ლიკა წერეთელი სუიციდის შესახებ

0

 ლიკა წერეთელი – გეშტალტთერაპევტი

რა არის სუიციდი?

ლათინურიდან  sui caedere ითარგმნება, როგორც „საკუთარი თავის მოკვლა“. ეს ქმედება ხორციელდება გამიზნულად, დამოუკიდებლად და ნებაყოფლობით. საინტერესოა, რომ სუიციდები ორ კლასად იყოფა: პარასუიციდები (ნამდვილი) და ფსევდოსუიციდები (დემონსტრაციული). პარასუიციდის შემთხვევები ნამდვილად ძალზე რთულია, ისინი უმეტესად სერიოზულ ფსიქიკურ დარღვევებს უკავშირდება და აქ საქმე გვაქვს ადამიანებთან, რომელთა ერთადერთი მიზანი საკუთარი სიცოცხლის მოსწრაფებაა, რომლებისთვისაც სხვა ადამიანების აზრები და განცდები – ყველაზე ახლობლებისაც კი – არანაირ როლს არ თამაშობს და შესაბამისად, ამ ერთადერთი სასურველი შედეგის მისაღწევად ისინი კარგად იაზრებენ ყველა დეტალს და უზადო გეგმას ამზადებენ თავისი განზრახვის განსახორციელებლად, მაშინ როდესაც ფსევდოსუიციდზე ორიენტირებული ადამიანებისთვის სწორედ გარემოა უმნიშვნელოვანესი. მათი ქმედებაც რეალურად საკუთარი სიცოცხლის ხელყოფაზე კი არაა მიმართული, არამედ დახმარებისთვის მოწოდებაა, ყვირილია, რათა სხვების ყურადღება მიიქციონ და მათ საკუთარი პრობლემები და საჭიროებები გააგებინონ.

რატომ უჩნდება ადამიანს სიკვდილის დაჩქარების სურვილი?

მიზეზები იმდენად მრავალფეროვანია, რომ ყველას ვერც კი ჩამოვთვლით. ეს შესაძლოა იყოს როგორც სერიოზული ფსიქიკური ან სომატური დაავადებები (აქ იგულისხმება ფიზიკური დეფექტი ან ისეთი რთული დაავადება, როდესაც ადამიანი განწირულად გრძნობს თავს),  ასევე ცხოვრებისეული, ეგზისტენციალური პრობლემები თუ ტრავმები, როგორიცაა, მაგ. საცხოვრებლისა და სარჩო-საბადებლის დაკარგვა, საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, ცხოვრების ჩვეული რიტმის შეცვლა, უიღბლობა სიყვარულსა თუ საქმიანობაში და ა.შ.

აქ მინდა ერთ ძალზე მნიშვნელოვან ფაქტორზე გავამახვილო ყურადღება. გეშტალტთერაპიული ხედვით, ზოგადად, ადამიანების ცხოვრებისეული პრობლემები, რომელთა მოგვარებისთვისაც ისინი ფსიქოლოგებსა თუ ფსიქოთერაპევტებს მიმართავენ, განპირობებულია მათი არაადექვატური, ანუ შეუსაბამო რეაქციით გარემოზე, რაც გარემოსთან და საკუთარ თავთან კონტაქტის პრობლემას უკავშირდება. ამ დროს ადამიანი თავდაცვით პოზიციას იკავებს და, მაშასადამე, რომელიმე დაცვით მექანიზმს მოუხმობს გაუაზრებლად, ავტომატურ რეჟიმში. სუიციდალური ადამიანების შემთხვევაში ეს მექანიზმი ხშირად რეტროფლექსიაა. რას ნიშნავს ეს? რეტროფლექსიის დროს ადამიანი იმის მაგივრად, რომ გამოხატოს თავისი სურვილი, საჭიროება თუ წუხილი,  საკუთარ თავში იბრუნებს, ყლაპავს მას. ამის მიზეზი შეიძლება იყოს არამხარდამჭერი გარემო -როგორც წესი, ბავშვობაში, როდესაც ბავშვი ყველა შემთხვევაში წაგებული რჩებოდა გარემოსთან დაპირისპირებისას და კაპიტულაციის გადაწყვეტილება მიიღო. შემდეგ კი ეს მისი ცხოვრების სტილად იქცა უკვე ზრდასრულობაშიც, როდესაც სიტუაცია შეიცვალა და მას ბევრი ახალი შესაძლებლობები და უნარები გაუჩნდა თავისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად, მაგრამ ის ამას ვერ აღიქვამს. ერთი სიტყვით, კრიტიკულ სიტუაციაში ასეთი ადამიანი თავის აგრესიას, რომელიც განპირობებულია რაღაც გარე ფაქტორით, ამ ფაქტორზე კი არ მიმართავს, არამედ საკუთარ თავზე გადააქვს და ხდება სუიციდი.

