დეპრესიის დიაგნოსტირება მარტივი არ არის. მის ამოსაცნობად, გარდა სიმპტომებისა, გასათვალისწინებელია მათი დროში ხანგრძლივობა და ინტენსივობა. დეპრესიული მდგომარეობის ხანგრძლივობა უნდა იყოს არანაკლებ 4-6 კვირისა და შესაძლებელია გრძელდებოდეს წლები, ხოლო მისი ინტენსივობა მნიშვნელოვნად აქვეითებდეს პიროვნების ცხოვრების ხარისხს.
როგორც ვიცით, თითოეული ჩვენთაგანი უნიკალურია თავისი ფიზიკური და ფსიქიკური მახასიათებლებით. სწორედ ამიტომ, დეპრესიის დროს სიმპტომური გამოვლინებები ყველა ადამიანში განსხვავებული და ინდივიდუალურია. თუმცა მთლიანობაში ამ სიმპტომებს აქვთ საერთო ნიშნები და მახასიათებლები. ეს ნიშნები და მახასიათებლები ქმნიან კლასიკურ ტრიადას:
?გუნებ-განწყობის დაქვეითებას;
?ინტერესებისა და სიამოვნების მიღების უნარის დაკარგვას;
?ენერგიის დაქვეითებას და აქტივობების შემცირებას .
უფრო თვალსაჩინო რომ გახდეს დეპრესიის ამოცნობა, ქვემოთ მოვიყვან დამატებით სიმპტომებს, რომელიც ავსებს ზემოთ მოყვანილ ტრიადას:
?ყურადღებისა და კონცენტრაციის დაქვეითება;
?თვითრწმენისა და თვითშეფასების დაქვეითება;
?უმწეობისა და უსუსურობის განცდა;
?თვითბრალდებისა და თვითდამცირების იდეები;
?პესიმისტური ფიქრები;
?ძილის დარღვევა;
?მადის დაქვეითება;
?ლიბიდოს დაქვეითება;
?ორგანულ საფუძველს მოკლებული ტკივილები(თავის, მუცლის, გულის, ზურგის და ა.შ)
?ქრონიკული დაღლილობა;
?მაღალი რისკის აქტივობები (სასმელი, ნარკოტიკები, აზარტული თამაშები და ა.შ);
?თვითდაზიანების იდეები;
?ფიქრები სიკვდილსა და თვითმკვლელობაზე.

როგორი ფორმით ვლინდება დეპრესია?

დეპრესიის ფორმებს განაპირობებს სიმპტომების ინტენსივობა და დროში ხანგრძლივობა.
?დეპრესიული ეპიზოდური ფორმაა მაშინ, როდესაც სიმპტომები ინტენსივობით შეიძლება როგორც მძიმედ, ასევე მსუბუქად იყოს გამოვლენილი თუმცა, დროში ყოველთვის მოკლეა და 4-5 კვირიდან მაქსიმუმ 4-6 თვემდე გაგრძელდეს.
?დეპრესიული რეკურენტული აშლილობის ფორმა არის ეპიზოდური დეპრესიის რეციდივები ანუ ხდება განმეორებადი.
?დისთიმია დეპრესიის ზერელედ და ქრონიკულად მიმდინარე ფორმაა. მის დროს სიმპტომების ინტენსივობა შედარებით მსუბუქია, თუმცა დროში მაქსიმალურად გახანგრძლივებულია და წლობით მიმდინარეობს.

❓იკურნება თუ არა დეპრესია?

❗️დიახ, დეპრესია განკურნებადია!

ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით დეპრესიული ეპიზოდური ფორმის დროს, ადამიანის ორგანიზმს ყოფნის საკუთარი თვითაღმდგენი რესურსები და დამოუკიდებლად ართმევს თავს. თუმცა, შემთხვევათა უმეტესობა საჭიროებს სპეციალისტების ჩარევას.

მკურნალობის ძირითადი მიმართულებებია: მედიკამენტური თერაპია და ფსიქოთერაპიული მხარდაჭერა. სასურველია ორივე სერვისით ერთდროულად სარგებლობა, რადგან მათი კომბინირებული გამოყენების შემთხვევაში შედეგი სწრაფად და ეფექტურად დგება.

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81