მარიამ ბასოშვილი – თვითშეფასების განვითარება და ეტაპები

0

მარიამ ბასოშვილი – ფსიქოლოგი, ფსიქოკონსულტანტი

პიროვნების თვითშეფასება წარმოადგენს საკუთარი თავის შესახებ გარკვეული ტიპის შეხედულებას. იგი დაკავშირებულია ინდივიდის მიერ საკუთარი ,,მე”-ს შესახებ რწმენა-წარმოდგენებთან, რომელიც გავლენას ახდენს პიროვნების ფორმირებაზე განვითარების ნებისმიერ ეტაპზე. ადამიანის თვითშეფასება დამოკიდებულია მის წარმატება- წარუმატებლობაზე და პრეტენზიის დონეზე. ადამიანის თვითშეფასება შეიძლება იყოს:

დაბალი  – როდესაც ის თავის შესაძლებლობებს სათანადოდ ვერ აფასებს. დაბალი თვითშეფასება ხშირად განპირობებულია ბავშვობაში მშობლების გავლენით. ოჯახის წევრები ხშირად გაუაზრებლად ეუბნებიან ბავშვს ისეთ ფრაზებს როგორიცაა: ,,შენ ეს არ გამოგივა”; ,,ამისთვის არ დაბადებულხარ” ; და ა.შ. ზოგჯერ მშობლები ბავშვს უყალიბებენ ჰიპერპასუხისმგებლობას, რომელსაც მივყავართ ემოციურ შებოჭილობამდე. ხშირად უფროსები ამბობენ: ,,შენ ძალიან კარგად უნდა მოიქცე, ვინაიდან მამაშენი ძალიან პატივსაცემი პიროვნებაა” ; ,,დედას ყველაფერი უნდა დაუჯერო” . ბავშვის ცნობიერებაში ყალიბდება ეტალონის მოდელი, რომლის დაცვის შემთხვევაში ის იდეალური გახდებოდა. ვინაიდან ამ იდეალის რეალიზება შეუძლებელია, აღმოცენდება შეუსაბამობა ეტალონსა და რეალობას შორის. რაც უფრო დიდია განსვლა რეალურ და იდეალურ მეს შორის, მით უფრო დიდია ადამიანის უკმაყოფილება საკუთარი მიღწევებით.

ამაღლებული თვითშეფასება. ამ ტიპის თვითშეფასების მქონე ადამიანი ზედმეტად მაღალ შეფასებას აძლევს საკუთარ შესაძლებლობებს. ზოგიერთ შემთხვევაში მშობლები და ნათესავები გადაჭარბებულად დადებით შეფასებას აძლევენ ბავშვის უნარებს, მაგრამ როდესაც ბავშვი მოხვდება სხვა გარემოში და მას ობიექტურად შეაფასებენ, მას ეუფლება დრამატული განცდები, ვინაიდან მისი რეალური შეფასება არ ემთხვევა მშობლების მიერ შექმნილ წარმოდგენას. ამ შემთხვევაში მშობლების მიერ ამაღლებული თვითშეფასება ბავშვში კოგნიტურ დისონანსს იწვევს. ამ დროს ამაღლებული თვითშეფასება იცვლება საპირისპიროთი, რაც ბავშვის ფსიქიკისთვის მატრამვირებელია.

ადეკვატური თვითშეფასების მქონე ადამიანი სწორად აფასებს საკუთარ შესაძლებლობებს, ურთიერთობებშიც თავდაჯერებულია. შეუძლია წარმატებით დაისახოს და მიაღწიოს მიზანს: კარიერაში, შემოქმედებაში, პირად ცხოვრებაში. მატებს ადამიანს ისეთ თვისებებს როგორიცაა: ინიციატივობა, მოხერხებულობა, ახალ პირობებთან ადაპტირება და ა.შ.

ის თუ მომავალში ადამიანი როგორი პიროვნება ჩამოყალიბდება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორი თვითშეფასება ჩამოუყალიბდება მას. ბავშვებს ადრეული ასაკიდანვე უვითარდებათ თვითშეფასება საკუთარი შესაძლებლობებისა და

თვისებების მიხედვით, რაც განსაზღვრავს მათ ქცევას, ხოლო განვითარების პროცესში საკუთარი თავის მიმართ დამოკიდებულება იცვლება და ფორმირდება. ბავშვს განვითარების სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა სახის თვითშეფასება უყალიბდება, რაც ცვალებადი და ბუნებრივი პროცესია.

ბავშვის თვითშეფასების ფორმირებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს: ოჯახი, სოციალური გარემო რომელშიც ის იზრდება, სკოლა, სასწავლო პროცესის წარმატებულობა-წარუმატებლობა და ა.შ.

თვითშეფასება – ეს თავისებური კოგნიტური სქემებია, რომლებიც აერთიანებენ წარსულ გამოცდილებასა და აყალიბებენ ახალ დამოკიდებულებას საკუთარი  მე-ს მიმართ. არაერთმნიშვნელოვანია თვითშეფასების კრიტერიუმებიც. ინდივიდი საკუთარ თავს აფასებს ორი გზით: 1) საკუთარი შესაძლებლობების შესახებ წარმოდგენებისა და რეალური შესაძლებლობების შედარებით; 2) საკუთარი თავის სხვებთან შედარებით. რაც უფრო მაღალია პრეტენზიის დონე, მით უფრო რთულია მათი რეალიზება. წარუმატებლობა ხშირად ამცირებს პრეტენზიის დონეს.

