ამერიკელმა ფსიქოლოგმა, ერიკ ბერნმა შექმნა პოპულარული თეორია, რომელიც ტრანსაქციული ანალიზის სახელითაა ცნობილი და გულისხმობს ჩვენს იმ მოქმედებებს, რომლებიც სხვა ადამიანებისკენაა მიმართული. ის, გამოყოფდა სამ „ეგო მდგომარეობას“ – „მშობელი“, „ბავშვი“და „ზრდასრული“, რაც ნიშნავს, რომ ყოველ ჩვენგანში არის სამივე მდგომარეობა და სიტუაციის მიხედვით ვააქტიურებთ რომელიმე მათგანს.
ბერნის თეორიაში მნიშვნელოვანი ადგილი ცხოვრებისეულ სცენარებს (სკრიპტებს) უჭირავს და ის გულისხმობს, იმ იმპრინტებს (სცენარებს), რომლებსაც მშობლები და გარემო გაუცნობიერებლად გვიტენის თავში და რის შედეგადაც მთელი ცხოვრება, თითქოს წინასწარ დადგმულ სპეკტაკლს ვთამაშობთ. გარემო, ხშირად ვერბალურად გვაცნობს სცენარებს, რომლებიც ცხოვრების მანძილზე უნდა განვავითაროთ. მაგალითად: „ქალისთვის მთავარი ბედნიერება დედობაა!“, „კაცები არ ტირიან!“, „ჩვენს გვარში ყველა პროფესორია!“ და ა.შ.
ბერნმა ერთხელ თქვა – ადამიანი ხდება ისეთი, როგორ ადამიანად გახდომის უფლებასაც აძლევენო. მშობლებს ცხადია ძალიან უყვართ შვილები და ყველაფერი საუკეთესო ემეტებათ მათთვის, მაგრამ მხოლოდ იმ როლებს ანიჭებენ მათ, რომლებსაც თავად ირჩევენ შვილებისთვის.
ბერნის მიმდევარმა ფსიქოთერაპევტებმა, ბობ და მერი გოლდინგებმა განსაზღვრეს 12 ძირითადი ცხოვრებისეული სცენარი, რომლებსაც გარემო გვაწვდის. იმპრინტების ათვისება 12 წლის ასაკისთვის უკვე დასრულებულია და შემდეგ პერიოდში მათი განმტკიცება ხდება. როგორც წესი, თითოეული ჩვენგანში რამდენიმე იმპრინტი მაინცაა ღრმად ფეხმოკიდებული, ამიტომაც ხდება, რომ ცხოვრებაში ერთსა და იმავე სიტუაციაში თითქოს რამდენჯერმე ვხვდებით, მოვლენები თითქოს მეორდება. ამ სკრიპტებისგან თავის დაღწევა ცხადია შესაძლებელია. ამისთვის, აუცილებელია გავარკვიოთ, რომელ სცენარში ვართ, გავაცნობიეროთ ჩვენი როლი და გავარღვიოთ ოჯახური სისტემა. ამ პროცესში ფსიქოთერაპიას შეუცვლელი ადგილი უჭირავს.
12 ცხოვრებისეული სცენარი
- არ იცხოვრო = არ არსებობ!
თუ ოდესმე თვითმკვლელობის სურვილი გაგიჩნდათ, ეს ნიშნავს, რომ მშობელმა გაუცნობიერებლად გამოგიგზავნათ, მესიჯი, რომ თქვენი ცხოვრება ღირებული არ არის. ხშირად ამ იმპრინტის სათავე არასასურველი ორსულობიდან მოდის, როცა ბავშვის ჩასახვას მშობლები სიხარულით არ ხვდებიან და მათთვის ბავშვის გაჩენა პრობლემასთან ასოცირდება. ამ იმპრინტის მქონე ადამიანები, ცხოვრებაში ხშირად არიან ექსტრემის მოყვარულები, პროფესიად ირჩევენ ისეთ სფეროს, სადაც მათი სიცოცხლე რისკის ქვეშ დგება, ასევე არიან დანაშაულისკენ მიდრეკილები. აქვთ დაბალი თვითშეფასება, რადგან – ჩემი სიცოცხლე ღირებული არ არის, ავტომატურად ნიშნავს, რომ მე არ მაქვს არანაირი ფასი.
