კრისტი კარანაია – როგორ ავუმაღლოთ ბავშვს თვითშეფასება?!

0

დაბალი თვითშეფასება, რომ ადამიანის ცხოვრების ხარისხზე ცუდ გავლენას ახდენს, ეს ახალი არ არის. თვითშეფასება კი, ბავშობაში, მშობლების გავლენით, რომ ყალიბდება არც ესაა სადავო. ბავშვების შეფასება საკუთარი თავის შესახებ, ვითარდება იმის მიხედვით, როგორ აღიქვამენ მას მშობლები და რამდენად იღებენ ისეთს, როგორიც არის. სამ წლამდე ბავშვები ვერ აღიქვამენ თავიანთ „მე“-ს , ვერ განსაზღვრავენ საკუთარ როლს საზოგადოებაში, ამიტომ მათი თვითშეგნება მთლიანადაა დამოკიდებული მშობლების დამოკიდებულებაზე მათ მიმართ.  უნდა გავითვალისწინოთ, რომ ბავშების თვითშეფასების ჩამოყალიბებას გავლენას ახდენს მათი აღზრდის სტრატეგიები. თუ მშობლები ავტორიტარული აღზრდის ტიპს ანიჭებენ უპირატესობას, მკაცრად ექცევიან შვილებს, დამოუკიდებლად არ აძლევენ გადაწყვეტილების მიღების საშუალებას, ხშირად სჯიან, ასეთ ბავშვს მუდმივად ეშინიათ ინიციატივის საკუთარ თავზე აღების, შეცდომების დაშვების, ცხადია მათი თვითშეფასება ბავშობაშივე დაბალია და ეს მთელ მათ ცხოვრებაზე მოახდენს გავლენას. ასევე, როცა მშობლებს თავად აქვთ დაბალი თვითშეფასება, არ არიან საკუთარ თავში დარწმუნებულები, ისინი შვილების ყველა ქცევასაც ეჭვით უყურებენ,  ეუბნებიან, რომ არაფერი გამოუვათ, რამის მიღწევა რთულია, ივიწყებენ საკუთარ ოცნებებს და შვილებსაც იგივეს აიძულებენ, ცხადია ამ შემთხვევაში მშობლებმა თავად უნდა იზრუნონ საკუთარი თითშეფასების ამაღლებაზე, რადგან შვილებს ავტომატურად გადასცემენ საკუთარ თავში დაურწმუნებლობის განცდას.

უნდა გვახსოვდეს, რომ რადგან თვითშეფასება, როგორც „მე კონცეფციის“ ნაწილი , ბავშვობაში ყალიბდება და მისი მთავარი მშენებლები მშობლები არიან, სწორედ მშობლებმა უნდა აიღონ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობა, გაზარდონ საკუთარ თავში დარწმუნებული ადამიანები, რაც თავისთავად წარმატებულობას გულისხმობს.

იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, რომელ საფეხურზეა ბავშვის თვითშეფასება, უნდა ვიცოდეთ მისი ტიპები:

  • დაბალი თვითშეფასება – როცა ადამიანი განიცდის არასრულფასოვნების კომპლექსს, ვერ იღებს დამოუკიდებლად გადაწყვეტილებას, საკუთარ შესაძლებლობებს მუდმივად ეჭვის თვალით უყურებს, არ სჯერა საკუთარი თავის. გრძნობს გაურკვევლობას და თავს აღიქვამს, როგორც უსარგებლოს.
  • ადექვატური თვითშეფასება- როცა ადამიანი აღიქვამს საკუთარ თავს ისეთად, როგორიც არის, სწორად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს
  • მაღალი თვითშეფასება – როცა, წარმოდგენები საკუთარ თავზე გადაჭარბებულად მაღალია

აუცილებელია, ბავშვის თვითშეფასების გაუმჯობესებაზე დაფიქრდეთ, თუ ის ხშირად ამბობს:

  • მე არ გამომივა
  • არ მინდა ვცადო, მაინც წავაგებ
  • მე ვარ მახინჯი, უინტერესო
  • არავის ვუყვარვარ
  • ყველა ჩემზე უკეთესია
  • როცა მძაფრი რეაქცია აქვს წაგებაზე
  • თავს არიდებს სხვებთან საკუთარი აზრის დაფიქსირებას
  • ვერ ამყარებს კომუნიკაციას სხვა ბავშვებთან
  • არის ჩაკეტილი, ზედმეტად მორცხვი
  • ტირის, როდესაც რაიმეს არასწორად აკეთებს

თუ, გსურთ თქვენს შვილს  უყვარდეს საკუთარი თავი, მისი მიღება, საკუთარ სურვილებთან ჰარმონიაში ყოფნა და საკუთარი ძალების ადექვატურად შეფასება შეეძლოს, მოგიწევთ გაითვალისწინოთ შემდეგი წესები:

  • ყოველთვის მიეცით საშუალება დააფიქსიროს და დაიცვას საკუთარი აზრი.
  • პატივი ეცით მას, როგორც პიროვნებას, არასოდეს შეადაროთ სხვა ბავშვებს.
  • ყოველ დღე დაანახეთ, რომ თქვენი მისდამი სიყვარული უპირობო და ამოუწურავია.
  • ხშირად მიეცით გადაწყვეტილების მიღების საშუალება.
  • ნუ გააკრიტიკებთ მის გადაწყვეტილებებს.
  • ნებისმიერი წარუმატებლობისას დაუჭირეთ მხარი და დაანახეთ, რომ მარცხი კი არ განიცადა, არამედ გამოცდილება დააგროვა. ანუ, მარცხი უქციეთ რესურსად.
  • არ შეუქმნათ სასათბურე პირობები. მიეცით საშუალება დაუშვას შეცდომები, განიცადოს მარცხი, გადალახოს სირთულეები, უბრალოდ იყავით მის გვერდით და დაეხმარეთ პრიორიტეტების დალაგებაში.
  • წაახალისეთ ბავშვი, რომ თვითონ გამოხატოს ინიციატივა, როცა რაიმეს გაკეთება სურს.
  • მიეცით ისეთი დავალებები, რომელსაც ზუსტად იცით, შეასრულებს და შეაქეთ მიღწეული წარმატებისთის.
  • არასოდეს გააუფასუროთ მისი წარმატება. (ამის გაკეთება ხომ ყველას შეუძლია)
  • ხშირად დააფიქსირეთ გულწრფელი აღტაცება მის მიმართ.
  • არასოდეს უთხარათ, რა მაგარი იყავით მის ასაკში, და რომ მასზე უკეთ ართმევდით თავს სირთულეებს.
  • არასოდეს უთხრათ, რომ რაღაც არ გამოუვათ.

 

 

თამაშები თვითშეფსასების ამაღლებისთვის:

 იმისათვის, რომ თქვენი შვილების თვითშეფასების ამაღლებაზე მუშაობა იყოს საინტერესო და სახალისო,  გასწავლით თამაშებს, რომლებშიც ბავშვებიც ხალისით ჩაერთვებიან და შედეგიც  ეფექტური იქნება.

 

                                                ჯადოსნური ყუთი

გაამზადეთ ლამაზი, ჯადოსნური ყუთი, სადაც მთელი კვირის მანძილზე ყოველ დღე ჩაყრით ბარათებს, რომელზეც აღწერილი იქნება ბავშვის ნებისმიერი წარმატება. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი რამ, კარგი ნიშნის მიღება სკოლაში, მეგობრისთვის დახმარების გაწევა, ნახატის დახატვა, ცხოველის გამოკვება, ლექსის სწავლა, ოჯახის წევრებისთვის დახმარება და ა.შ. კვირაში ერთხელ კი, საზეიმოდ, მთელი ოჯახის თანდასწრებით გაიხსნას ყუთი და მოხდეს ბარათების წაკითხვა, რასაც მოყვება ტაში, ოვაციები, შექება ან ნებისმიერი სახის სამოტივაციო ჯილდო.

 

                                                წარმატების დაფა

შეგიძლიათ, დიდი ფორმატის ფურცელი, რომელზეც ჩამოწერილი იქნება კვირის დღეები, გააკრათ კედელზე და ყოველი დღის ბოლოს, მიაწეპოთ ან მიახატოთ, იმდენი ღიმილი, რამდენი წარმატებაც ჰქონდა ბავშვს დღის მანძილზე. კვირის ბოლოს დაითვალოთ შედეგები და დააწესოთ შესაბამისი ჯილდოც, ეს იქნება – გასეირნება პარკში, ბურთის თამაში, ფილმის ერთად ყურება თუ ბავშვისთვის საყვარელი ნებისმიერი აქტივობა.

 

                                      დაასრულეთ წინადადება

ამ თამაშის მიზანია, ნებისმიერი თქვენი ნათქვამი წინადადება დაასრულოს ბავშმა საკუთარი თავის შესახებ კარგი შეფასებით. მაგალითად  ეკითხებით „ შენ ჭკვიანი ხარ, რადგან…“ და ბავშვი ასრულებს წინადადებას, არგუმენტებით, თუ რატომ თვლის თავს ჭკვიანად.   გადახედეთ მის უპირატესობებს და მასაც დააფიქსირებინეთ ეს. „შენ კეთილი ხარ, რადგან…“, „შენ სწრაფი ხარ, რადგან….“  „შენ ყოჩაღი ხარ, რადგან….“ , შეგიძლიათ ერთი ფრაზა გამოიყენოთ რამდენჯერმე, სანამ არ ამოწურავს მასზე პასუხებს.

გახსოვდეთ, რომ ჯანმრთელი თვითშეფასება, ჯანმრთელ ფსიქიკურ მდგომარეობას განაპირობებს, თქვენ კი, უნდა იზრუნოთ თქვენი შვილის მენტალურ კეთილდღეობაზე.

კრისტი კარანაია- ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი