მარინა ბოსტოღანაშვილი – დეპრესია და კვებითი დარღვევები

0

მარინა ბოსტოღანაშვილი – გეშტალტფსიქოთერაპევტი

რამდენად ხშირად  ახლავს  დეპრესიას  კვებითი  დარღვევები?

კვების ქცევითი დარღვევები დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, გენეტიკურ ფაქტორზე, ბავშვობის ასაკში ჩამოყალიბებულ ქცევებზე და ემოციურ  ფონზე .  დაავადება უპირატესად თავს იჩენს მოზარდობის პერიოდში და ხშირად თან ახლავს დეპრესია.

რა  ძირითადი  ნიშნებით  ხდება  დეპრესიის  დიაგნოსტიკა?

დეპრესია – მოწყენილობის, დათრგუნულობის ან დარდის მდგომარეობაა. მას შემდეგი  სიმპტომები აქვს : შფოთვა, უსარგებლობის განცდა,  სუიციდური აზრები, მადის დაქვეითება და კვებითი დარღვევები, ფსიქომოტორული შეკავება, აგრეთვე რიგი სომატური სიმპტომები, ფსიქოლოგიური დისფუნქცია, უძილობა.

საშუალოდ  რამდენ  ხანს  გრძელდება  დეპრესია?

მსუბუქმა  და ზომიერმა  დეპრესიამ შეიძლება თავისით  გაიაროს . მისი ხანგრძლივობა 3-დან 9 თვემდეა . ანტიდეპრესანტებისა და ფსიქოთერაპიის კომბინაცია მნიშვნელოვნად (70-99% -მდე) ზრდის გამოჯანმრთელების  და დეპრესიის სიმპტომებისგან  განთავისუფლების შანსებს.  ქრონიკული დეპრესიის სიმპტომები – დისთიმია – შეიძლება ქონდეს  ადამიანს  მსუბუქი ფორმით მთელი ცხოვრების განმავლობაში.

არის  თუ  არა შესაძლებელი  დეპრესიისაგან  განკურნების  შემდეგ  ადამიანს  მაინც  ჰქონდეს  კვებითი  დარღვევები?

მეცნიერებმა არაერთხელ დაამტკიცეს შემდეგი  ტენდენცია: ყოველი განმეორებითი დეპრესიის შემდეგ, რემისიის ხარისხი იკლებს. თუ პირველი ეპიზოდის შემდეგ, პაციენტთა დაახლოებით 50-70% სრულიად გამოჯანმრთელდა და მთლიანად დაივიწყა მტანჯველი მდგომარეობა, მაშინ მესამე ეპიზოდის რეციდივის რისკი სამჯერ -ოთხჯერ იზრდება. ამიტომ თუ  კვებითი დარღვევა გამოწვეულია  დაპრესიით და ადამიანი განიკურნა – კვებითი დარღვევაც აღარ ექნება.

რა  იგულისხმება  კვებით  დარღვევებში ?

კვებითი  დარღვევების მქონე ადამიანებს აქვთ ქცევითი დარღვევები, რომლებიც  დაკავშირებულია კვებასთან.  ამასთანავე  აქვთ   წონასთან,  სხეულის ფორმასთან  და საკვების  მიღებასთან დაკავშირებული შფოთვა.  კვებითი დარღვევა არის სერიოზული ფსიქიკური დაავადება და არა  არჩეული ცხოვრების წესი. კვების ყველა დარღვევისთვის საერთოა საკუთარი თავის მიუღებლობა , შფოთვა და დეპრესია, თვითიზოლაცია და საკვებთან დაკავშირებული  აკვიატებული ქცევა, როგორიცაა რომელიმე  პროდუქტების აკრძალვა  ან, პირიქით, გარკვეული საკვების დიდი რაოდენობით  მიღება . კვებითი დარღვევები იყოფა სამ ძირითად ტიპად: ნერვული ანორექსია, ბულემია, გადაჭარბებული კვება .

შესაძლებელია  თუ  არა,  რომ  დეპრესიის  დროს  გავხდეთ  ბულემიის  ან  ანორექსიის  „მსხვერპლნი“? 

დიახ, შესაძლებელია, რადგან  დეპრესიას  ხშირად  თან  ახლავს  კვებასთან  დაკავშირებული  დარღვევები ან  პირიქით, ბულემიისა   და  ანორექსიის  დროს  ადამიანს  აქვს  დეპრესიის  სიმპტომები.

ყველაზე  ხშირად  რის  გამო  ვარდებიან  ადამიანები  დეპრესიაში ?

დეპრესია ძირითადად  ვითარდება  რამდენიმე ფაქტორის შერწყმის  შედეგად. ეს ფაქტორებია –  მემკვიდრეობა და სტრესი.  სტრესი შეიძლება იყოს უცაბედი და  საკმაოდ ძლიერი, როგორიცაა  საყვარელი ადამიანის დაკარგვა.   შეიძლება იყოს ყოველდღიური, მაგალითად სამსახურეობრივი  ან რთული ოჯახური ურთიერთობების გამო. ასევე წარსულში მიღებული  ფსიქიკური ტრავმები, მოგონებები, ჰორმონალური ცვლილებები და  ადამიანის სოციალურ-კულტურული გარემომ  შეიძლება სერიოზული  გავლენა მოახდინოს ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე .

ინტერვიუ მოამზადა ქეთევან კაცელაშვილმა

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81