ფსიქიკური აშლილობები

ბიპოლარული აშლილობა

გუნება-განწყობილების აშლილობა, რომელიც დეპრესიისა და მანიის პერიოდების მონაცვლეობით ხასიათდება.

ფსიქოლოგიურ აშლილობათა დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელოს მეხუთე გამოცემაში (DSM-5, 2013) ბიპოლარული და მასთან დაკავშირებული აშლილობები განცალკევებულია დეპრესიული აშლილობებისგან და დეპრესიული აშლილობების და შიზოფრენიის სპექტრისა და სხვა ფსიქოტური აშლილობების შესახებ თავებს შორის არის წარმოდგენილი, როგორც ერთგვარი ხიდი ორ დიაგნოსტიკურ კლასს შორის სიმპტომების, ოჯახური ისტორიისა და გენეტიკის თვალსაზრისით.

ბიპოლარული აშლილობის ძირითადი განმსაზღვრელი კლინიკური მახასიათებელი კლინიკური დეპრესიისა და მანიაკალურის ეპიზოდების მონაცვლეობაა, როდესაც ადამიანი აღმაფრენისა და აღტაცების მწვერვალებიდან უკიდურეს სასოწარკვეთილებაში ეშვება.

ბიპოლარული აშლილობებისას გუნება-განწყობილების დარღვევების ხანგრძლივობა და სიხშირე პიროვნებიდან პიროვნებამდე იცვლება. ზოგიერთ მათგანს შედარებით ნორმალური ფუნქციონირებისთვის ხანგრძლივი პერიოდები აქვთ, რომელთაც დროდადრო ხანმოკლე მანიაკალური ან დეპრესიული ეპიზოდები წყვეტს, თუმცა არსებობს ადამიანთა მცირე რაოდენობა, რომელთა მანიაკალურ ეპიზოდებს პირდაპირ კლინიკური დეპრესია ცვლის, შემდე ისევ მანიაკალური ფაზა ბრუნდება და ასე უსასრულოდ. ეს უწყვეტი ციკლი ანგრევს და ანადგურებს თავად აშლილობის მქონე ადამიანებს, მათ ოჯახებს, მეგობრებსა და თანამშრომლებს.

აქვე უნდა ითქვას, რომ ბიპოლარული აშლილობა გაცილებით იშვიათია, ვიდრე კლინიკური დეპრესიული აშლილობა. ის მოზრდილთა 1.6%-თან აღინიშნება და თანაბრად ნაწილებდა ქალებსა და მამაკაცებს შორის.

განასხვავებენ I ბიპოლარულ, II ბიპოლარულ და ციკლოთიმიურ აშლილობებს.

I და II ბიპოლარული აშლილობები

DSM-5-ში მოცემული I ბიპოლარული აშლილობის კრიტერიუმები XIX საუკუნეში აღწერილი კლასიკური მანიაკალურ-დეპრესიული აშლილობის ანუ აფექტური ფსიქოზის თანამედროვე გაგებას ასახავს. ინდივიდები უწყვეტად განიცდიან დეპრესიული და მანიაკალური ფაზების ურთიერთმონაცვლეობას. შესაძლებელია, რომ მანიაკალური ეპიზოდი მხოლოდ ერთხელ განვითარდეს ან რამდენჯერმე გამეორდეს.

II ბიპოლარული აშლილობის შემთხვევაში კლინიკური დეპრესიის ეპიზოდებს ჰიპომანიის ეპიზოდები ცვლიან და არა — სრული მანიის ეპიზოდები. მიღებულია მოსაზრება, რომ ჰიპომანია და, შესაბამისად, II ბიპოლარული აშლილობა შედარებით ნაკლებად მწვავე მდგომარეობაა, რადგან მანია სრული სახით არ არის წარმოდგენილი, თუმცა DSM-5-ის მიხედვით, ეს ასე არ არის და ეს, ძირითადად, დეპრესიული პერიოდების ხანგრძლიობისა და, ასევე, იმის გამოა, რომ გუნება-განწყობილების არასტაბილურობას, როგორც წესი, სამსახურსა და სოციალურ ფუნქციონირებაში სერიოზული გაუარესება ახლავს.

II ბიპოლარული აშლილობა ერთი ან რამდენიმე დეპრესიული ეპიზოდისა და, სულ მცირე, ერთი ჰიპომანიაკალური ეპიზოდის ურთიერთჩანაცვლებად ციკლს გულისხმობს. დიაგნოსტიკური კრიტერიუმის დასაკმაყოფილებლად (DSM-5) დეპრესიული ეპიზოდი მინიმუმ ორ კვირას უნდა გრძელდებოდეს, ჰიპომანიის მდგომარეობა კი, სულ მცირე, ოთხი დღე. ამ აშლილობის მქონე ინდივიდები, როგორც წესი, დეპრესიული ეპიზოდების პერიოდში მიმართავენ კლინიკებს დახმარებისთვის და დასაწყისში არ უჩივიან ჰიპომანიას.

