მანიაკალური ეპიზოდი

0

ბიპოლარული აშლილობის კომპონენტი, რომელიც ხასიათდება უკიდურესი აღფრთოვანებისა და უსაზღვრო ეიფორიის პერიოდებით, გრანდიოზულობის გრძნობებითა და აზრებით, საკმარისი მიზეზისა და რეალური პიროვნული შესაძლებლობები არარსებობის პირობებში.

მანიაკალური ეპიზოდი გამორჩეული პერიოდია, როდესაც ადამიანი არანორმალურად და მუდმივად აწეული გუნებაზეა, ექსპანსიური ან გაზიღიანებულია, მუდმივად მომატებული აქვს ენერგია და ეს ყველაფერი თითქმის მთელი დღის განმავლობაში და თითქმის ყოველ დღე გრძელდება, სულ მცირე, ერთი კვირის (ან, ჰოსპიტალიზაციის შემთხვევაში, ნებისმიერი პერიოდის) მანძილზე. ამ მდგომარეობას თან უნდა ახლდეს სამი დამატებითი სიმპტომი მაინც, როგორიცაა, მაგალითად, მოჭარბებული წარმოდგენები საკუთარ თავზე ან გრანდიოზულობის განცდა, ძილის შემცირებული მოთხოვნილება და მფრინავი იდეები ან სუბიექტური განცდა იმისა, რომ აზრები სწრაფად მიქრიან.

მანიაკალურ ეპიზოდში მყოფი ადამიანები, როგორც წესი, მოჭარბებული ეიფორიით გამოირჩევიან და ვერ ამჩნევენ პრობლემის არსებობას. ისინი უჩვეულოდ მხნედ და ექსპანსიურად იქცევიან და ასევე გრძნობენ თავს, თუმცა ხანდახან წამყვანი განწყობილება გაღიზიანებადობა უფროა, ვიდრე აწეული გუნება-განწყობილება და ენთუზიაზმი, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც ისინი რამენაირად წინააღმდეგობას გრძნობენ. მანიაკალურ პერიოდში მყოფ ინდივიდებს აღენიშნებათ ფსიქომოტორული აჟიტაცია და/ან ჭარბად არიან დაკავებულნი სიამოვნების მომგვრელი აქტივობებით, რაც პოტენციურად უარყოფითი შედეგების მომტანია. მათ ხშირად დიდი წარმოდგენა აქვთ საკუთარ თავზე და არარეალურად ძლიერად სჯერათ, რომ განსაკუთრებული შესაძლებლობებისა და ძალის პატრონები არიან. მათ აღენიშნებათ ძილის მოთხოვნილების მკვეთრი შემცირება და სურვილი, ჭარბად იყვნენ დაკავებულნი სამსახურეობრივი თუ სხვა სოციალური ან სიამოვნების მომტანი საქმიანობით.

ექსპანსიურ გუნება-განწყობილებას, მოჭარბებულ და უსაფუძვლო ოპტიმიზმს, გრანდიოზულობის განცდასა და დაუფიქრებლობას, ამ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ხშირად რისკიანი აქტივობებით კავდებიან, როგორებიცაა, მაგალითად, დანაზოგის გაფლანგვა, ქონების დარიგება, მანქანით სწრაფად სიარული, სულელური ბიზნეს ინვესტიციები და უწესრიგო სქესობრივი ცხოვრება, რაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში უჩვეულოა მათთვის. ის, რომ  ყველა ამ აქტივობას, შესაძლოა, კატასტროფული შედეგები ჰქონდეს, არ აჩერებთ მათ. ასევე, ინდივიდებმა უამრავი უსარგებლო ნივთი შეიძლება შეიძინონ საჭირო თანხების ქონის გარეშე და მერე დაარიგონ ეს ნივთები. სექსუალური ქცევა შეიძლება მოიცავდეს ღალატს ან განურჩეველ სექსუალურ კავშირებს უცნობ ადამიანებთან, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებზე ან პიროვნებათშორის შედეგებზე ფიქრის გარეშე.

მანიაკალური ეპიზოდი, როგორც წესი, მნიშვნელოვან გაუარესებას იწვევს სოციალურ ან პროფესიულ საქმიანობაში ან აუცილებელი ხდება ჰოსპიტალიზაცია, რათა ინდივიდმა რაიმე ზიანი არ მიაყენოს სხვებს ან საკუთარ თავს (მაგალითად, განახორციელოს თვითდამაზიანებელი ქცევა, ჩაიდინოს დანაშაული, დაკარგოს სამსახური). ამასთან, ხშირია ფსიქოტური აშლილობების ელემენტებიც.

მართალია, ეიფორია და უსაზღვრო ენერგია, ერთი შეხედვით და დასაწყისში სასიამოვნოდ შეიძლება განიცდებოდეს, ამ განცდას სწრაფად ცვლის ღრმა დეპრესია. როდესაც მანია შემცირებას იწყებს, ადამიანები ამ პერიოდში შექმნილი უსიამოვნებებისა და ზიანის გამოსწორებას ცდილობენ და დანაშაულის განცდით იტანჯებიან. ამგვარად, მანიაკალური ეპიზოდი თითქმის ყოველთვის ღრმა დეპრესიული პერიოდით იცვლება.

***

გამოყენებული ლიტერატურა:

გერიგი, ზიმბარდო (2009). ფსიქოლოგია და ცხოვრება, მე-16 გამოცემა. თსუ, თბილისი.

Diagnostic and Statistical Manual of Mental Disorders, 5th ed. (DSM-5). American Psychiatric Association. Washington, DC. London, England.

Kazdin, A. E. (Ed.) (2000). Encyclopedia of psychology. 8 Volume Set. Vol. 1.

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81