ხატია გოგოლაძე – ნებისყოფა

0

ხატია გოგოლაძე-სოციალური და განწყობის ფსიქოლოგის მაგისტრი, პროფესორის ასისტენტი, გეშტალტპრაქტიკოსი

რა მნიშვნელობა აქვს ნებისყოფას?

პირველი, რაც უნდა ითქვას, არის ის, რომ ადამიანი ცხოველისგან რითიც განსხვავდება, ესაა აზროვნება და ნებელობა. ანუ ნებისყოფის უნარი. ნებისყოფის გამოსავლენად საჭიროა შინაგანი ძალების მობილიზაცია, რათა ადამიანმა ეს ენერგია მიმართოს იმ საქმისკენ, რომელიც მისთვის მნიშვნელოვანი და  ღირებულია.

ნებისყოფის უნარის გამოვლენა საჭირო ხდება მაშინ, როდესაც ერთმანეთს უპირისპირდება სურვილი და საჭიროება.  როდესაც „მე მინდა“ და „მე მჭირდება“ განსვლაშია ერთმანეთთან.

ნებისყოფა- ეს არის ადამიანის უნარი, რისი საშულებითაც მას შეუძლია საკუთრი იმპულსების მართვა. ადამიანს ნებისყოფის დახმარებით შეუძლია ისეთი ქცევების განხორციელება, რომელიც თავსებადია მის ღირებულებათა სისტემასთან.

ნებისყოფა საჭიროა იმისთვის, რომ ადამიანმა სისრულეში მოიყვანოს თავისი მიზნები და მიაღწიოს წარმატებას. იცხოვროს ისე, სადაც თვითონ იქნება თავისი ცხოვრების   წარმმართველი, რადგან დინებას მხოლოდ მკვდარი თევზები მიჰყვებიან.

რა უწყობს ხელს ნებისყოფის უნარის გავარჯიშებას და მის განვითარებას?

როგორც ყველა უნარი, ნებისყოფის უნარიც გავარჯიშებადია. როგორც ვარჯიშის დროს კუნთი უფრო ძლიერდება და რაც უფრო მეტად ვარჯიშობ, მით უფრო ძლიერი ხდება, ასევეა ნებისყოფის შემთხვევაშიც. რაც უფრო ხშირად გამოიჩენს ადამიანი ნებისყოფას და მის საფუძველზე წარმართავს ქცევას, მით უფრო ძლიერად ექნება ეს უნარი განვითარებული.

ეს ადამიანის არჩევანია, ან განავითარებს თავის თავს ნებისყოფის დახმარებით და განაგრძობს გზას თვითაქტუალიზაციამდე, რაც აბრაჰამ მასლოუს მიხედვით პიროვნული განვითარების ბოლო საფეხურია, ან დარჩება ფიზიოლოგიური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების დონეზე.

აუცილებელია აღვნიშნოთ, რომ შოთა ნადირაშვილმა გამოყო ქცევის სამი იერარქიული დონე.  ესენია: ინდივიდის დონე, სუბიექტის დონე და პიროვნების დონე. თუ ადამიანის ქცევა წარმართულია ნებელობით, მაშინ იგი პიროვნების დონეზე იმყოფება.

მიზნების მისაღწევად როგორ გამოვიყენოთ „სწორად“ ეს უნარი?

როცა ადამიანი ავტოპილოტით მიუყვება  დღის რეჟიმს და  არ აცნობიერებს, რომ სუნთქავს, არ აკვირდება სხეულებრივ შეგრძნებებს, ამ დროს საუკეთესო გამოსავალია გაჩერება და ცნობიერად სუნთქვა.  ყურადღების მიპყრობა ჩვენი სუნთქვის რიტმზე და ღრმა სუნთქვის გამეორება რამდენჯერმე. ამის შემდეგ ადამიანი მეტად დამიწებულად გრძნობს თავს სიმშვიდის მდგომარებაში, რაც  საუკეთესო კონდიციაა აირჩიოს, იმპულსურ ქცევას განახორციელებს თუ ნებელობით წარმართავს თავის ქმედებას. ნებისყოფის განვითარებაში გვეხმარება მედიტაცია, ვარჯიში, ღრმად სუნთქვა.

თავისუფლება საკუთარი თავის მართვაშია. იმისთვის, რომ საკუთარ თავს ფლობდე და მეტად აკონტროლებდე შენ ცხოვრებას, აუცილებელია ნებისყოფის ყოველდღიური გავარჯიშება. რაც გამოიხატება იმაში რომ, მაგალითად: ყოველ დილით მაღვიძარის დარეკვისთანავე ადგე, იკვებებოდე სწორად და ჯანსაღად, ვარჯიშობდე. მას შემდეგ, რაც გამოიმუშავებ ამ უნარს სწორად გაწერო თუ რა არის გასაკეთებელი შენი მიზნების მისაღწევად და ნებისყოფის დახმარებით ყოველდღე უფრო და უფრო მიუახლოვდე მას. მთავარი არის ასევე ის, რომ ყოველი ქცევის შემდეგ, რომელიც ნებისყოფის საფუძველზე იქნება წარმართული ადამიანმა ცხადიგრძნოს სიამოვნება და სიხარული, რომელიც გამოწვეულია თავისთვის სასარგებლო და მნიშვნელოვანი ქცევის განხორციელების გამო.

რა პრობლემებს ქმნის ნებისყოფის სისუსტე და რა რჩევას მისცემდით  ასეთ დროს ადამიანს?

ნებისყოფის სისუსტე გამოხატება იმაში, რომ ადამიანი ბრმად მიყვება თავის იმპულსებს და ცნობიერების  გარეშე მოქმედებს. მაგალითად, საათობით ტელევიზორის ყურება, ინტერნეტ დამოკიდებულება, ვიდეო თამაშები, საკვების მიღება გაუაზრებლად, გადამეტებული ძილი, ალკოჰოლი, ნარკოტიკები- ეს ყველაფერი გარდა იმისა, რომ ადამიანს ართმევს დროს და ენერგიას, არც არანაირ სამომავლო მიზანს არ ემსახურება. გაგიზიარებთ ერთ მეთოდს, რომელსაც ცუდი ჩვევების კარგი ჩვევებით ჩანაცვლების მეთოდს დავარქმევდი. დაუსვით საკუთარ თავს კითხვა:
1. რა არის ის, რაც ყველაზე სწორი არჩევანი იქნებოდა ჩემთვის? (მაგ: ვარჯიში, დილით ადრე გაღვიძება და ა.შ). ამის შემდეგ დაუსვით მეორე კითხვა საკუთარ თავს:
2. რა მართმევს ყველაზე მეტ დროს? (მაგ: ტელევიზორი, ინტერნეტი და ა.შ)მას შემდეგ, რაც ორივე კითხვაზე გეცოდინებათ პასუხი, ერთი კარგი ჩვევით ჩაანაცვლეთ ერთი ცუდი ჩვევა და დააკვირდით როგორ შეცვლით თქვენს ცხოვრებას თქვენ თვითონ. აუცილებელია ნაბიჯ-ნაბიჯ ამ ყველაფრის გაკეთება და არა ერთ დღეში. ყველა მავნე ჩვევის ჩანაცვლება, არამედ ნელ-ნელა თქვენი რიტმი მოძებნეთ და როცა უკვე მიხვდებით, რომ ეს ერთი მავნე ჩვევა ნამდვილად დაძლიეთ, გადადით მეორეზე.

 

   მოამზადა სალომე სისაურმა

 

 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81