ანა ახმეტელი – კლინიკური ფსიქოლოგი, ჯგუფური ფსიქოთერაპევტი, სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ტრენერი, საქართველოს ჯგუფური ფსიქოთერაპიისა და კავკასიის სხეულზე ორიენტირებული ფსიქოთერაპიის ასოციაციის წევრი
სტრესის ეფექტური მართვისთვის ჩვენი სხეულის რესურსების გამოყენება გვეხმარება სტრესული სიტუაცია ცხოვრებისეულ გამოცდილებად ვაქციოთ და საჭიროების შემთხევაში, გამომუშავებული ახალი უნარები გამოვიყენოთ.
მაშინ, როდესაც ადამიანის ცხოვრებაში ჩნდება მორიგი პრობლემა, ის ხშირ შემთხვევაში სტრესად აღიქმება, რადგან მის მოსაგვარებლად პიროვნებას სჭირდება ქცევის ახალი ფორმა, რომელსაც ის არ ფლობს კონკრეტულ მომენტში, რის გამოც ის განიცდის დაბნეულობას, შფოთვას, ბრაზს და ა.შ.
თანამედროვე ადამიანი უმეტესად გონებით ცხოვრობს და ცდილობს შესაბამისად ყველანაირი სახის სტრესი ლოგიკისა და აზროვნების საშუალებით გადაჭრას, თუმცა სანამ ამას იზამს სტრესული სიტუაციის შეფასებაში და შესაბამისი რესურსების მობილიზებაში, ხშირად პიროვნება არასაკმარის ინფორმაციას იღებს. ახდენს საკუთარი სხეულებრივი შეგრძნებებისა და ემოციების იგნორირებას. რას გულისხმობს სტრესის ეფექტური დაძლევა და როგორ მოვახერხოთ ეს საკუთარი სხეულის რესურსების გამოყენებით?
მაგალითად, როდესაც საქმე გვაქვს სოციალურ ურთიერთობებში არსებულ პრობლემებთან, ხშირად რთულია ლოგიკით მოგვარდეს ესოდენ ემოციურად დამუხტული, პიროვნებებს შორის კომფლიქტი, უმეტესად კონფლიქტის არსებობისას ჩვენი ყურადღება მომართულია სხვა ადამიანებზე და ნაკლებად ვაქცევთ ყურადღებას თუ ჩვენ თავად რას განვიცდით და რა გვსურს. ამისათვის აუცილებელია დავაკვირდეთ საკუთარ შეგრძნებებს. საკუთარი შეგრძნებებისა და განცდების გასაცნობიერებლად კი საკმარისია საკუთარ სუნთქვაზე დაკვირვება (მშვიდი, აუჩქარებელი რიტმით სუნთქვა და ყოველ ჩასუნთქვა-ამოსუნთქვაზე დაკვირვება), რაც მაშინვე მთელ თქვენს ყურადღებას სხეულის შეგრძნებაზე მომართავს. სუნთქვა არის ინსტრუმენტი, რომელიც აკავშირებს ერთმანეთთან ჩვენს გონებას, სხეულის შეგრძნებებსა და ემოციებს. სუნთქვის ეს ტექნიკა დაგეხმარებათ იგრძნოთ თავი „აქ და ამჟამად“ , აღიქვათ არსებული სიტუაცია ადექვატურად, აღიქვათ საკუთარი თავი არსებულ სიტუაციაში და აწმყოს გათვალისწინებით მიიღოთ საჭირო გადაწყვეტილება. საკუთარი სხეულის შეგრძნება მეტ შინაგან საყრდენს მოგცემთ და არ დაგჭირდება გარემოში ეძებოთ საყრდენი, რაც თავისთავად თავდაჯერებულობასაც შეგმატებთ. სტრესის ეფექტური დაძლევა კი გულისხმობს სწორედ ქცევის ახალი პატერნის შემუშავებას, სტრესულ სიტუაციაში, რომელიც მომავალშიც გამოგვადგება და ხელს შეუწყობს ჩვენი ემოციური თუ ფსიქიკური ჯანმრთელობის შენარჩუნებას.