სტატისტიკურად დღეს სუიციდი უფრო ფიქსირდება მოზარდებსა და ახალგაზრდებში, რა არის ამის მიზეზი?

ეს არც არის გასაკვირი. მოზარდები და ახალგაზრდები ყველა დროში ერთ-ერთი ყველაზე მოწყვლადი ფენაა. ჯერ კიდევ წინა საუკუნის 20-იანი წლების ბოლოს ცნობილმა ავსტრიელმა ფსიქოთრეპევტმა ვიქტორ ფრანკლმა ვენაში ე.წ. „ახალგაზრდების საკონსულტაციო ცენტრები“ შექმნა და სათავეში ჩაუდგა აქციას, რომელიც მიზნად ისახავდა დაბალი მოსწრების ატესტატების მქონე მოსწავლეების სუიციდისგან გადარჩენას, რაც იმ პერიოდში დიდ პრობლემას წარმოადგენდა. უნდა ითქვას, რომ ეს პროგრამა უაღრესად წარმატებული გამოდგა.  ასე რომ, მოზარდებისა და ახალგაზრდების მოწყვლადობა ყველა პერიოდში აქტუალური თემაა, განსაკუთრებით კი ჩვენს დროში, რომელიც, სამწუხაროდ, ხშირად სისასტიკითა და დაუნდობლობით გამოირჩევა.  გარდა ამისა, მოზარდობა ის ასაკია, როდესაც ადამიანი საკუთარ შეხედულებებს აყალიბებს, დამოუკიდებლობის დიდი სურვილი უჩნდება და  პროტესტის გრძნობას განიცდის ყველანაირი შეზღუდვების მიმართ. ახალგაზრდობაში როგორც სიყვარულთან, ასევე საქმიანობასთან დაკავშირებით პირველ ძლიერ ემოციებს განვიცდით და იმედგაცრუებებზეც ძალზე მძაფრად ვრეაგირებთ, ისედაც არაიდეალური გარემო სრულიად აუტანლად გვეჩვენება. ეს ახალგაზრდული მაქსიმალიზმია.

არის თუ არა ბავშვის არასწორი აღზრდა სუიციდის გამომწვევი ერთ-ერთი მიზეზი?

ძალზე მნიშვნელოვანი კითხვაა. საკუთარ თავთან კონტაქტისა და გარემოზე რეაგირების ჩვენეული სტილი ხომ სწორედ ბავშვობაში ყალიბდება. აქ მნიშვნელოვანია, თუ როგორია მშობლისა და ბავშვის ურთიერთობა. ჩვენში ხშირად აღზრდის ძალზე დამახინჯებული სურათი არსებობს. გაბატონებულია იმის ღრმა რწმენა, რომ აკრძალვები აღზრდის საუკეთესო მეთოდია, თანაც, ბავშვს ყველაფერთან ერთად სასტიკად ეკრძალება თავისი უკმაყოფილებისა და გაბრაზების,  პროტესტის გამოხატვა.  ამასთანავე, სწორედ საკუთარი უკმაყოფილებისა თუ აგრესიის ჯანსაღი გამოხატვის ხელოვნებაა პირველი, რაც უნდა ვასწავლოთ ბავშვს. სამყარომ აზროვნების, განცდის, მეტყველების, მიმიკისა და ჟესტიკულაციის უნარებით დაგვაჯილდოვა. ეს ყველაფერი ადექვატურ გამოყენებას მოითხოვს. ხოლო ამის უუნარობა მხოლოდ სუიციდის განმაპირობებელი პრობლემების გამომწვევი კი არ არის, არამედ უამრავი მკვლელობის მიზეზიც ხდება. მკვლელობაც ხომ აგრესიისა თუ პროტესტის ჯანსაღად გამოხატვის უუნარობაა (თუკი ფსიქიკურ პათოლოგიასთან არა გვაქვს საქმე). სხვათა შორის კრიმინოლოგიის ისტორიაში უამრავი შემთხვევაა, როდესაც ყველაზე სასტიკი და ცინიკური მკვლელები სწორედ უმკაცრესი მორალის, აკრძალვებით დახუნძლულ ოჯახებში იზრდებოდნენ. იგივე სიტუაციაა სუიციდალური მიდრეკილების მქონე პიროვნებებთან. ყოველივე ეს კი აღზრდის პრობლემებს უკავშირდება. არსებობს ასეთი ძველი ბრძნული გამონათქვამი: „მკაცრი მშობლები მარჯვე მატყუარებს ზრდიან“ – და ეს კიდევ საუკეთესო ვარიანტია. მაშ, როგორ მოვიქცეთ? – იკითხავთ თქვენ – ბავშვს ყველაფრის ნება დავრთოთ? ამას არავინ გეტყვით, მაგრამ ჯანსაღი, დამოუკიდებელი, გადაწყვეტილებების მიღების შემძლე ადამიანის აღსაზრდელად მას ბავშვობიდანვე არჩევანის გაკეთების საშუალება უნდა მივცეთ. შესაძლოა, ბავშვმა რაღაც არარეალური მოითხოვოს. ბუნებრივია, უარს ვეტყვით, მაგრამ მხოლოდ უარის თქმა გამოსავალი არ არის, უართან ერთად შესაძლებელი ალტერნატივებიც უნდა მივაწოდოთ. მაშინ ბავშვი იმთავითვე გადაწყვეტილებების მიღებას, და მაშასადამე, რეალობასთან, თავისი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად არსებულ ვარიანტებთან შეხებას ისწავლის და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მის არაცნობიერში მტკიცედ ჩაიბეჭდება განწყობა, რომ არჩევანი ყოველთვის არსებობს. ასეთი ადამიანი კი არც სუიციდზე და არც სხვის მიმართ ძალადობაზე წავა.  ის თავისი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად ყოველთვის ეფექტურ ალტერნატიულ გზას გამონახავს.

