კომპლექსები პირად ურთიერთობებში

0

ნინო თოფურია – ფსიქოლოგი

რა ფორმით ვლინდება კომპლექსები პირად ურთიერთობებში?

კომპლექსები პირად ურთიერთობებში მრავალი ფორმით ვლინდება. მეტი თვალსაჩინოებისთვის დავასახელოთ  რამდენიმე მათგანი. კომპლექსის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გამოვლინება, ეს არის უსაფუძვლო ეჭვიანობა, როდესაც პარტნიორის მიმართ არ გვაქვს არანაირი ფაქტი, არგუმენტი, თითქოს ადამიანი გრძნობს კიდეც რომ მისი პარტნიორი არის ერთგული და არ არის მოღალატე ტიპაჟის, მაგრამ მაინც აქვს ეჭვი რომ „ხომ არ მღალატობს?“, „ჩემგან წასვლა ხომ არ უნდა?“, „ხომ არ არსებობს მესამე პირი“ და ა.შ.

ასევე ძალიან ხშირი გამოვლინებაა სასიყვარულო ურთიერთობებში ან ნებისმიერი სახის ურთიერთობებში, როდესაც ერთ ადამიანს მეორესთვის უჭირს „არას“ თქმა:  სადმე გაყოლაზე, რაიმე სახის დახმარებაზე, რეკომენდაციაზე, რჩევაზე და სხვა ნებისმიერ გამოვლინებაზე, რადგან ეშინია მის თვალში არ გამოჩნდეს ცუდი და შემდგომში არ დაკარგოს მის მიმართ ინტერესი, ამიტომ ხშირად საკუთარ საჭიროებებს უგულებელყოფენ და წინ სხვისას აყენებენ.

კიდევ დავასახელებდი სიყვარულის გაიგივებას სხვადასხვა მატერიალურ გამოვლინებებთან, რაშიც მოვიაზრებ, რომ მაგალითად: თუ ადამიანს აქვს დადგენილება გონებაში/ფსიქიკაში, რომ ვუყვარვარ მხოლოდ მაშინ როდესაც რაღაცას მჩუქნის ან  ვუყვარვარ მხოლოდ მაშინ როცა მაქებს , ამ დროს ადამიანი პარტნიორისგან მუდმივად ითხოვს მზრუნველობას (სადმე წაყვანას, თბილ სიტყვებს, კომპლიმენტებს, საჩუქრების ჩუქებას და ა.შ.), და ურთიერთობა ხდება მომხმარებლური ხასიათის, სადაც ერთი პარტნიორი მეორისგან  მუდმივად ითხოვს სიყვარულის დამტკიცებას ან საჭიროების დამტკიცებას. რაც რა თქმა უნდა შემაწუხებელია.

კიდევ რაც შეგვიძლია დავასახელოთ ეს არის  ჰიპერმზრუნველობა ურთიერთობებში, როდესაც ერთი პარტნიორი მეორეს  უხეშად რომ ვთქვათ „ფეხქვეშ ეფინება“ და მზად არის მის ნაცვლად გააკეთოს ყველაფერი,  ცდილობს მაქსიმალურად შეუქმნას კომფორტი, იმის შიშით რომ არ მიატოვოს მეორე ნახევარმა. ასეთი ურთიერთობის დროს ირღვევა პარტნიორული როლები, ანუ მამაკაცის როლი გადადის მამის როლში, ხოლო ქალის როლი გადადის დედის როლში, რაც პარტნიორთან მიმართებაში რა თქმა უნდა არასწორი და არაჯანსაღია.

