თათა იმნაიშვილი – კონტაქტის ციკლი და კონტაქტის წყვეტა II ნაწილი

0

თათა იმნაიშვილი – ფსიქოკონსულტანტი

(პროექცია, რეტროფლექსია, დეფლექსია)

შესაძლოა დაკვირვებიხართ, რომ ზოგიერთ ადამიანთან კომუნიკაცია საკმაოდ გიჭირთ, ზოგის პოზიცია ამა თუ იმ საკითხზე თითქოს მხოლოდ საზოგადოების აზრზეა მიბმული, ზოგი იმდენად ცდილობს, რომ არ „გაწყენინოთ“ რომ საერთოდ გაუგებარი ხდება რისი თქმა უნდა, ზოგი თითქოს ყველაფერში გეთანხმებათ და ყველაფერი კარგად არის, მაგრამ საბოლოოდ გიჩნდებათ შეკითხვა ნამდვილად ასე ფიქრობს თუ არა და თავისით მივიდა თუ არა ამ დასკვნამდე და ა.შ.

ახლა ზუსტად ამაზე ვისაუბრებთ და დეტალურად გავარჩევთ. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ კონტაქტის ციკლით, რომელიც აღწერს იმას თუ როგორ იკმაყოფილებს ადამიანი თავის მოთხოვნილებებს. პირველად პოლ გუდმანმა და ფრიც პერლზმა აღწერეს კონტაქტის ციკლი წიგნში „გეშტალტთერაპიის თეორია, ადამიანის პიროვნული ზრდა“

არსებობს კონტაქტის ციკლის სულ 4 ფაზა:

  1. პრეკონტაქტი- შეგრძნებებისა და მოთხოვნილებების ფორმირების ფაზა.
  2. კონტაქტირება- მოთხოვნილების გაცნობიერება და მისი დაკმაყოფილების გზების ძიება.
  3. სრული კონტაქტი- უშუალო მოთხოვნილების დაკმაყოფილება.
  4. პოსტ კონტაქტი- გამოცდილების ასიმილაცია და შემდგარი კონტაქტის გააზრება.

როდესაც ადამიანი რომელიმე ეტაპს ვერ გადის ან ვერ გადადის შემდეგზე, ხდება კონტაქტის წყვეტა და ზუსტად ეს მომენტი უქმნის პრობლემებს ადამიანს.  ეს არის, ასე ვთქვათ, ერთგვარი შინაგანი ბარიერები, რომელსაც ადამიანი ან აცნობიერებს ან ვერ აცნობიერებს ან აცნობიერებს მხოლოდ ნაწილობრივ. ალბათ გაინტერესებთ რისთვის გვჭირდება საერთოდ?!  მოდით განვიხილოთ რა ტიპის კონტაქტის წყვეტები არსებობს.

დღეს განვიხილავთ მეორე ფაზის წყვეტებს, როგორებიც არის: პროექცია- საკუთარი თვისებების სხვისთვის ან გარემოსთვის მიკერება, როგორც წესი ეს არის რაიმე ნეგატიური, რაზეც პასუხისმგებლობის აღება არ სურს ადამიანს. პროექცია ჩნდება მეორე ფაზაში (კონტაქტირება).  ამ ფაზაზე ენერგია, როგორც წესი ბევრი არის ხოლმე, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ მივმართოთ ეს ენერგია საკუთარ თავს, გამოვყოფთ რაღაც ნეგატიურს და მივაწერთ სხვას. მაგალითად ადამიანი ამბობს, რომ ვიღაც არის აგრესიული და გაღიზიანებული, სინამდვილეში კი მას არ შეუძლია იმ ფაქტის მიღება, რომ ასეთ მდგომარეობაში თავად იმყოფება.

