ხატია გოგოლაძე – დანაშაულის განცდა, როგორც საკუთარ სინდისთან უთანხმოება

0

ხატია გოგოლაძე – სოციალური და განწყობის ფსიქოლოგის მაგისტრი, პროფესორის ასისტენტი, გეშტალტპრაქტიკოსი

რა იწვევს თავის დადანაშაულებას?

მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ ზიგმუნდ ფროიდი პიროვნების სტრუქტურას სამ ნაწილად ყოფს. ესენია: იდი, რომელიც სიამოვნების პრინციპით მოქმედებს, ეგო, რომელიც კავშირს ამყარებს რეალობასთან და სუპერ ეგო, რომლისთვისაც მთავარი მორალია. თავის მხრივ, სუპერ ეგო შედგება ორი ნაწილისგან. ეს არის სინდისი და იდეალური მე. სუპერ ეგოს ფორმირება იწყება 3-დან 5-წლამდე და აქ ბავშვს მშობელი ასწავლის რა დაშვებულია და რა აკრძალული, რა მისაღები და რა მიუღებელი. ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, რა არის სწორი და რა- არასწორი. ასე ხდება იდეალური “მე” ხატის ფორმირება. როდესაც ადამიანის, იდეალური “მეს” ხატი განსვლაშია რეალურ პიროვნებასთან, მაშინ ადამიანი დისკომფორტს განიცდის და რაც უფრო დიდია სხვაობა, მით უფრო უკმაყოფილოა ადამიანი საკუთარი თავით და იწყებს საკუთარი თავის დადანაშაულებას.

შესაძლებელია ადამიანი თავს დამნაშავედ გრძნობდეს არა მარტო „ცუდი“ ქცევის გამო, არამედ საკუთარი ფიქრების გამოც. ერთი სიტყვით ადამიანს ბრალეულობის განცდა უჩნდება მაშინ როდესაც უთანხმოებაშია საკუთარ სინდისთან.

რა გავლენას ახდენს საკუთარი თავის დადანაშაულებაში აღზრდა და სოციალური ელემენტები?

აღზრდის პროცესს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ბავშვის “მეს” ფორმირებაში და ასევე, აღზრდის პროცესში სწავლობს ბავშვი როგორ იკონტაქტოს გარემოსთან. მაგალითად, თუკი ბავშვი იზრდება ისეთ გარემოში, სადაც მუდმივად აკრიტიკებენ, ადანაშაულებენ, სჯიან დროთა განმავლობაში, როდესაც იგი გაიზარდება და შესაძლებელია ასეთ გარემოში აღარც იყოს, მერე უკვე თვითონ იწყებს საკუთარი თავის დადანაშაულებას. გეშტალტთერაპევტების ენაზე ამას რეტროფლექსიურ დაცვის მექანიზმს ვუწოდებთ, რაც მდგომარეობს იმაში, რომ ვექტორი არის შემობრუნებული საკუთარი თავისკენ და აგრესია, რომელიც ბაზისური ემოციაა და, რომელიც გარემოსთან კონტაქტში უნდა დაიხარჯოს, რათა ადამიანმა დაიკმაყოფილოს მოთხოვნილებები, ბრუნდება საკუთარი თავისკენ და იხარჯება თვითგვემაში, გაკიცხვაში, თვითდასჯაში და უკიდურეს შემთხვევაში შეიძლება თვითმკვლელობამდეც მივიდეს საქმე.

რა კავშირშია ბრალეულობის განცდა არასრულფასოვნების კომპლექსთან?

