ჟან პიაჟე და განვითარების ეტაპები

0

შვეიცარიელი ფსიქოლოგი, ჟან პიაჟე, მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა და ბავშვების კოგნიტურ განვითარებას შეისწავლიდა. მისი თეორია ფოკუსირებულია ბავშვებზე, დაბადებიდან თინეიჯერობამდე და ახასიათებს მათი განვითარების სხვადასხვა ეტაპებს.

პიაჟემ სულ ოთხი ეტაპი გამოყო:

  • სენსომოტორული ეტაპი;
  • პრეოპერაციული ეტაპი;
  • კონკრეტული ოპერაციული ეტაპი;
  • ფორმალურ-ოპერაციული ეტაპი.

თითოეული სტადია ხასიათდება აზროვნების განსხვავებული მოდელით, რადგან ყოველი სტადია ემყარება წინა სტადიების მიღწევებს. თეორიის თანახმად, თითოეული ბავშვი ერთი და იმავე თანმიმდევრობით გადის განვითარების სტადიებს. თუმცა შესაძლოა, რომ ზოგიერთმა ბავშვმა შედარებით ადრე მიაღწიოს განვითარების შემდეგ სტადიას, ზოგმა კი შედარებით გვიან. აღსანიშნავია, რომ ხანდახან ბავშები გარდამავალ სტადიაში იმყოფებიან და ერთდროულად ორ მომიჯნავე სტადიის თავისებურებებს ავლენენ.

ენსომოტორული ეტაპი

სენსომოტორული ეტაპი მოიცავს 18–24 თვის ასაკს. ამ სტადიაში ბავშვები სამყაროს შესახებ ცოდნას თავიანთი შეგრძნებების (სმენა, მხედველობა) და ფიზიკური მოქმედებების (ხელის გაწვდენა, შეხება) გამოყენებით იღებენ. აღნიშნული სტადიის დასაწყისში, სამყაროსთან ადაპტაციისას ბავშვები  თანდაყოლილ რეფლექსებს ავლენენ.

პრეოპერაციული ეტაპი

პრეოპერაციული ეტაპი 2-დან 7 წლამდე პერიოდს მოიცავს. ამ ასაკის ბავშვებს ეგოცენტრულობა ახასიათებთ, რაც იმას გულისხმობს, რომ მათ უჭირთ საკუთარი შეხედულებების მიღმა აზროვნება – ისინი ფიქრობენ, რომ ყველა ისე ხედავს სამყაროს, როგორც თვითონ ხედავენ.  ამ სტადიაში ბავშვთა ენობრივი უნარები სწრაფად ვითარდება, ეს კი მათ საშუალებას აძლევს გონებაში წარმოსახონ და სიმბოლოების საშუალებით იფიქრონ მრავალფეროვან საგნებსა და მოვლენებზე. აღნიშნულ ეტაპზე, ბავშვებს შეუძლიათ გამოხატონ თავიანთი აზრები და მიიღონ ინფორმაცია ენის საშუალებით, რაც ადრე მათთვის შეუძლებელი იყო. მიუხედავად ამისა, აღნიშნულ სტადიაში ბავშვთა აზროვნების უნარი პრიმიტიული რჩება – მათი აზროვნება ინტუიციაზეა დაყრდნობილი და არა ძირითადი ლოგიკური პრინციპების შეგნებულ ცოდნაზე.

შესაბამისად, ბავშვებს არ შეუძლიათ ახსნან, თუ რატომ არის მათი დასკვნები და პასუხები სწორი.

