ურთიერთობის 6 ტოქსიკური ჩვევა, რომელსაც ადამიანების უმრავლესობა ნორმად აღიქვამს

0

უფროსკლასელთა სასწავლო პროგრამაში არ შედის საგანი, რომელიც ასწავლის, თუ როგორ არ გავხდეთ ‘ცუდი’ შეყვარებული. თუმცა, მართალია, ასწავლიან სექსის ბიოლოგიას, ქორწინების კანონიერებას, შესაძლოა, წაგვიკითხავს კიდეც ბურუსით მოცული სასიყვარულო ისტორიები XIX საუკუნიდან, იმაზე, თუ როგორ მოვახერხოთ ეს.

მაგრამ, როდესაც საქმე ეხება იმას, თუ როგორ ჩავწვდეთ ამ ურთიერთობის ანბანს, არ არსებობს არავითარი მინიშნება, ან გზამკვლევი, ან, კიდევ უარესი… ქალებისთვის განკუთვნილი ჟურნალების გვერდებზე მოცემული რჩევებით უნდა დავკმაყოფილდეთ.

დიახ, ეს საკითხი იმთავითვე განწირულია ექსპერიმენტული მიდგომისთვის. ხოლო, თუ თქვენ ადამიანთა უმრავლესობას მიეკუთვნებით, ექსპერიმენტი, მეტი ალბათობით, კრახთან მიგიყვანთ.

პრობლემა, ნაწილობრივ, იმაშიც მდგომარეობს, რომ ურთიერთობის არაჯანსაღი ჩვევების უმეტესობას ღრმად აქვს გადგმული ფესვები ჩვენს კულტურაში. ჩვენ ვაღმერთებთ რომანტიკულ სიყვარულს – აი, იმ სახიფათო, ირაციონალურ რომანტიკულ სიყვარულს, რომელსაც თან სდევს ჩინური თეფშების მსხვრევა კედლებზე გულისამაჩუყებელი ცრემლების თანხლებით – და პრაგმატულობის, ან არასტანდარტული სექსუალობის მიმართ ცინიკური დამოკიდებულება. ქალებისა და მამაკაცების აღზრდა ხდება ურთიერთობიექტივაციის, და, ასევე, თავიანთი ურთიერთობების ობიექტივაციის მიზნით. აქედან გამომდინარე, ჩვენი პარტნიორი ხშირად უფრო ‘საკუთრებად’, ‘ქონებად’ განიხილება, ვიდრე იმ ადამიანად, რომელთან ურთიერთობაც ორმხრივ ემოციურ თანადგომას განგვაცდევინებს.
დამხმარე ლიტერატურა , რომელიც ასე მრავლადაა ჩვენს გარშემო, სულაც არ ‘გვეხმარება’ (არა, ქალი და მამაკაცი სულაც არ არიან სხვადასხვა პლანეტიდან, რა ბოდვაა ასეთი სუპერგანზოგადება). ფაქტია, რომ უმრავლესობისთვის არც დედა და მამა ყოფილან საუკეთესო მაგალითები.

საბედნიეროდ, ბოლო ათწლეულების მანძილზე უამრავი ფსიქოლოგიური კვლევა მიეძღვნა ჯანსაღ და ბედნიერ ურთიერთობებს , სადაც გამოიკვეთა ის ზოგადი პრინციპები, რომელთაც მუდმივად ვაწყდებით ცხოვრებაში , თუმცა ადამიანთა უმეტესობამ არ იცის მათ შესახებ, ან არ ითვალისწინებს მათ. ფაქტობრივად, ზოგიერთი ამ პრინციპთაგან რეალურ წინააღმდეგობაში მოდის ტრადიციულად მიღებულ შეხედულებებთან ‘რომანტიკულ’, ან ნორმად ქცეული ურთიერთობის პრინციპებთან.

ქვემოთ საუბარი გვექნება ექვს ყველაზე გავრცელებულ ტენდენციაზე ურთიერთობებში, რომელსაც წყვილების უმეტესობა ჯანსაღად და ნორმალურად მიიჩნევს, თუმცა, რეალურად, ტოქსიკურია და ანადგურებს ყველაფერს, რაც მათთვის ასე ძვირფასია. მოიმარჯვეთ ცხვირსახოცები.

