ქართველი ფსიქოლოგები

ნინო ეფხოშვილი – ჩვევები და კეთილდღეობა

ნინო ეფხოშვილი –  ტრენერი, ქოუჩი

მეცნიერულად დამტკიცებულია,  ჩვენი ყოველდღიურობის 90% შედგება ავტომატური მოქმედებებისგან _ ჩვევებისგან, რაც განაპირობებს ჩვენს შედეგებს ცხოვრების სხვადასხვა სფეროში. ეს შედეგები ქმნის ჩვენს კეთილდღეობას.

ავტომატური ქმედებები, ერთი მხრივ,  კარგია, წინააღმდეგ შემთხვევაში  ვერ მოვახერხებდით მანქანის მართვისას  მეგობრებთან საუბარს, ან შხაპის მიღების დროს დღის დაგეგმვას. მაგრამ, მეორე მხრივ, ჩვენ გაუცნობიერებელ ქმედებებს, ხშირად, არასასურველ  შედეგამდე მივყავართ, მაგალითად, როცა გავაცნობიერებთ რომ  45კგ-დან 75კგ-ზე  ავედით და შედეგი აღარ მოგწონს J კარგია თუ ასეთ დროს მაინც დავფიქრდებით  ჩვენმა რომელმა ქმედებამ მიგვიყვანა არასასურველ შედეგამდე, რას ვაკეთებდით არასწორად და დავიწყებთ  საკუთარი ჩვევების გაცნობიერებას.

ცხოვრების  4  მნიშვნელოვანი  სფეროს  შედეგები  ქმნის ჩვენს კეთილდღეობას. ესაა ჯანმრთელობა, ურთიერთობები, საქმიანობა და შემოსავალი და კარგი იქნება თუ ამ სფეროს შედეგების ჭრილში საკუთარ ჩვევებზე გავამახვილებთ ყურადღებას.

მაშ ასე, ჯანმრთელობა _ თავად ბევრი ახალი ჩვევა გამოვიმუშავე ცხოვრების ამ სფეროში და შედეგმაც არ დააყოვნა. პირველი იყო წყლის სმის ჩვევა. ზოგადად, ჩემი რჩევა იქნება, როდესაც ჩვევების ტრანსფორმაციას ეხება საქმე, პირდაპირ მავნე ჩვევებისგან გათავისუფლებით ნუ დავიწყებთ, დავიწყოთ ახალი სასარგებლო ჩვევის დანერგვით და დროთა განმავლობაში მავნე ჩვევები თავისით დაიწყებენ გაქრობას ჩვენი ცხოვრებიდან. დავუბრუნდეთ წყლის სმის ჩვევას, ეს ეხება როგორც საკმარისი რაოდენობის, ისე სწორ დროს და სწორად წყლის დალევას. მოგეხსენებათ, წყალი არის ჩვენი ორგანიზმის 72% და მხოლოდ ეს ფაქტიც საკმარისია, იმის არგუმენტად რომ ამ თემას ღირს დავუთმოთ ჩვენი ყურადღება. 1 ჭიქა წყალი რომ უნდა დავლიოთ დილას უზმოზე _ ეს ჩვევა, იმედია, ყველას გვაქვს. თუმცა წყალი, ვინაიდან მას აქვს მეხსიერება, ონკანიდან მაშინვე არ უნდა დავლიოთ. დავასხათ, დავმუხტოთ დადებითი ენერგიით და მხოლოდ ამის შემდეგ მივიღოთ, თუ გვსურს რომ ამან გამაჯანსაღებელი შედეგი მოგვიტანოს. ასევე დღის განმავლობაში, მინიმუმ, 8 ჭიქა წყალი უნდა დავლიოთ და სასურველი დრო არის ჭამამდე და ჭამის შემდეგ 30 წუთის ინტერვალი (დაახლოებით).

