მერი გელაშვილი – როგორ შევიყვაროთ საკუთარი თავი და დავამარცხოთ კომპლექსები

0

მერი გელაშვილი – ფსიქოთერაპიის სახლ კამარას ფსიქოლოგი

რა არის კომპლექსი?

სანამ უშუალოდ საკითხის განხილვას შევუდგებით ლეს ბრაუნის სიტყვებს მოვიშველიებ. ის ამბობს, რომ :

„სხვების აზრი ჩვენს შესახებ არ უნდა იქცეს ჩვენს რეალობად“.

ეს არ გახლავთ შემთხვევითი სიტყვები. თვითშეფასების და საკუთარი თვის რწმენის ჩამოყალიბებაში სხვების, განსაკუთრებით „მნიშვნელოვანი სხვების“ მოსაზრებებს ადამიანთა უმეტესობა გადაჭარბებულ მნიშვნელობას ანიჭებს. გარემოს მხრიდან მიღებული შეფასებების მიმართ მოწყვლადობა ხშირად განაპირობებს მთელი რიგი კომპლექსების აღმოცენებას. საზოგადოების აზრი მნიშვნელოვანია, თუმცა არა გადამწყვეტი. ხშირად ის გარკვეული სტერეოტიპული შეხედულებებისგან შედგება, ჩვენ კი გვავიწყდება, რომ უნიკალური არსებები ვართ და შეიძლება არ ვერგებოდეთ ამ სტერეოტიპულ შეხედულებებს.

კომპლექსები შეგვიძლია განვიხილოთ, როგორც ნაწილობრივ ან სრულად გაუცნობიერებელი მოგონებები ემოციებით მძლავრად დატვირთული მოვლენებისა, რომლებმაც ადამიანზე დიდი გავლება მოახდინა. ისინი შესაძლოა გამოვლინდეს ფიზიკურ, ფსიქოლოგიურ ან სოციალურ კონტექსტთან მიმართებაში. ფიზიკურ დონეზე კომპლექსები საკუთარი გარეგნობის და ჯანმრთელობის მიმართ ვლინდება. ფსიქოლოგიურ დონეზე კომპლექსები აღზრდასთან, კოგნიტურ შესაძლებლობებთან, ინტელექტთან, ემოციებსა და ქცევასთან მიმართებაში იჩენენ თავს, ხოლო, სოციალურ დონეზე, კომპლექსების გამომწვევი შესაძლოა აღმოჩნდეს სოციალური სიდუხჭირე, გარემო როლებშიც ინდივიდს უწევს მოღვაწეობა, პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული სირცხვილის განცდა, წარმომავლობის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება და ა.შ.

კომპლექსების განხილვისას  გაგვიჭირდება გვერდი აუაროთ ფსიქოანალიტიკოსების ზიგმუნდ ფროიდისა, კარლ გუსტავ იუნგის და ალფრედ ადლერს მოსაზრებებს.

კარლ გუსტავ იუნგის მოსაზრებით კომპლექსი გახლავთ აფექტურად დამუხტული წარმოდგენების ერთობლიობა. მას პიროვნებაზე ზემოქმედების უნარი გააჩნია, ის ძლიერი ემოციური მუხტია და დიდწილად ან სრულიად გაუცნობიერებელია, ან მისი მხოლოდ გარკვეული ნაწილი შეიძლება იყოს ცნობიერი.

ზიგმუნდ ფროიდი მიიჩნევდა, რომ  პიროვნება გარკვეული კომპლექსებს დაძლევის წინაშე გარკვეული ფსიქოსექსუალური განვითარების ეტაპზე დგება. მან გოგონებისა და ვაჟების განვითარების გარკვეულ  ეტაპზე, ელექტრასა და ოიდიპოსის კომპლექსის ცნება შემოიტანა. ფროიდის მოსაზრებით, აღნიშნული კომპლექსები გაუცნობიერებელია, თუმცა გადალახვადი.

ალფრედ ადლერმა კი პირველმა აღწერა და საფუძვლიანად იკვლია არასრულფასოვნების კომპლექსი. ადლერის მოსაზრებით აღნიშნული კომპლექსი რამოდენიმე კომპონენტისგან შემდგარი ერთობლიობაა. ადლერი მიიჩნევდა, რომ თუ ინდივიდს სტანჯავს საკუთარ შესაძლებლობებში დაურწმუნებლობის განცდა, აქვს არაადექვატური(დაბალი) თვითშეფასება, სათანადოდ ვერ აფასებს საკუთარ ღირსებებსა და რესურსებს და ყოველთვის გრძნობს სხვების უპირატესობას საკუთარ თავთან, ამ შემთხვევაში შესაძლოა ვიმსჯელოთ, რომ ინდივიდს აქვს არასრულფასოვნების კომპლექსი.

ყოველდღიურ ცხოვრებაში კომპლექსებად შესაძლოა მიჩნეულ იქნას უფრო ნაკლები ინტენსივობის ემოციური მუხტის მატარებელი მოვლენებიც, მაგალითად სხეულის კონკრეტული ნაწილის, თვალის ფერისა, თუ სიმაღლის, რაც რასაკვირველია არ უნდა აგვერიოს ნამდვილ კომპლექსში. კომპლექსი არ გახლავთ ყოველგვარი უკმაყოფილება, ის გაცილებით უფრო ღრმა ცნებაა.

ძირითად შემთხვევაში რა არის კომპლექსების წარმოქმნის მიზეზები?

კომპლექსების უმეტესობა ბავშვობაში ყალიბდება. ისინი ინტერპერსონალური ურთიერთობების შედეგად ჩნდებიან და გავლენას ახდენენ პიროვნების ემოციებზე, აზრებზე, გრძნობებსა და ქცევებზე. გამომდინარე იქიდან, რომ ადამიანი ბიო-ფსიქო-სოციალური არსებაა, კომპლექსების ჩამოყალიბების მიზეზები, სწორედ სამივე ბიოლოგიურ, ფსიქოლოგიურ და სუიციალურ ფაქტორებში უნდა ვეძიოთ.

ალფრედ ადლერის მოსაზრებით  არასრულფასოვნების კომპლექსის საფუძველს წარმოადგენს გაუცნობიერებელი შიში იმისა, რომ აღმოჩნდები ზედმეტი, მიუღებელი, მარტოსული ან უარყოფილი. ის მიზეზთა შორის  გამოყოფს:

ორგანოების დეფექტს, აღზრდის სტილს (ჰიპერმზრუნველი ან ავტორიტარული), ოჯახურ კონსტელაციას (ბავშვის როლს, დაბადების რიგითობას, გარემოებას), ფსიქოლოგიური ტრავმებს (ძალადობა, დამამცირებელი და მუდმივი კრიტიკა) და სქესს. პატრიარქალურ საზოგადოებაში ქალები ხშირად განიცდიან არასრულფასოვნების კომპლექსს. ისინი ხშირად ხდებიან დისკრიმინაციის ობიექტები. ბოლო პერიოდში ქალთა გაძლიერებამ მამაკაცებშიც გააჩინა მთელი, რიგი კომპლექსები, რომელთა საფუძველი , საკუთარი მოწინავე პოზიციის დაკარგვის შიშია.

ახდენს თუ არა გავლენას კომპლექსები ადამიანის პროფესიული და პიროვნული ზრდის შეფერხებაში?

უმეტეს ადამიანს სიტუაციურად უგრძვნია საკუთარ თავში დაურწმუნებლობა და ეჭვიც შეუტანია საკუთარ შესაძლებლობებში. ასეთი სიტუაციებს ვაწყდებით პროფესიულ საქმიანობასა, სპორტსა, შემოქმედებასა, პირად ცხოვრებასა თუ სწავლების პროცესში. მომატებული შფოთვა და მღელვარება ადამიანის ბუნებრივ რეაქციას წარმოადგენს მნიშვნელოვანი მომენტების დროს. მაგრამ მდგომარეობა რთულდება მაშინ, როდესაც ინდივიდი ნებისმიერი თუნდაც მისი რესურსების შესატყვის საკითხებთან მიმართებაშიც ავლენს დაურწმუნებლობას საკუთარ შესაძლებლობებში.

პიროვნებაში აღმოცენებული კომპლექსები ხშირად მას ხელს უშლის დასახული მიზნების მიღწევაში, მეტიც პიროვნებამ შესაძლოა საერთოდ უარიც კი განაცხადოს მიზნებსა და საკუთარ სურვილებზე, იმის შიშით, რომ მას არ შესწევს საკმარისი უნარები. თავისთავად ის ეტაპობრივად ამბობს უარს პიროვნულ და პროფესიულ ზრდაზე, ურთიერთობებზე, რაც საბოლოო ჯამში აქვეითებს მისი ცხოვრების ხარისხს. აღნიშნულმა კი შესაძლოა საკმაოდ რთულ შედეგებამდე მიგვიყვანოს.

რა მექანიზმებით შეიძლება კომპლექსების დაძლევა?

კომპლექსების დასაძლევად მნიშვნელოვანია პიროვნებამ დაიწყოს მუშაობა საკუთარ თავთან. გადააფასოს გარკვეული ღირებულებები და შეხედულებები, აღმოაჩინოს საკუთარი ძლიერი მხარეები და მათზე დაყრდნობით სცადოს გადალახოს სირთულეები. დღევანდელ მოცემულობაში ფსიქოთერაპია ერთ-ერთ და ვიტყოდი ერთადერთ საუკეთესო დაძლევის გაზაა. ყოველგვარი სირთულის გადალახვა მნიშვნელოვანის, რათა ჩვენი სიცოცხლის ხარისხი და ფუნქციონირება იყოს მაღალი. ვცადოთ, ვირწმუნოთ საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების, რადგან გარემო ხშირად ზუსტად ისე აღგვიქვამს, როგორადაც ჩვენ აღვიქვამთ ჩვენს თავს.

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81