1. ‘საჯარიმო ბარათები’ ურთიერთობებში

რა არის ეს? ‘საჯარიმო ქულების’ აღრიცხვის ფენომენი მდგომარეობს შემდეგში: ადამიანი, რომელსაც ხვდები, გაუთავებლად გადანაშაულებს წარსული შეცდომების გამო თქვენს ურთიერთობაში. თუკი ორივე თქვენგანი აკეთებს ამას, ეს უკვე გადადის ფენომენში, რომელსაც მე ვუწოდებ „საჯარიმო ბარათს ურთიერთობებში“, რაც ემსგავსება ორთაბრძოლას იმის მტკიცებაში, თუ რომელმა მხარემ დააშავა მეტი თვეების, ან წლების მანძილზე, ანუ, რომელი უფრო დამნაშავეა მეორის წინაშე.

საშინლად მოიქეცით სინტიას დაბადების დღის წვეულებაზე 2010-ში, როცა ის 28 წლის გახდა, რამაც დაანგრია თქვენი ცხოვრება მას აქეთია. რატომ? რადგან თქვენთვის არ გასულა კვირა, ამის შეხსენების გარეშე. მაგრამ, არა უშავს, რადგან ერთხელაც, თქვენ ის გამოიჭირეთ ფლირტში თავის თანამრომელთან გაგზავნილი მესიჯებით, რის გამოც მას მყისვე ჩამოერთვა ეჭვიანობის უფლება, და ეს, თქვენი აზრით, სამართლიანია, არა?

არა.

რატომ არის ეს ტოქსიკური: ურთიერთობების საჯარიმო ბარათი დროთა განმავლობაში იქმნება ერთი, ან ორივე მხარის მიერ ურთიერთობის მანძილზე წარსულში დაშვებული შეცდომებისგან, იმ მიზნით, რათა დაამტკიცონ და დაასაბუთონ თავიანთი სიმართლე. ეს სიმდაბლის ორმაგი გამოხატულებაა. ამით არა მხოლოდ თავს არიდებთ არსებულ პრობლემას, არამედ გამოიხმობთ დანაშაულისა და წუხილის ჯინს წარსულიდან, რათა მოახდინოთ თქვენი პარტნიორის მანიპულირება და გაუჩინოთ მას დამნაშავის შეგრძნება აწმყოში.

თუკი ეს ძალიან დიდხანს გრძელდება, ორივე პარტნიორს უწევს თავიანთი ენერგიის უდიდესი ნაწილის დახარჯვა იმის მტკიცებაში, რომ ისინი ნაკლებად დამნაშავეები არიან, ვიდრე მეორე მხარე, ნაცვლად იმისა, რომ გადაჭრან მიმდინარე პრობლემა. ადამიანები თითქმის მთელ თავიანთ დროს უთმობენ იმის მცდელობას, რომ ნაკლებად დამნაშავენი გამოჩნდნენ ერთიმეორის წინაშე, ნაცვლად იმისა, რომ, უბრალოდ, იყონ მართალნი ერთმანეთთან.

როგორ უნდა მოიქცეთ: ცალ-ცალკე განიხილეთ პრობლემები, თუკი ისინი მართლზომიერ კავშირში არ არიან ერთმანეთთან. თუკი ვინმეს ღალატი ჩვეულებაში აქვს , ამას განმეორებითი ხასიათი ექნება. მაგრამ იმ ფაქტს, რომ ის ცუდად მოგექცათ 2010 წელს და იმას, რომ ახლა ნაწყენია და არ გაქცევთ ყურადღებას დღეს, არაფერი აქვთ საერთო ერთმანეთთან, ასე რომ, ნუ წამოწევთ ამ თემას.

უნდა გააცნობიეროთ, რომ თქვენი ცხოვრების მეგზურის არჩევით, თქვენ თავად ირჩევთ მასთან ყოფნას ყველა წარსული ქმედებებისა და ქცევების მიღებით. თუ თქვენ არ მიიღებთ მათ, მაშინ, თქვენთვის ისინი მუდამ მიუღებელი იქნება. თუკი, რაღაც გაწუხებდათ ერთი წლის წინ, ის ერთი წლის წინ უნდა გაგერკვიათ.

