ნინა კერესელიძე – როგორ გავუმკლავდეთ მავნე ჩვევებს

0

ნინო კერესელიძე – ფსიქოლოგი, გეშტალტფსიქოთერაპევტი, არტ თერაპიის სპეციალისტი

ადამიანები მავნე ჩვევებს ისე ვეგუებით, რომ ამას ვერც ვიაზრებთ. ხშირ შემთხვევაში გვგონია, რომ ნებისმიერ დროს, როცა გადავწყვეტთ შეგვიძლია უარი ვთქვათ ნებისმიერ ქცევაზე. თუმცა, რეალურად, ამის განხორციელება დიდ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ზოგადად, ჩვევის ჩამოყალიბება ჩვენს მეხსიერებაში სასიგნალო-ქცევითი კავშირის შექმნას გულისხმობს, რაც ერთგვარად დამოკიდებულია, როგორც გარე გამღიზიანებელზე, ასევე შინაგან მოტივაციაზე და ატიტუდებზე. ეს ნიშნავს, რომ რაღაც ტიპის ქცევა გაუცნობიერებლად, ყველანაირი ძალდატანების გარეშე სრულდება.

მავნე ჩვევებს საკმაოდ ნეგატიური გავლენა აქვს ჩვენს ცხოვრებაზე და შესაძლებელია ფატალურ შედეგამდეც მიგვიყვანოს. გამღიზიანებლის (ტრიგერის) აღქმის შემდგომ აღმოცენდება მოთხოვნილება, რომლის არ დაკმაყოფილებაც ჩვენში იწვევს სხვადასხვა ტიპის უსიამოვნო შეგრძნებებს, მაგალითად, როგორიცაა: უიმედობა, უსუსურობა, შიში.. მოთხოვნილების დაკმაყოფილების შემდგომ კი მცირდება თითოეულის დონე. მოთხოვნილება ჩნდება მთავარ ფიგურად და გვიჭირს სხვა რაიმეს აღქმა გარემოში სანამ ამ მოთხოვნილებას არ დავიკმაყოფილებთ.

რაც შეეხება, მავნე ჩვევების შეცვლას, ყველაზე ეფექტური არის ფსიქოთერაპიული ჩარევა, რაც გულისხმობს შემდეგს: პირველ რიგში, უნდა გავაცნობიეროთ, საიდან მოდის ეს მავნე ჩვევა და რას აკომპენსირებს, ვინაიდან, ეს ჩვევა მხოლოდ სიმპტომია რაღაც უფრო დიდი ფიგურის. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარმა, რომელიც ჩვევებს შეისწავლის, ფილიპა ლოლიმ უკუაგდო ის ფართოდ გავრცელებული შეხედულება, რომ ჩვევის ჩამოყალიბებას 21 დღე სჭირდება. მან აღმოაჩინა, რომ დღეების საშუალო რაოდენობა 66-ია. ზოგისთვის ეს პროცესი, შესაძლოა, 254 დღემდეც კი გაგრძელდეს. მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს მოიცავს ყოველდღიურ სამუშაო პროცესს საკუთარ თავზე. ზოგადად კი ეს პროცესი ძალიან ინდივიდუალურია.

ცალსახად, რა თქმა უნდა, პოზიტიური სარგებელი მავნე ჩვევას არ აქვს. ზოგადად, სარგებელი შესაძლებელია იყოს მხოლოდ მეორადი, რაც გულისხმობს შფოთვის დონის დაწევას, როდესაც ეს მავნე ჩვევა უკვე შევასრულეთ და კმაყოფილების გრძნობა გვაქვს ისიც რამოდენიმე წუთით. შესაბამისად, მავნე ჩვევა თავისი არსით საკმაოდ ნეგატიური გავლენის მქონეა.

“ჩვევა რჯულზე უმტკიცესია”-ნამდვილად, ჩვევა საკმაოდ მნიშვნელოვანია და დიდ წილად განაპირობებს ჩვენი ქცევის თავისებურებებს. ჩვევამ შესაძლებელია ცხოვრების სტილი რადიკალურად შეგვიცვალოს. მნიშვნელოვანია არ გამოგვრჩეს ის ფაქტი, რომ თავად ვირჩევთ ამ ქცევას და ჩვენივე პასუხისმგებლობაა ჩანაცვლება და ცვლილება. სწორედ ამიტომ, არ არსებობს შეუცვლელი ჩვევა, მთავარია, მისი ფსიქოლოგიური ასპექტების გაცნობიერება და მასზე სწორი მიდგომით მუშაობა.

 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81