ვირჯინია სატირი – სიახლე ფსიქოთერაპიაში

0

მარიამ გოჩაძე- ფსიქოთერაპევტი /ინტეგრიებული მიდგომა/; ECIP-ის (European Certificate of Integrative Psychotherapy) მფლობელი; კლინიკური ფსიქოლოგიის მაგისტრი;  ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების სახლ დენდრონის სასწავლო მიმართულებების კოორდინატორი.

მე-20 საუკუნის მეორე ნახევრის დასაწყისია, სულ ახლახანს საფუძველი ჩაეყარა ახალი დარგის-ფსიქოთერაპიის განვითარებას (ეს ტერმინი საბოლოოდ დამკვიდრდა 1990 წელს სტრასბურგის დეკლარაციით, ევროპის ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის ინიციატივით, რისი მეშვეობითაც აღიარეს დარგის დამოუკიდებლობა). ყალიბდება  სხვადასხვა  მიმდინარეობები (ფსიქოანალიზი; ფსიქოდრამა; ჰიპნოთერაპია; გეშტალტთერაპია; კლიენტზე ცენტრირებული თერაპია; რაციონალური ემოციურ ქცევითი თერაპია (REBT) ) რომლებიც დეზადაპტური ფუნქციონირებისგან თავის დასაღწევად მრავალფეროვან გზებს გვთავაზობენ.  თითოეული მათგანი ორიენტირებულია პრობლემის მქონე ინდივიდზე და მათი სამუშაოც ინდივიდუალურ მიდგომას ეყრდნობა. მართალია, არასასურველი მდგომარეობის ფორმირებაში ყველა აღიარებს სოციალური გავლენის ძალას, მაგრამ იგი მაინც კონკრეტული პიროვნებისთვის დამახასიათებლად აღიქმება და მიიჩნევა, რომ  დაძლევაზე მუშაობაც მხოლოდ და მხოლოდ ამ უკანასკნელის პრეროგატივაა.

ამავე წლებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, სოციალურ მუშაკად მოღვაწეობას იწყებს მიზანდასახული და შეუპოვარი ქალბატონი – ვირჯინია სატირი(1916-1988). მრავალ ოჯახთან მუშაობის საწყისი ოთხწლიანი პრაქტიკის პერიოდში, მან თვალნათლივ დაინახა თითოეული წევრის ერთმანეთის მდგომარეობაზე გავლენა. მოგვიანებით, სატირი თავის საუბრებში ხშირად იხსენებდა ფსიქიკური პრობლემის მქონე ახალგაზრდა ქალის შემთხვევას, რომელიც მშობლებთან ერთად ცხოვრებდა. ბენეფიციარის მომჯობინებისთანავე დედამისს ეწყებოდა დეპრესიის ეპიზოდი,  ხოლო მამას გულის შეტევა. ამ მოვლენის წარმოქმნას კი, ახალგაზრდა ქალი ისევ ცუდად გახდომა მოჰყვებოდა. ვირჯინია სატირი დააფიქრა მიმდინარე „უცნაურმა კანონზომიერებამ“ და გადაწყვიტა ოჯახის ყველა წევრთან თანაბრად ემუშავა. მისი ეს ნაბიჯი წარმატებული აღმოჩნდა, რამაც მიიყვანა განსაზღვრებამდე, რომ ოჯახი არის ერთგვარი სისტემა. ისევე, როგორც ყველა სისტემაში, აქაც თითოეული კომპონენტი (ამ შემთხვევაში წევრი) ერთმანეთთან გარკვეულ მიმართებაშია. ისინი ერთმანეთზე დამოკიდებულია და ერთის შეცვლა გავლენას ახდენს მთელის ფუნქციონირებაზე. ამასთანავე, აღნიშნული მექანიზმი ყოველ ცალკეულ მოცემულობაში განსხვავებულად აწყობილი, წესდებით ორგანიზებული და სტრუქტურით გაჯერებულია.