ბიპოლარული აშლილობის მქონე ადამიანებს, შესაძლოა შერეული მდგომარეობაც აღენიშნებოდეთ, როდესაც ერთდროულად არის წარმოდგენილი მანიაკალური და დეპრესიული სიმპტომები, სულ მცირე, ერთი კვირის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთი მდგომარეობა ხშირად ერთი ფაზიდან მეორეში გადასვლად მიიჩნევა, ის რამდენიმე თვესაც კი შეიძლება გაგრძელდეს.

ციკლოთიმიური აშლილობა

ციკლოთიმიური აშლილობა ბიპოლარული აშლილობის შედარებით მსუბუქი, მაგრამ ქრონიკული ვერსიაა. ეს არის აწეული გუნება-განწყობილებისა და დეპრესიის ქრონიკული მონაცვლეობა,  რომელიც არასოდეს აღწევს მანიაკალური ან კლინიკური დეპრესიული ეპიზოდების სიღრმეს/სიმწვავეს. ციკლოთიმიური აშლილობის მქონე ინდივიდები გუნება-განწყობილების ერთ ან მეორე მდგომარეობაში შეიძლება წლების განმავლობაში იყვნენ, მათ შორის შედარებით მცირე რაოდენობის ნეიტრალური პერიოდებით. ასეთი პატერნი, სულ მცირე, ორ წელიწადს (ბავშვებთან ერთ წელიწადს) უნდა გრძელდებოდეს, რომ აშლილობის კრიტერიუმები დააკმაყოფილოს. სიმპტომები არასოდეს არის ისეთი მწვავე, რომ ინდივიდს ჰოსპიტალიზაცია ან გადაუდებელი დახმარება დასჭირდეს. ციკლოთიმიური აშლილობის მქონე ადამიანებს ხშირად უბრალოდ უხასიათოდ თვლიან, თუმცა ქრონიკულად რხევადი გუნება-განწყობილება სრულიად საკმარისია იმისათვის, რომ ადამიანს ხელი შეუშალოს ფუნქციონირებაში. ამასთან, ამ დიაგნოზის მქონე ადამიანებს აუცილებლად ესაჭიროებათ მკურნალობა, რადგან, მათ მწვავე I ან II ბიპოლარული აშლილობის განვითარების მეტი შანსი აქვთ.

მიმდინარეობა

განსაზღვრების მიხედვით, ბიპოლარული აშლილობა რეკურენტულია. კვლევა აჩვენებს, იმ ადამიანთა 90%-ს, რომელთაც ერთი მანიაკალური ეპიზოდი აღენიშნათ, შემდგომში კიდევ ექნებათ ასეთი შემთხვევა (DSM-5). აშლილობის პირველი გამოვლინება 30-ზე ნაკლებ ასაკში ხდება, მედიანით 18 წელი. 10 წლის განმავლობაში ადამიანებს საშუალოდ ოთხი ეპიზოდი აღენიშნებათ. როდესაც ერთი წლის განმავლობაში რამდენიმე (ოთხი ან მეტი) ეპიზოდი იჩენს თავს, მაშინ აშლილობას სწრაფი ციკლის მქონედ მოიხსენიებენ. ასეთი სურათი ბიპოლარული აშლილობის მქონეთა 5-15%-ში გვხვდება და ყველაზე პესიმისტურ პროგნოზს უკავშირდება.

საინტერესოა, რომ დეპრესიული სინდრომი ბიპოლარული აშლილობის ფარგლებში გაცილებით მეტად დამთრგუნველი და დამანგრეველია, ვიდრე უნიპოლარული დეპრესიის დროს და მეტია განმეორებით ჰოსპიტალიზაციის ალბათობა.

მართალია, ეპიზოდებს შორის ადამიანთა უმრავლესობა სრულად უბრუნდება ფუნქციონირების ჩვეულ დონეს, დაახლოებით 20-30%-თან მაინც აღინიშნება ლაბილური გუნება-განწყობილება და სირთულეები პიროვნებათშორის ან პროფესიულ სფეროებში.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Barlow, D. H., Durand, V. M. (2012). Abnormal Psychology: an integrative approach, 6th ed. Wadsworth Cengage Learning. USA.

Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, 5th ed. (DSM-5). American Psychiatric Association. Washington, DC. London, England.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1.

ავტორის შესახებ

ავტორის სტატიები

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81