და ბოლოს რასაც  დავასახელებდი ეს არის მანიპულაცია. როდესაც ერთი პარტნიორი მეორეს მუდმივად  აკნინებს, მუდმივად დასცინის, სარკასტული და ირონიულია მის მიმართ, არასდროს ეუბნება კომპლიმენტებს. ასეთ შემთხვევაში ადამიანის დადგენილებაა, რომ თუ მე მას დავაკნინებ და დავარწმუნებ რომ ჩემს გარდა სხვას ის არ ენდომება და ვერ შეიყვარებს როგორც ქალი/როგორც მამაკაცი ან თუნდაც როგორც მეგობარი, მაშინ ის სხვასთან არ წავა და მუდმივად ჩემზე იქნება მოჯაჭვული. მანიპულაცია არის ერთ-ერთი ყველაზე არაჯანსაღი ტოქსიკური, თუმცა ხშირად გამოყენებადი ტექნიკა პირად ურთიერთობებში, როდესაც გვაქვს კომპლექსები.

იწვევს თუ არა კომპლექსები ურთიერთობების ნგრევას?

ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა გააჩნია თვითონ კომპლექსის სიღრმეს,  მისი გამოვლენის ინტენსივობას, ასევე ურთიერთობა ხარისხობრივად  ზედაპირულია თუ უფრო სიღრმისეული, რა ფორმისაა ურთიერთობა, რამდენად ენდობიან პარტნიორები ერთმანეთს, რამდენად უღირთ ურთიერთობების შენარჩუნება, რადგან თუ მაგალითად ადამიანს გაცნობიერებული აქვს რომ მას აქვს კომპლექსი და სხვადასხვა არაჯანსაღი გამოვლინებები არის სწორედ მისი ამ კომპლექსიდან გამომდინარე, რა თქმა უნდა ესეთი ადამიანი თუ მას შეუძლია რომ აღიაროს ეს ყველაფერი პარტნიორთან და პარტნიორიც არის მიმღები ტიპი, რომელსაც შეუძლია რომ მოუსმინოს, გაუგოს და მოდი ესე ვიტყოდი თუ ორივე ადამიანს უღირს და აქვს სურვილი ურთიერთობის შენარჩუნების, მაშინ ვფიქრობ რომ თავისუფლად შეიძლება შენარჩუნდეს ურთიერთობა თუნდაც კომპლექსების ფონზე. ვინაიდან და რადგანაც თითოეულ ჩვენგანს ჩვენ-ჩვენი კომპლექსები გვაქვს და როგორც ასეთი უკომპლექსო ადამიანი არ არსებობს, აქედან გამომდინარე ყველა ურთიერთობა არ ინგრევა, შესაბამისად აქ მთავარია რა მახასიათებლები სჭირდება ურთიერთობას რომ კომპლექსმა ვერ შეძლოს ნგრევა, თუ ადამიანი აცნობიერებს თავის კომპლექსს მას უკვე შეუძლია რომ რაღაც გარკვეული პასუხისმგებლობა აიღოს საკუთარ თავზე, და არ დააბრალოს პარტნიორს, არამედ პირიქით, აუხსნას რომ მე მაქვს ვთქვათ  არასრულფასოვნების კომპლექსი, მე მაქვს უარყოფის, მიტოვების, და ა.შ. კომპლექსი და სწორედ აქედან არის გამოწვეული ჩემი ეჭვიანობა, ჩემი ჰიპერმზრუნველობა, და სხვა მრავალი და ამასთანავე თუ  მეორე ადამიანიც მზად არის შევიდეს კომუნიკაციაში, დაამყაროს კონტაქტი პარტნიორთან, უღირს მოუსმინოს და გაუგოს, მაშინ ამ შემთხვევაში ორივე მათგანს შეუძლია იმუშაოს ამ კომპლექსების თემაზე და თუნდაც მიიყვანოს ეს კომპლექსი იმ კონდიციამდე რომ ხელს აღარ უშლიდეს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ურთიერთობაში, და რამდენჯერაც ვთქვათ გარკვეული რაღაც გამოვლინებები იქნება ამ კომპლექსისა, გამოვლინების პროცესის დასრულების შემდეგ უბრალოდ ისაუბრონ ამაზე ვერბალურად, შედგეს კომუნიკაცია და გააანალიზონ ეს თემა „მე რა ვიგრძენი როდესაც შენ ეს გააკეთე, შენ რა იგრძენი როდესაც მე ეს გითხარი“. ასე რომ, მე მაინც ვიტყოდი, რომ გააჩნია ინტენსივობას, გამოვლენის ფორმას და სიხშირეს და ასევე იმას, თუ რა სახის ურთიერთობა აქვთ პარტნიორებს ერთმანეთთან და რამდენად აქვთ საერთო მოლოდინები ურთიერთობებში, ისევ და ისევ ვიტყვი რომ თუ ადამიანებს უღირთ გარკვეული ურთიერთობების შენარჩუნება და ორივე მათგანი მუშაობს ამ კომპლექსების გამოსწორებაზე და დარეგულირებაზე, ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა ურთიერთობას აქვს ძალიან დიდი რესურსი რომ შენარჩუნდეს და პირიქით განვითარების მაღალ ეტაპზე გადავიდეს.

როგორ დავძლიოთ კომპლექსები და შევინარჩუნოთ ურთიერთობა?

იმისთვის რომ კომპლექსის დაძლევა შევძლოთ და შევინარჩუნოთ ურთიერთობა, ჯერ გვჭირდება გავმიჯნოთ და განვსაზღვროთ თუ რამდენად გვაწუხებს  ეს კომპლექსი, რამდენად გვიშლის ხელს წარმატების მიღწევაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, და რამდენად გვინდა და ვართ მზად კომპლექსების დასაძლევად, ამიტომ როცა ვსაუბრობთ კომპლექსის დაძლევაზე, პირველ რიგში უნდა გავარკვიოთ ის თემა რამდენად უნდა ადამიანს გაცნობიერების შემდეგ იმუშაოს ამ კომპლექსის დაძლევაზე, შესაბამისად ეს ძალიან ინდივიდუალურია და თვითონ ადამიანზე და რა თქმა უნდა  ურთიერთობების ტიპზე არის დამოკიდებული. მაგალითად, თუ ურთიერთობა არის საშუალო ტოქსიკური  და ორივე პარტნიორი ერთმანეთის ენერგიებით იწყებს უკვე კვებას, რა თქმა უნდა ასეთი ურთიერთობის შენარჩუნება არ არის სახარბიელო და პრინციპში არანაირი სარგებლის მომტანი არ არის არც ერთი მხარისთვის. ამიტომ კომპლექსის დაძლევის დროს პირველი მნიშვნელოვანია გავაცნობიეროთ რომ „მე მაქვს კომპლექსი“. მეორე ეს არის ის, რომ ვაღიარო ჩემს თავთან,  პირდაპირ ვუთხრა და დავუსახელო რომ შენ გაქვს ვთქვათ  არასრულფასოვნების კომპლექსი, შენ გრცხვენია საკუთარი სხეულის, შენ გრცხვენია თვითგამოხატვის , შენ არ გიყვარს საკმარისად საკუთარი თავი. ერთი სიტყვით, რა პრობლემაც არის პირდაპირ უნდა დავასახელოთ საკუთარ თავთან, იმიტომ რომ ნომერ პირველი, რაც გაცნობიერებაში და კომპლექსის დაძლევაში ან რეგულირებაში/მართვაში გვეხმარება  ეს არის საკუთარ თავთან გულწრფელობა. თუ არ ხართ მზად რომ  აფიშირება გაუკეთოთ ამ ყველაფერს საჯაროდ და ყველას მოუყვეთ, თუნდაც ოჯახის წევრებს გაუზიაროთ ან მეგობრებს  საჭიროა რომ საკუთარ თავთან მაინც გქონდეთ ეს გაჟღერებული და როდესაც გულწრფელად აღიარებთ საკუთარ თავთან კი მე მაქვს პრობლემა, აქედან უკვე იწყება მთელი პროცესი, რომლის განმავლობაში ჯერ ნელ-ნელა აკვირდები ამ შენს კომპლექსებს, როდესაც უკვე აცნობიერებ რომ კი მე ვხედავ და მე ვგრძნობ რომ მე მაქვს ეს კომპლექსი ამა და ამ ურთიერთობაში,   ამის მერე, რაც უკვე დავასახელე, იწყებ იმაზე ფიქრს „მინდა კი რომ დავძლიო ეს კომპლექსი, რამდენად მინდა დავძლიო, ვთქვათ რამდენი პროცენტით მინდა რომ შემიმცირდეს“,  ძირითადად,   კომპლექსის მთლიანი დაძლევა არ ხდება (100 პროცენტით განკურნება) მაგრამ ხდება დარეგულირება და ამ კომპლექსის იმდენად გაკონტროლება რომ ადამიანს აღარ უშლიდეს ის ხელს ურთიერთობაში, წარმატებაში, კარიერაში, თანამშრომლებთან ურთიერთობაში და ა.შ. ამიტომ რეალურად ეს არის  დარეგულირებადი თემა და ის თუ როგორ დავძლიოთ კომპლექსები მნიშვნელოვანია, ან ვიმუშაოთ ამ თემაზე ფსიქოთერაპევტთან, ან თვითანალიზის საშუალებით დავაკვირდეთ საკუთარ თავს: როგორ ვიქცევი ამა თუ იმ ურთიერთობაში, რამდენად ვიღებ ჩემს თავზე პასუხისმგებლობას, და რა შეიძლება იყოს ის მთავარი ბლოკი თუ ჩამრთველი რაც მე მაიძულებს მოვიქცე ასე და არა სხვაგვარად.

მოგეხსენებათ კომპლექსები პირდაპირ კავშირშია დაბალ-თვითშეფასებასთან, როგორ შეგვიძლია ჩვენ როგორც გარეშე პირმა დავეხმაროთ მას?

პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ კომპლექსი მხოლოდ დაბალ თვითშეფასებასთან არ არის პირდაპირ კავშირში და თავისუფლად შეიძლება საკმაოდ არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანის გარკვეული განცდები, ქცევები თუ გამოვლინებებიც იყოს კომპლექსისგან გამოწვეული. რაც შეეხება იმას, თუ როგორ შეგვიძლია როგორც გარეშე პირებმა დავეხმაროთ კომპლექსის მქონე ადამიანებს, თუნდაც დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს როგორც კითხვაშია ნახსენები, აქ ვიტყოდი პირველ რიგში ოქროს წესს, რომ ადამიანს უნდა დაეხმარო მხოლოდ მაშინ, როდესაც მას სჭირდება ეს დახმარება  ან როდესაც მან გთხოვა დახმარება, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი დამოუკიდებელი ჩარევით გამოდის რომ ადამიანს ვურღვევთ პირად სივრცეს, ვიჭრებით ძალადობრივად და ვაიძულებთ რომ რაღაც გარკვეული პატერნები შეცვალოს. რაც ზოგჯერ იწვევს გაღიზიანებას, პროტესტს, ზოგჯერ იწვევს პირიქით უფრო მეტ დაკომპლექსებას  და უფრო მეტ ჩაკეტვას საკუთარ თავში, ამიტომ ამ საკითხს ცოტა უფრო ნაზად და სერიოზულად უნდა მივუდგეთ, იმ კუთხით რომ უნდა დააკვირდეთ გთხოვათ ამ ადამიანმა დახმარება? თუ გთხოვათ მაშინ კი ბატონო დაეხმარეთ, ან მეორე ვარიანტი-ხედავთ რომ მართლა სჭირდება თქვენს პარტნიორს ან მეგობარს დახმარება და თქვენც გიჭირთ ფორმის მოძებნა, ყველაზე კარგი ფორმაა აიღოთ თქვენი წილი პასუხისმგებლობა და ამ ადამიანს გაუზიაროთ მის შესახებ თქვენი წარმოდგენები. ასევე ეფექტურია, რომ დახმარების ფორმა შესთავაზოთ, მაგრამ აღარ დააძალოთ და მიიღებს თუ არა ის ამ დახმარებას  ეს უკვე აბსოლუტურად მისი პასუხისმგებლობაა, აბსოლუტურად მისი