რეტროფლექსია – ასევე კონტაქტირების ფაზაში წარმოიშობა. ადამიანი ასრულებს მოქმედებას იმისათვის, რომ დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება, მაგრამ მოქმედება მიზანს არ აღწევს, რადგან მიმართულია არა გარემოზე, არამედ საკუთარ თავზე. საკუთარ თავს უკეთებს ან ექცევა ისე როგორც აქვს სურვილი, რომ მოექცეს სხვას. მაგალითად, იმის ნაცვლად რომ ითხოვოს დახმარება, საკუთარ თავზე აიღებს მთელ დავალებას. შინაგანი დიალოგიც ითვლება რეტროფლექსიად. რეტროფლექსიის დროს ხშირად შეგვიძლია დავინახოთ როგორ ურტყამს საკუთარ თავს ადამიანი, უჭერს ხელს, იჭერს საკუთარ თავს და ა.შ.

ხშირი რეტროფლექსიის ყველაზე მძიმე შედეგი არის ფსიქოსომატური დაავადებები. როდესაც ადამიანი ხშირად განიცდის ძლიერ გრძნობებს, მაგრამ არ აძლევს საშუალებას საკუთარ თავს, რომ ეს გრძნობები გამოხატოს, ის იწყებს საკუთარი თავის ნგრევას. მსგავს ქმედებებს მივყავართ ისეთ დაავადებამდე, როგორიც არის მაგალითად, კუჭის წყლული, ნევრალგია, ალერგია, ასთმა და ბევრი სხვა.

დეფლექსია – არის ყველაზე „ზრდილობიანი“ ფორმა კონტაქტის წყვეტის. ასევე ჩნდება მეორე ფაზაზე. ადამიანი გაურბის კონტაქტს ან/და ცდილობს აირიდოს. დეფლექსიის დროს ადამიანი ცდილობს აირიდოს დაძაბული სიტუაცია და დაიცვას თავი. ხდება ენერგიის გადამისამართება სხვა უფრო „უსაფრთხო“ ობიექტის მიმართ. მაგალითად, სტრესული სამუშაოს შემდეგ, როდესაც არ არის საშუალება რომ აგრესია გამოიხატოს უფროსის მიმართ, ადამიანი მიდის სახლში და ანთხევს აგრესიას ოჯახის წევრებზე ან მიდის მაგალითად სპორტ დარბაზში, სადაც აქვს საშუალება, რომ დავკავდეთ კრივით, დაიხარჯოს ფიზიკურად და ა.შ. ამ შემთხვევაში იხსნება დაძაბულობა და არის შვების განცდა, მაგრამ ნამდვილი კმაყოფილება არ დგება, რადგან აგრესია არ იყო მიმართული ნამდვილი ობიექტის მიმართ. შესაძლოა ბევრი თქვენთაგანი ყოფილა სიტუაციაში, როდესაც ან თავად ერიდებოდით სიტუაციის გარჩევას, მიუხედავად იმისა, რომ ურთიერთობა უკვე კრიტიკულ წერტილამდე მივიდა ან თქვენი პარტნიორი ერიდებოდა. ადამიანი, რომელიც ხშირად მიმართავს დეფლექსიას, ერიდება მძაფრ გამოთქმებს კომუნიკაციის დროს, სასაუბროდ ირჩევს საერთო, ბანალურ და სტერეოტიპულ ფრაზებს, გაუგებარ მინიშნებებს და შესაძლოა თვალით კონტაქტსაც ერიდება. ასეთი საუბრის დროს შესაძლოა მოისმინოთ უადგილო ხუმრობა, უემოციო და უენერგიო, მოსაწყენი საუბარი, რადგან მოსაუბრე რეალურ კონტაქტს ერიდება.

 

უნდა გვახსოვდეს, რომ მოცემული და სხვა წყვეტები ჩვენ გვაქვს გარკვეულწილად უსაფრთხოებისათვის, რათა შევინარჩუნოთ საკუთარი თავი, ჩვენი გარემო ან ურთიერთობები.

 

ილია ნიკაჭაძე

✔ psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი ✔NLP Coach მასტერი ✔ საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი 📞 ტელ: 599 97 91 81

დატოვეთ კომენტარი