როგორ მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს ესაჭიროება ფსიქოლოგიური დახმარება?

უპირველეს ყოვლისა, უნდა ვნახოთ, არის თუ არა ბავშვის ცხოვრებაში მატრავმირებელი კონკრეტული ფაქტები. ეს შეიძლება იყოს მშობლების გაყრა, ერთ–ერთი მშობლისა ან ოჯახის წევრის გარდაცვალება, თქვენ წარმოიდგინეთ, რომ უბრალოდ სხვა საცხოვრებელ ადგილას გადასვლა ან სკოლის შეცვლაც კი ბავშვისთვის უძლიერეს სტრესად შეიძლება იქცეს. ამ დროს წარმოქმნილი პრობლემები უწინარესად გამოიხატება ძილის დარღვევებსა და ღამის კოშმარებში. ბავშვი აუცილებლად დაიწყებს იმ ნივთებსა თუ სიტუაციებზე უარყოფით რეაგირებას, რაც მატრავმირებელ მოვლენასთან იქნება დაკავშირებული, ან სულაც განერიდება მათ, მაგ. შესაძლოა, რომ ბავშვი, რომლის მამამაც ოჯახი მიატოვა, მეგობრების მამებზე ან, ზოგადად მამაკაცებზე რეაგირებდეს მძაფრად. ამ ფაქტს ყურადღება უნდა მიექცეს. და ბოლოს, თუკი თქვენ ბავშვს ხასიათში ატყობთ ცვლილებას: ის ადვილად ღიზიანდება, გახდა აგრესიული, უცებ მკვეთრად დაეცა მისი აკადემიური მოსწრება სკოლაში, გახდა შფოთიანი, ან ძლიერად ავლენს შიშს, ეს უკვე გარკვეულ სიგნალებად შეიძლება აღვიქვათ. ამიტომაც ვამბობთ, რომ ბავშვის აღზრდის საუკეთესო მეთოდი სიმკაცრე და აკრძალვები კი არა, არამედ მასთან მუდმივ მხარდამჭერ დიალოგში ყოფნაა. მაშინ არაფერი გამოგეპარებათ და ბავშვის მდგომარეობაც კრიტიკულ ზღვრამდე არასოდეს მივა.

რა მეთოდებს იყენებს დღევანდელი ფსიქოთერაპია ღრმა დეპრესიაში მყოფი ადამიანების სამკურნალოდ?

