ცისია ჩოლოყაშვილი – ბალერინობიდან ფსიქოკონსულტანტობამდე

0

ცისია ჩოლოყაშვილი – პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის, კონსულტანტი.

როდესაც ილიამ ეს თემა შემომთავაზა, მივხვდი, რომ ჩემთვისაც საინტერესო იყო იმის გაანალიზება, თუ როგორ მოვედი აქამდე. შესაძლებელია ფსიქოლოგიისადმი ინტერესი  ბავშვობიდანაც მქონდა, მაგრამ ასე შორიდან არ დავიწყებ და სათაურის არსით შემოვიფარგლები. სპონტანურ ვერსიას შემოგთავაზებთ,  რომელშიც რა თქმა უნდა, გვერდს ვერ ავუვლი პირადი ცხოვრების დეტალებს.

ჩემთან დაკავშირებით ორი მეტაფორული შედარება მახსენდება: პირველი – ადამიანი  რომელიც შუა ზღვაში გადააგდეს, რომ ცურვა ესწავლა. აქედან მინიმუმ ორი გამოსავალია: ან ისწავლის ცურვას, ან მთელი ცხოვრება წყლის შიში ექნება; და, მეორე – იგავი  ბაყაყზე, რომელიც რძეში ჩავარდა და იმდენი იქნია ხელ-ფეხი, სანამ კარაქი არ შედღვიბა. ვფიქრობ, ეს მეორე უფრო მიესადაგება ჩემს ტრანსფორმაციას.

იუმორსა და მეტაფორებს რომ შევეშვა და რეალურ ცხოვრებას დავუბრუნდე, არც ისე მარტივი იყო ეს მოგზაურობა. ჩემი ცხოვრების უმეტესი ნაწილი, ანუ რაც თავი მახსოვს, ბალერინა ვიყავი. ეს პროფესია მთელ ჩემს პიროვნულ რესურსს და არსს  წარმოადგენდა. შემდეგ მოხდა, ის რის მერეც  ფუნდამენტურად შეიცვალა ჩემი ცხოვრება და ფასეულობები. გარდამეცვალა მეუღლე, მე და ჩვენი ორი მცირეწლოვანი შვილი დავრჩით მარტო და მიუხედავად ხელ-ფეხის ქნევისა,  ნელ-ნელა… თუ….  შეიძლება ითქვას მალე, საბალეტო კარიერას დავემშვიდობე. დავემშვიდობე ჩემს თავსაც, ვინც ვიყავი მთელი ცხოვრება. აქ, რომ შემეძლოს, ძალიან დიდ წერტილს დავსვამდი, რომელსაც, ძალიან დიდხანს ვსვამდი…

ამის შემდეგ თეატრალური ცხოვრების ყველა მისაწვდომ განშტოებაში ვცადე თავი;  ჩავაბარე კონსერვატორიაში (37 წლის ასაკში), გავხდი ქორეოგრაფ-რეპეტიტორი, ვიმუშავე და ვმუშაობ  სხვადასხვა თეატრში ქორეოგრაფად,  საქართველოსა თუ უცხოეთში მიწვეულ პედაგოგად და რეპეტიტორად, საბავშვო სტუდიებში თბილისსა თუ რეგიონებში. ვთანამშრომლობ, აგრეთვე, ბავშვთა თავშესაფრებთან. ვარ ოპერისა და ბალეტის თეატრის საბალეტო სპექტაკლების წამყვანი რეჟისორი. ამ ყველაფერმა საკმაოდ დიდი გამოცდილება მომცა და ძალიან მადლიერი ვარ ყველა იმ ადამიანისა თუ სიტუაციის, ვისთანაც და სადაც კი მოვხვედრილვარ.

პარალელურად მუდმივად მაწუხებდა საკუთარი თავის ძიება… ამ გრძნობამ მაპოვნინა ის ადამიანები, რომლებმაც მომცეს სტიმული და თავდაჯერებულობა, ფსიქოლოგია შემესწავლა. უღრმესი მადლობა მინდა გადავუხადო მათ!  ფიზიკურად  და ემოციურად დატვირთული ცხოვრების ინტელექტუალურ სფეროში გადატანის მოთხოვნილება ფსიქოლოგიამ ფაზლივით შემივსო.

დღევანდელი გადასახედიდან მაინტერესებს, რამდენად გამამდიდრებელი  შეიძლება იყოს  ყოფილი პროფესია ახლისთვის. ახლა ვფიქრობ სხეულებრივი, არა ვერბალური ინფორმაციის მიღება-გაცემის უნარსა და ვერბალიზაციის  სინთეზზე.

დღეს უკვე პრაქტიკოსი ფსიქოკონსულტანტის პირველ ნაბიჯებს ვდგამ პოზიტიური და ტრანსკულტურული ფსიქოთერაპიის მიმართულებით. ამასთან დაკავშირებით ერთ მნიშვნელოვან დეტალსაც დავამატებ, რომ სიტყვა „პოზიტიური“, ამ შემთხვევაში,  „პოზიტუმ“-ს, ანუ არსებულ მდგომარეობას ნიშნავს, რომელიც, შესაძლოა, პოზიტიური  სულაც არ იყოს, თუმცა, ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, მრავალი ახალი  გზისკენ სვლის შესაძლებლობას გვაძლევდეს, თუ დავინახავთ, გავაცნობიერებთ და განვაგრძობთ მოძრაობას.

პატივისცემით

ცისია ჩოლოყაშვილი

 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81