2. გადაკვრით საუბარი და პასიური აგრესიის სხვა გამოხატულებები

რა არის ეს: ნაცვლად იმისა, რომ ღიად გამოთქვას სურვილი, ან აზრი, თქვენი პარტნიორი ცდილობს გადაკრული სიტყვებით გაიძულოთ თავად მიხვდეთ, თუ რისი თქმა სურდა. ნაცვლად იმისა, რომ თქვათ, რა გეწყინათ, თქვენ ეძებთ წვრილმან, მდაბიო გზებს, რომ გააღიზიანოთ თქვენი პარტნიორი, რომ შემდგომში მას დასაბუთებული პრეტენზია წაუყენოთ.

რატომ არის ეს ტოქსიკური: რადგან ეს გულისხმობს, რომ თქვენ ორს არ გაქვთ ერთმანეთთან ღია, გარკვეული და კომფორტული კომუნიკაცია. ადამიანს არ ექნება მიზეზი იყოს პასიურად აგრესიული, თუკი ის იგრძნობს, რომ შეუძლია უსაფრთხოდ გამოხატოს ნებისმიერი წყენა, ან დაუცველობის შეგრძნება ურთიერთობაში . მას არასოდეს დაუდგება გადაკრული სიტყვის საჭიროება, თუკი ექნება იმის შეგრძნება, რომ არ დაექვემდებარება განსჯასა და კრიტიკას.

როგორ უნდა მოიქცეთ: გამოხატეთ თქვენი გრძნობები და სურვილები ღიად. ისე, რომ მეორე ადამიანს არ დაეკისროს პასუხისმგებლობა, ან ვალდებულება ამის გამო, არამედ იგრძნოს, რომ თქვენ მისი მხარდაჭერა გჭირდებათ. თუ მას უყვარხართ, ის ყოველთვის მონახავს გზას, როგორ დაგიდგეთ გვერდში.

3. ურთიერთობების სადავეების პყრობა

რა არის ეს: როდესაც ადამიანი მიდრეკილია მარტივი, უსაგნო კრიტიკისა, ან პრეტენზიებისკენ, აშანტაჟებს მეორე ადამიანს და ემუქრება მთლიანად ურთიერთობის გაწყვეტით. მაგალითად, თუკი მეორე ადამიანს უჩნდება შეგრძნება, რომ თქვენ მის მიმართ ცივი ხართ, ნაცვლად იმისა, რომ გითხრათ: „ვგრძნობ, რომ ზოგჯერ ცივი ხარ ჩემს მიმართ“, ის ამბობს: „მე ვერ ვიურთიერთებ ადამიანთან, რომლისგანაც მუდმივად სიცივეს ვგრძნობ“.

რატომ არის ეს ტოქსიკური: ეს ემოციური შანტაჟია და, ხშირად, უზარმაზარ არასაჭირო დრამაში გადადის. ყოველი უმნიშვნელო წაბორძიკება ურთიერთობის მანძილზე შედეგად მთლიანად ურთიერთობის კრიზისს იწვევს. ურთიერთობისას ორივე ადამიანისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია რწმენა იმისა, რომ ნებისმიერი უარყოფითი აზრი, თუ შეგრძნება შეიძლება ერთმანეთს გაუზიარონ უსაფრთხოდ, ისე, რომ არაფერი დაემუქროს მთლიანად მათ ურთიერთობას. სხვა შემთხვევაში, ადამიანები დათრგუნავენ თავიანთ ნამდვილ აზრებს და გრძნობებს, და ამით შექმნიან უნდობლობისა და მანიპულირებისთვის ხელსაყრელ გარემოს.

როგორ უნდა მოიქცეთ: არაფერია იმაში ცუდი, რომ ზოგჯერ შესაძლოა აწყენინოთ პარტნიორს, ან არ მოგეწონოთ რამე მათ ქმედებაში. ეს, ზოგადად, უცხო არაა ნებისმიერი ნორმალური ადამიანისთვის. მაგრამ, უნდა გვესმოდეს, რომ ვურთიერთობდეთ ადამიანთან და მუდამ მისი ყველაფერი მოგვწონდეს, სრულიად სხვადასხვა თემებია. შესაძლებელია ურთიერთობდე ადამიანთან და არ მოგწონდეს ყველაფერი. შესაძლოა თავდადებით უერთგულო ადამიანს, რომელიც რეალურად ზოგჯერ ძალიან გიბრაზდებათ და გინაწყენდებათ. ამის საპირისპიროდ, ორი პარტნიორი, რომელთაც აქვთ სწორი კომუნიკაცია და უკუკავშირი ერთმანეთის კრიტიკისას, ოღონდ, რა თქმა უნდა, განსჯისა და შანტაჟის გარეშე, შეძლებს თავიანთი ურთიერთდამოკიდებულებების გამყარებას გრძელვადიან პერსპექტივაში.

