გვახსოვდეს, რომ ემოციებს ჩვენ განვაგებთ

0

ნინი ბრეგვაძეფსიქოლოგი, დღის ცენტრისბავშვი ოჯახის საზოგადოებისსპეცმასწავლებელი

მოდი დავიწყოთ იმის განსაზღვრით თუ რა არის ემოცია. მისი საყოველთაოდ მიღებული განსაზღვრება არ არსებობს, თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ ემოცია საკმაოდ რთული პროცესია, რომელიც მოიცავს ფიზიოლოგიურ პროცესებს (მაგ. გულის სწრაფი ფეთქვა, ოფლის გამოყოფა და ა.შ), გაცნობიერებულ დამოკიდებულებას/ კოგნიტურ პროცესებს (მაგ. ვიღაცის მიმართ სიყვარული, სიძულვილი…) და ქცევაში გამოვლინებას (მაგ. ღიმილი, ტირილი და ა.შ).

ერთ-ერთი განმარტებით ემოცია ეს არის აღგზნება, ღელვა. ის არის რთული ფსიქიკური პროცესი, რომელიც გამოხატავს ადამიანის დამოკიდებულებას გარემოსადმი და მის დამოკიდებულებას საკუთარი შინაგანი მდგომარეობის მიმართ. ხშირად სწორედაც, რომ ემოციები წარმართავს ჩვენს ქცევას (თუმცა აქ მნიშვნელოვანია ვისწავლოთ მათი მართვა და ჩვენს სასარგებლოდ გამოყენება, სადაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ნებისყოფა).

სანამ ემოციების მართვასა და  მის მნიშვნელობაზე ვისაუბრებთ საჭიროა განვსაზღვროთ საიდან  ჩნდება ემოციები და რა არის მათი გამომწვევი მიზეზი? ამ კითხვაზე ალბათ ბევრი თქვენგანი მიპასუხებს, რომ ემოციები გარემო სტიმულების ზემოქმედების შედეგად ჩნდება: ,,შემეშინდა იმის გამო, რომ ქუჩაში დიდი ძაღლი შემხვდა“, ,,ბედნიერი ვარ იმის გამო, რომ მეგობარმა სიურპრიზი გამიკეთა“, ,,გავღიზიანდი იმის გამო, რომ ტაქსიმ არ გამიჩერა“.  ერთი შეხედვით ემოციები გარემო ფაქტორების ზემოქმედებამ გამოიწვია. მაგრამ მაშინ რატომ ხდება, რომ ერთიდაიმავე სიტუაციაში (ერთიდაიმავე სტიმულის ზემოქმედებისას) ადამიანები სრულიად განსხვავებულად რეაგირებენ, განსხვავებული ემოციები უჩნდებათ. ერთ ადამიანს აშინებს ქუჩაში შემხვედრი დიდი ძაღლი, მაგრამ მეორესთვის ეს უსაყვარლესი არსებაა და ბედნიერია, მისი მოფერების სურვილი უჩნდება და არა მისგან გაქცევის. ერთს აბედნიერებს მეგობრის მიერ გაკეთებული საჩუქარი მეორესთვის კი უბრალოდ მეგობრის დანახვაც საკმარისია ამ ემოციის აღმოცენებისთვის. ასევე ვიღაცას აბრაზებს/ აღიზიანებს , ის ფაქტი რომ ტაქსიმ არ გაუჩერა, მაშინ როდესაც მეორე სრული მოთმინებით ელოდება, როდის გამოივლის სხვა  ტაქსი.

მაშინ რა ხდება? გარემო თუ არა რა იწვევს ჩვენში ემოციების აღმოცენებას? სინამდვილეში ემოციების აღმოცენება გარემო ფაქტორებზე ჩვენს მიერ გარკვეული მნიშვნელობების მინიჭებით ხდება. ემოციები მჭიდროდ არის დაკავშირებული ჩვენს წარსულ გამოცდილებასთან (ჩვენს მეხსიერებასთან), თუ თქვენ წარსულში, ქუჩაში დიდმა ძაღლმა შეგაშინათ მაშინ, დიდი შანსია, რომ მსგავს სიტუაციაში აღმოჩენისას ისევ მძაფრი შიშის გრძნობა გაგიჩნდეთ, ეს პროცესი ხშირად გაუცნობიერებლად მიმდინარეობს ისე, რომ თქვენ შესაძლოა სულაც აღარ გახსოვდეთ წარსულში მომხდარი შემთხვევა, რომელიც გავლენას ახდენს თქვენს ,,ახლა და აქ“ მდგომარეობაზე. ეს აუცილებლად აფერხებს ჩვენს ეფექტურ/ ადექვატურ მოქმედებას. მაგ: თუ ვხედავ, რომ ძაღლი ჩემგან ძალიან შორს არის, სხვა მიმართებით მიდის და ვერაფერს დამიშავებს მაგრამ მე მაინც შიშის გრძნობა მიჩნდება მაშინ შეუძლებელია ადეკვატური მოქმედება მანამ სანამ ჩემი შიშის მიზეზი არ გაცნობიერდება. გაურკვეველი ემოციის აღმოცენებისას ირღვევა ადამიანის შინაგანი წონასწორობა და ჩნდება გაურკვევლობის/ ქაოსის განცდა ამ პროცესის შესაჩერებლად კი საუკეთესო ვარიანტად  იგნორირება გვეჩვენება (უბრალოდ ვახშობთ ემოციას), რაც ან ,,გადაწვამდე“ ან ,,დიდ აფეთქებამდე“ მიგვიყვანს. სხვა შემთხვევაში არასწორად ვიწყებთ ჩვენი ემოციის გამომწვევი მიზეზის ძებნას ანუ იქ ვეძებთ, სადაც ისინი რეალურად არ არის. ემოციის გამომწვევი მიზეზის ძებნას ვიწყებთ გარემოში და არა საკუთარ თავში. მაშინ, როდესაც ჩვენს სხეულში, ყოველ წამს, ყოველ კონკრეტულ მომენტში აღმოცენდება გარკვეული ემოცია, რომელიც გვეხმარება გავაცნობიეროთ თუ რამდენად მისაღებია ჩვენთვის ესა თუ ის აქტივობა, ამა თუ იმ გარემოში ყოფნა და ა.შ.

მაშ რა გავაკეთოთ? როგორ გავიგოთ რა არის ჩვენი ემოციის გამომწვევი მიზეზი და ვაკონტროლოთ ისინი?

აქ მნიშვნელოვანია უბრალოდ ვისწავლოთ ჩვენი ემოციების ამოცნობა, გავიცნოთ საკუთარი თავი. ამისთვის საუკეთესო ვარიანტია დავაკვირდეთ საკუთარ სხეულში მიმდინარე პროცესებს, ის ხომ ყოველ წამს გვაძლევს სიგნალებს/ მინიშნებებს, ჩვენი ემოციური მდგომარეობის შესახებ,  მთავარია შევძლოთ ამ სიგნალების ამოცნობა. ამისთვის ყოველ ახალ თუ  ჩვეულ/ თქვენთვის კარგად ნაცნობ სიტუაციაში მოხვედრისას კითხეთ საკუთარ თავს: ,, რას ვგრძნობ ახლა?“, ,,რომელი ემოცია აღმოცენდა ჩემში?“, ,,რას ვგრძნობ მაშინ, როდესაც ყავას ვსვამ? რამდენად სასიამოვნოა ჩემთვის მისი მომზადების პროცესი?“, ,,რას ვგრძნობ, როდესაც მეგობრებთან ერთად ვარ?“, ,,რას ვგრძნობ სახლში, ქუჩაში, ავტობუსში, რას ვგრძნობ ამ სტატიის კითხვისას..?“, ,,რა შეგრძნებები მიმდინარეობს ჩემში ყოველ კონკრეტულ მომენტში“… თუკი მოვახერხებთ და გავიგებთ რა შეგრძნებები და ემოციები აღმოცენდება ჩვენში, თუ გავაცნობიერებთ რა იწვევს მათ აღმოცენებას მაშინ შევძლებთ ვისწავლოთ მათი მართვა და ჩვენს სასარგებლოდ გამოყენებას.

გვახსოვდეს, რომ რეალურად ჩვენ განვაგებთ ჩვენს ემოციებს და არა ისინი ჩვენ! ისინი არ ჩნდებიან შემთხვევით, ისინი არ ჩნდებიან გარემო ფაქტორების ზემოქმედებით, არამედ მათ  ჩვენ აღმოვაცენებთ ჩვენივე დამოკიდებულებების მინიჭებითა და წარსული გამოცდილების ზემოქმედებით. სწორედ ამით აიხსნება ის, რომ ერთი და იგივე მოვლენა თუ საგანი სხვადასხვა ადამიანში სრულიად განსხვავებულ ემოციებს იწვევს.

მთავარია გავაცნობიეროთ, რომ ემოციები ისევე, როგორც საკუთარი თავი ჩვენს ხელთ არის.

 

 

✔ "ფსიქოლოგიის სახლი" - თანადამფუძნებელი და თავჯდომარე