პირადი სივრცეა, რომელში შეჭრის უფლება მისი თანხმობის გარეშე არ გვაქვს არც ფსიქოლოგებს არც ჩვეულებრივ ადამიანებს, ვისაც კონტაქტი აქ ამ ადამიანთან. ხოლო რაც შეეხება იმას თუ რა ფორმით შევთავაზოთ ეს დახმარება, აქ შეგვიძლია განვიხილოთ მრავალი ვარიანტი, მაგალითად, შეგვიძლია ვუთხრათ, რომ „წაგვიკითხავს ესეთი გამოვლინებების შესახებ და რომ ეს დაბალი თვითშეფასების ბრალია, ან ვთქვათ ეს არასრულფასოვნების კომპლექსს გავს ძალიან, ასეთ დროს ადამიანებს ფსიქოლოგები ეხმარებიან და ძალიან კარგი ფსიქოლოგი ვიცი ან ძალიან კარგი ტრენინგი, ლექცია, ცენტრი, სადაც ამის შესახებ მუშაობენ, გინდა როცა შენ მზად იქნები  და გენდომება ამაზე მუშაობა მე შემიძლია მოგცე  საკონტაქტო ნომერი ან მისამართი და შენ შეგიძლია მიმართო  დახმარებისთვის“,  ასევე შეგიძლიათ თავადვე გაჰყვეთ იმისთვის, რომ მხარდაჭერა იგრძნოს და მხნეობა შემატოთ რომ დაიწყოს ამაზე მუშაობა. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ არანაირი უფლება არ გვაქვს და ასევე  ეს არ არის ჩვენი პასუხისმგებლობაც, რომ ადამიანს დავაძალოთ გინდა თუ არა შეცვალე რაღაც გარკვეული კომპლექსი, მაშინ როცა მე ისედაც ვახსენე გააჩნია ადამიანი რამდენად აღიქვამს იმ გარკვეულ კომპლექსს პრობლემად და რამდენად უშლის ხელს ეს მას, იმიტომ რომ თუ ამ ადამიანს ამით ხელი არ ეშლება და პირიქით თქვენ უფრო წუხდებით ამ ყველაფრით, მაშინ ამ საკითხზე უნდა იმუშაოს არა იმ ადამიანმა, არამედ თავად თქვენ, იმიტომ რომ როგორც ჩანს თქვენთვის უფრო მნიშვნელოვანია  ეს მხარე და თქვენ გაზარალებთ რაღაც კუთხით, შესაბამისად აქაც ვიტყოდი რომ მკაცრად  უნდა დავიცვათ საზღვრები იმისთვის, რომ ჩვენი დახმარება  არ გადაიზარდოს ჰიპერმზრუნველობაში და არ დაარღვიოს სხვა ადამიანის პირადი საზღვრები.

შეიძლება თუ არა, რომ სოციუმმა გამოიწვიოს კომპლექსები?