კონკრეტული ოპერაციული ეტაპი

კონკრეტული ოპერაციული ეტაპი 7-დან 12 წლამდე პერიოდს მოიცავს. ამ ეტაპზე ინტუიციას ლოგიკური აზროვნება ცვლის, თუმცა მხოლოდ განსაზღვრულ სიტუაციებში. აღნიშნულ სტადიაზე მყოფ ბავშვებს ახასიათებთ აბსტრაქტული აზროვნების ნაკლებობა. კონკრეტული ოპერაციების საშუალებით მათ შეუძლიათ ერთდროულად საგნის რამდენიმე თავისებურებაზე გაამახვილონ ყურადღება და გონებაში წარმოსახონ ის მოქმედებები, რისი გაკეთებაც ადრე მხოლოდ ფიზიკური მოქმედებებით შეეძლოთ. ამასთან, მათ შეუძლიათ აღნიშნული მოქმედებები საწინააღმდეგო მიმართულებითაც წარმოიდგინონ. გარდა ამისა, კონკრეტულ ოპერაციულ სტადიაზე ბავშვებს შეუძლიათ საგნების კლასიფიკაცია, მათი კატეგორიებად და ქვეკატეგორიებად დაყოფა მათი ძირითადი თავისებურებების გათვალისწინებით. მათ ასევე ახასიათებთ აღნიშნულ კატეგორიებს შორის ურთიერთობების განხილვის უნარი, თუმცა ამ სტადიაზე მყოფი ბავშვები ვერ უმკლავდებიან უფრო რთული კლასიფიკაციის სისტემებს. კონკრეტულ ოპერაციულ სტადიაზე ბავშვები აგრეთვე სწავლობენ სერიაციას/დახარისხებას – ანუ საგნების დალაგებას რაოდენობრივი მახასიათებლის მიხედვით. ამ უნარის დაუფლების შემდეგ ბავშვებს ახალი უნარის შეძენა შეუძლიათ, რომელსაც ტრანზიტულობა ჰქვია. ტრანზიტულობა ორ საგანს შორის ურთიერთობის შესახებ დასკვნის გაკეთების უნარს მათი მესამე საგანთან ურთიერთობის შესახებ ცოდნის საფუძველზე მოიაზრებს. ბავშვები ეგოცენტრული აზროვნებიდან ობიექტური აზროვნებისკენ გადაინაცვლებენ. ისინი იაზრებენ, რომ სხვა ადამიანები შესაძლოა არ იზიარებდნენ მათ შეხედულებებს თუ გრძნობებს.

ფორმალურ-ოპერაციული ეტაპი

ფორმალურ-ოპერაციული ეტაპი 11/12 წლიდან მოზრდილ ასაკამდე პერიოდს მოიცავს. კონკრეტულ ოპერაციულად მოაზროვნე ბავშვებისგან განსხვავებით, ფორმალურ-ოპერაციულ სტადიაზე მყოფ მოზარდებს შეუძლიათ ლოგიკურად იაზროვნონ არამარტო კონკრეტულ და რეალურ, არამედ ჰიპოთეზურ, აბსტრაქტულ და არარეალურ საგნებთან და მოვლენებთან დაკავშირებით. აბსტრაქტულ აზროვნებას თან ახლავს იდეალიზების და წარმოსახვის უნარები.

ამ სტადიაზე მყოფი მოზარდები იწყებენ იმაზე ფიქრს, თუ რა იდეალური თვისებებია მათთვის და მათი გარშემო მყოფებისთვის სასურველი. ამასთან , მათ ძალიან იდეალისტური შეხედულებები უყალიბდებათ სოციალურ, პოლიტიკურ და ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით. ბევრი მოზარდი ისეთი პრობლემებით ინტერესდება, როგორიცაა: უსახლკარო ბავშვების, მსოფლიოს მშვიდობის და ცხოველთა უფლებების საკითხი. თუმცა მათი აზროვნება შეიძლება დახასიათდეს არა პრაქტიკულობით, ვინაიდან პრობლემის გადაჭრის გზები ხშირად ლოგიკურობის მიუხედავად ფანტაზიებში გადაიზრდება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ ეტაპზე მყოფ მოზარდებს ახასიათებთ ჰიპოთეზურად აზროვნების უნარი – მათ ისეთ სიტუაციებზე და გარემოებებზე შეუძლიათ მსჯელობა, რაც თავად არ გამოუცდიათ. საინტერესოა, რომ ფორმალურ-ოპერაციულ ეტაპზე მოზარდებში თავს იჩენს ახალი ფორმის ეგოცენტრიზმი, რაც ხასიათდება საკუთარი უნიკალურობის შეგრძნებით, სურვილით, რომ თვალში საცემნი იყვნენ, რწმენით, რომ სხვები ისევე დაინტერესებულნი არიან მათით, როგორც თვითონ. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ეგოცენტრიზმი მოზარდებში ნორმალურ მოვლენად მიიჩნევა.

პიაჟე მიიჩნევს, რომ ფორმალურ-ოპერაციულ ეტაპზე კოგნიტური განვითარება სრულდება, მაგრამ ინტელექტუალური განვითარება შესაძლოა მოზრდილ ასაკშიც გაგრძელდეს.

მოამზადა ეკატერინე გაჩეჩილაძემ

 

 

 

 

 

 

 

 

 

ილია ნიკაჭაძე

✔ psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ✔NLP Coach მასტერი ✔ ENNEAGRAM Master ✔ საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი 📞 ტელ: 599 97 91 81