4. პარტნიორის დადანაშაულება თქვენს ემოციებში

რა არის ეს: ვთქვათ, მძიმე დღე გქონდათ, ხოლო თქვენი პარტნიორი არ ამჟღავნებს სათანადო თანაგრძნობას და მხარდაჭერას იმ მომენტში. ის მთელი დღე ტელეფონზე ეკიდა სამსახურის თანამშრომლებთან. თქვენ შეაფერხეთ თქვენი ჩახუტებით. გსურდათ სახლში ფილმის ერთად ყურება საღამოს, მაგრამ მას სხვა გეგმები აღმოაჩნდა: გარეთ გასვლა და მეგობრების ნახვა.

თქვენ განაწყენდით მასზე უყურადღებობის გამო. თქვენ მძიმე დღე გქონდათ და მან არაფერი გააკეთა, რომ ეს გაექარწყლებინა. რა თქმა უნდა, თქვენ არც გიკითხავთ, მაგრამ მან თავად უნდა იცოდეს, როგორ გაგრძნობინოს თავი უკეთესად. მას უნდა დაეკიდა ყურმილი და ჩაეშალა თავისი გეგმები მხოლოდ თქვენი არასახარბიელო ემოციური მდგომარეობის გამო.

რატომ არის ეს ტოქსიკური: პარტნიორის დადანაშაულება ჩვენს საკუთარ ემოციებში წმინდა წყლის ეგოიზმი და პირადი სივრცის ცუდი მართვის კლასიკური მაგალითია. როდესაც დაუშვებთ ამ პრეცედენტს, რომ თქვენი პარტნიორი პასუხისმგებელია თქვენს გუნება-განწყობაზე მუდმივად (და პირიქით), თქვენ გაგიჩნდებათ ორმაგი დამოკიდებულების ტენდენცია. უცებ, აღმოჩნდება, რომ მათ აღარ აქვთ უფლება დაგეგმონ რამე პირველ რიგში თქვენთან შეთანხმების გარეშე. ნებისმიერი საქმიანობა სახლში, თუნდაც ისეთი ბანალური, როგორიცაა წიგნის კითხვა, ან ტელევიზორის ყურება – უნდა გახდეს მოლაპარაკების საგანი და კომპრომისის შედეგი. თუკი რომელიმე თქვენგანი ცუდ ხასიათზე დადგება, ყველა პირადი სურვილი უნდა უკუაგდოთ, რადგან ახლა თქვენი პასუხისმგებლობაა იზრუნოთ ერთმანეთის გუნება-განწყობაზე.

ყველაზე დიდი პრობლემა, რასთანაც ამ ტენდენციების ჩამოყალიბებას მივყავართ, ისაა, რომ ისინი კვებავენ მრისხანებას, სიძულვილს. რა თქმა უნდა, თუკი ჩემი მეგობარი გოგონა ძალიან მიბრაზდება ხოლმე ჟამიდან ჟამ, იმიტომ რომ მას მძიმე დღე ჰქონდა და გადაღლილია და ყურადღებას ითხოვს, ეს გასაგებია. მაგრამ, თუკი ეს აღძრავს იმის მოლოდინს, რომ ჩემი ცხოვრება მუდამ მხოლოდ მისი ემოციური გუნება-განწყობის გარშემო ბრუნავს, მე მალევე შემიპყრობს სიბრაზე და მისი გრძნობებითა და სურვილებით მანიპულირებასაც დავიწყებ.