რა თქმა უნდა სოციუმმა შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული კომპლექსების გაღვიძება ადამიანში. მაგრამ აქ აუცილებლად დავამატებდი, რომ თუ იმ კომპლექსს ჩემში არ აქვს ფესვები გადგმული ანუ უკვე ჩემში არ არსებობს, მაშინ სხვა ამას ესე უბრალოდ ჩემში ვერ გამოიწვევს, შესაბამისად, სოციუმი შეიძლება იყოს ტრიგერი ანუ ჩამრთველი იმ რაღაც გარკვეული კომპლექსის რომელიც ჩემში უკვე ისედაც არსებობს, წინააღმდეგ შემთხვევაში რაც ჩვენში არ არის გარედან ესე უბრალოდ არ შემოვა. თუ ის რაღაცა ჩვენში პასუხს არ ჰპოვებს, რეაქციაც არ გამოიწვევს, შესაბამისად სოციუმმა რა ფორმით შიძლება რომ გამოიწვიოს კომპლექსი ეს არის, რომ მაგალითად, „ამ მანქანით როგორ დადიხარ შენ უკეთესი მანქანით უნდა დადიოდე, ან როგორ მოხდა რომ ბოლო თაობის ტელეფონი არ გაქვს, უი ეს რატო გაცვია არ გიხდება“,  ან მაგალითად „თუ გინდა რომ პრეზენტაცია ერთად გავაკეთოთ და თუ გინდა ჩვენი ჯგუფის წევრი იყო უნდა ჩაიცვა უფრო აკადემიურად, თმა უნდა გადაიწიო“ და ა.შ. ერთი სიტყვით სოციუმმა შეიძლება ჩვენში კომპლექსები გააღვიძოს გარკვეული მოთხოვნებით, შეუძლია თავისი დამოკიდებულებებიდან და ზედმეტი არაადეკვატური მოთხოვნებიდან გამომდინარე გამოიწვიოს კომპლექსები, მაგრამ ამ კომპლექსებს როგორ ვუპასუხებ მე და რამდენად მივცემ უფლებას რომ ჩემი ცხოვრება შეცვალოს ან გარკვეული პატერნები შეცვალოს, ჩემი წარმოდგენები შეცვალოს საკუთარი თავის მიმართ, ეს უკვე მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული. შესაბამისად, კომპლექსს შენში ვერ გამოიწვევს სხვა თუ შენ ამაზე იმუშავებ და თუ შენ ეს ყველაფერი გაქვს გაცნობიერებული. აქედან გამომდინარე ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანს ქონდეს კონტაქტი საკუთარ თავთან იმ კუთხით რომ შესწავლილი ყავდეს თუნდაც ზედაპირულ დონეზე საკუთარი თავი, და იცოდეს საკუთარი სუსტი წერტილი/მიუღებელი ნაწილი, მაშინ სოციუმს ძალიან გაუჭირდება რომ თქვენში გამოიწვიოს რაიმე სახის კომპლექსი. იმიტომ რომ როდესაც იცი რა პრობლემასთან გაქვს საქმე შენ ასე თუ ისე იცი მისი დარეგულირებაც ცნობიერ და შენს ხელთ არის ესე ვთქვათ მთელი სიძლიერე და ბერკეტი  იმისა რომ თვითონვე გადაწყვეტ მგრძობიარე იქნები ამ საკითხისადმი თუ არა.

რა მნიშვნელოვანი და ქმედითი ნაბიჯები უნდა გადადგას კომპლექსების მქონე ადამიანმა, რათა ეს მდგომარეობა დაძლიოს?