- ნუ იქნები საკუთარი თავი !
ეს სცენარი ვითარდება მაშინ, როცა შვილი არასასურველი სქესის ჩნდება, თუმცა მშობლები შინაგან განწყობას არ იცვლიან და შვილს გაუცნობიერებლად ექცევიან საპირისპირო სქესის შესაბამისად. მაგალითად -„შენ , რომ ბიჭი იყო სათევზაოდ წაგიყვანდი“, „გოგო, რომ იყო გამოგპრანჭავდი“. ეს იმპრინტი ყალიბდება, მაშინაც, როცა მშობლები თავიანთ შვილებს სხვა ბავშვებს ადარებენ. ამ დროს ბავშვს მისდის მესიჯი -„შენ , რომ სხვა იყო უფრო ბედნიერი იქნებოდი!“. ამ სკრიპტის არსებობის თვალსაჩინო მაგალითი პლასტიკური ქირურგიაა, როცა ადამიანები საკუთარ გარეგნობაში მხოლოდ „ხარვეზებს“კი არ ასწორებენ, არამედ ცდილობენ დაემსგავსონ, მაგალითად ანჯელინა ჯოლის ან ჩაჯდეს სილამაზის სტანდარტებში.
- ნუ იქნები ბავშვი!
„დიდი ბიჭები არ ტირიან“, „ამხელა გოგო ხარ და ისევ თოჯინებით თამაშობ“… ამ იმპრინტებს აყალიბებენ მშობლები, რომლებსაც შინაგანი ბავშვი ჰყავთ გააქტიურებული და ისინი შვილებს კონკურენტად აღიქვამენ. მშობლის გაუცნობიერებელი მესიჯია – „ამ სახლში, მხოლოდ ერთი ბავშვის ადგილია, ეს ბავშვი მე ვარ, შენ კი უკვე გაიზარდე!“
ამ სკრიპტის ჩამოყალიბების კიდევ ერთი მიზეზი, მშობლების რთული ბავშვობაა, თუ ტრამვირებული ბავშვობა ჰქონდა და თავად არ მოუწია დიდხანს დარჩენა ამ პერიოდში. ამ დროს მისთვის ბავშვობა რაღაც საშიშთან ასოცირდება, საიდანაც სწრაფად უნდა გავიდეს და შვილსაც სწორედ აქეთკენ მოუწოდებს. ამ სცენარის ადამიანებს უჭირთ ცხოვრებისგან სიამოვნების მიღება, რადგან ბავშვობის ეტაპით ტკბობა დიდხანს ვერ მოახერხეს.
- დარჩი ბავშვი = არ გაიზარდო = არ დამტოვო!
ეს სცენარი როგორც წესი, ვითარდება დედისერთა ან ყველაზე უმცროსი შვილის მისამართით. ეს იმპრინტი, იმ მშობლების არაცნობიერი რეაქციაა, რომლებიც საკუთარ ახალგაზრდობას ებღაუჭებიან. შვილების ზრდასრულებად აღიარება კი, ნიშნავს საკუთარ ახალგაზრდობასთან გამოთხოვებას, რაღაც საინტერესოს დამთავრებას და საკუთარი თავის უმნიშვნელოდ განცდას, ამიტომ დედა ცდილობს შვილი რაც შეიძლება დიდხანს დატოვოს ბავშვად და 28 წლის ადამიანის მისამართით შესაძლოა მოვისმინოთ ისეთი ფრაზები, როგორიცაა – „რა დროს შენი ქორწინებაა, ჯერ სულ ბავშვი ხარ“…
სკრიპტი – „დარჩი ბავშვი“, ადვილი ამოსაცნობია, რადგან ასეთი ადამიანები არიან ინფანტილურები, მუდამ სხვაზე დამოკიდებულები, მათი ჩაცმის სტილი არის ბავშვური.
- ნუ მიაღწევ მას!