მეორე ჩვევა, რაც ახლა, დღევანდელ ვითარებაში მეც ამერია, თუმცა, სწორედ დღეს, ყველაზე მნიშვნელოვანია _ ეს არის რეგულარულ დროს დაძინება და გაღვიძება. საღამოს 10 სთ-ზე დაძინება და დილას 5სთ-ზე გაღვიძება (ჩვენი კომენდანტის საათიც ხელს გვიწყობს J) _ მაღალ ეფექტიანი და წარმატებული ადამიანების ძილის რეჟიმია. თუ ამ ჩვევას დავნერგავთ ცხოვრების წესად, შედეგად მივიღებთ რესურსულ მდგომარეობას, ზღვა ენერგიას და სიხარულს. (გამომიცდია, მენდეთ!)

ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვებაც რომ მნიშვნელოვანია ჩვენი ჯანმრთელობისთვის, ესეც ცხადია. კვირაში 4-ჯერ ფიზიკური აქტივობა და ჯანსაღი კვების სისტემის დანერგვა, რაც გულისხმობს თანდათანობით თითო არაჯანსაღი პროდუქტის ამოღებას რაციონიდან (დავიწყოთ შაქრით, ან თეთრი ფქვილით და საკონდიტრო ნაწარმით, მაგალითად). გამონაკლისი შეიძლება დავუშვათ კვირაში 2-ჯერ, მაქსიმუმ.

გადავიდეთ შემდეგ სფეროზე _ურთიერთობები. როგორ აფასებთ თქვენი ცხოვრების ამ სფეროს? როგორია თქვენი კმაყოფილება ცხოვრების ამ სფეროში? თქვენი აზრით, რომელი ახალი ჩვევის გამომუშავებამ შეიძლება გაზარდოს თვენი კმაყოფილება? _ ახლა ბევრი დრო გვაქვს ამ კითხვებზე პასუხის მოსაძებნად.

იგივე ტიპის კითხვები შეგვიძლია ცხოვრების ყველა სფეროში დავსვათ. დავიწყოთ იმ სფეროს გამოკვლევა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი კეთილდღეობისთვის.

თვალსაჩინოებისთვის, გავაკეთოთ ცხრილი  _ ჩამოვწეროთ ცხოვრების სფეროები, გვერდზე ერთ სვეტში ჩამოვწეროთ ის ჩვევები რაც უსარგებლოა ან არ არის სასარგებლო (არასასურველ შედეგამდე მივყავართ) და შემდეგ სვეტში _ ის ჩვევები რაც სასარგებლოა ანუ ზრდის ჩვენს კმაყოფილებას ამ სფეროში.

ავიღოთ პასუხისმგებლობა ჩვენი ცხოვრების შედეგებზე და კეთილდღეობაზე და დავიწყოთ ერთი ახალი ჩვევის გამომუშავება. ახალი ჩვევის ჩამოყალიბებას 3 თვე სჭირდება _ 13 კვირა. მაგალითად, თუ გადავწყვეტთ  დავლიოთ დღეში 8 ჭიქა წყალი, ჩვენს ირგვლივ რვა მინიშნება უნდა გავაკრათ _ დალიე წყალი! დალიე წყალი! ან ავირჩიოთ ე.წ. ანგარიშვალდებულების პარტნიორი _ ადამიანი, ვინც ჩვენთან ერთად დაიწყებს ამ ჩვევის გამომუშავებას და კვირაში ერთხელ ერთმანეთს გავუზიაროთ შედეგები, გავამხნევოთ და ა.შ.

ყოველ 3 თვეში ერთხელ ახალი სასარგებლო ჩვევის გამომუშავებით, წელიწადში 4 ახალი ჩვევა გვექნება, რაც ჩვენს შედეგებს მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს. (შევეცადოთ 4 სფეროდან თითო ახალი ჩვევა შევარჩიოთ, ბალანსისთვის). ეს ყველაფერი კი პირდაპირპროპორციულად აისახება ჩვენს კეთილდღეობაზე.

გაცნობიერებული დამოკიდებულებით და პასუხისმგებლიანი ქცევით შესაძლებელია წარმოუდგენელი შედეგების მიღწევა. ახლა სწორედ ის დროა, როცა მეტი გაცნობიერება და მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს ყველას.

კეთილდღეობას გისურვებთ.

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81