როგორ უნდა მოიქცეთ: აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ ემოციებზე და ეცადეთ, რომ თქვენი პარტნიორიც ასე მოიქცეს. არსებობს საკმაოდ ფაქიზი, მაგრამ, იმავდროულად, მნიშვნელოვანი სხვაობა ამ ორ მდგომარეობას შორის, როდესაც თქვენ მხარს უჭერთ და თანაუგრძნობთ თქვენს პარტნიორს, და როდესაც ვალდებულებას გრძნობთ თქვენი პარტნიორის წინაშე. ნებისმიერი მსხვერპლი უნდა იქნეს გაღებული, როგორც დამოუკიდებელი გადაწყვეტილების შედეგი და არ უნდა გაჩნდეს ამის მოლოდინი. როგორც კი ურთიერთობაში მყოფი ორი ადამიანი პასუხისმგებელი ხდება ერთიმეორის ემოციურ განწყობასა და უგუნებობაზე, ეს მათ თავიანთი ნამდვილი გრძნობების დამალვისა და ერთმანეთით მანიპულირებისკენ უბიძგებს.

5. ‘მოსიყვარულე’ ეჭვიანობის გამოხატვა

რა არის ეს: როდესაც ღიზიანდებით, თუ თქვენი პარტნიორი საუბრობს, ეხება რამეს, რეკავს, შეტყობინებას წერს, ერთობა სხვა ადამიანის ახლო გარემოცვაში და, შედეგად, თქვენ გადაგაქვთ ეს ბრაზი თქვენს პარტნიორზე და ცდილობთ მისი ქცევის გაკონტროლებას. ამას, ხშირად, ისეთ უგუნურ ქცევამდე მივყავართ, როგორიცაა თქვენი პარტნიორის ელექტრონულ ფოსტაში შეღწევა, ტექსტური შეტყობინებების ჩუმად დათვალიერება, როდესაც იგი აბაზანაში შხაპს იღებს, ან თუნდაც მისი თვალთვალი ქალაქში გადაადგილების დროს და გაუფრთხილებლად თავზე დადგომა, როდესაც არ გელის.

რატომ არის ეს ტოქსიკური: უცნაურია, რომ ზოგიერთი ადამიანი ამას აღიქვამს გრძნობების გამოხატვად. ისინი ფიქრობენ, რომ თუ მათი პარტნიორი არ ეჭვიანობს, ესე იგი, ეს, სავარაუდოდ, ნიშნავს იმას, რომ მას არ უყვარხართ.

ეს სიგიჟე და სრული ბოდვაა ჩემთვის. ეს არის მხოლოდ კონტროლი და მანიპულირება. ეს იწვევს არასაჭირო დრამას და უსიამოვნებას. ეს გულისხმობს ნდობის დეფიციტს მეორე ადამიანში. და, გულახდილად რომ ვთქვათ, ეს დამამცირებელი და შეურაცხმყოფელია. თუ ჩემი მეგობარი გოგონა მე არ მენდობა, როცა მე სხვა მიმზიდველი ქალის გარემოცვაში მნახავს, მაშინ ეს ნიშნავს იმას, რომ იგი ფიქრობს, რომ მე ა) ვარ მატყუარა, ან ბ) უსუსური ვარ და არ შემიძლია ჩემი იმპულსების გაკონტროლება. ორივე შემთხვევაში, ეს ის ქალია, რომელთანაც არ ვისურვებდი ურთიერთობას.

როგორ უნდა მოიქცეთ: გამოუცხადეთ ნდობა თქვენს პარტნიორს. ეს რადიკალური იდეაა, მესმის. ზოგჯერ ეჭვიანობა ბუნებრივია. მაგრამ გადამეტებული ეჭვიანობა და თქვენი პარტნიორის ქცევების გაკონტროლება თქვენი საკუთარი უღირსობის შეგრძნების გამოხატულებაა და უნდა ისწავლოთ მათი მოთოკვა და არ განავრცოთ ეს თქვენთვის ახლობელ ადამიანზე. რადგან, სხვა შემთხვევაში, თქვენ მხოლოდ აიძულებთ მას წავიდეს თქვენგან.

6. ურთიერთობაში გაჩენილი პრობლემების გადაფარვა ‘საჩუქრებით’

რა არის ეს: ყოველ ჯერზე, როდესაც სერიოზული კონფლიქტი, ან პრობლემა იჩენს თავს ურთიერთობაში, მათი გადაჭრის ნაცვლად, ზოგიერთი ცდილობს გადაფაროს იგი სიხარულისა და დადებითი ემოციების გამოწვევით, რაც თან ახლავს რამე მშვენიერი ნივთის ჩუქებას ან, სამოგზაუროდ წასვლას.

(ან უარესი – თუნდაც, დაქორწინებას )

ჩემი მშობლები ‘ექსპერტები’ არიან ამ საკითხში. და მათ ეს საკმაოდ ძვირი დაუჯდათ: ხმაურიანი განქორწინება და შემდგომი 15 წლის მანძილზე თითქმის ხმის გაუცემლად ცხოვრება. ორივე მათგანმა დამოუკიდებლად გამანდო თავისი აზრი იმის შესახებ, რომ თავდაპირველი მიზეზი და პრობლემა მათ ქორწინებაში სწორედ ეს იყო: თავიანთი რეალური პრობლემების გაუთავებელი მიჩუმათება ერთმანეთისთვის მოჩვენებითი სიამოვნებების მინიჭებით.

რატომ არის ეს ტოქსიკური: ეს არამხოლოდ შემალავს რეალურ პრობლემას იატაკის ტილოს ქვეშ (საიდანაც ის მუდმივად ამოყოფს ხოლმე თავს და, რაც დრო გავა, უფრო მწვავედ), არამედ დაუშვებს არაჯანსაღ პრეცენდენტს ურთიერთობაში. ეს არ გახლავთ გენდერული კუთვნილების მქონე პრობლემა, მაგრამ, ახლა სწორედ ტრადიციულად გენდერულ სიტუაციას მოგიყვანთ მაგალითად. წარმოიდგინეთ, რომ როდესაც ქალი უბრაზდება და უნაწყენდება თავის მეგობარ მამაკაცს, ან ქმარს, მამაკაცი „ჭრის“ ამ პრობლემას ქალისთვის რამე მშვენიერი ნივთის ყიდვით, ან მისი კარგ რესტორანში წაყვანით, ან რამე მსგავსი საქციელით. ეს არამხოლოდ სტიმულს აძლევს ქალს, რომ კვლავაც მოძებნოს წყენისა და გაბუტვის მიზეზები, ეს არც მამაკაცის უბიძგებს იქეთკენ, რომ მან რეალურად იგრძნოს ანგარიშვალდებულება ურთიერთობაში გაჩენილი პრობლემების გამო. და, საბოლოოდ, რა მივიღეთ? გაკონტროლებული ქმარი, რომელიც უკვე ‘ბანკომატის’ მოვალეობას ასრულებს და გამუდმებით გაბრაზებული ქალი, რომელიც თვლის, რომ მისი არ ესმით.

როგორ უნდა მოიქცეთ: რეალურად, თქვენ იცით, რაც უნდა ქნათ, მიხედეთ პრობლემას. ნდობას ბზარი შეეპარა? ესაუბრეთ პარტნიორს, თუ რა შეიძლება გაკეთდეს მის აღსადგენად. ვინმე თავს იგნორირებულად, ან დაუფასებლად გრძნობს? ესაუბრეთ, თუ როგორ შეიძლება დაიბრუნოთ აღფრთოვანების შეგრძნება. დაამყარეთ კომუნიკაცია!

არაფერია ცუდი იმაში, რომ ასიამოვნოთ თქვენს მეგობარ ქალს ჩხუბის შემდეგ, ნიშნად სოლიდარობისა და სიყვარულისა. მაგრამ, არასოდეს გამოიყენოთ საჩუქარი, ან ძვირფასი ნივთები არსებული ემოციური პრობლემების მოგვარების სანაცვლოდ. საჩუქრები და მოგზაურობები ფუფუნებად ითვლება გარკვეული მიზეზით, ამიტომ თავს ამ ფუფუნების უფლებას აძლევთ მხოლოდ მაშინ, როდესაც სხვა ყველაფერი წესრიგშია. თუკი ამ ფუფუნებას გამოიყენებთ პრობლემების მისაჩქმალად, მოგვიანებით, უფრო დიდ პრობლემას შეუქმნით საკუთარ თავს.

 თარგმნა ლიკა მარღანიამ

წყარო

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81