ეს არის წარმატებისა და მიზნების მიღწევის აკრძალვა. ასეთ აკრძალვას არაცნობიერად აყალიბებს მშობელი, რომელიც საკუთარი სურვილების ასრულებისთვის კი არ ცხოვრობს, არამედ „გადარჩენისთვის“. მას უწევს არასასურველი საქმეების კეთება, რომ ჰქონდეს შემოსავალი, ან ბავშვობაში თავისი მშობლები აძლევდნენ როლებს, რომლებიც მისთვის საინტერესო არ იყო, მის მიზნებს არ შეესაბამებოდა. ახლა კი, დებს ინვესტიციას შვილის წარმატებაში, თუმცა არაცნობიერად შურს შვილის ასრულებული სურვილების, განხორციელებული მიზნების, ამიტომ ვერბალურად შესაძლოა შვილის ახალი წარმატების სტიმულირებას ახდენდეს, მაგრამ გაუცნობიერებლად ბლოკავს ამ წარმატებებს, შვილიც თავს დამნაშავედ გრძნობს მშობლის წინაშე და საკუთარ თავს უკრძალავს მიზნების მიღწევას და წარმატებით ასრულებს დაკვეთას -„არ მიაღწიო!“
- არ შეიძლება = არაფერი გააკეთო!
ეს იმპრინტი ვითარდება ზედმეტად ფრთხილი მშობლების გავლენით, როცა ისინი შვილებს არ აძლევენ დამოუკიდებლად რაიმეს კეთების საშუალებას და ყველა კუთხეში საფრთხე ეჩვენებათ, ასე ბავშვს აჩვევენ რომ სამყარო საშიშია და ფრთხილად უნდა იყოს. მათგან ხშირად მოვისმენთ ფრაზებს – „ფრთხილად, წაიქცევი!“, „ფრთხილად ძაღლია!“, „ფრთხილად, ჭიქა გაგიტყდება!“, „არ შეიძლება, არ შეიძლება , არ შეიძლება!“ რაც, უფრო ხშირად ეუბნებით ბავშვებს – „არა!“-ს, მით წარმატებით ინსტალირდება მის გონებაში ეს სცენარი. ადამიანს, რომელიც ცხოვრობს „არაფერი გააკეთო“-ს პრინციპით, ადვილად ამოიცნობთ, ის გამუდმებით ლაპარაკობს საკუთარ ოცნებებსა თუ სურვილებზე, მაგრამ არაფერს აკეთებს მათ განსახორციელებლად.
- არ ისურვო!
ისინი, ვინც ამ სცენარის გზავნილს ატარებენ, ცხოვრებაში ვერასდროს დათანხმდებიან წამყვან როლს. მათ შეუძლიათ შესანიშნავი შემსრულებლები იყვნენ, აქვთ შესანიშნავი რეკომენდაციები, მაგრამ იმ შემთხვევებში, როდესაც მენეჯმენტი მათ სთავაზობს კარიერული წინსვლის შესაძლებლობებს, ისინი ეძებენ უარის თქმის გზებს.
ასეთი იმპრინტები უყალიბდებათ ბავშვებს, რომლებსაც მშობლები უკრძალავდნენ საკუთარი აზრის დაფიქსირებას, უზღუდავდნენ თავისუფლად აზროვნების უფლებას, საკუთარი აზრის ქონას, მისი მისამართით ისმის -„შენ, ჯერ პატარა ხარ, არავინ გეკითხება!“ ამ მესიჯის განმტკიცება კი, ოჯახიდან გრძელდება ბაღში, სკოლაში, უნივერსიტეტში, სამსახურში, საკუთარ ოჯახში და ა.შ.
სცენარს – “არ გამოავლინო თავი”, “არ ითხოვო ის, რაც გინდა”, “არ ისურვო”, ადამიანი მიყავს საკუთარი სურვილების სრულ დაიგნორებამდე.
- არ მეკონტაქტოთ!
ეს იმპრინტი ყალიბდება, როცა მშობლები მუდმივად ხაზს უსვამენ, ბავშვის განსხვავებულობას. „მთელ კლასში , მარტო შენ იქცევი ცუდად“, „მარტო შენ არ გამოგდის კარგად სიმღერა!“, მაშინაც კი, თუ მშობლები გადაჭარბებულად ცდილობენ ბავშვის უნიკალურობას და ექსკლუზიურობას გაუსვას ხაზი ფრაზებით -„შენ ყველაზე კარგად ხატავ“, „შენისთანა ამ ქვეყნად არავინაა!“, ამ მესიჯების ჭარბი მიწოდებაც ბავშვში იწვევს განცდას, რომ მარტოა, განსხვავებულია, მისი არავის ესმის, არავის შეუძლია მასთან კონტაქტი.