პირველი უმნიშვნელოვანესი და ქმედითი ნაბიჯი რაც უნდა გადადგას კომპლექსის მქონე ადამიანმა რომ დაძლიოს ის ან დაარეგულიროს, მე ვიტყოდი ისევ და ისევ საკუთარ თავთან გულწრფელობას ჯერ მე უნდა დავინახო და ვაღიარო ჩემს თავთან რომ მე მაქვს პრობლემა, რომ ის ჰიპერმზრუნველობა, ის თვითგანწირვა, ის რაღაც მანიპულაციები, ზედმეტი მოთხოვნები პარტნიორებთან, ამით არის გამოწვეული. თუ ვხედავ რომ სხვადასხვა ურთიერთობებში ვიმეორებ ერთსა და იმავეს, მე უნდა შემეძლოს დავაკვირდე საკუთარ თავს, საკუთარ ქცევებს, საკუთარ განცდებს, და ვთქვა რომ აი რა უცნაურია შევამჩნიე ჩემს თავში ეს კანონზომიერება, რომ ურთიერთობის დასაწყისში ვარ ძალიან თავისუფალი და საინტერესო ქალი/კაცი, მაგრამ როგორც კი ნდობის საკითხი დგება და უფრო სიღრმისეულ ეტაპებზე უნდა გადავიდეს ჩვენი ურთიერთობა მეწყება ეჭვიანობა, ვხდები ზედმეტად მომთხოვნი, ზედმეტად პრეტენზიული პარტნიორის მიმართ.  ანუ პირველი ეს არის ის რომ ვიყოთ საკუთარ თავთან გულწრფელები. შემდეგი ეტაპი ეს არის-განვსაზღვროთ რამდენად ხელს მიშლის ეს კონკრეტული კომპლექსი ყოველდღიურ ცხოვრებაში. შემდეგი ეს არის თუ ხელს არ მიშლის და ვხედავ რომ დიდად ხელი არ მეშლება ამ მაშინ ვაგრძელებ ამ ჩემი გაცნობიერებით ამ კომპლექსთან ერთად ცხოვრებას.  თუ ჩათვლით რომ გინდათ  ამ კომპლექსისგან განთავისუფლდეთ, რადგან ეს სერიოზულად გიშლით ხელს, ამ შემთხვევაში მე რა თქმა უნდა გირჩევთ რომ ჩარიოთ ფსიქოლოგი,  ან შეგიძლიათ იაროთ ტრენინგებზე, ლექციებზე. ფსიქოლოგი დაგეხმარებათ, მოგცემთ მიმართულებას რამდენი სესია შეიძლება დაგჭირდეთ, შეიძლება მაგალითად ორ მისვლაში უკვე მიხვდეთ რომ მეტი აღარ გჭირდებათ  და გააგრძელოთ უკვე თვითანალიზით ან ფსიქოლოგთან მისვლის გარეშე პირდაპირ თვითანალიზით დაკავდეთ. თუმცა ეს არის თემა სადაც მე აუცილებლად გირჩევთ თუ გინდათ დაგიდგეთ კარგი და სწორი შედეგი და ეფექტი ნახოთ მაშინვე, მე მაინც გირჩევდით რომ მიმართოთ შესაბამის სპეციალისტს, ვინც მუშაობს კომპლექსების დაძლევის საკითხზე. დაუჭირეთ მხარი საკუთარ თავს და გაითვალისწინეთ აუცილებლად რომ უკომპლექსო ადამიანები არ არსებობენ და თქვენი კომპლექსი თავისუფლად შეიძლება გახდეს თქვენივე ძლიერი მხარე. იმიტომ რომ ძირითადად ადამიანები ვისაც კი რამე შეუქმნია საერთოდ, მსოფლიოს ისტორიას რომ გადავხედით, თითოეულ მათგანს ჰქონდა რაღაც გარკვეული კომპლექსი და ზუსტად ამ კომპლექსმა გამოიწვია  ის, რომ მათ მეტისთვის მიეღწიათ. რეალურად კომპლექსი შეიძლება იყოს ბიძგი იმის, რომ იყო უფრო მეტად წარმატებული იყო უფრო მეტად ძლიერი, თავდაჯერებული და რაღაც ფასეული და ღირებული შექმნა. შესაბამისად, სწორი მიდგომით ადამიანს ნებისმიერი კომპლექსი, ნებისმიერი ტრავმა, ნებისმიერი პრობლემა და კრიზისი შეუძლია გადააქციოს უდიდეს რესურსად, რომელიც შემდგომში იქნება მისი რაღაც პიროვნული განვითარების და ზრდის საფუძველი.

 

ილია ნიკაჭაძე

✔ psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ✔NLP Coach მასტერი ✔ საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი 📞 ტელ: 599 97 91 81

დატოვეთ კომენტარი