ვირჯინია სატირი განიხილავდა ორი ტიპის ოჯახურ სისტემას – დახურული და ღია.  დახურული  ოჯახური სისტემა იერარქიულია. სათავეში მყოფი მეთაური ადგენს მკაცრად  გაწერილ წესდებას, რომელსაც დანარჩენი  წევრები ითვალისწინებენ და ემორჩილებიან. ზოგიერთი წესის ფუნქციური დატვირთვა ბუნდოვანია, თუმცა ის მაინც განაგრძობს არსებობას. წესები შეუცვლელია და შექმნის დღიდან ოჯახის არსებობის ბოლო დღემდე ნარჩუნდება (მსგავსი ოჯახური სისტემა შეიძლება იყოს, როგორც პატრიარქალური ასევე, მატრიარქალური) . ღია ოჯახური სისტემის წესდების შემუშავებაში კი ყველა უნარიანი წევრი იღებს მონაწილეობას. ამ ტიპის ოჯახში ყველა (განურჩევლად ასაკისა და სქესისა) თანასწორია. ამიტომ, დროთა განმავლობაში შესაძლებელია წესდების შეცვლა, რათა მეტად მორგებული იყოს თითოეულ მცხოვრებზე. წესები მკაფიოდ ფორმულირებული და გაშინაარსებულია, ყველა წევრმა იცის რა მიზანს ემსახურება. ავტორი აღნიშნავს, რომ იშვიათია რადიკალურად დახურული ან ღია სისტემა. ამ ორპოლუსოვან ღერძზე თითოეული ოჯახი   არათანაბრად არის განლაგებული და  უფრო მეტად ერთ-ერთისკენ იხრება. ამასთანავე, ორივე ტიპის ოჯახური სისტემა შესაძლოა იყოს როგორც ფუნქციური ასევე დისფუნქციური. ეს დამოკიდებულია ოჯახის წევრთა შეთანხმებულობის ხარისხზე.

სატირი მიიჩნევდა, რომ ოჯახური სისტემა თითოეულ ინდივიდზე გავლენას ახდენს და  მის მახასიათებლებს აფორმირებს. მისი აზრით ყოველი პრობლემა უკავშირდება და მომდინარეობს ოჯახის დისფუნქციური მდგომარეობიდან. შესაბამისად, თუ გვსურს ადამიანმა დასძლიოს თავის გამოწვევა საჭიროა მისი დაკავშირება ოჯახურ სივრცესთან, კონტაქტის აღდგენა/გამართვა წევრებთან და მეტად ფუნქციური სისტემის შექმნა. შედეგად, შესაძლებელია პიროვნებას აღუდგეს თვითმარეგულირებელი მექანიზმი და განიცადოს ტრანსფორმაცია. სწორედ ამიტომ, ვირჯინიამ თავის მიდგომას: „ტრანსფორმაციული სისტემური თერაპია“ უწოდა. სატირი თავის მიდგომაში განიხილავს მრავალფეროვან სფეროებზე მუშაობას, რომელიც მოიცავს კომუნიკაციისა და ურთიერთობის სტილს; პარტნიორთა შორის ურთიერთობებს; მშობლებისა და შვილებს შორის წარმოქმნილ სირთულეებს.

ვირჯინია სატირი თავის სამუშაო გამოცდილებიდან ამოვიდა და ინდივიდიდან მთელს სოციალურ სისტემაზე ორიენტირდა. ჩათვალა, რომ ადამიანის შეცვლა სოციუმის ზეგავლენით მეტად ეფექტურია. გარდა ამისა, თუ ჩვენ გავაჯანსაღებთ მხოლოდ ინდივიდს და არ ვიმუშავებთ მის გარემოზე, გასწორებული მალევე გამრუდდება. შესაბამისად, სატირი ამბობდა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია ინდივიდის ცვლილებასთან ერთად მისის ოჯახის სისტემის ცვლილებაც, რომ ეფექტი შენარჩუნდეს. დღეს – დღეობით შექმნილია თერაპიის სხვადასხვა ვარიაცია, რომელსაც ფსიქოთერაპიულ საქმიანობაში, როგორც ცალკე მეთოდად ასევე, სხვა მიმდინარეობებთან ინტეგრირებულად გამოიყენება.

 

წყარო:

  1. Paula Englander-Golden and Virginia Satir, 1990 Say It Straight, to compulsions to choices ; science and behavior books; Palo Alto, California;
  2. Laura Hagen, Allen sabey, 2018, Satir Model of Transformational Systematic Theraphy;

 

✔ ფსიქოთერაპევტი- ინტეგრირებული მიდგომა ✔ ECIP-ის მფლობელი ( European Certificate of Integrative Psychotherapy); ✔ ფსიქოთერაპიისა და ფსიქოკონსულტირების სახლ დენდრონის სასწავლო მიმართულებების კოორდინატორი ? 558 130 555