- არ მოხვიდეთ ახლოს!
ეს სცენარი ყალიბდება, როცა ოჯახის წევრები თავს არიდებენ ფიზიკურ სიახლოვეს ან ემოციების გამოხატვას. გარდა ამისა, სულ აფრთხილებენ ბავშვს, რომ არავის ენდოს, ადამიანები საშიშები არიან, გულს ატკენენ, ყველასთან ფრთხილად უნდა იყვნენ. ამ გზით ისინი ერთგვარ გარსს უქმნიან საკუთარ შვილს, რომელიც გარემო საფრთხისგან „იცავს“, შესაბამისად ამ სცენარის მატარებელი ადამიანები, მიდრეკილები არიან მარტოობისკენ, თავს არიდებენ სხვა ადამიანებთან კონტაქტს, არიან გადაჭარბებით ეჭვიანები.
- არ იყო ჯანმრთელი!
დრამატულობის მიხედვით, ამ იმპრინტმა, მხოლოდ პირველ იმპრინტს – „არ იცხოვრო“-ს შეიძლება გაუწიოს კონკურენცია, შესაბამისად ეს ორია ყველაზე რთულად დასამუშავებელი სცენარი.
„არ იყო ჯანმრთელი“ – სცენარი ყალიბდება მაშინ, როცა ბავშვი არაცნობიერ დონეზე აფიქსირებს, რომ ყურადღებას აქცევენ მაშინ როცა ავად ხდება, სხვა დროს მისთვის მშობლებს არ სცალიათ, ან როცა ოჯახში კონფლიქტებია, განქორწინების პროცესები და სიტუაცია წყნარდება მხოლოდ მაშინ, როცა ბავშვი ავად ხდება. ამ დროს ის ითვისებს მანიპულაციის ხერხებს და ხშირად ხდება ავად, რომ მიიღოს შესაბამისი სარგებელი. ზრდასრულობაშიც, თუ კი სითბო მოაკლდება, შესაძლოა დაემართოს დაავადება, რომ მისკენ მიმართოს ყურადღება.
- არ იფიქრო!
ეს სცენარი ვითარდება, როცა მშობელი მუდმივად აკრიტიკებს ბავშვის ყველა ინიციატივას, ყველა გამოთქმულ აზრს და შეხედულებას, ხაზს უსვამს საკუთარ ავტორიტეტს და ბავშვის აზრების მცდარობას ჩანასახშივე ადასტურებს. შესაბამისად, ბავშვი ეჩვევა, რომ მისთვის საინტერესო საკითხები არ წამოჭრას, კითხვები არ დასვას და ზრდასრულობაში მან არ იცის როგორ დაიცვას საკუთრი აზრი, საკუთარი ინტერესები, როგორ აიღოს პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვებზე და მოქმედებებზე. შედეგად უყალიბდება არაჯანსაღი ურთიერთობები კოლეგებთან, მეგობრებთან, მეუღლესთან, შვილებთან.
- არ იგრძნო!
თუ ოჯახში გრძნობების იგნორირება ხდება და მათი გამოხატვის საშუალებას არ აძლევენ ბავშვებს, მათ უყალიბდებათ იმპრინტი – „არ იგრძნო“. ამ დროს, ბავშვებს ასწავლიან -„კაცები არ ტირიან“, „სისუსტე არ შეიძლება“, „ძლიერი უნდა იყო!“, „არ შეიმჩნიო, თუ გეტკინა“. ბავშვები იწყებენ საკუთარი გრძნობების დათრგუნვას, ცხადია ეს დათრგუნული ემოციები არსად იკარგება და ხშირად სომატურ გამოხატულებაში ვლინდება. ბიჭები, რომლებიც ამ სცენარით იზრდებიან, კარგავენ თანაგრძნობის უნარს და ეს დაგროვილი ემოციები, ხშირ შემთხვევაში ნაადრევი ინფაქტის სახით ვლინდება. ქალები კი იმატებენ წონაში და ეს დაგროვილი ემოციები სხვადასხვა ფსიქოსომატური დაავადების სახით პოულობს გამოხატვის გზებს.
კრისტი კარანაიამ