უპირველეს ყოვლისა, უნდა გავიდეთ კლიენტის განცდებზე, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია. თანაზიარი უნდა გავხდეთ იმ გარემოებებისა, რაც მას ტანჯვას აყენებს. იცით, იყო ასეთი შესანიშნავი რუსული ფილმი „Доживём до понедельника“, რომელიც ერთი ჩვეულებრივი სკოლის ცხოვრებას გვაჩვენებს. ლიტერატურის მასწავლებელი უფროსკლასელებს თავისუფალ თემას აძლევს დასაწერად სახელწოდებით „ბედნიერება“ და ერთ–ერთი მოსწავლე, თავისი შინაგანი სამყაროთი გამორჩეული ბიჭი სულ ერთ წინადადებას დაწერს: „ბედნიერებაა, როცა შენი ესმით“. დეპრესიაში მყოფი სუიციდალური ადამიანების ტანჯვაც სწორედ ამ მიდამოებში სახლობს. მათი პასუხები კითხვაზე, თუ რას განიცდიან, დაახლოებით შემდეგია: „აღარაფერი მახარებს, ამას ვეღარ ავიტან“, „ჩემი არავის ესმის“, „მთელი სამყარო ჩემს წინააღმდეგაა“, „არაფერი გამომდის, უსუსური ვარ“, „იმედები გამიცრუვდა“ და ა.შ. უპირველეს ყოვლისა, უნდა ვაგრძნობინოთ ყველაზე მთავარი,–  რომ მათი გვესმის, რომ განცდისეულად მათთან ვართ და ემპათიით ჩვენი მხარდაჭერა გამოვუხატოთ. აქ ყურადღებამისაქცევი ის არის, რომ თითოეული მაღლა მოყვანილი სასოწარკვეთილი გამონათქვამი ფარულად ადამიანის სასიცოცხლო მოთხოვნილებებს შეიცავს, ანუ მათში ადამიანის უმნიშვნელოვანესი საჭიროებებია შენიღბულად გადმოცემული. ეს საჭიროებები კლიენტს უნდა გავაცნობიერებინოთ და გავახმოვანებინოთ. სახელდება ყოველთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. შემდეგ ერთობლივად ხდება იმის დადგენა, თუ რა სტილი აქვს ამ კონკრეტულ ადამიანს თავისი საჭიროებების არადაკმაყოფილების, რა გზით განერიდება ის მათ, ან როგორ ხდება, რომ ხანდახან მათ სულაც ვერ აცნობიერებს. ამასთანავე, ამ საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის არსებული გზების თანდათანობითი კვლევა ხდება. აქვე ძალიან ფრთხილად, ფონურ რეჟიმში ნელ–ნელა შემოგვყავს სუიციდის, როგორც საჭიროებების მიღწევის გზის, გაუფასურება. აქ შეიძლება თვითმკვლელობის არასანდოობაზე საუბარი, რადგანაც გადარჩენის შანსი ყოველთვის არსებობს, გარდა ამისა, ფიზიკური ტკივილის ფაქტორი,  გადარჩენის შემთხვევაში ხეიბრად დარჩენის შანსი, და თანაც, ამდენ ამბავში, დეპრესიულ გამონათქვამებში შენიღბული რეალური საჭიროება მაინც დაუკმაყოფილებელი დარჩება.  ყოველივე ეს ანტისუიციდალურ ბარიერს ქმნის. თუმცა, მთავარ აქცენტს განცდებზე,  მათ მიყოლასა და მართვაზე ვაკეთებთ. ბედნიერება ხომ ის არის, როცა შენი ესმით.

ჩვენ, საზოგადოება, ვართ თუ არა ხელის შემწყობი ადამიანთა სუიციდში?

რა თქმა უნდა, საზოგადოება, სოციალური გარემო, ან როგორც გეშტალტთერაპევტები ვამბობთ, ფონი, ყოველთვის გარკვეულ როლს ასრულებს და გარკვეული პასუხისმგებლობა მასაც ეკისრება. პირდაპირ გეტყვით, რომ არაჯანსაღ ფსიქოლოგიურ გარემოში პიროვნებისთვის ჯანსაღად დარჩენა ძალზე ძნელია. ბუნებრივია, რომ ის ფასეულობები, რასაც საზოგადოება თავის წევრებს სთავაზობს, მათ ფსიქიკურ მდგომარეობაზე პირდაპირ აირეკლება და მათ სამყაროში ყოფნაზე დიდ გავლენას ახდენს. არც ჯუნგლების ველური კანონები, არც ტოტალური მომხმარებლური აზროვნება და არც ფარისევლური „მაღალი მორალი“, რომელიც რეალურად ზნეობაზე კი არა, არამედ უფრო მკაცრ ტაბუებზეა ორიენტირებული, ფსიქიკური ჯანმრთელობის საწინდარი ვერ იქნება და ფსიქიკურად ლაბილურ ადამიანებზე კი სრულიად დამღუპველად იმოქმედებს. არასოდეს დაგვავიწყდეს, რომ ადამიანი სამყაროს შეცნობით საკუთარი განვითარებისთვის, ამ სამყაროსთან ჰარმონიული ურთიერთობისთვისა და ამ ურთიერთობით გამოწვეული ბედნიერების განცდისთვის არის გაჩენილი.

მოამზადა სალომე ეფრემიძემ

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81