თვითშეფასების ეტაპები:

ადრეული ასაკი. ბავშვების დიდი ნაწილი ადრეულ ასაკშივე საკუთარ მიღწევებსა და წარუმატებლობაზე შესაბამისი ემოციებით რეაგირებს. ამ ასაკობრივ ჯგუფში შეინიშნება თვითშეფასების პირველი გამოვლინებები. განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საქმე წარმატებას ეხება. 3,5 წლის ბავშვებში უკვე მასობრივად ჩანს რეაქციები წარმატებასა და წარუმატებლობაზე. დაახლოებით 3-4 წლის ასაკში ბავშვები იწყებენ საკუთარი თავის სხვებთან შედარებას, რის მიხედვითაც იცვლება თვითშეფასება და მოთხოვნები საკუთარი თავის მიმართ. დიდი მნიშვნელობა აქვს მშობლების მხრიდან ფსიქოლოგიურ ზეგავლენას. გოგონებში ის უფრო ადრე ჩნდება და უფრო დიდხანს გრძელდება. ეს პერიოდი მოიცავს 3-დან 8 წლამდე შუალედს. რაც შეეხება ბიჭებს, ისინი მნიშვნელოვნად იცვლებიან მშობლების ზეგავლენის ქვეშ 5-დან 7 წლამდე შუალედში.

საშუალო სკოლამდელი ასაკი. ამ პერიოდში ბავშვების დიდ ნაწილს უყალიბდება საკუთარი თავის სწორად შეფასების უნარი. ეს სამომავლოდ ხელს უწყობს სკოლაში სწავლას, ვინაიდან ბავშვს უწევს სკოლაში საკუთარი შესაძლებლობების მოსმენა.

უფროს სკოლამდელი ასაკი. ბავშვები დიდ მნიშვნელობებს ანიჭებენ შეფასებებს, რომლებსაც მათ უფროსი ადამიანები აძლევენ. ბავშვი არ ელოდება ასეთ შეფასებებს, ის აქტიურად ცდილობს მოიპოვოს ისინი. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ ბავშვი შევიდა განვითარების იმ ასაკში, სადაც ის სენსიტიურია მისი მოტივაციისა და მიღწევის მოთხოვნილების თვალსაზრისით.

უმცროსი სასკოლო ასაკი. ამ ასაკის ბავშვების განსაკუთრებული მახასიათებელი, რომელიც მსგავსია სკოლამდელი ასაკის კატეგორიასთან, არის უფროსი ადამიანებისადმი უსაზღვრო ნდობა. განსაკუთრებით მასწავლებლისადმი, რაც აისახება მათ მორჩილებაში. ამ ასაკის ბავშვები მთლიანად აღიარებენ უფროსების ავტორიტეტს და თითქმის გაუფილტრავად იღებენ მათ შეფასებებს. საკუთარი თავის დახასიათებებისას ისინი იმეორებენ იმას, რასაც მათ უფროსები ეუბნებიან. ეს პირდაპირ კავშირშია თვითშეფასების ფორმირებასთან. ის მთლიანად დამოკიდებულია გარეგანი შეფასების ხარისხზე. ბავშვები განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საკუთარ ინტელექტუალურ შესაძლებლობებს, როგორ აფასებენ ამ შესაძლებლობებს სხვები. ბავშვისთვის მნიშვნელოვანია, რომ დადებითი შეფასება იყოს საყოველთაოდ აღიარებული. ამ ასაკში უკვე გვხვდება განსხვავებული ტიპის თვითშეფასება: ადეკვატური, ამაღლებული, დაბალი.

მოზარდობის ასაკი. ამ ასაკის განსხვავება უმცროსებისგან არის თვითცნობიერების უფრო მაღალი დონე. ამ დროს ყალიბდება საკუთარი შესაძლებლობების სწორად გაცნობიერებისა და შეფასების მოთხოვნილება. ბავშვები ხდებიან უფრო მგრძნობიარენი თანატოლების აზრის მიმართ. მათ წინაშე პირველად აღმოცენდება მორალურ-ეთიკური ტიპის პრობლემები, რომლებიც ძირითადად ადამიანებს შორის ინტიმურ ურთიერთობებთან არის კავშირში.

ბავშვი ოჯახში აღმოაჩენს უყვართ თუ არა ის, იღებენ თუ არა მას ისეთად, როგორიც არის. ადამიანს პიროვნების სტრუქტურები უყალიბდება ცხოვრების პირველ ხუთ წელში. ამ ასაკში საფუძველი ეყრება მე  კონცეფციას. ამ დროს ბავშვი განსაკუთრებულადაა დამოკიდებული სხვებზე, ემოციურად ის მთლიანად ოჯახზეა დამოკიდებული. თვითშეფასებაზე დიდ მნიშვნელობას ახდენს ოჯახის შემადგენლობა და დაბადების რიგითობა. კუპერსმიტის კვლევებმა აჩვენა, რომ ბავშვების 70% , რომელსაც დაბალი ან საშუალო თვითშეფასება ჰქონდათ არ იყვნენ უფროსი შვილები. ამავდროულად მაღალი თვითშეფასების მქონეთა ჯგუფი უფროსები არ იყვნენ მხოლო 42 %. კვლევა აჩვენებს, რომ ბიჭებს, რომლებსაც მაღალი თვითშეფასება აქვთ კარგი ურთიერთობა და-ძმებთან.

როდესაც მშობელი ამჩნევს რომ ბავშვს აქვს დაბალი ან არაადეკვატურად მაღალი თვითშეფასება , ადრეულ ეტაპზე თვითშეფასების მართვა და დაბალანსება უფრო მარტივია ვიდრე ზრდასრულობის პერიოდში.  დროული დიაგნოსტირება თვითშეფასების შესაძლოა გახდეს ბავშვის უკეთესი სამომავლო ცხოვრებისთვის გადამწვეტი ფაქტორი.

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81