როდესაც ადამიანს უჩნდება მოთხოვნილება და ამის საფუძველზე გრძნობს აღგზნებას, ხოლო მეორე მხრივ კი თავს იჩენს თვითკონტროლი, რომელიც აფერხებს ისეთი ქცევის წარმართვას, რაც ხელს შეუწყობს ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებას, ამ დროს ერთმანეთს ეჯახება “მინდა” და ” არ შეიძლება”. შედეგად დასკვნა ასეთია: მე ცუდი ადამიანი ვარ, რადგან მინდა ისეთი რამე, რაც არ შეიძლება. აუცილებელია ამ შემთხვევაში წამლად გამოვიყენოთ კარლ როჯერსის ცნება- უპირობო მიმღებლობა, რაც გულისხმობს, რომ ადამიანი ისეთი უნდა მიიღო, როგორიც არის. განსჯის გარეშე და თუკი ადამიანი საკუთარ თავთან მიმართებაში ამას მოახერხებს, მშვენიერი იქნება. პრაქტიკული რჩევის სახით შეიძლება ითქვას, რომ კარგი იქნება თუკი სარკეში ყურებისას ადამიანი “შემოუძახებს” საკუთარ თავს: “მე საკმარისად ლამაზი ვარ, მე საკმარისი ვარ იმისთვის, რომ მიმიღონ. მე საკმარისი ვარ იმისთვის, რომ ვუყვარდე. მე საკმარისი ვარ..”

რა მექანიზმების საშუალებით შეგვიძლია, რომ თავიდან ავიცილოთ ბრალეულობის განცდა?

თვითანალიზის უნარი და საკუთარ თავთან დიალოგის წარმართვა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ დროს. ადამიანმა უნდა გაიაზროს რის უფლებას აძლევს საკუთარ თავს და ეცადოს იყოს მეტად ტოლერანტული და შემწყნარებელი საკუთარი თავის მიმართ. მნიშვნელოვანია, რომ თუკი წარსულში მომხდარი მოვლენის გამო განიცდის ადამიანი ბრალეულობას, მაშინ თვითანალიზის ან ფსიქოთერაპიის დახმარებით გაიაზროს რა იყო მაშინ და იქ მისი პასუხისმგებლობა და რა არა. რა მართლა მასზე იყო დამოკიდებული და რა- ობიექტურ რეალობაზე, რომელსაც ადამიანი ვერ ცვლის და მით უფრო, ვერ აკონტროლებს. ამის შემდგომ გამოიტანოს დასკვნა, გაკვეთილი, რათა მომავალში იგივე ქვას აღარ წამოჰკრას ფეხი.

აქვს თუ არა პოზიტიური მხარე ბრალეულობის განცდას და როგორ შეიძლება მისი “სასარგებლოდ” გამოყენება?

ძალიან კარგი იქნება თუკი ბრალეულობის განცდა ტრანსფორმირდება პასუხისმგებლობის გრძნობაში. მაშინ, როცა ადამიანი გაიაზრებს და ცხადად იგრძნობს იმ სიტუაციას, რაშიც იმყოფება და საკუთარი თავის დადანაშაულების ნაცვლად აიღებს პასუხისმგებლობას და გააკეთებს სწორ არჩევანს, მაშინ მიზანშეწონილი განწყობის საფუძველზე წარმართული ქცევა აუცილებლად მოუტანს მას იმ შედეგს, რაც თავად სურს.

რა რევას მიცემდით მათ, ვინც მიმტევებელი არ არის საკუთარი თავის მიმართ?

იდეალური არავინ არ არის. შეცდომების დაშვების გარეშე პიროვნულად ვერ გაიზრდება ადამიანი. ვინც არაფერს არ აკეთებს, იმას არც არაფერი ეშლება. ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ფრაზაა: “არ არსებობს წარუმატებლობა, არსებობს მხოლოდ გამოცდილება.” თუკი ყოველ წარუმატებლობას ისე შევხედავთ, როგორც გამოცდილებას, მაშინ ცხოვრება გაცილებით მარტივი გახდება.

მოამზადა სალომე სისაურმა

 

 

psychologist.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი NLP Coach მასტერი ENNEAGRAM Master საქართველოს გეშტალტერაპევტთან ასოციაცის PR-ისა კომიტეტის ხელმძღვანელი ? ტელ: 599 97 91 81